Print

სექსიზმი და მისი შედეგები

ავტორი: ლიკა ლომიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ცნება გენდერი პირველად ანთროპოლოგმა გეილ რუბინმა შემოიტანა მეცნიერებაში და განსაზღვრა, როგორც, „შეთანხმებათა კომპლექსი, რომელიც როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის საგანი, არეგულირებს ბიოლოგიურ სქესს“. ტერმინი იხმარება ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასპექტის აღსანიშნავად. გენდერი არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ დროსა და სივრცეში. გენდერული როლები განსხვავდება ერთმანეთისაგან რასების მიხედვით, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციისა და ასაკის მიხედვით. ყველა კულტურას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს და ამა თუ იმ საზოგადოების წევრს მოეთხოვება შეასრულოს თავისი შესაბამისი გენდერული როლი. ქალებსა და კაცებს დაწესებული აქვთ თავიანთი სოცილაური ნორმები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფთ მათ საზოგადოებაში „კარგი სტატუსის” მოპოვებასა და დამკვიდრებას. 

 

ადამიანი იბადება კონკრეტული სქესით, თუმცა გენდერს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს და იძენს. დაბადებისთანავე არავინ იცის თუ რა მოეთხოვება და როგორ უნდა მოიქცეს. საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, ქალებისაგან პასუხისმგებლობას მოელიან ძირითადად საოჯახო და სახლის საქმეებზე, ხოლო კაცებისაგან მოითხოვენ, სამსახურს, კარიერას და მაღალი სტატუსის დამკვიდრებას საზოგადოებაში. თუ ეს პირიქით ხდება და კაცი ძირითადად ოჯახზე იწყებს ზრუნვას, ქალი კა მუშაობს და მაღალ სტატუსს იღებს საზოგადოებაში, მაშინ დიდი შანსია, რომ ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩება და იგი განხილვის საგანი გახდება. თუმცა ეს მხოლოდ ერთერთი საკითხია, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სექსიზმის ნიშნად, ასეთი მაგალითი უამრავია. 

ჩვენ ყოველდღიურად გვესმის სექსიზმის გამომხატველი ფრაზები, იგი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და უკვე ისე გვაქვს გამჯდარი, რომ ხშირად მას ყურადღებასაც კი აღარ ვაქცევთ. „ქალი იჯდა საჭესთან და აბა რა მოხდებოდა“, „კაცია და მოეთხოვება ოჯახზე იზრუნოს“, „რა შენი საქმე ეგ არის, დააცადე კაცებმა გადაწყვიტონ“ და სხვ. ეს ის ფრაზებია, რომლებიც თავს იჩენენ ყოველდღიურობაში. ის, რომ საზოგადოება არ ღებულობს განსხვავებულ ქცევასა და ქმედებას ქალისაგან ან მამაკაცისაგან უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ადამიანი ინდივიდია, რომელიც თავად წყვეტს როგორ მოიქცეს, რა როლი შეასრულოს და რა იყოს მისთვის ღირებული. იმაში, რომ საზოგადოება აწესებს გარკვეულ მოთხოვნებს და მისგან გადახვევა აღიქმება დანაშაულად, ჩვენ, ყველა, საზოგადოების თოთოეული წევრი დამნაშავეები ვართ. 

ქალებისა და მამაკაცების განსხვავება საზოგადოების მხრიდან, ძალზედ უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასებასა და წარმატებაზე. შესაძლებელია ქალს სულაც არ სურდეს სახლში ყოფნა და ბავშვებზე ზრუნვა, მაგრამ რადგან უმრავლესობისათვის სწორედ ეს არის მისაღები, ბევრი ქალი უარს ამბობს თავის მისწრაფებებზე, სურვილებზე და საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს მიჰყვება. 

სექსიზმი ნიშნავს ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგიას და პრაქტიკას. ტერმინი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში გაჩნდა. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის. თავისი იდეოლოგიური ფუნქციით სექსიზმი რასიზმის ანალოგიურია. 

სექსიზმი დისკრიმინაციის ერთერთი სახეობაა და იგი დანაშაულის ფორმას წარმოადგენს. თუ ქალსა და მამაკაცს ერთნაირი განათლება და კვალიფიკაცია აქვს, სქესი არ უნდა გახდეს რაიმე პრივილეგიის მიმნიჭებელი. სხვადასხვა საკითხებში როგორც ქალები, ასევე მამაკაცები დაჩაგრულები არიან და თავს უსუსურად გრძნობენ. დაბადებისთანავე განასხვავებენ ბავშვებს და სწორედ იმ წუთიდან ეყრება საფუძველი სექსიზმს. თუ გოგონა დაიბადება, მშობელს ეუბნებიან „ლამაზი და ნაზი გოგონა შეგეძინათო“, ხოლო თუ ვაჟი გაჩნდება, „ძლიერი და ჯანმრთელი ბიჭი შეგეძინათო“. გოგონებს ვარდისფერ საწოლში აწვენენ, ბიჭებს კი - ცისფერში, ესეც სწორედ მათი განსხვავებულობის აღმნიშვნელი ქმედებაა. პატარა ასაკიდანვე უნერგავენ ქალს პატივისცემას,  მორჩილებას, მორიდებას, კაცს კი უხეშობის, გამძლეობისა და გამტანობისაკენ უბიძგებენ. თუ ხდება ისე, რომ გოგო ან ბიჭი არ იქცევა თავისი გენდერის შესაბამისად და არ ასრულებს საზოგადოებისათვის მიღებულ ნორმებს, მაშინ მშობლები და ახლობლები ღელავენ, განიცდიან, ცდილობენ „მდგომარეობის გამოსწორებას“. ხშირად მოზარდებს უჩნდებათ პროტესტი, თუ რატომ უნდა იყვნენ ასე რადიკალურად განსხვავებულნი საპირისპირო სქესისაგან და რატომ შეუძლია მან გააკეთოს ის, რაც სხვას ეკრძალება და დანაშაულად აღიქმება სხვაგვარად მოქცევა.  

სექსიზმის პრობლემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანი განიცდის დისკრიმინაციას. მისი წარმომშობი მიზეზი ბევრია, ერთერთი კი რელიგიაა. თითქმის ყველა რელიგიაში ქალს ნაკლები უფლებები და შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მამაკაცს. ასევე შვილის აღზრდა საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს და ეს არის ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ქალებისაგან ოჯახსა და შვილებზე ზრუნვას მოითხოვენ. 

სქესობრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით აქტუალურია დასაქმების სფეროში. სექსიზმი უფრო მეტად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე ახდენს გავლენას. კაცებს უფრო მაღალი თანამდებობები უკავიათ და ხელფასიც გაცილებით მაღალი აქვთ ვიდრე ქალებს. არის შემთხვევები, როდესაც იდენტური საქმიანობის შესრულების შემთხვევაშიც კი ქალს გაცილებით ნაკლებ გასამრჯელოს უხდიან ვიდრე კაცებს. 2007 წლის მონაცემებით საქართველოში მამაკაცთა 73% იყო ეკონიმიკურად აქტიური, ხოლო ქალთა მხოლოდ 55%. ეს მაგალითი ცალსახად ამჟღავნებს სხვაობას და მიუთითებს რომ ამ კუთხით საქართველოში საკმაოდ დიდი პრობლემაა. 

იმას, რომ ქალები გაცილებით მეტად არიან დისკრიმინირებულნი და სექსიზმის ნიშნები მათზე უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მამაკაცებზე, ამტკიცებს ტრეფიკინგის შემთხვევები. თითქმის არასდროს, ან ძალზედ იშვიათად გაგვიგია, რომ მამაკაცი გამხდარიყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამ შემთხვევაშიც ქალი რჩება დაზარალებული და უფლებადარღვეული. 

საკითხი, რომელზეც ვსაუბრობ საკმაოდ გავრცელებული და ყურადსაღებია მთელი საზოგადოებისათვის. ეს იმ კატეგორიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ძალზედ რთული მოსაგვარებელია და მის აღმოფხვრას წლები და შეიძლება საუკუნეებიც დასჭირდეს, თუმცა თუ არ მივაქცევთ ყურადღებას და არ ვიღონებთ  რაიმეს მის მოსაგვარებლად, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და დროთა განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად ჩამოყალიბდება. აუცილებელია გაიაზაროს თითოეულმა ადამიანმა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სექსისტურ მიდგომას  და რა გავლენა მოახდინოს მომავალ თაობებსა და მათ ცხოვრებაზე. იმისათვის, რომ შევძლოთ ფართო საზოგადოებისათვის ამ საკითხზე დაფიქრება და ჩაღრმავება, აუცილებელია ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ჩართვა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია სკოლაში საგანმანათლებლო პროექტები, რათა ადრეული ასაკიდანვე მიიღონ მოზარდებმა ინფორმაცია სექსიზმის შესახებ და შეექმნათ წარმოდგენა, თუ რა საფრთხეების მატარებელია დისკრიმინაცია. თუ მომავალ თაობებს ექნებათ ინფორმაცია და აღიქვამენ საკითხს ობიექტურად, მაშინ გაუჩნდებათ სურვილი, რომ განახორციელონ გარკვეული ქმედებები და საფუძველი ჩაუყარონ ცვლილებებს. მე როგორც სოციალური მუშაკი, ოპტიმისტურად ვუდგები საკითხს და მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია და მონდომებაა საჭირო იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი და შემდეგ ვიამაყოთ ამით. 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე