ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებული პრობლემები
ვირტუალური სამყარო საშუალებას აძლევს ინტერნეტის მომხმარებლებს პერსონალური ვირტუალური სივრცის გავლით სასურველი ინფორმაცია სოციუმის მნიშვნელოვან ნაწილს ძალიან მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაწოდონ. ეს ძირითადად ხორციელდება სპეციალური საიტების მეშვეობით, რომლებზეც მომხმარებელს სასურველი ინფორმაციის განთავსება შეუძლია ისე, რომ ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ხშირად ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, იყოს ხელმისაწვდომი. ასეთია, მაგალითად, ინტერნეტ–ჟურნალები, ბლოგები, ინტერნეტ–ტელეარხები, იუთუბი, ფეისბუქი, თამბლერი, ფორუმები და სხვა.
საზოგადოებას ინფორმაცია ყოველთვის სჭირდებოდა და ყოველთვის ჰქონდა ინფორმაციის მიღებისა თუ გავრცელების მოთხოვნილება. დღევანდელ საზოგადოებაში რამდენადაც ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ადვილად ხელმისაწვდომია, მით უფრო იზრდება იმ ინფორმაციის ფასი, რომელიც ასე თუ ისე გასაიდუმლოებულია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი გასაქანი მისცა ადამიანის ბუნებრივ ტენდენციას, რომ ჩაწვდეს მოვლენებს, ფაქტებს მიღმა არსებულ მიზეზებს, ვინაიდან, ინტერნეტი პირადი ურთიერთობების დიდი საცავია და ეს პირადი ინფორმაცია არ არის დაზღვეული გასაჯაროებისგან.
თუმცა, ჩნდება კითხვა – როცა პერსონალურ ვირტუალურ სივრცეში ასახული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ხომ არ ქმნის ეს რაიმე საფრთხეს და რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციის გასაჯაროებას?
ზოგადად, ინტერნეტ-ურთიერთობის დესტრუქციულობის ორ ძირითად მხარეს გამოყოფენ:
• ინტერნეტ-ურთიერთობების დამყარება ერთდროულად რამდენიმე მიმღებთან განაპირობებს კომუნიკატებთან კავშირების ზედაპირულ ხასიათს
• კონტაქტების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა იწვევს ფსიქოემოციურ დეპრივაციას
ფსიქოსოციალური დეპრივაცია გამოიხატება ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შეზღუდვაში, რასაც თან ახლავს მისი დესოციალიზაცია, სოციალური დეზადაპტაცია. ფსიქოსოციალური დეპრივაციის მთავარ შედეგს წარმოადგენს ვირტუალური ურთიერთობებით განპირობებული ცოცხალი ურთიერთობების ნაკლებობა, აგრეთვე სოციალურ-ფსიქოლოგიური დევნის, როგორც ინდივიდის ცხოვრებაში არასასურველი შეჭრის ფორმის გავრცელება.
ფსიქოსოციალური დევნა იგივე „stalking’’ განსაკუთრებით გავრცელდა ბოლო დროს. პირადი ვირტუალური სივრციდან ინფორმაციის „გაჟონვის“ ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური შემთხვევა უკავშირდება ვიკილიქსს. ვიკილიქსი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. ვიკილიქსის ვებ–გვერდმა ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო და ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1.2 მილიონ დოკუმენტს. ვიკილიქსი თავს დაესხა მმართველი პირების, პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების პირად ინტერნეტ-სივრცეებს, რითიც დიდძალი კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო მნიშვნელობის პირადი გასაიდუმლოებული საუბრები. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოები მსგავს საფრთხეს არ ელოდნენ, კანონსაც არ შეეძლო მათი დაცვა, რადგან შესაბამისი კანონები ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ ვიკილიქსის გამოჩენამ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიკილიქსზე გასაჯაროებულმა ინფორმაციამ სერიოზული გავლენა მოახდინა თავად საზოგადოებაზეც, ჯერ ერთი იმიტომ, რომ შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გახდა სოციუმის წევრებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფოს დონზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია და მეორე იმიტომ, რომ დაფარული ფაქტების გამოაშკარავებამ საშუალებას მისცა მათ, დაენახათ ფაქტებს მიღმა არსებული რეალობა, რომელიც ხშირად განსხვავდება იმ პოლიტიკური რეალობისგან, რასაც პოლიტიკოსები ქმნიან საზოგადოების „დასანახად“.
პირადი ვირტალურ სივრიდან აღებული ინფორმაციის გასაჯაროება არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ რიგით ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ინტერნეტში, და განსაკუთრებით, სოციალური ქსელების პერსონალურ ვირტუალურ სივრცეებში სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ინახება. მაგალითად, ფეისბუქზე არის სპეციალური ველები, სადაც ნებაყოფლობით, ხშირად უნებურად, ვუთითებთ სად ვცხოვრობთ, სად ვსწავლობთ, სად ვმუშაობთ, სად ვსადილობთ, რას მივირთმევთ, რა მოგვწონს, ვინ გვიყვარს, რა აღმსარებლობის ვართ, როგორია ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. სოციალური ქსელები ქმნის ცხოვრების დეტალურ ვირტუალურ ისტორიას, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან მარტივადაა ხელმისაწვდომი ჩვენი ვირტუალური სოციუმისთვის, აგრეთვე, სამუდამოდ ინახება პროფილების, ფოტოების, სტატუსების, კომენტარების, ტვიტების, შეტყობინებების, „ლაიქების“, „ჩეთების“ სახით. როგორც აღმოჩნდა, რასაც მომხმარებელი პერსონალურ ვირტუალურ სივრცეში გამოაქვეყნებს ინახება და და თანაც „დაინდექსებულია“ (მათ შორის წაშლილი ინფორმაციაც). ინდექსებისა და პირობითი ნიშნების ერთობლიობის მიხედვით ხდება მათი სისტემატიზაცია, შემდეგ კი ერთმანეთთან და მომხმარებლის პირად მონაცემებთან დაკავშირება. თუ 10 წლის წინ ამ ტიპის დეტალური ინფორმაციის მიღება კერძო დეტექტიის აყვანას და დიდ დროს მოითხოვდა, სამწუხაროდ, დღეს სოციალური ქსელების მომხმარებლები საკუთარი ცხოვრების ისტორიას ძალიან მარტივად აწვდიან უცნობ ადამიანებს.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მომხმარებლის ყველა ქმედება რას ეძებს, რას წერს, სად არის – ფიქსირდება და პირობით ვირტუალურ საქაღალდეში ერთიანდება, გასაგები იქნება, რამხელა სარგებელს ნახულობენ მარკეტოლოგები ონლაინ რეკლამების გამოყენებით. ვირტუალური საქაღალდის გაანალიზებით მარტივადაა შესაძლებელი ადამიანის მომავალი ქმედებების და სურვილების განსაზღვრა, ამიტომ რეკლამის დამკვეთები უკვე ყუდულობენ არა სარეკლამო ადგილს, არამედ, კონკრეტულ ადამიანებს. რეკლამის სფეროს წარმომადგენლები არც მალავენ, რომ სოციალური ქსელები მათ უსაზღვრო შესაძლებლობას ანიჭებთ. მაგალითად, 2010 წელს ფეისბუქმა თავადვე აღიარა, რომ მისი ქსელიდან პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა და 20–ზე მეტი კომპანია სპეციალური დამატებების დახმარებით მომხმარებლის პირად ინფორმაციას მათი გაფრთხილების გარეშე იღებდა. 2011 წელს კი Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა ამერიკის 50 ყველაზე პოპულარული საიტის ტრეკინგის ინტენსივობა შეაფასეს და აღმოჩნდა, რომ ყველა მაგანი საშუალოდ სატესტო კომპიუტერში 64 მოთვალთვალე ფაილს ტოვებდა, რისთვისაც 100–მდე ინსტრუმენტს იყენებდა. ერთადერთი გამონაკლისი საიტებიდან ვიკიპედია იყო, ყველაზე მეტი კი გუგლსა და მაიქროსოფთს ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, კომპიუტერში 30180 ჯაშუში ფაილი აღმოჩნდა. ზოგიერთი მათგანი მომენტალურად იწერდა ყველაფერს, რასაც ადამიანები ონლაინ კრეფდნენ, შემდეგ კი უკვე შესაბამის სერვერზე ანალიზისთვის და ამ პირის სოციალურ კავშირებთან მიბმისთვის აგზავნიდა. გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით მარტივად შეიძლებოდა მომხმარებლის ასაკის, სქესის, რასის, საფოსტო ინდექსის, შემოსავლის, ოჯახური მდგომარეობის, ონლაინ–შენაძენების, საყვარელი ტელეგადაცემებისა და ფილმების დადგენა. ამ ყველაფერს კი იყენებენ იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავის თავზე მორგებული კონტექსტური რეკლამები მიიღოს. მაგალითად, თუ მომხმარებელმა სადმე დააფიქსირა რომ დიეტაზეა, არ უნდა გაუკვირდეს, რომ ინტერნეტის კონტექსტურმა რეკლამამ სადმე იქვე სახლთან ახლოს ფიტნეს კლუბში სიარული შესთავაზოს. ერთი შეხედვით, ეს ცუდი არ არის, მაგრამ აუცილებელია გაცნობიერდეს, რომ ასეთ სერვისში მომხმარებელი გარკვეულ „საფასურს“ იხდის და ეს საფასური, ამ შემთხვევაში, პირადი ცხოვრებაა, რომელსაც არცერთი სოციალური ქსელი არ უფრთხილდება.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნელ–ნელა სოციალური ქსელები მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩამოაყალიბონ კარგად გაწერილი პარამეტრები, რომლის საშუალებითაც პირადი ინფორმაციის მართვა და სრული გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ეს პარამეტრები ხშირად ისეა ჩახლართული და გართულებული, რომ მომხმარებელს მასში გარკვევა ძალიან უჭირს. ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სპეციალური ორგანიზაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მომხმარებელთა უფლებებს იცავენ, მაგალითად ერთ–ერთია ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია EFF (Electronic Frontier Foundation).
ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებული საკითხების კვლევას მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: ერთი მხრივ, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება ინდივიდს საშუალებას აძლევს, მცირე ძალისხმევით გააცნოს თავისი თვალსაზრისები სოციუმის ფართო ნაწილს, მაგრამ ამავე დროს ნებიერად თუ უნებლიედ იგი ინტერნეტსივრცეში ათავსებს დიდი რაოდენობის პირად ინფორმაციას, რომელიც არ არის დაცული და ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას მას. ინფორმაციის გასაჯაროების საშიშროების პრობლემა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ, სახელმწიფოებრივ დონეზეც ვლინდება. შესაძლებელია ამის მიზეზები ვეძიოთ იმაში, რომ საზოგადოება, პრინციპში, მოუმზადებელი შეხვდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების რევოლუციურ ცვლილებებს და დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა დაბალანსდება, მიიღებს ჩამოყალიბებულ და ყველასთვის მისაღებ ფორმას. მმართველი წრეები წარმომადგელები უკვე ფიქრობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად გროვდება კვლევებისთვის საჭირო დიდძალი ემპირიული მასალა, ეს საკითხები, ალბათ, წლების განმავლობაში იქნება სოციოლოგების, ფსიქოლოგების და სხვადასხვა ექსპერტების კვლევის საგანი რაც თავის მხრივ, მეტად განავითარებს ამ მიმართულებებსაც.