Print

ზნეობა და (თუ) პოლიტიკა?!

ავტორი: სალომე დავითაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

დამთავრდა თსუს მომქანცველი გამოცდები და როგორც კი საშუალება მომეცა, მშობლიურ კახეთში წამოვედი. როგორც ხდება ხოლმე, მოვინახულე ახლობლები, მეზობლები. წესისამებრ, „რა ხდება ქალაქში?“ და „რას ამბობენ იქით?“, ყველაზე უფრო ხშირი კითხვებია და ბოლოს უმეტესად მთავრდება შემდეგი სიტყვებით: “პოლიტიკა ბინძური რამეა, ჩვენი საშველი მაგათგან მაინც არაფერია“-ო.

ასეთ დროს, ყოველთვის პირველ კურსზე ნასწავლი მაკიაველის შეხედულებები მაგონდება, თემაზე „ზნეობა და პოლიტიკა“. კარგად მახსოვს, რამხელა ინტერესი გამოიწვია ჩემში მისი მოსაზრებების გაცნობამ. უბრალო ადამინების აზრით, პოლიტიკაში მხოლოდ „სკამების“

და პირადი გამდიდრების მიზნით მოდიან, უკეთეს შემთხვევაში გვარიც გაამდიდრონ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამისი მაგალითები მრავლად გვაქვს და მათ ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით არცერთი სახელისუფლებო ძალის მმართველობის პირობებში. მოვა ერთი, უხეშად რომ ვთქვათ გაისქელებს ჯიბეს, დაატრიალებს „ვაი უბედურებას“, მოუწევს წასვლა და ხარჯავს ამ დაგროვილს, თავისდა საბედნიეროდ და უბრალო ხალხის საუბედუროდ იმდენი აქვს, კარგა ხანს ეყოფა, სანამ ისევ არ მიეცემა შანსი ახალი ძალით წამოიწყოს ჯიბის გასქელების „სამუშაოები“. მოვა მეორე, ისიც იგივე წრეზე იწყებს სიარულს წინა ძალის კრიტიკის რეჟიმში და ასე დაუსრულებლად.

ერთი ძალის მეორეთი ჩანაცვლების პერიოდში ხშირად გამოიყენება ფრაზა: „გვჭირდება, საიმედო (ანუ ჩვენი) კაცია“. „საქმის მცოდნე“ არ წამოსცდება არავის. ჩნდება კითხვა, რაშია საჭირო „საიმედო კაცი“, თუ არა ისევ კონკრეტული პირის, ან პირთათვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად?! აქვე მეორე კითხვაც: ვინ უფრო კარგად გააკეთებს საქვეყნო საქმეს, „საჭირო“(„ანუ ჩვენი“) თუ საქმის მცოდნე ადამიანი?!

როგორ იწყება ყველაფერი?! ჩემი აზრით, თავიდან ადამიანები მართლაც გარკვეული უსამართლობის განცდით იწყებენ ბრძოლას. მაგრამ აქ ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტია: როდის იწყებენ ისინი ამას, ვგულისხმობ წინააღმდეგობის გამოხატვას?! ადამიანთა ერთი კატეგორია უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინვე იწყებს, როდესაც ამას ამჩნევს და არ აქცევს ყურადღებას, რომ ეს ძალა ახალი მოსულია ხელისუფლებაში. მეორე კატეგორია კი მხოლოდ მაშინ იწყებს უსამართლობაზე საუბარს, როდესაც სისტემა უკვე ისედაც ძირგამომპალია და მხოლოდ ფორმალურ დამანგრეველსღა საჭიროებს. მაკიაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი კატეგორიის ადამიანები „უბედურები არიან, რადგან მათი მოქმედება დროს არ შეესაბამება“, მეორენი კი „შესაბამისად ბედნიერნი, რადგან მათი მოქმედება დროის თავისებურებას   ეთანხმება და ესაბამება“.

როგორც წესი, ძალაუფლებას ხელში სწორედ ეს მეორენი, ანუ „ბედნიერნი“ იღებენ, რადგანაც სწორად განსაზღვრეს დროის რა მონაკვეთში უნდა გამოეხატათ პოზიცია და დაეწყოთ ბრძოლა. ტრადიციისამებრ ხდება ისე, რომ ესენიც „საიმედო კაცების“ ძებნას იწყებენ, ესენიც იმასვე აკეთებენ, რაც სულ ცოტა ხნის წინ სხვისი გაკეთებული არ მოსწონდათ  და გმობდნენ, თუმცა ეს სრულებითაც აღარ ეჩვენებათ დანაშაულებრივ და უზნეო საქციელად, სრულებითაც არ ადარდებთ რომ ახლა თავად ჩაგრავენ, ახლა თავადვე იქცევიან არასახელმწიფოებრივად და გრძელდება ასე განუწყვეტლივ. მაკიაველს თუ დავემოწმებით, სწორად აწყობილ სახელმწიფოში უბრალო ხალხი არ უნდა იყოს დაჩაგრული და დამცირებული, პირიქით, როდესაც რომელიმე ხელისუფალი გადაწყვეტს სახელმწიფოს სწორად აგებას, იგი ორიენტაციას აუცილებლად უბრალო ხალხზე უნდა იღებდეს, რადგან ეს უკანასკნელი უმრავლესობაა და ბევრ რამესაც არ თხოულობს. ასეთ მმართველს არ სჭირება „დიდი ადამიანების“ მხარდაჭერაზე ზრუნვა, რადგან მათ უზარმაზარ მადას ვერასოდეს დააკმაყოფილებს, ამიტომაც მათი უმრავლესობა ყოველთვის იქნება უკმაყოფილო და შესაბამისად მთავრის (მმართველის) წინააღმდეგი.

ძალიან საინტერესოა, როგორი უნდა იყოს მთავარი, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მას, რათა სწორად მართოს ხალხი. მაკიაველიზმის არსი ვლინდება იმაში, რომ პოლიტიკაში ძირითადად განმსაზღვრელია არა პატიოსნება, არამედ ცნობიერება, რაშიც თუ კარგად გავაანალიზებთ მის შემდეგ მოყვანილ მოსაზრებებს, მივხვდებით რომ ცბიერება იგულისხმება. ეს პუნქტი რა დასამალია და ჩვენ ქვეყანაში ზედმიწევნით შესრულებადია. პატიოსნება შორეული, წარმოუდგენელი იდეალია, ცბიერების საზღვრები კი არ ჩანს. მაკიაველის მიხედვით ბრძოლის ორი სახე არსებობს: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე - ძალის მეშვეობით. პირველი დამახასიათებელია ადამიანებისთვის, მეორე - ცხოველებისთვის. ამიტომაც მთავრისათვის აუცილებელია ერთნაირად იბრძოდეს როგორც კაცი და როგორც მხეცი. თუ მთავარი იძულებულია იქცეოდეს როგორც მხეცი, მაშინ იგი ლომის და მელას თვისებებს უნდა ირჩევდეს, ანუ უნდა იყო მელა რომ შენიშნო გველი, რისი უნარიც ლომს არ გააჩნია და უნდა იყო ლომი, რომ დაიფრინო მგლები, რისი უნარიც მელას არ შესწევს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებ და იქნები გონიერი მმართველი. მთავარი, რომელიც მხოლოდ ლომობას ჩემულობს ბევრი რამ არ ესმისო, აღნიშნავს ნიკოლო მაკიაველი.

რაც შეეხება მაკიაველის მოძღვრების ამ ნაწილს, უცხო არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ არც ლომის და მითუმეტეს არც მელასთვის დამახასიათებელი თვისებების ნაკლებობით არ „იტანჯებიან“ მმართველები, მეტ-ნაკლები წარმატებითაც იყენებენ მათ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ამას სახელმწიფოს საკეთილდღეოდ აკეთებდნენ...

და ბოლოს, ნამდვილად არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ადამიანებში უკვე ძალიან არის ფესვგამდგარი აზრი, რომ პოლიტიკა ის სფეროა, სადაც თითქმის ვერ ნახავ ადამიანს მაღალი ზნეობითა და ღირებულებებით. სამწუხაროა, თუმცა ამისი თქმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. უბრალო ადამიანებს ჩემს გარშემო, აღარ აქვთ იმედი, რომ მათ სასარგებლოდ როდისმე, ვინმე რაიმეს გააკეთებს, მათ გაჭირვებას ვინმე გულთან მიიტანს და გულწრფელად დაეხმარება. ყოველ ნათქვამ სიტყვას ეჭვის თვალით უყურებენ, ყოველი ნათქვამის უკან ქვეტექსტს ეძებენ...

ასეთ დროს კი კითხვა შემდეგნაირად დგას: ზნეობა თუ პოლიტიკა?!

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე