Print

ხელოვნება ჩაქუჩია,რომლითაც შეგიძლია საზოგადოების ფორმირება

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

სათაურის წაკითხვისას,ალბათ,ბევრს გაგვიჩნდებოდა სკეპტიციზმი იმის მიმართ თუ რა უნდა ამოვიკითხოთ ამ კონტექსტში,ერთი შეხედვით წაკითხვისთანავე,გვესმის სიტყვა ხელოვნება,რომელიც პრიმიტიული გაგებით ასოცირდება ნახატებთან,ფერწერასთან არქიტექტურასთან და ბუნებრივია დაისმება  შეკითხვა რა შუაშია მისი,როგორც ჩაქუჩის ფუნქცია საზოგადოების ფორმირებასთან.უფრო თუ გავაფართოვებთ ჩვენს თვალთახედვას მივხვდებით,რომ უამრავი დეტალია,რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ეს  საკითხი განვიხილოთ.სიმართლე რომ გითხრათ,პირველი რაც გამახსენდა ხელოვნებისა და ჩაქუჩის მიმართებასთან ეს არის გერონტი ქიქოძის წერილი ,,ჩაქუჩიანი მამაკაცი“,რომელშიც ავტორი საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში  ხელოვნების როლს,რომელიც შერწყმული იყო მუდამ ქართველის პიროვნებასა და

შემოქმედებითობასთან.,,დღეს ძველ საქართველოს შესახებ მეტისმეტად ცალმხრივი წარმოდგენა გვაქვს. გვგონია, რომ ჩვენი წინაპრები გამუდმებით სისხლს ღვრიდნენ ურწმუნოებთან ბრძოლაში ან კიდევ ფეხთმოკეცილნი დავითნსა და ვეფხისტყაოსანს კითხულობდნენ. ჩვენს ფანტაზიაში ნათლად ვხედავთ იმ ძველ საქართველოს, რომელიც იბრძოდა და ოცნებობდა, მაგრამ ხშირად ვეღარ ვამჩნევთ იმას, რომელიც აზროვნებდა და მოქმედებდა. ეს კი ძლიერ დიდი უმრავლესობაა. კულტურული შემოქმედების ნიჭი ჩვენს ძველებს დიდად ჰქონდათ განვითარებული. ამით აიხსნება, რომ მათ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უთვალავი ძეგლებით მოჰფინეს მთელი საქართველო“.ვფიქრობ,ამ სიტყვებში ნათლად ჩანს ჩვენი კულტურის,ხელოვნების ის თავისებურება,რომელიც ქართველს ამ  განსაცდელებით აღსავსე წუთისოფლის ლაბირინთების  გზის გაკვლევაში ეხმარებოდა და გვერდს უმშვენებდა,მისით ყალიბდებოდა რაღაც მხრივ საზოგადოების ცნობიერება,იდენტობა,რომლის შენარჩუნებასაც პერმანენტულად ესწრაფოდნენ ჩვენი წინაპრები.

,,სხვა რა ევალება ოსტატს,ხელოვანს,თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა...თუ არ ჭიდილი წარმომავლობის ნისლთან“-წერს კონსტანტინე გამსახურდია თავის უკვდავ რომან ,,დიდოსტატის მარჯვენაში“.ხელოვანისთვის სახელის უკვდავყოფაა მთავარი გამოწვევა,შემოქმედი თავად უნდა გახდე უფლის მეტოქე ავტორის აზრით და მართლაც ,,უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს,როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებას და მიწას სამკაულად გამოადგება“.თემას რომ არ გადავუხვიოთ,ამ სამკაულზე ვისაუბროთ,თუ როგორ შეგვაძლებინებს იგი საზოგადოების ფორმირებას.

ჯორჯ ორუელი ამბობდა:,,ყოველი ხელოვნება პროპაგანდაა,ნებისმიერი ხელოვნება გზავნილს შეიცავს,რომელსაც შეიძლება ჰქონდეს,როგორც კარგი,ისე ცუდი მოტივი“.ზუსტად ამიტომ თვითონ  ფრაზაზე რომ ვისაუბროთ,ვფიქრობ,ჩაქუჩი გამოხატავს ხელოვნების გარდამქნელ,ცვლილებების მასტიმულირებელ  ფაქტორს.ჩაქუჩი ხომ ხელსაწყოა,რომლითაც მშენებლობა და დანგრევაა შესაძლებელი,ამ კონტექსტში კი იგი წარმოადგენს ხელოვნების  როლს,რომელსაც  არსებული,გაბატონებული რეალობის კრიტიკის,განადგურების უნარი აქვს.ამ თვალსაზრისით ხელოვნება უნდა იყოს ძალა ცვლილებისთვის,რომელიც საზოგადოების წევრებს მისცემს იმის საშუალებას,რომ თავიანთ სტერეოტიპებსა და პექრსპექტივებს კიდევ უფრო კარგად გადაავლონ თვალი.ხელოვანები არ უნდა დაკმაყოფილდნენ სამყაროში არსებული ობიექტური რეალობის პასიური ასახვით,პირიქით ისინი აქტიურად უნდა ზემოქმედებდნენ მასზე.რაღაც მხრივ ამით გამოიხატება სწორედ ხელოვანების და თავად ხელოვნების პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,რომ მათ გონივრულად გამოიყენონ შემოქმედებითი პროცესი.მოცემულ ფრაზა იმას უსვამს ხაზს,რომ ხელოვნებას აქვს დიდი პოტენციალი იყოს ძლიერი ინსტრუმენტი სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის,რომელიც ჩაქუჩის სახით უფრო ღრმა და შინაარსიანი გზით ჩამოაყალიბებს სამყაროს,საზოგადოებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია პროპაგანდასთანაც გავავლოთ პარალელი.მაგალითისთვის ავიღოთ დიდი ბრიტანეთისა(პირველ მსოფლიო ომში) და აშშ-ს(მეორე მსოფლიო ომში)  წარმოებული პლაკატები წარწერით,,შენს ქვეყანას სჭირდები“ ან თუნდაც ირაკლი თოიძის მიერ  შექმნილი პლაკატი ფრაზით:,,დედა-სამშობლო გვეძახის“.ეს პლაკატი თავად სტალინმაც კი მოიწონა და ბრძანა მისი 5-მილიონიანი ტირაჟით გამოცემა ქალაქებში,რათა მებრძოლებში სამხედრო სულისკვეთება აემაღლებინა და მოხალისეების რიცხვიც გაზრდილიყო სამამულო ომში.

ვფიქრობ,კარგი იქნება თუ ამ საკითხს განსხვავებული მიდგომითაც განვიხილავთ.ვთქვათ ავიღოთ კომუნიკაციის ხელოვნება,რომელიც პოლიტიკაში,დიპლომატიასა და ომის წარმოებაში უმნიშვნელოვანესია.ჟესტები,საუბრის მანერა,რომელიც განაპირობებს ადამიანებს შორის ურთიერთობის წარმართვას.კომუნიკაციის ხელოვნების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისტორიაში(დღემდე არსებული) დემაგოგების ფენომენი.პოლიტიკური ლიდერები,რომლებიც ხალხის მასას ისტერიული ენთუზიაზმის აგორების საშუალებით აკონტროლებენ.ჰიტლერისა და მუსოლინის დიქტატურები ამის მაგალითებია,სწორედ მათი აზრი გამოხატავდა ხალხის სანუკვარ ნებას და საზოგადოების  ცნობიერების ჩამოყალიბებაში,ფორმირებაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა.აქვე,შეგვიძლია ვახსენოთ ჯორდან ბელფორტი,ადამიანი,რომელმაც კომუნიკაციის ხელოვნების უნარით შეძლო ეშოვა მილიონობით ამერიკული დოლარი.იგი ეფექტურად ახერხებდა მომხმარებელზე ზეგავლენას და საზოგადოების  ნდობის მოპოვებას,რაც შესაბამისად მისი მატერიალური კეთილდღეობის საწინდარი  ხდებოდა.

საინტერესოა,პოლიტიკისა და ხელოვნების გაიგივებაც.გერმანიის გამაერთიანებელი ოტო ფონ ბისმარკი გვამცნობდა:,,პოლიტიკა მეცნიერება კი არა,ხელოვნებაა“.ეს გულისხმობს სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას ანუ კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და გატარების გზით საზოგადოებრივ ინტერაქციებზე კონტროლს,მასების მხრიდან ზეწოლაზე პასუხს-წახალისებით,დასჯით თუ დაჯილდოებით,ხალხით მანიპულირებასაც,რაც ბუნებრივია იმოქმედებს სოციუმის ფორმირებაზეც.

შეუძლებელია,არ ვახსენოთ სუნ ძის ,,ომის ხელოვნება“.სამხედრო მოძღვრება,რომელიც ომის წარმოების ხელოვნების ასპექტებს განიხილავს.სტრატეგიული ნამუშევარი,რომელიც დიდ გავლენას იქონიებდა მუდამ სამხედრო დაგეგმარებაზე,ლიდერთა ცნობიერებასა და მათს ტაქტიკებზე.თუ როგორ მოქმედებს იგი საზოგადოების ფორმირებაზე,ამას ავხსნით იმითაც,რომ მას მარტო სამხედრო დანიშნულება არ აქვს.წიგნში მოცემული ნარატივის უმეტესობა არის იმაზე,თუ როგორ ვაწარმოოთ ომი ბრძოლის გარეშე,როგორ დავამარცხოთ ოპონენტი ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებით.ბოლო პერიოდია  ის დიდი პოპულარობით სარგებლობს  დასავლურ ბიზნეს წრეებში, როგორც დამხმარე იდეოლოგია  კონკურენციის პირობებში წარმატების მისაღწევად.

ვფიქრობ,ბოლომდე ვერ ამოვწურავთ ამ თემას,მაგრამ მოხმობილი არგუმენტები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს,რომ ხელოვნება,მართლაც ჩაქუჩია,რომლითაც შეგვიძლია საზოგადოების ფორმირება.ყურადღება კი უბრალოდ იმაზე უნდა გავამახვილოთ,თუ როგორი სახით შეძლებს იგი ამის გაკეთებას,რადგან როგორც მაგალითებიდან ჩანს,მისი გამოყენება შესაძლებელია,როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი კონტექსტით.ამ სფეროს წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ,რომ ,,ხელოვნება თვით უკვდავებაა“(კონსტანტინე გამსახურდია),კვალის დატოვების,ცნობიერების შეცვლის საშუალება.მსურს,თემა გერონტი ქიქოძის სიტყვებით დავამთავრო,რომლითაც წარმოჩნდება თუ როგორი გავლენა ჰქონდა  ხელოვნების როლს    შეუპოვარ ბრძოლასთან ერთად ქართველთა გადარჩენის,ყოფნა-არყოფნის საკითხში:,,თუ საქართველომ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში მტრის გაშმაგებულ იერიშებს გაუძლო, ამას მარტო ფარ-ხმლიან რაინდებს როდი უნდა ვუმადლოდეთ: მათ ჩაქუჩიანი და ცულიანი ოსტატები ედგათ გვერდში; და სწორედ ეს ოსტატები კვეთდნენ იმ გალავანს, რომელზედაც იმსხვრეოდნენ შემოსეული ურდოები“.ამიტომ დავაფასოთ ხელოვნება  მის მიერ გაწეული სამსახური,რომელიც დადებითად აისახებოდა ჩვენი საზოგადოების ფორმირებასა და სულისკვეთებაზე.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე