უნივერსიტეტის იდეა
შესავალი
უნივერსიტეტის სახე
უნივერსიტეტის ამოცანაა, დაეხმაროს მკვლევართა და სტუდენტთა საზოგადოებას ჭეშმარიტების ძიებაში.
უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ყველაზე ნათლად ვლინდება ეპოქის შემეცნება. იქ მასწავლებელთა და სტუდენტთა სახით უნდა ერთიანდებოდნენ ადამიანები, რომელთა პროფესია, უპირველესად, ჭეშმარიტების ძიებაა ჭეშმარიტებისავე სახელით. ჭეშმარიტების ძიებაა ადამიანის, როგორც დამოუკიდბელი ინდივიდის პრეროგატივა.
სახელმწიფომ და საზოგადოებამ შექმნეს თავიანთი უნივერსიტეტები. ისინი ისე იცავენ უნივერსიტეტებს, თითქოს მათგან დამოუკიდებლად აღმოცენებული წარმონაქმნები იყვნენ. მათ სჯერათ უნივერსიტეტების იმ მართალი იდეებითა და ენთუზიაზმით დაჯილდოებული ადამიანების პასუხისმგებლობისა, რომელთა შერჩევისთვისაც ყველაფერი გაკეთდა. სიცრუეზე დაფუძნებულ სახელმწიფოებში ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვას ფასი აქვს დაკარგული. ასეთი სახელმწიფოები, საკუთარი სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ჭეშმარიტებაში ეძებენ დიდ სარგებელს. მხოლოდ ჭეშმარიტების საფუძვლის ძიება წარმოშობს უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას (ჭეშმარიტება არა მხოლოდ დასრულებულ შედეგებშია საძიებელი). უნივერსიტეტის ფარგლებში გამოიკვეთება ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზები იმ ადამიანების თანადგომით და დახმარებით, ვისი ენერგიაც მთლიანად საგანმანათლებო სისტემის აღმშენებლობისკენაა მიმართული.