დედისა და ნაყოფის უფლებები
აბორტი მთელ მსოფლიოში გავრცელებულია და მწვავე პრობლემების სიაში შედის. მისი აღმოფხვრა საკმაოდ რთულია და ისიც აღსანიშნავია, რომ იგი სხვა საკითხებთანაც ჯაჭვურადაა გადაბმული და რიგ პრობლემებს იწვევს. მე შევეცდები განვმარტო თუ რას ნიშნავს აბორტი, რა სტატისტიკაა მსოფლიოში, რას იწვევს აბორტი, რა საფრთხეების მატარებელია, ასევე ვისაუბრებ დედისა და ბავშვის უფლებებზე, თუ რატომ უნდა იყოს, ან არ იყოს აკრძალული აბორტი. დავსახავ ჩემეულ ხედვას, თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა და რა ღონისძიებები დაგვეხმარება მის შემცირებასა და აღმოფხვრაში.
აბორტი ლათინური სიტყვაა და ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას გულისხმობსა 22 კვირამდე. იგი შეიძლება იყოს შემთხვევითი, სპონტანური აბორტი ან ხელოვნური. თვითნებური, ანუ შემთხვევითი აბორტი არ არის სურვილზე დამოკიდებული და გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევით. ხელოვნური აბორტი იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. ხშირად ხდება, რომ აბორტის შემდეგ სურვილის შემთხვევაშიც კი ქალები ვეღარ ორსულდებიან. ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტა დიდ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას. ზოგ ქალს არ აქვს ინფორმაცია თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯს და დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებას, რომელზეც შეიძლება შემდგომ ძალზედ ინანოს და ვეღარ გამოასწოროს არსებული მდგომარეობა.
მსოფლიოს 193 ქვეყნიდან აბორტი ლეგალიზებულია 119 ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოში. აბორტის ლეგალიზება გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ეს შემთხვევები კი დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით. ასევე, არსებობს კრიმინალური აბორტი, რაც გულისხმობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. კრიმინალური აბორტი განიხილება, როგორც ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის შემქმნელი ქმედება. სისხლის სამართლის დაცვის ობიექტს მხოლოდ ორსული ქალი წარმოადგენს და ჩანასახის სიცოცხლე სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობა არ აღემატება 12 კვირას, ასევე, ექიმის გასაუბრება ორსულთან აუცილებელი პირობაა, ამ დროს უნდა შეეცადოს ექიმი, რომ პრიორიტეტულად წარმოაჩინოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვა და ყველა ხერხს მიმართოს, რათა დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნებაში. კანონი ასევე ითვალისწინებს 12 კვირის ზემოთ არსებულ შემთხვევებში ორსულობის შეწყვეტას, თუ ეს აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.
გენეტიკის თვალსაზრისით სიცოცხლე იწყება ორი უჯრედის განაყოფიერების მომენტიდან, თუმცა ემბრიონის სამართლებრივი დაცვა მისი დაბადებიდან იწყება, ხოლო ბავშვი დაბადებულად ითვლება მისი საშოდან ნაწილობრივად გამოყოფის შემთხვევაშიც კი. სამწუხაროა, მაგრამ ლეგალური აბორტის შემთხვევაში ჩანასახის უფლებები უგულებელყოფილია, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების მიღება.
მსოფლიოში ყოველ წელს 205 მილიონი ორსულობა ხდება, მათგან ყოველი მესამე არასასურველია, ხოლო ყოველი მეხუთე ხელოვნური აბორტით სრულდება. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 42 000 000 აბორტი ხდება და ნახევარზე მეტი სამედიცინო კუთხით უსაფრთხო პირობებში არ სრულდება. აბორტის შედეგად დაახლოებით 70 000 ქალი იღუპება და 5 000 000 უნარშეზღუდული რჩება. საქართველოში 2009 წლის მონაცემებით აღირიცხა აბორტის 24 311 შემთხვევა, მათ შორის 1,8 % (436) შემთხვევა ოყო პირველი ორსულობა. ეს შედეგები ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც საქართველოა, საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანია.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, აბორტი მსოფლიო პრობლემაა და მისი გადაწყვეტა საკმაოდ რთულია. ვთვლი, რომ აბორტი უნდა იყოს დაშვებული, თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და არა იმის გამო, რომ მშობელს არ სურს შვილის გაჩენა. 21-ე საუკუნეში არსებობს ბევრი საშუალება იმისათვის, რომ ავიცილოთ არასასურველი ორსულობა და ამით დავიცვათ როგორც მშობლისა და ქალის უფლებები, ასევე ჩანასახის უფლებები.
ხელოვნური აბორტის გაკეთების მიზეზი ბევრია, ზოგ მშობელს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც კაცს დომინანტური ადგილი უჭირავს და მეტი უფლებები აქვს, არ სურს გოგო შვილი და სქესის გაგება ხდება აბორტის მიზეზი. ასევე სიღარიბე და ბავშვთა აღზრდისათვის საჭირო რესურსების არ ქონა, გაუნათლებლობა ხდება არასასურველი ორსულობების მიზეზი. ბევრმა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელმა არ იცის რა არის კონტრაცეპტივი ან სიღარიბის გამო ვერ ახერხებს მის რეგულარულ გამოყენებას. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მოსახლეობა ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს და სწორედ ეს მატება ქმნის ბევრ სოციალურ პრობლემას მათ შორის სიღარიბეს. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზნით აბორტი ერთადერთი საშუალებაა, აუცილებელია ზომების მიღება იქამდე სანამ მოხდება განაყოფიერება, რათა ავიცილოთ როგორც დედის ჯანმრთელობის გაუარესების პრობლემები, ასევე ჯერარდაბადებული ადამიანის უფლებები.
ჩემი აზრით, ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც საქართველოა, აბორტი ლეგალიზებული არ უნდა იყოს. ქვეყნის სიმცირეზე რომ არაფერი ვთქვათ, ქრისტიანობა სასტიკად კრძალავს მკვლელობას და ერთერთ უმძიმეს ცოდვად ითვლება ნაყოფის მოშორება. იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიაზროს, თუ რაოდენ სახიფათო და ზიანის მომტანია აბორტი მშობლისათვის, აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება, როგორც აღვნიშნე ზემოთ, ადამიანთა უმეტესმა ნაწილმა, როდესაც მიდის აბორტის გასაკეთებლად არ იცის იმ რისკ-ფაქტორების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას. ასევე, უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ჩანასახის უფლებების დაცვა და მისი კანონოთ რეგულირება, არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ მშობლის ინტერესების გათვალისწინება.
ის, რომ დღეს ჩვენ სწორედ აბორტის თემაზე ვსაუბრობთ და ამ საკითხით ვართ დაინტერესებულები, იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, იაზრებს აბორტს და მის შედეგებს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი აქტივობა დაიგეგმება და რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ, მით უფრო მოვახერხებთ ცვლილების განხორციელებას და სასურველი შედეგის მიღწევას.