Print

ნიღაბი

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

სოციოლოგი ირვინ გოფმანი თავის ნაშრომში ,,ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი თავის სხვისადმი წარდგენა“ ბევრ მსგავსებას ხედავს თეატრალურ წარმოდგენებსა და იმ თავისებურ ქმედებებს შორის,რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ.მან ანალოგია სცენასა და სოციალურ ქმედებებს შორისაც გაავლო.ესტრადაზე(იგივე სცენაზე) მოქმედი პირებისთვის,ისევე,როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში,მნიშვნელობა აქვს გარეგნულ  ხედს,კოსტუმებს,ორივე ზემოხსენებულს  აქვს მეორე ნაწილი,სადაც ადამიანები მიდიან შემდეგი სცენისთვის მოსამზადებლად.კულისებს მიღმა,თუ თეატრალური  ენით ვიტყვით ,შემსრულებლებს შეუძლიათ მოიცილონ ნიღბები და იყონ ის,რაც რეალურად არიან....

 

თეატრის შესახებ ყველას გვსმენია,ეს ხომ ის დაწესებულებაა,სასცენო ადგილი,სადაც ხელოვნური ნაწარმოები აუდიტორიის წინაშე იდგმება.სკოლაში სწავლის პერიოდში არაერთხელ დავწსრებივარ სპექტაკლებს,თუმცა ახლა ამით არ შეგაწყენთ თავს.ჩარლი ჩაპლინი ამბობდა:,, ცხოვრება სპექტაკლია,რომელიც რეპეტიციის საშუალებას არ იძლევა,ამიტომ იცინე,იმღერე,იცეკვე,იტირე,იცხოვრე შენი აღსასრულის მომენტამდე,სანამ ფარდა დაეცემა და სპექტაკლი ტაშის გარეშე დასრულდება“.შეიძლება დაიბნეთ,იკითხოთ,რა შუაშია ეს ფრაზა ან შესავალი რითაც დავიწყე,მაგრამ სპექტაკლის ბოლოს მსახიობებს ხომ ტაშით აცილებენ?დამიჯერეთ, ამის მომთხოვნი უამრავი ადამიანი არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში,რომელთა არსებობის წესი ფარისევლობა და სიყალბეა,ეს ის ფენომენია,რომლითაც,ვფიქრობ,დღევანდელი სამყაროა მოცული,მაგრამ მაინც ძალიან ძნელია ასეთი მსახიობებისა და მოთამაშეების ამოცნობა.ვეცდები ერთი ადამიანის ისტორიაში ჩავატიო ჩემი სათქმელი და კარგად ავუხსნა მკითხველს თუ რატომ ვწერ ამას და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე,ქვემოთ მოთხრობილი შემთხვევები რეალურ მოვლენებს ეფუძნება,არ ველი,რომ ამ ფაქტის გამო ეს ნაწერი  დიდ სიმპათიას დაიმსახურებს,ჩემი ჩათვლით იქნებ სხვა ადამიანებმაც დაინახონ საკუთარი თავი სარკეში,თვალი გაუსწორონ სიმართლეს,რომელსაც მრავალი მომხრე ჰყავს,თუმცა ნაკლები ჭეშმარიტი დამცველი.გულწრფელი,რომ ვიყო არ ვიცი რეალურად როგორ დავიწყო თხრობა.

ეს ერთი ადამიანის, ნიკოს, ისტორიაა,იგი თბილისში დაიბადა და გაიზარდა.მისი ბიოგრაფიით თავი რომ არ შეგაწყინოთ გეტყვით,რომ,ოჯახი არ ჰყავდა,მიჩვეული იყო ეულად ცხოვრებას,პროფესიით ეკონომისტი იყო(როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა და უბრალოდ დიპლომისათვის ისწავლა),ხალხის დახმარება ძალიან უყვარდა, თავს ღრმადმორწმუნე ქრისტიანად თვლიდა.უნდა გენახათ,ტაძარში როგორ იდგა დიდი კანდლებით ხელში ხატების წინ და როგორ ლოცულობდა,მისი თვალებისთვის რომ შეგეხედათ,იფიქრებდით,რომ ადამიანმა უკვე მიაღწია ნეტარების უმაღლეს საფეხურს,ის მადლობელი იყო ღვთისა,რომ ,,სხვებს არ ჰგავდა“,უწესო ცხოვრებით არ ცხოვრობდა,თავისი შემოსავლის მეათედს ეკლესიას წირავდა,მაგრამ ამრეზილად უყურებდა უბრალო,ტაძარში გულით მოსულ ადამიანებს და როდესაც ისინი ნიკოს ოდნავ მაინც შემთხვევით მხარს გაკრავდნენ,იგი აღშფოთებას ვერ მალავდა,თუმცა თავისი თავით მაინც კმაყოფილი იყო,მღვდელთან აღსარებისას მარტივად ჩამოარაკრაკებდა:,,განვიკითხე,ამპარტავანი ვარ,განვრისხდი“,ეს უკვე სტანდარტულ პროცესად იყო ქცეული,იმდენად ჰქონდა გამჯდარი.ყოველთვის ცდილობდა სხვების დასანახად კარგად მოქცეულიყო,რომ შემდეგ ხალხს ის ეღიარებინა,ამ შექებით თავისი ეგო დაეკმაყოფილებინა.ღარიბ ადამიანს რომ ეხმარებოდა,ამას ტელეფონით აფიქსირებდა და შემდეგ ,,სთორიზე შეაგდებდა ინსტაგრამზე“,რომ ყველანი ვალდებული ვართ დავეხმაროთ ერთმანეთს,ერთურთის ტვირთი ვზიდოთ.ყველაზე სასაცილოა ის ფაქტი,რომ ის ხშირად კამათობდა მრევლთან დიდი მარხვის მერე,რომელი ხორცით  გაეხსნათ ტრაპეზი,ღორის მწვადით თუ ხბოთი.უნდა ვაღიაროთ,ამ კამათში ბევრი იღებდა მონაწილეობას,ალბათ,ლუარსაბ თათქარიძისა არ იყოს,მნიშვნელოვანი იყო მათთვისაც კულინარიული დებატები   და რა ექნათ?!ვიმედოვნებ, მკითხველი მიხვდება,რასაც ვგულისხმობ ამ სამწუხარო რეალობაში,დღესასწაულის აღნიშვნას არავინ გვიკრძალავს,თუმცა ადამიანური ნიღბისა არ იყოს თითქოს ის ჭეშმარიტი,სულიერი  სიხარული კი არ გვაქვს საუფლო დღესასწაულებისა,არამედ მისი ნადიმით ზეიმობისა.გარშემომყოფებთან ყოფნისას დაუოკებელი სურვილი ჰქონდა კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა და მისით ხალხი აღფრთოვანებულიყო,რას არ აკეთებდა ამისთვის,იქნებოდა ეს უსაზრისო ხუმრობები თუ ნალაქლაქები,ქუჩაში ნაცნობთა პირფერული,,ძმაკაცური“ მოკითხვა.სამწუხარო ის იყო,რომ მას ეს სიცრუე არ აწუხებდა,პირიქით დღითიდღე სიამოვნებდა ეს პროცესი და არანაირად არ თვლიდა,რომ მისი საქციელი დასაძრახი იყო,თავი იმდენად ,,კარგად“ მიაჩნდა.სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა და აღნიშვნა მისი მთავარი ,,უნარი“ იყო,ძალიან მარტივად იმეტებდა ადამიანებს განსასჯელად:,,რატომ არ შეუძლიათ მათ თავის კონტროლი ისევე,როგორც მე?“-მსგავსი ინტერპრეტაციის შეკითხვები მას სულ აწუხებდა და ძალიან დარდობდა,რომ ყველა მის მსგავსად სრულყოფილი არ იყო.სოციალურ ქსელებში დიდი სიყვარულით ულოცავდა ახლობლებს წარმატებასა და სიხარულს,თუმცა ამ წითელი გულის სიცილაკების მიღმა უდიდესი შური,ბოღმა იმალებოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო,ნიღბის ტარებისა და როლის შერულების დროს ნიკო გარდაიცვალა...

როგორც ქრისტიანს,რა თქმა უნდა,იმედი ჰქონდა,რომ გაიგონებდა ნანატრ სიტყვებს:,,მოვედით,კურთხეულნო მამისა ჩემისანო,და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით“.მაგრამ,ამის ნაცვლად ასეთი რამ მოისმინა:

-მთელი  მიწაზე  ,,არსებობის“ პერიოდში ერთი  როლი  გქონდა მორგებული  და თვლიდი,რომ ეს ჭეშმარიტი გზა იყო,რომელიც ჩემამდე მოგიყვანდა,მაგრამ ,,შენ არ გიცხოვრია“,ითამაშე სპექტაკლში,რომელშიც ხალხისგან ოვაციებსა და აპლოდისმენტებს მოითხოვდი,რით უნდა დაგაჯილდოვო? შენი გულის კარებთან ვიდექი და ვაკაკუნებდი ,იქნებ ჩემი ხმა გაგეგო,მაგრამ შენს სათამაშო ეპიზოდს ვერ წყდებოდი,იმდენად იყავი მისით გართული.

ნიკო დუმდა....

იმედი მაქვს,არ გამკიცხავთ ასეთი ნათქვამის გამო,მაგრამ აშკარად გვმართებს დაფიქრება რამდენად გულწრფელები, მართლები ვართ საკუთარი სინდისის წინაშე(რომელიც,როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, ჩვენში არსებული პატარა ღმერთია),იქნებ  მეც უბრალოდ იმიტომ ვწერ ახლა ამას,რომ ადამიანებისგან აღიარება მივიღო ან რაიმე სარგებელს ველოდე მათგან,ვინ იცის?!

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე