ერი-სახელმწიფო თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში
საერთაშორისო სისტემა რთული სისტემაა, რომელიც შედგება სხვადასხვა სუბიექტების, მათ შორის სახელმწიფოების მიერ. სუბიექტებს შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობათა ხარისხი , ასევე მათი თავისებურებანი განსაზღვრავენ კიდევაც მთელი სისტემის ხასიათს. როგორც ვიცით, სისტემას საფუძველი დაუდო 1648 წელს დადებულმა ვესტფალიის ზავმა. მანამდე კი ევროპული შუასაუკუნებრივი პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია დამყარებული იყო ბუნდოვნად განსაზღვრულ რელიგიურ იერარქიაზე. ვესტფალიის ზავმა დააფუძნა სუვერენიტეტის ცნება, რომელიც არსებითად ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს მმართველი არ აღიარებდა თავისზე მაღალ ან თავის სწორ ხელისუფალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, სისტემის მთავარი ელემენტი გახდა ერი-სახელმწიფო, თავისი სუვერენიტეტით და ძალით. მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფომ მიიღო ექსკლუზიური
უფლებები, როგორც საერთაშორისო სისტემის ძირითადმა მოთამაშემ, რომელიც თავისივე ინტერესების შესაბამისად განსაზღვრავდა მსოფლიო პოლიტიკას. ვესტფალიის ზავის შემდეგ გავიდა წლები, და საინტერესოა შეიცვალა თუ არა მდგომარეობა და ერი-სახელმწიფოს როლი საერთაშორისო ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, სისტემაში გამოჩნდნენ სხვა სუბიექტებიც, საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, და ა.შ. რომლებსაც ასევე მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აკისრიათ მსოფლიო პოლიტიკაში.
დღეს, განსაკუთრებით გლობალიზაციის პირობებში, იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს სახელმწიფოები, გამონახეს რა საერთო ინტერესები და შექმნეს შესაბამისი ორგანიზაციები, მიმაჩნია რომ სახელმწიფოს როლი შედარებით შესუსტდა, საქმე გვაქვს ახალ მსოფლიოსთან, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი მოთამაშის როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ დღეს საქმე გვაქვს არა სახელწიფოს სრულიად გაქრობის ტენდენციასთან, არამედ მხოლოდ მისი როლის შემცირებასთან. პირველ რიგში, თუ რატომ ვფიქრობ რომ სახელმწიფოს არ აქვს ისეთივე დიდი როლი, როგორც ეს ადრე იყო, არის მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოჩენა და მათ როლის მკვეთრი ზრდა. აღსანიშნავია არა მარტო როლის, ამგვარი მათი რაოდენობრივი ზრდა. ზოგაგად, დღეს სახელმწიფოებს შეუძლიათ თანამშრომლობა და მოლაპარაკების მაგიდასთან თავიანთი პრობლემების მოგვარება, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. რეალურად, საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიზნით შეიქმნა, და რაც დრო გადის უფრო მეტად ასრულებს თავის მოვალეობას. მაგალითისთვის განვიხილოთ ევროკავშირი, რომელიც სახელმწიფოთა ინტეგრაციის ყველაზე თვალსაჩინო და წარმატებული შემთხვევაა. გაერთიანების წევრ სახელმწიფოთა ნიშნებია: საერთო ბაზარი, ვალუტა, ეკონომიკა, როგორც პროდუქციის, ისე ადამიანების მიერ საზღვრების უპრობლემო გადალახვა, თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოების საშინაო საქმეთა სფეროებში და ა.შ. ევროკავშირმა იმგვარად დააკავშირა სახელმწიფოები ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანმა მოინდომოს და მხოლოდ პირადი ამბიციებით თუ ინტერესებით იმოქმედოს პოლიტიკის საერთაშორისო ასპარეზზე. ანუ ევროკავშირის, თუ სხვა ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის დათმობას წევრი სახელმწიფოს მიერ, რაც ალბათ ადრე ნაკლებად წარმოსადგენი იყო.
საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, ვფიქრობ აღსანიშნავია ტრანსნაციონალური კორპორაციების როლის ზრდა მსოფლიო პოლიტიკაში. მართალია ამგვარი კორპორაციების სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მისი ფილიალები მოიცავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. ანუ პროდუქციას კორპორაცია აწარმოებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის, განსაზღრავს რა ადგილობრივ დონეზე ეკონომიკებს, ქმნის გლობალური ეკონომიკის ჯაჭვს, რაც გავლენას ახდებს მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგან სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკა და წარმოება, ტრანსაციონალური კომპანიები კი სთავაზობენ მათ თამაშის წესებსა და მათი მაღალი სტანდარტებით შესრულების საშუალებებს. საყურადღებოა რომ კორპორაციებს ზოგიერთ სახელმწიფოზე მეტი ბიუჯეტიც კი აქვთ, მაგ: კოკა-კოლას კაპიტალი 2010 წელს შეადგენდა 31 მილიარდ დოლარზე მეტს, რაც ბევრჯერ აღემატება მთელ რიგ სახელმწიფოების ბიუჯეტეს, როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზეც.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, არა მარტო საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს , არამედ ზოგადად ტრანსნაციონალური ურთიერთობებს, ე.წ. „ობობის ქსელს“, რომელიც გულისხმობს რომ ნებისმიერი სახელმწიფო შედგება ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისგან, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის საგარეო კავშირები და ინტერესები. მაგალითად: რელიგიური წრეები, პროფკავშირები, ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ამგვარი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ქმნის სრულიად ახალ საზოგადოებრივ ფორმირებებს, რომლებიც თანაცხოვრობენ და კონკურენციასაც უწევენ სახელმწიფოს. საზოგადოებრივი აზრი, და საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდამჭერა კი სახელმწიფოთა საგარეო, ისევე როგორც საშინაო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გლობალიზაციის გარეშე დღევანდელ მსოფლიოზე საუბარი წარმოუდგენელია. დაჩქარდა რა მისი ტემპები, რაც ასევე გამოიხატება ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების და ტრანსნაციონალური ურთიერთობების ზრდაში, ასევე სახელმწიფოების იმგვარ დაახლოებაში, რომ შესაძლოა ამან საერთოდ საზღვრების წაშლაც გამოწვიოს...სავარაუდოდ, ეს დროში გაწელილ პროცესს წარმოადგენს და მიმაჩნია რომ სახემლწიფო თავის სახეს კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნებს, მაგრამ იმ ფაქტს ვერ ვუარყობთ რომ გლობალიზაციამ სუვერენიტეტს სახე უცვალა, რომლის მასშტაბებიც როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურურ, ეკონომიკურ, საკომუნიკაციო, საინფორმაციო თუ სხვა სფეროებში არსებითად გაზრდილია. მართალია, შენარჩუნებულია სახელმწიფოებრივი მმართველობა, მაგრამ იგი შესუსტდა, იმის გამო რომ მჭიდროდ იგი არის გადახლართული სუბსახელმწიფოებრივ, სუპრასახელმწიფოებრივ, საბაზრო და სამოქალაქო მმართველობებთან. ამიტომაც ჩემი აზრით გლობალიზაცია ქმნის იმგვარ სამყაროს, სადაც კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ერთობებით დაკავშირებული სახელმწიფოები ვეღარ ახორციელებენ იმგვარ პოლიტიკას, რომელსაც სათავე ვესტფალიურმა წესრიგმა დაუდო.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ჩემი მოსაზრებებისა და არგუმენტებისა იმის შესახებ რომ სახელწიფოს როლი პოლიტიკაში მცირდება, ძალიან ბევრი ჯერ კიდევ ფიქრობს რომ სახელმწიფოს როლი არათუ მცირდება, არამედ იზრდება, ან უბრალოდ სახელმწიფოს როლი არ კარგავს თავის მნიშვნელობას მსოფლიო პოლიტიკაში. მათი მთავარი არგუმენტებია ის რომ, პოლიტიკა არის ავტონომიური სფერო და არ შეიძლება მისი დაყვანა ეკონომიკამდე ან მორალამდე, არც ერთი ერის და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად, მათთვის სართაშორისო ურთიერთობებში გზის გაგნების მთავარი საშუალება კი მათივე ეროვნული ინტერესებია. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობები დანახულია როგორც მკაცრი კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც არანაირი მიზეზი არ აქვთ ერთმანეთს მიენდონ მაშინ, როცა არ არსებობს საერთო მთავრობა, რომელიც მკაცრად განსაზღრდავდა წესებს და მორალს მათ შორის, რადგან საერთაშორისო სისტემა ანარქიულია. ასევე მათი მხრიდან ისმის ის , რომ ერი-სახელმწიფოს როლის ზრდა გამოიხატება სუვერენული სახელმწიფოების რაოდენობის ზრდაში, და ამ ახლადწარმოქმნილი ქვეყნების მიერ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გაძლიერების მცდელობაში.
მათ კი მე ვუპასუხებდი , რომ მართალია სახელმწიფოები თავიანთ სუვერენიტეტს ფლობენ და შესაბამისად იცავენ, მაგრამ ასევე ერთიანდებიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის შედეგადაც ორგანიზაციების წესდების შესაბამისად სუვერენიტეტის რაღაც ნაწილს თმობენ. როდესაც ამბობენ, რომ პოლიტიკის დაყვანა არ შეიძლება ეკონომიკამდე ან მორალამდე, რატომღაც მხედველობაში არ იღებენ იმას რომ სახელმწიფოები ერთიანდებიან სწორედ მორალის და მშვიდობის დაცვის მიზეზით , (ცალკე საკითხია როგორ ხორციელდება ეს) ხოლო გაერთიანების შედეგად რიგ ქვეყნებს აქვთ იმგვარი ეკონომიკური კავშირები, რომ მათ გარეშე უკვე ამა თუ იმ ქვეყნის ნორმალური ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მთავრობა არ არსებობს და ამის გამო სისტემას ანარქიულად მიიჩნევენ საერთაშორისო სისტემა არ უნდა დავინახოთ როგორც მწვავე კონკურენცია სახელმწიფოებს შორის, თუნდაც იმ მიზეზის გამო რომ სისტემაში ერთი ჰეგემონია, ხოლო მასთან ერთად სხვა სახელმწიფოები მეტ-ნაკლებად ცდილობენ თანამშრომლობას და საყოველთაო მშვიდობის დაცვას, ამის გარდა არსებობს საერთაშრისო სამართალი, რომელიც რეგულირდება სახელმწიფოთა ინტეგრაციით და იმ პრინციპების დაცვით, რასაც სახელწიფოთა გაერთიანებები მოითხოვს. ხოლო, რაც შეეხება სუვერენული სახელმწიფოების ზრდას, მართალია ეს ტენდენცია შეინიშნება და ისინი მიისწრაფვიან კიდეც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებისკენ, მაგრამ ახლადშექმნილი სახელმწიფოებს აუცილებლად სჭირდებათ სხვა სახელწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სუვერენიტეტი არ ჩაითვლება რეალურ სუვერენიტეტად. ასევე გარდა ამისა, ისინი ისწაფიან საერთაშრისო ორგანიზაციებში გაერთიანებისკენ, რომელიც მოხდება მხოლოდ და მხოლდო მათ სუვერენიტეტის აღიარებისა და მთელი რიგი რეფორმების და მოთხოვნების წარმატებით შესრულების სანაცვლოდ. ანუ მათ გარეშე ამ ახალი ქვეყნების მომავალი წარმოუდგენელია, ამიტომაც ვფიქრობ რომ ყველა ამ მიზეზიდან გამომდინარე, ერი-სახელმწიფოს როლი დღეს წინა საუკუნეებისგან განსხვავებით შემცირებულია.