ალექსის ზორბასი, ნიცშე და ძალაუფლების აპოთეოზი
ალექსის ზორბასი, ნიცშე და ძალაუფლების აპოთეოზი
ლიზი კუნცევა-გაბაშვილი
შესავალი
კლასიკური ფილოსოფიური გაგებით, თავისუფლება განიმარტება როგორც ინდივიდის უნარი იმოქმედოს საკუთარი ნების შესაბამისად, გარე შეზღუდვებისა და იძულების გარეშე, ხოლო ძალაუფლება განისაზღვრება შემდეგ ნაირად- გქონდეს შესაძლებლობა გავლენა მოახდინო როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე, და განსაზღვრო ქმედებებისა და მნიშვნელობების ჩარჩოები.[1] ამ ორ ცნებას შორის კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავისუფლება ხშირად მოითხოვს ძალაუფლებას თვითდამკვიდრებისთვის, ხოლო ძალაუფლება, თავის მხრივ, განსაზღვრავს თავისუფლების რეალიზაციის საზღვრებს. სწორედ ამ კონტექსტში ალექსის ზორბასი (ნიკოს კაზანძაკისის წიგნიდან “ალექსის ზორბასის ცხოვრება”) და ფრიდრიხ ნიცშე გვთავაზობენ განსხვავებულ, თუმცა ერთმანეთის შემავსებელ და კორელაციურ ინტერპრეტაციებს: ნიცშე თეორიულ დონეზე ავითარებს ძალაუფლების ნებისა და თვითგადალახვის იდეას, მაშინ როდესაც ზორბასი ამავე პრინციპებს პრაქტიკულად, ცხოვრებისეულ გამოცდილებაში განასახიერებს, განვიხილოთ ორივე მათგანი შედარებით პერსპექტივაში.
მთავარი ნაწილი
ნიცშეს მიხედვით, ადამიანის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არ შემოიფარგლება გადარჩენით ან სიამოვნების ძიებით, როგორც ბევრი სხვა ავტორი- დეილ კარნეგი, თუ უფრო კლასიკური გაგებით- ფროიდი მოგვიწოდებს; ნიცშესთან ადამიანის ძირითადი მამოძრავებელი ძალა განისაზღვრება, როგორც ძალაუფლების ნება საკუთარი თავის გადალახვის, თვითრეალიზაციისა და ღირებულებათა შექმნისკენ სწრაფვა.[2] ნიცშე აკრიტიკებს ტრადიციულ მორალს, რომელსაც იგი „მონურ მორალს“ უწოდებს[3], რადგან ის ზღუდავს ინდივიდის შემოქმედებით პოტენციალს და აკავებს მის თვითგამოხატვას. მისთვის იდეალური სუბიექტი არის ის, ვინც არ ემორჩილება წინასწარ დადგენილ ნორმებს, არამედ თავად ქმნის საკუთარ წესებსა და ღირებულებებს. ამგვარად, ძალაუფლება განიხილება არა როგორც გარეგანი კონტროლი, არამედ როგორც შინაგანი სიძლიერე და სიცოცხლის აქტიური დამტკიცება. მივიჩნევ, რომ ნიცშეს ამგვარი დამოკიდებულება ადამიანის სიძლიერისა და ნების მიმართ პირდაპირ ეწინააღმდეგება ე. დიურკემის ცნობილ ცნებას- ანომიას. დიურკემის მიხედვით ანომიის მდგომარეობა არის თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზი- მომენტი, როდესაც ადამიანს ეშლება ყველანაირი საზღვრები. მეორე მხრივ, ნიცშე მიიჩნევს, რომ ადამიანმა უნდა მოიშალოს დადგენილი საზღვრები და იპოვოს საკუთარი ცხოვრება საზღვრებს გარეთ.
ამ თეორიული ჩარჩოს ფონზე, ალექსის ზორბასი წარმოჩნდება როგორც სუბიექტი, რომელიც ცხოვრობს უშუალო გამოცდილებით და არ ექვემდებარება სოციალურ კონვენციებს. იგი მოქმედებს ინსტინქტურად, ემოციურად და სპონტანურად, თუმცა ამავდროულად ეწინააღმდეგება ყველანაირ ქაოსს და პირადად ქმნის ქაოსურ სამყაროში სტაბილურ ცხოვრრებას. განსხვავებით რომანის ნარატორისგან, რომელიც რეფლექსიურ და ინტელექტუალურ პოზიციაში იმყოფება, ზორბა წარმოადგენს არსებობის პრაქტიკულ, სხეულებრივ და ემოციურ განზომილებას. მისი ქცევა შეიძლება განიმარტოს როგორც თვითდამკვიდრების აქტი, რადგან იგი არ იღებს გარედან დაკისრებულ წესებს, არამედ თავად ქმნის საკუთარ ცხოვრების წესს; ამასთანავე, იგი გამოხატავს სიცოცხლის აპოთეოზს- ცხოვრების როგორც ტკივილის, ისე სიამოვნების სრული ინტენსივობით მიღებას.



ლიბერალური ღირებულებები, რომლებსაც ვკითხულობთ სხვადასხვა თეორიაში და\თუ ყოველდღიურად ვისმენთ სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემებში, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ლიბერალიზმი დაფუძნებულია ადამიანის პირად თავისუფლებაზე. თანამედროვე სამყაროში კი ადამიანის თავისუფლება ყველაზე მიმზიდველად და საჭიროდ მიიჩნევა, თითოეული ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერალიზმი ქადაგებს თავისუფლების ე.წ ნეგატიურ გაგებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ ის ვინმეს თავისუფლებას შეეხება. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, ვფიქრობ, მასში იმალება ბევრად ღრმა ინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტერმინის პრაქტიკული გამოყენება უნდა გულისხმობდეს. ჩემი აზრით, თავისუფლად მოქმედება პირადი ინტერესების მისაღწევად ნდა გულისხმობდეს თანაბარ პირობებს, რომლებიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას. ანუ, სოციუმი იმთავითვე უნდა იყოს თანასწორი, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად მოქმედება ისე, რომ სხვასაც არ შეუშალონ ხელი თავისუფლად მოქმედებაში.
