გენდერული უთანასწორობა სამუშაო ბაზარზე
სამუშაო ბაზარზე გენდერული უთანასწორობის პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა თავი განსაკუთრებული სიმძაფრით მსოფლიოში ინდუსტრიული ეპოქის დადგომასთან ერთად იჩინა. ამ დროიდან მოყოლებული ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრების კუთხით მრავალი რამ შეიცვალა, თუმცა მიღებული ზომების მიუხედავად პრობლემა არ გადაჭრილა. მსოფლიოს განვითარებად ნაწილში ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული ქალების რიცხვი ჯერ კიდევ ჩამორჩება მამაკაცებისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ უჭირთ არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება და სამუშაო ბაზარზე თავის დამკვიდრება.
გენდერულად დაბალასებული სამუშაო ბაზრის შექმნა განსაკუთრებით რთულია საქართველოს მსგავს ქვეყნებში. ქვეყნებში, რომლის კულტურაც მასკულინური ხასიათისაა და რომელშიც მამაკაცები ქალებთან შედარებით გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ. მართალია, მდედრობითი სქესის წარმომადგენების ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მნიშვნელობის შესახებ ქართული სოციუმის გარკეული ნაწილი საუბრობს, თუმცა მეორე ნაწილი ამ პრობლემის მიმართ ერთგვარ შეუვალობას ამჟღავნებს. შესაბამისად, ჩნდება საჭიროება იმისა, რომ უკეთ განიმარტოს სამუშაო ბაზარზე გენდერული დისბალანსის თანმდევი მოვლენები და აქცენტი გაკეთდეს ქალების დასაქმების აუცილებლობაზე.
ქვემოთ მოცემულ ნაშრომში მოყვანილი იქნება ამ ფაქტის საილუსტრაციო მაგალითები და სხვადასხვა დროს ქართული და უცხოური კვლევითი კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე კი გაანალიზდება სამუშაო ბაზარზე არსებული გენდერული დისბალანსის გამომწვევი მიზეზები და მისი თანმდევი შედეგები.
I.სამუშაო ძალაში ქალთა დაბალი ჩართულობის გამომწვევი მიზეზები
ქალთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელი მრავალი მიზეზითაა განპირობებული, რომელთა შორისაც უძველესად შეიძლება ვაჟთათვის განათლების მიცემა, ხოლო ქალიშვილების საოჯახო საქმეებისთვის მომზადება მივიჩნიოთ. საკითხისადმი მსგავს დამოკიდებულებაზე მიგვითითებს ძვ.წ მე-3 საუკუნეში მცხოვრები შუმერების შესახებ, ისტორიკოსების მიერ შეგროვებული მონაცემებიც: „შუმერში არ არსებობდა არც საყოველთაო და არც სავალდებულო სწავლება. მოსწავლეები მეტწილად მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ და შუმერის სკოლებში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ, არც ერთ მოკვლეულ დოკუმენტში არ გვხვდება ქალი - მწერლის სახელი.“ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი ძველია და ერთი შეხედვით არაფრით უკავშირდება 21-ე საუკუნის რეალობას, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მამაკაცის საზოგადოებრივი როლის ქალებისასთან შედარებით უპირატესად მიჩნევის გასული საუკუნეების და ხშირ შემთხვევაში დღევანდელი ტენდენციის საფუძველი სწორედ ამ მოვლენების საფარველქვეშაა დამალული. ამრიგად, ქალებს არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ის ცოდნა, რომელიც სოციუმში თავის დამკვიდრებისთვის და დამოუკიდებლად რაიმე ღირებულის შექმნისთვისაა საჭირო, შესაბამისად, იმ ნიშას დასჯერდნენ, რომელიც ჯერ კიდევ წინა ეპოქებში გამოუყვეს. ეს ნიშა კი სახლი გახლდათ. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ამ კერძო სივრცეში მოქცევას მოჰყვა მამაკაცების დომინანტური მდგომარეობის გაძლიერება, რამაც მათ ცოლების, დების, დედებისა და ა.შ დიდი ხნით შეუზღუდა საკუთარი აზრის დაფიქსირების „ფუფუნება“. შედეგად, ქალი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის გამოუსადეგრად, ხოლო მისი დასაქმებაზე ზრუნვა ზედმეტად მიიჩნიეს.
ქალების ზემოთ ნახსენები კერძო სივრცისთვის მიკუთვნება ინდუსტრიული ეპოქის დადგომის შემდეგ მოხდა. ქალების, როგორც არაანაზღაურებადი სამუშაოს შემსრულებელ ადამიანად მოაზრება საფუძველი გახდა იმისა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგელების სახლს გაერთ მუშაობა შეუფერებლად მიიჩნიეს, რამაც ხელი შეუწყო ქალის, როგორც მამაკაცთან შედარებით გონებრივად და ფიზიკურად სუსტ არსებად მიჩნევის სტერეოტიპის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, დამსაქმებლებისთვის ასე დახასიათებული მუშახელი მიმზიდველი სულაც არ იყო, ამიტომ ქალები ან საერთოდ ვერ ახერხებდნენ სამსახურის პოვნას, ან მამაკაცთან შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე უწევდათ მუშაობა. საჯარო სივრციდან მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მოწყვეტა მათთვის შრომის ანაზღაურებისთვის უარის თქმის ტოლფასი იყო და განაპირობა კიდეც ქალების მხრდან მათზე შექმნილი სტერეოტიპების არათუ უარყოფა, არამედ მიღებაც კი. ქალთა უფლებების დაცის შესახებ საუბრისას მერი უოლსოუნქრაფთი წერს: „ადამიანი, რომელიც თავიდანვეა შეჩვეული ძალის წინაშე ქედის მოხრას, იშვიათად ახერხებს თავი დააღწიოს ამ ბარბაროსულ ცრურწმენას...“
მართალია, ამ ყველაფრის შემდეგ ქალთა უფლებების დაცვის მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქალთა დასაქმების გზაზე უხილავ ბარიერადაა აღმართული. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების საოჯახო საქმეების შემსრულებელ გარკვეულ მექანიზმად აღქმამ გამოიწვია ის, რომ დამსაქმებლები უფრო მიმზიდველად მამაკაცის კანდიდატურას მიიჩნევენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათ შინ და სამსახურში შესასრულებელი სამუშაოს შეთავსება ნაკლებად გაუჭირდება, შესაბამისად, კომპანიის დაზარალების შესაძლებლობაც დაიკლებს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დამსაქმებლების ეს განწყობა ფართოდ გავრცელდა საზოგადოებაში და სოციუმის გარკვეული ნაწილის მხრიდან მხარდაჭერაც კი ჰპოვა. საქართველოში 2011 წლის ნოემრებ-დეკემბერში „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების „86.1% საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართვის მომხრეა. თუმცა 35%–ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმცირის შემთხვევაში სამსახურში აყვანისას უპირატესობა კაცებს უნდა მიენიჭოთ. 54.8% კი ფიქრობს, რომ ყველასთვის უკეთესია, როდესაც კაცი მუშაობს, ქალი კი ოჯახს უვლის.“
ქალების დასაქმების მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში მამაკაცებისასთან შედარებით დაბალია, ვითარება მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია განვითარებულ სახელმწიფოებში. 2012 წელს მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების პროცენტული ნიშნული მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცებისას 0.4%-ით აღემატებოდა, თუმცა კონტინენტების მიხედვით ვითარება ვარირებს, მაგალითად, აღმოსავლეთ აზიაში ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებულთა 46,9% ქალია, ხოლო 52,6% მამაკაცი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აქ მკვეთრად განსხვავებული სიტუაცია გვხვდება, კერძოდ, ანაზღაურებადი სამუშაო ქალთა 89,9%-ს და მამაკაცთა 83,7%-ს აქვს.
II. დასაქმებული ქალების პრობლემები სამუშაო ადგილას
სამუშაოს ტიპი და მუშაობის პროცესი ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო სამსახურიდან მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია სიღარიბისგან თავის დასაღწევად და ცხოვრებისეული ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ცხოვრების ყველა სფეროში ადამიანები ქმნიან ფემინურობას, მასკულინობასა და ძალაუფლების გენდერულ ასპექტებს მათი ყოველდღიური ქცევებისა და გამოცდილების საფუძველზე.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია შევისწავლოთ დამოკიდებულება სამსახურისადმი, სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსება, სამუშაო პირობები, რა პოზიცია უჭირავთ კაცებსა და ქალებს სამუშაო ბაზარზე, რა განსხვავებაა მათ პოზიციებს შორის.
ქალებს არათანაბარ მოპყრობასთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ. სიტუაციები, როდესაც ქალები უთანასწორო მოპყრობას გრძნობენ, გენდერული დისკრიმინაციაა, ისევე როგორც გენდერული და სექსუალური შევიწროება სამსახურში.დისკრიმინაცია გავლენას ახდენს ქალის ადგილზე შრომის ბაზარზე, განათლებისა და შრომის ბაზრის სეგრეგაციაზე და ანაზღაურებას შორის გენდერულ განსხვავებაზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს ქალების და კაცების მონაცემების შრომის ბაზარზე ჩართულობის, საშუალო ხელფასების, და საშუალო განათლების დონის შესახებ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქალის საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცისას - 2013 წელს მამაკაცის საშუალო ხელფასმა შეადგინა 920 ლარი, ხოლო ქალისამ 585 (გრაფიკი 1). შესაბამისად, ქალებმა, საშუალოდ, მამაკაცების მიერ გამომუშავებული ხელფასის 63% გამოიმუშავეს 2013 წელს, ხოლო 60% 2012 და 2011 წლებში (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი). ქალების უმუშევრობის დონე უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცების - 2013 წლისთვის ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს, ხოლო კაცების - 17%-ს (ცხრილი 1). თუმცა, ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცების უფრო მაღალია ქალებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი კაცი ეძებს სამსახურს, ვიდრე ქალი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალების 43% არ არის ეკონომიკურად აქტიური, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი კაცებისთვის მხოლოდ 23%-ს შეადგენს (გრაფიკი 3). 2009-2013 წლებისთვის ქალებისა და კაცების ეკონომიკური აქტიურობის დონეებში ყოველწლიურად ფიქსირდება სულ მცირე 20%-ით განსხვავება (გრაფიკი 3), რაც შეიძლება ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ქალების საშუალო ცხოვრების ხანგრძლივობის უკეთესი მაჩვენებლებით მამაკაცებთან შედარებით, თუმცა 20% ეკონომიკურ აქტიურობის მიხედვით მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა ქვეყნისთვის, სადაც ქალებისა და კაცების განათლების დონე განათლების სამივე საფეხურზე ერთნაირია (საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები).
საქართველოს შრომის ბაზარზე არსებობს მაღალი დონის გენდერული სეგრეგაცია (როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური), რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი სქესი დომინირებს როგორც დასაქმების რომელიმე სექტორში, ასევე ზოგადად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
ასევე ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ზოგადად მუშაობისა და ქალებისა და მამაკაცების მუშაობის მიმართ დამოკიდებულებების თვალსაზრისით. ერთი საუკუნის წინ ქალები არ მონაწილეობდნენ შრომის ბაზარზე (ანაზღაურებად სამსახურებში), შესაბამისად ანაზღაურებადი სამუშაო უფრო მასკულინური იყო. დღეს ქალები აქტიურად არიან წარმოდგენილნი სამუშაო ბაზარზე, მათ ხშირად განათლების უფრო მაღალი დონე და უკეთესი უნარები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ქალების პოზიციები უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებისა. ასევე, ქალების და კაცების სახელფასო ანაზღაურებას შორის დიდი განსხვავება, რაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ადასტურებს გენდერული უთანასწორობის არსებობას დასაქმების ბაზარზე.
განსხვავება კაცებისა და ქალების ანაზღაურებას შორის ხშირად შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სეგრეგაციითაა გამოწვეული, რაც ნიშნავს, რომ ქალები და კაცები სხვადასხვა სფეროსა და პოზიციებზე მუშაობენ, და ვინაიდან მამაკაცებით დომინირებულ სექტორში ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე ქალების სექტორში, სეგრეგაციას ფუნდამენტური გავლენა აქვს ანაზღაურებას შორის არსებულ უთანასწორობაზე. მაგალითად, სექტორები, რომლებშიც ძირითადად ქალები დომინირებენ არის: განათლება, ჯანდაცვა და სხვა სოციალური მომსახურება. კაცებით დომინირებული სექტორებია უძრავი ქონება, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, ა.შ. შრომის ბაზარზე სეგრეგაციის არსებობის ერთ-ერთი მიზეზია ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროებზე კონცენტრირება. ქალები და კაცები სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ განათლების მიღებისას, და შესაბამისად, სეგრეგაცია ჯერ კიდევ უმაღლესი განათლების დონეზე ხდება.
ვერტიკალური სეგრეგაციის ახსნისას „შუშის ჭერის“ თეორია მიუთითებს, რომ მიუხედავად ქალების დასაქმების მაჩვენებლის ზოგადი ზრდისა, ქალების რიცხვი გადაწყვეტილების მიმღებ და აღმასრულებელ პოზიციებზე მაინც. ეს ცნება არ წარმოადგენს სიტუაციას, როდესაც პროგრესია გამოწვეულია თავად პირის შეზღუდული შესაძლებლობებით იმუშაოს მაღალ თანამდებობაზე, არამედ გულისხმობს ხელოვნურად ან უჩინრად შექმნილ წინაღობებს ქალებისთვის, როგორც ჯგუფისთვის (Morrison et al. 1987).
ასევე მეტად სავალალოა სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილას. სექსუალური ტიპის შევიწროება განპირობებულია აგრესორის სურვილით დაიცვას ან გააძლიეროს მისი საკუთარი სექსუალური სტატუსი. შესაბამისად, მსგავსი ქმედება შეიძლება განისაზღვროს სქესის განპირობებულ შევიწროებად, უფრო ზუსტად კი - საქციელად, რომელიც ამცირებს, ღირსებას ულახავს ინდივიდს მისი სქესის საფუძველზე. ზოგადად მიღებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში შევიწროება ამცირებს და უარყოფს მსხვერპლს და არ მოითხოვს მასთან სექსუალურ ურთიერთობას (cf. Fitzgerald et al. 1988; Schultz, 1998). კაცები, რომლებიც აფასებენ მამაკაცის დომინანტობას, პოტენციურად უფრო მიდრეკილნი არიან სექსუალური შევიწროებისკენ (Pryor, 1987). ხოლო ისინი, ვინც არ ეთანხმებიან მამაკაცის დომინანტობას, უფრო ხშირად შევიწროების მსხვერპლნი არიან (Dall’Ara et al. 1999; Maass et al. 2003). ეს მოსაზრება გვთავაზობს, რომ სექსუალური შევიწროება ნაკარნახევია მამაკაცის სურვილით დომინირებდეს ქალზე, და არა სექსუალური სურვილით.
ერთი სიტყვით, სამუშაო ადგილას გენდერული დისკრიმინაცია, არათნაბარი პირობები ერთნაირი შესაძლებლობების შემთხვევასა და სხვა პრობლემები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და დღემდე აღმოუფხვრელი პრობლემაა.
III.დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების ადგილზე არსებული სქესობრივი უთანასწორობა სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს: სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებში არიან გადანაწილებულნი; ქალები, როგორც წესი, დაბალ სამსახურეობრივ პოზიციას იჭერენ და მამაკაცებისაგან განსხვავებით ნაკლები ძალაუფლებით სარგებლობენ; ქალები ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მამაკაცები.
ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, სამუშაო ძალაში ქალების უფრო აქტიური ჩართვის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში მეტად აქტუალურია, თუმცა მის აღმოსაფხვრელად გადადგმულ ნაბიჯებს წინ ეღობება სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც მამაკაცები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან შედარებით საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მეტად მორგებულად, შესაბამისად, ანაზღაურებადი შრომისთვის უფრო შესაფერისებლად მიიჩნევიან. გარდა ამისა, ქალებს დღესაც უჭირთ კერძო სფეროდან გამოსვლა და საჯაროში დამკვიდრება. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ერთგვარ რეპროდუქციულ მექანიზმად აღქმამ კი მათ მიმართ დამსაქმებლების „ნდობა“ შეასუსტა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების საჯარო სივრცეში თავის დამკვიდრება დასაქმებულ ქალებსაც უჭირთ, რაზეც ე.წ „შუშის ჭერის“ ტერმინის შემოღებაც მეტყველებს. იმაზე, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კარიერულ წინსვლაში ბარიერები ხვდებათ, ნაშრომში მოყვანილი საქსტატის მონაცემებიც ცხადყოფს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მსოფლიოს, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნების, მცხოვრებთა დიდი ნაწილის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის საკითხით დაინტერესების მიუხედავად, ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და განსაკუთრებული სიმძაფრით თავს სამუშაო ბაზარზე ქალთა დასაქმებისა და კარიერული წინსვლის კონტექსტში იჩენს.
ბიბლიოგრაფია
1. http://shumerebi43.narod.ru/s_e_s_a_v_a_l_i.htm;
2. უოლსოუნქრაფთი მ., ქალთა უფლებების დაცვა, Penguin Classics, 1992;
3. ხაჭაპურიძე ე., დასაქმება სქესობრივი ნიშნით, გამოქვეყნებულია 16.02.2012;
4. International Labour Organization Geneva, Global Employment Trends for Women, International Labour Organization, 2012;
5. Judith Butler, Gender Trouble, US, Routledge, 1990;
6. კვლევა: „გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე საქართველოში“, CSS, თ ბილისი, 2015.