Print

მასკულინური ნორმები და ძალადობრივი გარემო

| თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

მასკულინური ნორმები და ძალადობრივი გარემო

·         შესავალი

მასკულინური ნორმები და მისი გავლენა ადამიანზე-ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომლითაც მრავალი გენდერის მკვლევარი (და არამარტო) არის დაინტერესებული. ხშირად, ცხარე დისკუსიებში,  მამაკაცის მხრიდან ძალადობის გამოვლინებას მასკულინურ ნორმებს უკავშირებენ, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ტრადიციულ, პატრიარქალურ საზოგადოებებში.

ჩემი ამ თემით დაინტერესება მისმა აქტუალობამ განაპირობა. შევეცადე გამომეკვლია ეს ფენომენი  და გარკვეულ დასკვნამდე მივსულიყავი. კვლევა ეხება მასკულინურ ნორმებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მასკულინურ ნორმებსა და ძალადობას შორის კავშირის პოვნა ლოკალურ\ადგილობრივ დონეზე (საქართველოს მაგალითზე).  საქართველოში,  ბოლო პერიოდის განმავლობაში,მედიისგან განსაკუთრებით ხშირად ვიგებთ, რომ მკვეთრად იმატა მამაკაცის მხრიდან განხორციელებულმა ძალადობამ, როგორც ქალზე, ასევე მამაკაცზე. უმრავლეს შემთხვევაში ძალადობის აქტორი ისევ კაცია. აგრესიის ამ ფორმას მრავალი ადამიანი სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს. მე ის მასკულინურ ნორმებს დავუკავშირე და ვეცადე გამომეკვლია ამ ნორმებთან მიმართებაში. როდესაც იცი პრობლემის გამომწვევი ფაქტორი მასთან გამკლავებაც მარტივი ხდება.

 

რა გვალენას ახდენს მასკულინური ნორმები ძალადობრივ გარემოზე? - აღნიშნული შეკითხვა წარმოადგენდა კვლევის მთავარ კითხვას. ამ კითხვის მეშვეობით მივიღე ინფორმაცია, როგორც მასკულინურ ნორმებზე, ასევე ამ ნორმების კავშირზე ძალადობრივ გარემოსთან მიმართებაში.

·         თეორიული ჩარჩო

აღნიშნული საკვლევი თემა საკმაოდ აქტუალურია და ამ თემით დაინტერესებულია არაერთი მეცნიერი თუ მკვლევარი. კვლევაზე მუშაობის პერიოდში გავეცანი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომს, სტატიას, რომლის მოკლე მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ.

ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ჰეგემონურ მასკულინობასა და კომპლიციტურ მასკულინობაზე. კვლევის თემასთან მიმართებაში ყველაზე რელევანტური სტატია აღნიშნული ცნებების გასააზრებლად მაიკლ კონელის სტატია ,,ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურიბა’’ აღმოჩნდა წიგნიდან ,,გენდერი და ძალაუფლება’’. მაიკლ კონელი ჰეგემონურ მასკულინობააზე საუბრისას აღნიშნავს, რომ: ,,ჰეგემონური მასკულინობის კონცეფციაში ჰეგემონური ნიშნავს სოციალურ ძალაუფლებას, რომელიც მიიღწევა სოციალური ძალების ურთიერთქმედებაში. რომელიც სცილდება ძალაუფლებისათვის სასტიკ ბრძოლას, კულტურული პროცესებისა და პირადი ცხოვრების ორგანიზებაში. ერთი ჯგუფის კაცთა ძალაუფლება მეორე ჯგუფზე, რომელიც, მაგალითად, იარაღის, ან სამსახურიდან გათავისუფლებით მიიღწევა, ჰეგემონია არ არის. აქ საუბარია იმ ძალაუფლებაზე, რომელიც ამაგრებს რელიგიურ დოქტრინებს თუ პრაქტიკებს, მასმედიის შინაარს, ანაზღაურების სტრუქტურებს, სივრცეების კეეთილმოწყობას, ჯანდაცვისა თუ გადასახადების პოლიტიკას და ა.შ’’ (კონელი, 2005) აქედან გამომდინარე, შემიძლია დავასკვნა, რომ მაიკლ კონელი ჰეგემონიას არ უწოდებს იმას, რაც ძალით მიიღწევა. ის ჰეგემონიად მიიჩნევს იმ უპირობო პრივილეგიებს, რასაც პატრიარქალურ\ტრადიციულ საზოგადოებებში საზოგადოება უხეშად, რომ ვთქვათ ჩუქნის მამაკაცს. ყველა მამაკაცს შეუძია მოერგოს ჰეგემონურ იმიჯს, მიიღოს მისი მახასიათებლები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებისადმი. ჰეგემონური მასკულინობის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, ყურადღება გამახვილებული მაქვს კომპლიციტურ მასკულინობაზე. ეს არის მასკულინობის ისეთი ფორმა\ტიპი, რომლიც იზიარებს ჰეგემონური მასკულინობის პრინციპებს, იდეებს, დამოკიდებულებებს. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზე იმყოფება, ჰეგეემონურ მასკულინობასთან შედარებით. მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ ჰეგემონი მასკულინი მამაკაცი შეიძლება იყოს ქარხნის დირექტორი, რომელსაც სხვები ექვემდებარებიან და ქარხნის რიგითი მუშა - კომპლიციტური მასკულინი მამაკაცი, რომელიც დირექტორს ემორჩილება. რასაკვირველია, ჰეგემონურ მასკულინობას აქვს თავისი ძირითადი პრინციპები, რომელსაც ასევე იზიარებს კომპლიციტური მასკულინობა. კვლევის ანალიზში, როდესაც ვისაუბრებ მასკულინობაზე განვიხილავ ჰეგემონურ და კომპლიციტურ მასკულინობას. დეტალურ ნაშრომს გვთავაზობს მასკულინური თვისებების\იდეოლოგიის შესახებ ენტონი გიდენსი.ის აღწერს ჰეგემონური მასკულინობის შემდეგ თვისებებს:,,

·         მისწრაფება დომინირებდე სხვა მამაკაცებზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში

·         გქონდეს ორმაგი სტანდარტები (ის, რაც დასაშვებია კაცისთვის, დაუშვებელია ქალისთვის)

·         ყოფდე ქალებს ,,სუფთებად’’ (რომელზედაც შეიძლება დაქორწინდე) და ბინძურებად (მათზე დაქორწინება არ შეიძლება)

·         იღებდე გენდერულ სხვაობებს, როგორც ბუნებრივ მოცემულობას

·         თვლიდე ქალს ემოციურ, ირაციონალურ არსებებად გაურკვეველი სურვილებით და ქმედებებით (ქალი, როგორც პრობლემა)

·         მიიჩნევდე, რომ შრომის დანაწილება სქესის მიხედვით ხდება, სადაც მამაკაცებს მხოლოდ ,,მამაკაცური’’ სამუშაოს შესრულება შეუძლიათ.’’ (გიდენსი, 2013) (მასკულინობის ქართული გაგება იხ. გვ.5)

ი. ტარტაკოვსკაია, სტატიაში ,,მასკულინობა: ყველა კაცი ნაძირალაა?’’ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჰეგემონური მასკულინობის თვისებებზე\პრინციპებზე. მისი კვლევებიდან ჩანს, რომ მამაკაცები ხშირად არ თმობენ მასკულინურ ნორმებს და ამის გამო თანახმანიც კი არიან ,,დათმონ’’ სოციალური ცხოვრება. მაგალითი ამავე მკვლევარის ჩატარებული კვლევიდან: ,,კვლევის მეორე ეტაპზე გამოვავლინეთ მამაკაცთა ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერაფრით ვერ მოახერხეს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაბიჯებული ჰქონდა ჩვენი შრომის ბაზრის ,,კრიტიკული ასაკისათვის’’, 40 წლისთვის და ვერ შოულობდა სამსახურს. ზოგიერთ მათგანს არ აღმოაჩნდა საჭირო კონტაქტები, ზოგიერთი ავადმყოფობდა, ვიღაც უფროსს წაეჩხუბა... საერთო ამ კაცებს ჰქონდათ ის, რომ ვერ მოახერხეს ,,წარმატებული მასკულინობის’’ სცენარის რეალიზება და ამის გამო საზოგადოების და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, საკუთარ თვალში ხელმოცარულებად გამოჩნდნენ. დაგვაინტერესა კითხვაზე პასუხმა, თუ რას აკეთებს კაცი, რომელიც საზოგადოებაში მიღებული კრიტერიუმებით არ წარმოაგდენს ნამდვილ მამაკაცს, ვინც ყველა სირთულეს გაუმკლავდებოდა? კვლევამ აჩვენა, რომ იმ პირობებში, როდესაც მასკულინობის სცენარის (რომელიც იმავდროულად წარმატების სცენარია) რეალიზება ვერ ხერხდება, კაცი ვარდება სრული დაბნეულობის მდგომარეობაში და კარგავს თავისი სქესისადმი მიკუთვნებულობის გრძნობასაც კი. ასეთ შემთხვევებში, როგორც ჩანს, კაცებს არანაირი სარეზერვო სტრატეგია არ გააჩნიათ. ისინი არ თანხმდებიან დაბალანაზღაურებად და დაბალკვალიფიციურ სამსახურს და შედეგად მთლიანად კარგავენ ცხოვრების ინტერესს ან თუ ესეც შეუძლებელია, მთლიანად ალკოჰოლზე დამოკიდებულები ხდებიან.’’ (ტარტაკოვსკაია, 2006)

რა ხდება მაშინ თუ მასკულინობის სცენარს ვერ თამაშობს მამაკაცი? ამ თემით მეც დავინტერესდი და რესპონდენტებისგან დეტალური ინფორმაციაც მივიღე. (იხ. გვ.8  )

 

მაიკლ კიმელი, გენდერის მკვლევარი, თავის სტატიაში წერს: ,,წარმოიდგინეთ, რომ კაცების ადგილას დამნაშავეები ქალები იყვნენ, არ იქნებოდა ეს ის საკითხი, რომელიც უნდა აგვეხსნა, გაგვეანალიზებინა, გვესაუბრა ამაზე გენდერულ ჭრილში? მაგრამ ფაქტი, რომ ამას კაცები აკეთებენ ისეთი ბუნებრივია, რომ კითხვას არავინ სვამს, არავინ არაფერს აანალიზებს. უბრალო სტატისტიკაც (აშშ) ასახავს რეალობას: გაუპატიურების 99%, მკვლელობის 90%, ქურდობის 88%, ბანდიტური თავდასხმების 79%, ოჯახური ძალადობის 75% კაცებზე მოდის.“ (კიმელი, 2004). როგორც ვხედავთ ძალადობის აქტორები უმრავლეს შემთხვევაში არიან მამაკაცები. თანამედროვე მედია, რომელიც ამ ფაქტებს ყოველდღიურად აშუქებს, არ საუბრობს\არ ინტერესდება ამის გამომწვევი მიზეზებით. ამ საკითხით მე დავინტერესდი და შევეცადე გამომეკვლია მამაკაცის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამომწვევი ფაქტორები. როგორ შეიძლება აიხსნას კავშირი დანაშაულსა და მასკულინობას შორის? აღნიშნული კითხვაზე მ. კიმელი შემდეგ პასუხს სცემს: ,,ძალადობა კაცებში საშუალებაა სწორედ ამ მასკულინობის დასამტკიცებლად. ხანდახან კაცისთვის ძალადობა ერთადერთი ლეგიტიმური ემოციური გამოხატულების ფორმაა.’’ (კიმელი,2004)

მაიკლ კიმელი, უპირისპირდება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ძალადობის მაღალ მაჩვენებელს მამაკაცებში განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიური სქესი. ,,მართალია ტესტოსტერონი კავშირშია ძალადობასთან, მაგრამ ის არ იწვევს აგრესიას, არამედ ზრდის იმ აგრესიას, რომელიც უკვე არსებობს.’’ (კიმელი, 2004).  ეს მოსაზრება ჩემს კვლევაშიც დასტურდება. ამ კონკრეტულ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს გენდერის სპეციალისტი, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი. (იხ. გვ.9)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც მ. კიმელი ყურადღებას ამახვილებს არის ის თუ რამდენად ამართლებს კულტურა ძალადობას, როგორ აღიქვამს საზოგადოება მამაკაცის მხრიდან გამოხატულ ძალადობას. 80-იან წლებში ორმა ანთროპოლოგმა იკვლია: რა შეგვიძლია ვისწავლოთ საზოგადოებისგან, სადაც ძალადობის ძალიან დაბალი დონეა? აღმოჩნდა, რომ მასკულინობის განსაზღვრება საზოგადოებაში, თუ როგორ განისაზღვრება მასკულინობა საზოგადოებაში, აისახება ძალადობის დონეზე. ,,სადაც კაცებს უფლება ჰქონდათ ეღიარებინათ შიში, ძალადობის დონე დაბალი იყო, ხოლო საზოგადოებაში, სადაც მასკულინური სიყოყოჩე - ძალის პოზირება, შიშის უარყოფა და რეპრესირება მასკულინობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო - ასეთი საზოგადოებები ძალადობის მაღალი დონით და მასკულინობისა და ფემინურობის უკიდურესი დიფერენცირებით ხასიათდებოდა.’’ (კიმელი, 2004). აღნიშნულ საკითხს ვეხები ჩემს კვლევაშიც. (იხ. გვ.9)

გერტ ჰოფშტედე, ჰოლანდიელი მეცნიერი, კულტურის მკვლევარი, დაინტერესებული იყო კულტურის განზომილებებით. კროსკულტურული კვლევა, რომელიც გერტ ჰოფშტედემ 1980 წელს დაიწყო მსოფლიოს 40 ქვეყანა მოიცვა. ამ კვლევების საფუძველზე მან კულტური განზომილებები გამოყო. ერთ-ერთი განზომილება, არის მასკულინობა-ფემინურობა. ,,მასკულინობა-ფემინურობა გულისხმობს სქესთა სოციალური დიფერენცირებულობის ხარისხს - მასკულინურ - კულტურებში უპირატესობას ანიჭებენ მიღწევას, მატერიალურ წარმატებას და შეჯიბრს, აქ უფრო ძლიერი სქეს-როლური დიფერენციაციაა; ხოლო ფემინურ კულტურებში უპირატესობა ენიჭება ჰარმონიას ადამიანურ ურთიერთობებში, მზრუნველობას, სუსტების დახმარებასა და საყოველთაო თანასწორობის იდეას.’’ (ჰოფშტედე, 1980). როგორც ვხედავთ, გერტ ჰოფშტედე ერთმანეთისაგან განასხვავებს მასკულინურ და ფემინურ კულტურებს. მასკულინურ კულტურებში ხდება მამაკაცისთვის სოციალური პრივილეგიების მინიჭება, ხოლო ფემინურ კულტურებში აღიარებულია\დაცულია თანასწორობის იდეა. მამაკაცის სოციალურ პრივილეგიებს კვლევაშიც შევეხე და საკმაოდ დეტალურად ისაუბრეს რესპონდენტებმა. (იხ.გვ.7 )

მაშინ, როდესაც ვამბოთ, რომ მამაკაცებს ხელთ უპყრიათ სოციალური ძალაუფლება არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ამ ძალაუფლებას მას (მამაკაცს) საზოგადოება აძლევვს. არ უნდა მივიჩნიოთ ძალაუფლების ერთ ფორმად ინდივიდუალური და სოციალური ძალაუფლება. ფილოსოფოსი ჰანა არენდტი გვთავაზობს ინდივიდუალური და სოციალური ძალაუფლების შემდეგ განმარტებას: ,, ძალაუფლება შეესაბამება ადამიანურ შესაძლებლობას არა უბრალოდ იმოქმედო, არამედ იმოქმედო შეთანხმებულად. ძალაუფლება არასდროსაა ინდივიდის საკუთრება: ის ეკუთვნის ჯგუფს და არსებობს მანამ, სანამ ჯგუფი ერთადაა. როცა ვამბობთ, რომ ვინმე ,,ძალაუფლების მქონეა;;, რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც გაძლიერებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის სახელით მოქმედებით. როგორც კი ჯგუფი, საიდანაც მისი ძალაუფლება მოდის, ქრება, მისი ,,ძალაუფლებაც’’ იკარგება.’’ (არენდტი, 1970) (საუბარი იმაზე, რომ მასკულინობას ძალაუფლებას საზოგადოება აძლევს ხშირად შეხვდებით მიღებული შედეგების ანალიზში. მაგალითად: იხ.გვ7 )

მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მასკულინობის თვისებებზე, მის პრინციპებზე, იდეოლოგიაზე აუცილებელია აღინიშნოს რომ ჰეგემონ მასკულინებს ყოველთვის ყავთ ჩაგვრის ობიექტი. ერთ-ერთი ასეთი ჰომოსექსუალები არიან. აღნიშნულ თემასთან კავშირში საინტერესოა მაიკლ კიმელის სტატიის ,,მასკულინობა, როგორც ჰომოფობიის’’ განხილვა. აღნიშნულ ნაშრომში კიმელი თვლის, რომ ჰომოსექსუალები საფრთხეს უქმნიან ძლიერი, მასკულინი მამაკაცების იმიჯს. ჰეგემონური მასკულინობა თავის მხრივ ცდილობს არ დაკარგოს დომინაცია სხვაზე, მაგალითად ჰომოსექსუალებზე. კიმელის აზრით, ჰეგემონური მასკულინობის იდეოლოგიის გამზიარებელ მამაკაცებს მუდმივად აქვთ შიში, რომ არ დაკარგონ ,,ნამდვილი მამაკაცის’’ სტატუსი. ჰომოსექსუალების სიძულვილი, მისი აზრით, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება: ,,ჰომოფობია არის შიში იმისა, რომ სხვა მამაკაცები ნიღაბს ჩამოგვხსნიან, აშკარას გახდიან როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რომ არ ვართ ნამდვილი მამაკაცები. ჩვენ გვეშინია სხვა მამაკაცებმა ჩვენი ეს შიში არ შეამჩნიონ. ამ შიშის კი გვრცხვენია, ვინაიდან მისი არსებობის აღიარება ჩვენს თავებთან, დამადასტურებელია იმისა, რომ ისეთი მამაკაცურები არ ვართ, როგორებადაც თავი მოგვაქვს. ჩვენი შიში დამცირების შიშია. გვრცხვენია იმისა, რომ გვეშინია.’’ (კიმელი, 2004) (აღნიშნულ თემაზე, ანუ მასკულინობის დამოკიდებულებაზე ჰომოსექსუალების მიმართ, საინტერესოდ ისაუბრეს რესპონდენტებმა. იხ. გვ.7)

 

კვლევის ჰიპოთეზა

საქართველოში მასკულინურ ნორმებსა და ძალადობას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს.

სალექციო კურსის, ,,მასკულინობის კვლევების’’, გავლის შემდგომ გავიაზრე, რომ საქართველოში მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა შემეძლო დამეკავშირებინა მასკულინური ნორმებისთვის.

მეთოდოლოგია

იქიდან გამომდინარე, რომ ვცდილობდი რესპონდენტებისგან დეტალური ინფორმაციის მიღებას, კვლევის მეთოდოლოგიად ავირჩიე თვისებრივი კვლვევა. კვლევაში გამოვიყენე ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდი. კვლევა ჩატარდა ექსპერტებზე - გენდერის სპეციალისტი, სოციალური ფსიქოლოგი. ორივე ექსპერტი მოღვაწეობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწორედ უნივერსიტეტიდან მოვახერხე მათთან დაკავშირება. ლელა გაფრინდაშვილი - 48 წლის, ფილოსოფოსი, გენდერის სპეციალისტი. მეგი საჯაია - 22 წლის, სოციალური ფსიქოლოგი, საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის (GYPA) დამფუძვნებელი. ორივე ინტერვიუ ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინტერვიუ ლელა გაფრინდაშვილთან გრძელდებოდა 52 წუთი, ხოლო ინტერვიუ მეგი საჯაისთან გრძელდებოდა 65 წუთი.

·         კვლევის შედეგების ანალიზი

Ø  მასკულინობის ,,ქართული’’ აღქმა

სოციალური ფსიქოლოგი, მეგი საჯაია, ოჯახს მასკულინობის იმიჯს უკავშირებს. ის თვლის, რომ დაოჯახებული მამაკაცი დასაოჯახებელ მამაკაცთან შედარებით უფრო დადებითად აღიქმება ქართულ საზოგადოებაში: ,, პიროვნება, რომელსაც ჰყავს ოჯახი უფრო დადებითად აღიქმება, ვიდრე პიროვნება, რომელიც დასაოჯახბელია...’’

გენდერის სპეციალისტი, ლელა გაფრინდაშვილი, ასევე თვლის, რომ თანამედროვე საქართველოში ოჯახის ინსტიტუტი კვლავაც პოპულარულია, თუმცა ბოლო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკური სტატუსი: ,, ოჯახური სტატუსი ზოგადად შეიძლება ჩაითვალოს ქორწინებაში მყოფი, დაოჯახებული მამაკაცი, რომელსაც ამავე დროს აქვს სამსახური, ოჯახს უზრუნველყოფს ეკონომიკურად, ნუ ჰყავს ვთქვათ არაერთი, არამედ რამდენიმე შვილი, აი ეს ადამიანი შეიძლება იყოს უფრო მეტად მისაღები სოციალურად, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არა ჰყავს ცოლი, არ არის დაოჯახებული, არ ჰყავს შვილები, არ აქვს შემოსავალი.’’

ორივე რესპონდენტის აზრით, მასკულინობას აქვს თავისი, განსაზღვრული ჩაცმის სტილი, რომელიც ძირითადად ჰომოგენურია. სოციალური ფსიქოლოგი, დეტალურად საუბრობს ჩაცმის იმ სტილზე, რომელსაც საზოგადოება არ იღებს მამაკაცისგან: ,, არ მოსწონთ, და ალბათ თქვენც ხშირად გაგიგიათ, მამაკაცები ფერადი, ტანზე მომდგარი შარვლებით, ამოღებული, ტანზე მომდგარი მაისურებით. განსხვავებული ჩაცმულობა არ მოსწონთ. ჰგონიათ, რომ თუ მამაკაცი უნდა იყოს ,,მამაკაცური’’უნდა ეცვას ნაცრისფერი, ,,ფართხუნა’’ შარვალი და მუქი მაისური... არ ვიცი, კონკრეტულად რას ითხოვს საზოგადოება, მაგრამ ფაქტია, რომ მამაკაცი რომელსაც აცვია ვიწრო შარვალი, ყვავილებიანი ზედა (გულისხმობს მაისურს), უკეთია საყურე, აქვს განსხვავებული ვარცხნილობა - აუცილებლად არის ამ მამაკაცის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, აგრესია.. ჩნდება გარკვეული სახის კითხვები: ,,ხომ არ ხდება რაიმე?’’ ანუ, ჩნდება კითხვების მის ორიენტაციასთან დაკავშირებით...’’  როგორც ვხედავთ, საზოგადოებას არ სურს ახალი, განსხვავებული მამაკაცის ჩაცმის სტილის მიღება. ამის მიმართ საზოგადოება უარყოფითად არის განწყობილი და მამაკაცის ჩაცმის სტილს მის ორიენტაციას უკავშირებს. ჰომოგენურად ჩაცმული მამაკაცი დადებითად ან ნეიტრალურად აღიქმება, არ ჩნდება მის ორიენტაციისადმი ეჭვები, ხოლო განსხვავებულ ჩაცმულობას საზოგადოება ჰომოსექსუალობას უკავშირებს.

გენდერის სპეციალისტის აზრით, განსხვავებული იმიჯი კვლავაც მიუღებელია, თუმცა უფრო მეტად მისაღებია გასულ წლებთან შედარებით. მისი აზრით, ფერადი მაისურები მაინც არ არის მამაკაცურ სამოსად მიჩნეული გარკვეულ მასკულინურ წრეში. ის თვლის, რომ საზოგადოების ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება განსხვავებული ჩაცმის სტილისადმი განპირობებულია კულტურულად განპირობებული სტერეოტიპებით. ამავე აზრს იზიარებს, სოციალური ფსიქოლოგი.

Ø  მასკულინობა და ჰომოფობია

გენდერის სპეციალისტი, ლელა გაფრინდაშვილი, თვლის რომ არსებობენ ისეთი ჰეტეროსექსუალი მამაკაცები, რომლებიც გამოხატავენ სერიოზულ ვერბალურ აგრესიას და ვერ იტანენ მათ: ,,ნუ, არიან ისეთი ჰეტერო მამაკაცები, რომლებიც კატეგორიულად ვერ იტანენ და ვერბალურ აგრესიასაც გამოხატავენ...’’  ის თვლის, რომ ქართული კულტურა გეი კულტურას კარგად ინცობს და კარგი იქნება ყველამ გაიაზროს, რომ ასეთი, ჩვეულებრივი ადამიანები, ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ყველგან მათ შორის საქართველოშიც. სოციალური ფსიქოლოგი ამ თემაზე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს, მისი აზრით, საქართველოში უპირატესოა ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს ენიჭებათ. ჰომოსექსუალების ჩაგვრა და დისკრიმინაცია ხშირად ხდება, ის თვლის, რომ ეს გაუნათლებლობის ბრალია: ,,ჰომოსექსუალებისადმი არის საშინელი დამოკიდებულება. ან ეცოდებათ ასეთი ადამიანები, ან ავლენენ აგრესია. ყოველდღიურად ხდება მათი დისკრიმინაცია. ეს გაუნათლებლობის ბრალია... არის ჩაგვრა მათ მიმართ, უპირატოსებობა, რა თქმა უნდა, ჰეტეროსექსუალებს ენიჭებათ... დიახ, ასე...’’

როგორც ვხედავთ, მასკულინობისთვის ჰომოსექსუალობა მიუღებელია. ჰომოსექსუალებისადმი უარყოფითად არის განწყობილი საზოგადოებაც, რაც ახალისებს მასკულინობის დამოკიდებულებას ჰომოსექსუალებისადმი. საზოგადოება უპირატესობას ჰეტეროსექსუალებს ანიჭებს.

Ø  მასკულინობის სოციალური პრივილეგიები

კვლევით დასტურდება, რომ თუ მამაკაცი არის ჰეგემონური მასკულინობის იდეოლოგიის მომხრე, ის საზოგადოებაში ბევრად უფრო მარტივად იკავებს პრივილეგირებულ ადგილს. რესპონდენტი, მეგი საჯაია, თვლის, რომ საზოგადოება დადებითად ეპყრობა დაოჯახებულ, ჰეტეროსექსუალ, არაგანსხვავებული იმიჯის მქონე მამაკაცს. მათთვის ჰეტეროსექსუალი უმჯობესია ვიდრე ჰომოსექსუალი, ჰომოგენური ვიდრე განსხვავებული, დაოჯახებული ვიდრე დასაოჯახებელი. უფრო მეტად მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც ხაზს უსვამენ საკუთარ სიძლიერეს, არიან სიტყვაძუნწები და არ არიან ემოციურები. აქედან გამომდინარე ყველას ის თვისება, რომელიც საზოგადობისთვის არის მისაღები გააჩნია მასკულინ მამაკაცს. მაშინ, როდესაც რესპონდენტები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორმა მამაკაცმა შეიძლება მიაღწიოს წარმატებას, უმრავლეს შემთხვევაში თქვეს, რომ ტიპური მასკულინი მამაკაცი უფრო ხშირად არის წარმატებული, ვიდრე რაიმე მასკულინური თვისებების არ მქონე მამაკაცი. აქაც ჩანს ის, რომ მასკულინობას საზოგადოება მოითხოვს მამაკაცისგან. ცოტაა ისეთი, ვინც ამ მოლოდინებს\სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცურობისადმი არსებობს, არ ემონება და საკუთარ ცხოვრებას არ სწირავს. ვინაიდან ეს რთული პროცესია. ლელა გაფრინდაშვილი თვლის, რომ: ,,კულტურულად განპირობებული სტერეოტიპების გაცნობიერება საზოგადოებაში ხდება ძალიან რთულად და ძალიან ნელა. ადამიანის შეხედულებები, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს თუ ის გაეცნობა სხვადასხვა სახის სამეცნიერო ლიტერატურას, ექნება პროგრესულ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ეს გავიმეორებ ისევ, ასეთი ცვლილება ძალიან რთულია და ნელია, მით უმეტეს თუ ოჯახი არის ჰეტერო ნორმატიული და ასეთი გარემო აქვს და ასე გაიზარდა, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც...’’

Ø  არშემდგარი მასკულინობა

კარგად გვესმის, რომ ყველა კაცი ვერ\არ შეძლეებს მასკულინური ნორმების მიხედვით ცხოვრებას. ზოგს უნდა თავისი, რეალურად ინდივიდუალური ცხოვრების შექმნა. რესპონდენტებთან ამ თემითაც დავინტერესდი. ვცდილობდი სიღრმისეული ინფორმაციის მიიღებას. რა ხდება მაშინ, როდესაც კაცი ვერ\არ ამართლებს საზოგადოების მოლოდინებს? არ ცხოვრობს ისე, როგორც საზოგადოებას უნდა რომ ცხოვრობდეს?  ორივე რესპონდენტს ამაზე თავისი აზრი ჰქონდა, თუმცა ორივე ეთანხმებოდა იმას, რომ საზოგადოების მოლოდინებთან და სტერეოტიპებთან დაპირისპირება ძალიან რთული პროცესია. გენდერის სპეციალისტის თვლის, რომ მამაკაცი, რომელიც არ იზიარებს მასკულინურ ნორმებს და არ ცხოვრობს სტერეოტიპების შესაბამისად შეიძლება გახდეს დაცინვის ობიექტი, გახდეს მარგინალიზებული საზოგადოების მხრიდან. ასეთ მამაკაცებთან ხშირია ნევროტული აშლილობები, სტრესი და სხვადასხვა ფსიქოლოგიური დარღვევები. სოციალური ფსიქოლოგის აზრით, უმცირესობას, რომელიც უმრავლესობის აზრს არ იზიარებს, ხშირად აქვს ნევროტული აშილობები, კოგნიტური დისონანსი: ,, შენ, როგორც მამაკაცი გაქვს საკუთარი შეხედულებები, დამოკიდებულებები, ემოციები, მაგრამ საზოგადოება ითხოვს სხვას. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ ნევროტულ აშლილობამდე... უმრავლესობა ახერხებს ცხოვრებას ისე, რომ აყვეს საზოგადოების მოთხოვნებს ხოლო უმცირესობას არ უნდა ან არ შეუძლია ეს, ეს კი იწვევს სერიოზულ აშლილობებს, დეპრესიებს.’’  

Ø  მასკულინური ნორმები და ძალადობრივი გარემო

ფაქტებზე, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აგრესორი უმრავლეს შემთხვევაში კაცია უკვე ვისაუბრე. საინტერესოა კავშირი აგრესიასა და მასკულინურ ნორმებს შორის.

ორივე რესპონდენტი განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს, რომ ემოციური თავისუფლება მიუღებელია მასკულინობისთვის. მიუღებელია ტირილი, შიში და სხვა მრავალი არა აგრესიული ფორმით ემოციის გამოხატვა. გენდერის სპეციალისტი, ,,ემოციების დაარქივებაზე’’ საუბრობს, თვლის რომ მამაკაცს ძალადობის გარდა, ფაქტობრივად არ შეუძია გამოხატოს აგრესია, რაიმე უარყოფითი ემოცია: ,, თუ ადამიანი არ ინახავს აგრესიულ იმპულსებს, არ ახდენს ემოციების, როგორ გითხრათ.... ემოციების დაარქივებას, დაარქივებას იმის გამო რომ თუ ეს ემოციები გამოხატა დაისჯება.  თუ არ ახდენს ემოციების დაარქივებას, ეს ადამიანი არის ბევრად ლაღი, მსუბუქი ურთიერთობებში, არ აქვს შინაგანი წინააღმდეგობები. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლები დაგროვილი უარყოფითი ემოცია აქვს ადამიანს მით უფრო ნაკლებად ამოაფრქვევს და გამოხატავს მას რაიმე აგრესიის ფორმით. აგრესია რომ ავიღოთ, ეს არის შენახული, დიდი, ინტენსიური ემოციების ნაკადი, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება.’’ გამოდის, რომ აგრესია პირდაპირ დაკავშირებულია საზოგადოების მოთხოვნებთან, უფრო მეტიც, სოციალური ფსიქოლოგი თვლის რომ ძალადობას მამაკაცისგან მოელის კიდეც საზოგადოება და ეს განსაკუთრებული შემთხვევების გარდა მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიქმება: ,, მამაკაცი ვალდებულიც კია, რომ იყოს აგრესორი და ფიზიკურად გამოხატოს აგრესია, ამას ითხოვს საზოგადოება, მის სიძლიერის მუდმივ დადასტურებას ითხოვს.’’

აგრესიაზე საუბრისას, მრავალი მეცნიერი თვლის რომ მამაკაცის მხრიდან ხშირად განხხორციელებული აგრესია ბუნებრივობაა და ამას მისი (მამაკაცის) ბიოლოგიური მდგომარეობა, კერძოდ ტესტოსტერონის მაღალი დონე განაპირობებს. ერთ-ერთ რესპონდენტს, გენდერის სპეციალისტს ამ მოსაზრების არ სჯერა. ის თვლის, რომ ადამიანს აქვს გონება, შეუძლია გააკეთოს რეფლექსია და იმოქმედოს რაციონალურად, ცივილურად. მისი აზრით: ,,მე არ ვემხრობი ეგრედ წოდებულ ბიოლოგიური არგუმენტების მქონე ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ აგრესია ეს ადამიანურია. რა თქმა უნდა, ბევრი რამე არის ადამიანური, მაგრამ ადამიანი იმითი განსხვავდება ცხოვრელისგან, რომ აქვს უნარი, გააკეთოს რეფლექსია რას აკეთებს, როგორ აკეთებს, როგორ გამოხატავს ემოციას და ასე შემდეგ. ამიტომ, გამართლება ადამიანის აგრესიული საქციელის იმითი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური საქციელი, ეს ნიშნავს აბსოლუტურ ჰო-ს თქმას აი ამ აგრესიის შედეგზე.’’  

მიღებული მონაცემებით დადასტურდა ფაქტი, რომ მასკულინობასა და ძალადობას შორის მნიშნელოვანი კავშირია. მასკულინური ნორმა იწვევს და ახალისებს კიდევაც ძალადობას.

·         დასკვნა

კვლევიდან საკმაოდ სიღრმისეული ინფორმაცია მივიღე. მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა ქართულ რეალობაში არსებული მასკულინური ნორმები და მისი კავშირი ძალადობასთან. კვლევის ჰიპოთეზა დადასტურდა. ორივე რესპონდენტის აზრით, ძალადობა ის მასკულინური ნორმაა, რომელსაც საზოგადოება ელის კიდევაც მამაკაცის მხრიდან. ვისაუბრეთ თვისებებზე, რომელიც მისაღებია და, რომელიც მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის. ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად იცის ის, თუ რა უნდა, რას მოელის მამაკაცისგან. დამღუპველი სწორედ ესაა - მამაკაცების უმრავლესობას არ აქვთ რეალური ცხოვრება, სადაც აქტორები ინდივიდუალურად არიან. მათ წინასწარვე სთავაზობს საზოგადოება რეალობას, რომლის მიხედვითაც უნდა ააწყონ საკუთარი ცხოვრება. საინტერესოა ასევე ემოციური თავისუფლება მამაკაცის ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს და ამიტომაც გენდერის სპეციალისტმა ,,ემოციების დაარქივება’’ უწოდა მას (იხ.გვ.9). მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ საზოგადოება არათუ ეწინააღმდეგება მასკულინურ ნორმებს და ცდილობს მის მოსპობას, არამედ იზიარებს და კიდევ უფრო უღრმავებს ფესვებს ქართულ რეალობაში.

გიგა კარაპეტიანი 2015 წელი.

 გამოყენებული ლიტერატურა

ჰოფშტედე, გ.(2011). ,,კულტურები და ორგანიზაციები-გონების პროგრამული უზრუნველყოფა’’ (თარგმანი - ნინო ჯავახიშვილი)

გიდენსი, ე. (2006). ტარატოვსკაიას, ი. გენდერი დამწყებთათვის

ტარტაკოვსკაია, ი. (2006). გენდერის დამწყებთათვის

კიმელი, მ. (2004). “მასკულინობა, როგორც ჰომოფობია,” ფემინიზმი და მასკულინობები

კიმელი, მ. (2004). “ძალადობის გენდერი,” საზოგადოება და გენდერი

კონელი, რ. (1987) გენდერი და ძალაუფლება

არენდტი, ჰ. (2004) კიმელის (2004) ფემინიზმი და მასკულინობები

 

 

 

 

 

 

 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე