Print

ანალიტიკური ესსე მანუელ კასტელსის სტატიის–“Space of Flows, Space of Places: Materials for a Theory of Urbanism in the Information Age (2001,2002) - შესახებ

ავტორი: მარიამ შარია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

მანუელ კასტელსი  ესპანელი სოციოლოგია, რომლის კვლევები ძირითადად ინფორმაციულ საზოგადოებას, კომუნიკაციასა და გლობალიზაციას ეხება.1 მოცემული ესსეც სწორედ სოციოლოგიური თვალთახედვიდან  ახალი ურბანული რეალობის მახასიათებლებს აღწერს. ავტორი   ქალაქის შესახებ იმ თეორიული განაზრებებს გვთავაზობს, რომელიც  21–ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ტენდენციების გამოკვლევის შედეგად ჩამოაყალიბა.

მანუელ კასტელსისთვის ცნება „სივრცე“   ის ფუნდამენტური განზომილებაა, რომელიც ურბანულ საზოგადოებას გამოხატავს. მისი აზრით,  თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებას ორმაგი სივრცული გამოცდილება აქვს, ესენია: „ნაკადების სივრცე“ (the space of flows) და „ადგილების სივრცე“ (the space of places). პირველიელექტრონულ, ტელეკომუნიკაციების კომპიუტერიზებულ ქსელთანაა დაკავშირებული, რომლითაც, მეტწილად  ახალი გლობალური ეკონომიკა წარიმართება. მეორეში კი ქალაქის შიგნით  სამეზობლოები და ადგილობრივი ბიზნეს კვანძები იგულისხმება, სადაც ხალხი ცხოვრობს და  პერსონალურ, საოჯახო ურთიერთობებსა და ინდივიდუალურ იდენტობას ავითარებს. კასტელსი ამბობს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო  ინფორმაციულ ეპოქაში შევიდა, რომელიც  ახალი „ქსელური საზოგადოებით“ ხასიათდება. შესაბამისად,  „ნაკადების სივრცეზე“  ხაზგასმა ბუნებრივია. 

 

ავტორი თვლის, რომ „ინფორმაციული ქალაქი“ მეცხრამეტე–მეოცე საუკუნეების ინდუსტრიული ქალაქის პოსტმოდერნული ეკვივალენტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია  როგორც  მხოლოდ მის წიაღში წარმოქმნილი ცვლილებები, ისე ცვლილებები, რომელთა ტრანსფორმირებაც უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ  ამჟამინდელი სახე 21–ე საუკუნეში მიიღო. ადრეული ცვლილებების გაგრძელების მაგალითებია: სწრაფი ურბანიზაცია და დედაქალაქური რეგიონალიზმი; პატრიარქალური ოჯახის რღვევა; მზარდი მულტიეთნიკური ურბანული თემები; მზარდი კრიმინალური კულტურითა და ძალადობით წახალისებული სოციალური სეგრეგაცია. ხოლო ახალი ცვლილებებია:  ტელეკომუნიკაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ქსელებისა და ურბანული კვანძების ახალი გეოგრაფია; სოციალური ურთიერთობები, რომელიც  ვირტუალურ და ფიზიკურ თემებს შორის ჭიდილით ხასიათდება; ქსელური სახლემწიფოს გამოჩენაზე დაფუძნებული ადგილობრივი მმართველობის ახალი ფორმები. 

ახალი ურბანული სამყარო ინფორმაციულ ერაში  ქსელური საზოგადოების ინფორმაციულ პროცესებში აღმოცენდა. მანუელ კასტელსისთვის,  სივრცულ სქემებსა და ურბანულ პროცესებში   განვითარებების ძირითადი ტენდენციები მაკროსტრუქტურულ ცვლილებებთან ასოცირდება, რომელთაგანაც გამოყოფს შემდეგს:

რადგან კომერციული სოფლის მეურნეობა და გლობალური ეკონომიკა მთელი პლანეტის მასშტაბით   პროდუქტიულ ქსელებთანაა ინტეგრირებული, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა ურბანულ არეალში ცხოვრობს და ეს რაოდენობა უფრო გაიზრდება. როგორც ჩანს, ავტორი არ მიიჩნევს, რომ ურბანულ არეალში ცხოვრება  მხოლოდ იურიდიულ ქალაქში ცხოვრებით გამოიხატება. გლობალიზაციის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ქალაქების გავლენის ზრდის გამო, შეიძლება იურიდიულ სოფელში მცხოვრებნიც თითქმის იგივე სიკეთეებით სარგებლობდნენ და გარკვეულ საქმიანობებშიც მსგავსი ფორმით იყვნენ ჩართულნი.

ჩნდება ახალი სივრცული ფორმები, მეტროპოლისური რეგიონები, რომელთა მაგალითზეც ურბანიზაციის პროცესის კონცენტრირებულობის არაპროპორციულობა კარგად ჩანს. მეტროპოლისურ არეალებში ურბანული კვანძები უზარმაზარ ტერიტორიებზეა მიმოფანტული და   მულტი–ცენტრული სტრუქტურების გარშემო ფუნქციური ინტეგრაცია და სოციალური განსხვავებულობა ახასიათებს. 

განვითარებული ტელეკომუნიკაციები, ინტერნეტი და სწრაფი კომპიუტერიზებული ტრანსფორმაციების სისტემები ერთდროულ სივრცულ კონცენტრაციას და დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს და გულისხმობს. 

სოციალური ურთიერთობები ერთდროულად  როგორც ინდივიდუალიზმით, ასევე კომუნალიზმით ხასიათდება.

პატრიარქალური ოჯახის კრიზისი, სხვადასხვაგვარი გამოვლინებებით,    კულტურასა და ეკონომიკური განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ოჯახური თანზიარობის ფორმები თანდათან იცვლება. ასევე, საცხოვრებლის გამოყენებასა და ფორმებში, სამეზობლოში, საჯარო სივრცეებში, ტრანსპორტირების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

ქსელური საწარმოების გაჩენა, როგორც ეკონომიკური აქტივობის ახალი ფორმა, რომელიც დეცენტრალიზაციის მაღალი დონით ხასითდება. მსგავსი ტიპის საწარმოების წარმოშობა  გლობალიზაციის დაჩქარებულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ქსელურ საზოგადოებაში კაპიტალისტური საქმიანი აქტივობა  რეალურ დროში, სივრცული შეზღუდვების გარეშე მიმდინარეობს.  სამუშაოსა და მენეჯმენტის ახალი ფორმა   სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებს შორის ფუნქციურ განსხვავებებს შლის. სამუშაო – საცხოვრისის ორგანიზება ინდუსტრიალიზაციის ადრეულ პერიოდს ახასიათებდა. როგორც ვიცით, ჯერ იქმნებოდა საწარმოები და შემდეგ მის გარშემო, საწარმოში დასაქმებული მოსახლეობა  დასახლებას, ქალაქს ქმნიდა. ავტორი აღნიშნავს, რომ ძველი ინდუსტრიული სივრცეები ხშირად ინფორმაციული წარმოების სივრცეებად ტრანსფორმირდება. მაგალითად, New York’s Silicon Alley ან San Francisco’s Multimedia Gulch. 

მსოფლიოში ურბანული არეალები   მზარდი მულტი–ეთნიკური და მულტი–კულტურული მიმართულებით ხასიათდება.

გლობალური კრიმინალური ეკონომიკა კი   ურბანულ სტრუქტურასთან მჭიდრო კავშირშია.

მკვეთრად სეგრეგირებული არეალების ფორმირება, ინდივიდსა და კულტურებს შორის კომუნიკაციური სქემების რღვევა. მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ დონეს შორის მზარდი სხვაობა, რაც ურბანული თვალსაზრისით მდიდართა და ღარიბთა უბნების სახით გამოიხატება. 

ავტორი თვლის, რომ საბოლოოდ, ახალ ურბანულ სამყაროს  ორმაგი მოძრაობის დომინირება ახასიათებს:  ტრანსტერიტორიულ ქსელებში ინკლუზია და, ადგილების სივრცული დაყოფის გზით, ექსკლუზია. ხალხი და ადგილები  ინტერაქციულ ქსელებშია გაერთიანებული. ამასთან დაკავშირებით, კასტელსიგამონაკლისების არსებობას უშვებს, რაც რეალობას უფრო ზუსტად ასახავს. მაგალითად, რურალური ადგილები ან ქალაქების ნაკლებად განვითარებული უბნები, პერიფერიები მსგავსი ინტერაქციული ქსელიდან შეიძლება  გამორთული იყოს. ეს გამონაკლისი გასაგები და ნათელი გახდება, თუ საქართველოს დასახლებულ პუნქტებსა და მათ ქსელებში ჩართულობას გავიხსენებთ. 

ახალი ურბანული სამყაროსთვის  სოციალური მოძრაობების ტრანსფორმაციაცაა დამახასიათებელი. მოძრაობების პირველი ჯგუფი, ძირითადად, ადგილობრივი თემის დაცვა/განვითარებისთვის არის მიმართული, მეორე კი ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანია „ნაკადების სივრცესთან“ დაკავშირებული მოძრაობებიც (სოციალური მობილიზაციისა და სოციალური გამოწვევებისთვის ინტერნეტის გამოყენება). ხშირად, ვირტუალური სოციალური მოძრაობები  ადგილობრივ მოძრაობებთანაა დაკავშირებული, რომლებიც მერე ერთ წერტილში, განსაზღვრულ ფიზიკურ ადგილსა და დროში იყრიან თავს.  სოციალური მოძრაობების აღმოცენება/წარმატებაში სოციალური მედიის როლი  ნათლად  „არაბული გაზაფხულის“ შემთხვევაში ჩანს. 

კასტელსი ასაბუთებს, რომ ინფორმაციულ ერაში საზოგადოების ორგანიზაცია  ცენტრალიზაციით ხასიათდება, ვინაიდან   დომინანტური პროცესები ეკონომიკაში, ტექნოლოგიაში, მედიაში და გლობალურ ქსელებში ინსტიტუციონალური ხელისუფლებითაა ორგანიზებული.  ავტორის თქმით,  გლობალურ ერაში, ადგილობრივი მმართველობა, როგორც მოქნილი ინსტიტუციონალური აქტორი ჩნდება, რომელსაც ადგილობრივ მოქალაქეებთან  და ძალაუფლებისა და ფულის გლობალურ ნაკადებთან დაკავშირება ერთდროულად შეუძლია. 

მანუელ კასტელსი წერს, რომ ინფორმაციულ ერაში ქალაქების ტრანსფორმაცია    სამი ელემენტის გარშემოა ორგანიზებული. ესენია: ფუნქცია, მნიშვნელობა და ფორმები. ფუნქციაში ის  ელექტრონულ გლობალურსა და ლოკალურ/ადგილობრივს შორის  დინამიურ წინააღმდეგობებს გულისხმობს. მნიშვნელობაში კი  პერსონალურ იდენტობასა და კომუნალიზმს (ეთნოსის, სოციალური კლასის, კულტურის გაზიარებული იდენტობები) შორის  კომპლექსურ ურთიერთობას გულისხმობს. ფორმა კი   ორ სივრცულ განზომილებას, ფიზიკურსა და ვირტუალურს (online) შორის კონფლიქტსა და ინტერაქციას გამოხატავს. დინებების/ნაკადების სივრცე ადგილების სივრცესთანაა (space of flows is folded into the space of places) გადაჯაჭვული. ფუნქციონალურად, ქსელური საზოგადოება  გლობალურსა და ლოკალურს/ადგილობრივს შორის არსებული წინააღმდეგობების გარშემოა ორგანიზებული. ეკონომიკა და ინსტიტუციონალიზებული ხელისუფლება  გლობალურ ქსელებშია ორგანიზებული. მაგრამ ყოველდღიური სამუშაო, პიროვნული ცხოვრება, კულტურული იდენტობა და პოლიტიკური მონაწილეობა არსებითად ლოკალურ/ ადგილობრივია. ავტორი მიიჩნევს, რომ ქალაქები, როგორც კომუნიკაციური სისტემები ლოკალურსა და გლობალურს უნდა აკავშირებდნენ. ამ მხრივ, საქართველოს ქალაქთა ნაწილი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან ისინი არათუ ვერ აკავშირებენ ლოკალურსა და გლობალურს, არამედ, ხშირად, ქვეყნის შიგნითაც უჭირს კავშირების დამყარება. 

„ნაკადების სივრცესა“ და „ადგილების სივრცეს“ შორის  მზარდი დაძაბულობა და ურთიერთკავშირი/შეერთება არსებობს. „ნაკადების სივრცე“ ელქტრონულად გამოყოფილ ადგილებს ინტერაქტიულ ქსელში აერთიანებს, რომელიც  საზოგადოებასა და აქტივობებს განსაზღვრულ გეოგრაფიულ კონტექსტში ათავსებს. „ადგილების სივრცე“ კი  გამოცდილებასა და აქტივობას საცხოვრებელი ადგილის საზღვრებში უკეთებს ორგანიზებას. ქალაქები    „ნაკადების სივრცისა“ და „ადგილების სივრცის“ შეჯიბრების პროცესში ერთდროულად სტრუქტურირებულ და დესტრუქტურირებულ პროცესთა ერთობლიობას წარმოადგენენ. ქალაქები  ვირტუალურ ქსელებში კი არ ქრებიან,  არამედ  ელექტრონულ კომუნიკაციებსა და ფიზიკურ ურთიერთობებს შორის შეთანხმების შედეგად ტრანსფორმირდებიან, რასაც ავტორმა  ქსელებისა და ადგილების კომბინაცია უწოდა. ინფორმაციული ქალაქი   ორმაგი კომუნიკაციური სისტემის ირგვლივ იქება და შენდება.

სტატიაში ყურადღება გლობალური და ლოკალური ქალაქების განსხვავებაზეა გამახვილებული. კასტელსი,  თვლის, რომ პირველი   გლობალიზაციის შედეგია. სტრუქტურული ხედვიდან გამომდინარე,  ქალაქების როლი გლობალურ ეკონომიკაში      ტრანპორტირებისა და ტელეკომუნიკაციურ ქსელებში მათი კავშირებით, ასევე, ქალაქების უნარით,  შეძლოს ადამიანური რესურსების ეფექტური მობილიზაცია, განისაზღვრება. 

ჩამოთვლილი მახასიათებლებისა და ცვლილებების გამო, ავტორი მიიჩნევს, რომ ურბანიზმის ახალი თეორიის შექმნაა აუცილებელი. ეს შეიძლება იყოს „კიბორგული“ან „ჰიბრიდული“ ქალაქების თეორია, რომელიც   ქსელური ნაკადებისა და ფიზიკური ადგილების კომბინაციაზე იქნება დაფუძნებული. ინფორმაციული ნაკადები  თანამედროვე საზოგადოების ორგანიზებაში დიდ როლს თამაშობს. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რეგიონები და ლოკაციები  საერთაშორისო ქსელებშია ინტეგრირებულნი. ამიტომ, ურბანული დაგეგმარების, დიზაინისა და მმართველობის უმთავრესი გამოწვევა   ძალიან განსხვავებულ ურბანულ სამყაროებს შორის აზრიანი და ეფექტური კავშირების შექმნაა. კასტელსის აზრით, გლობალური ქალაქები უფრო მეტად პროცესია, ვიდრე ადგილი, რომელიც ინფორმაციის ნაკადთა მიმდინარეობა –გამტარობას უზრუნველყოფს. 

ახალი თეორიისთვის  დროსა და ადგილს შორის ახლებური კავშირის შესწავლაც მნიშვნელოვანია. მანუელ კასტელსმა შემოიტანა ცნება „დროის გარეშე დრო“,   ხაზს უსვამს დროისა და სივრცის შეკუმშვას და არგუმენტადენტონი გიდენსისა და დევიდ ჰარვეის განაზრებებს იყენებს. მათი აზრით, ქსელური საზოგადოება  „ მარადიული სამყაროს“ შექმნას ცდილობს, რომელშიც დროითი შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მოიხსნება. კასტელსი აჩვენებს, თუ როგორ მანიპულირებენ დროით  „კაპიტალის ელექტრულად მართული ბაზრები“ და თუ ეს ყველაფერი სამუშაო დროზე როგორ აისახება, რომელზეად  ასევე ხდება ზემოქმედება დროის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მიზნით(„მოქნილი გრაფიკი“). 2

საბოლოო ჯამში, სტატიის ავტორი თანამედროვე მოვლენებსა და ცვლილებებს ურბანულ  ფორმებთან, შინაარსსთან და დანიშნულებასთან   აკავშირებს. მატერიალურ–ტექნიკური განვითარების ხარჯზე მიღებული თვისებრივად ახალი ტიპის საზოგადოების წინაშე განსხვავებული გამოწვევებია, სხვაგვარად მიმდინარეობს  სოციალური თუ ეკონომიკური კავშირები, რაც თავისთავად განსახლების ახალი ფორმების წარმოქმნას იწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაკროსტრუქტურული ცვლილებები ურბანულ პროცესებსა და სივრცულ სქემებზე გავლენას ახდენს.  როგორც სოციოლოგი,  ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას  სოციალურ ტრანსფორმაციებს უთმობს და  ქალაქის, როგორც სოციალური ერთობის შესახებ საუბრობს. ასევე, სათანადოდ განიხილავს გეოგრაფიულ განზომილებებს და  ახალ ურბანულ თეორიას გვთავაზობს.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე