Print

ISDI - მ და თსუ – ს საბავშვო უნივერსიტეტმა 3 მარტს სადისკუსიო სესიათა საგაზაფხულო სეზონი შორენა შავერდაშვილის მოწვევით გახსნეს

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ჩვენმა სადისკუსიო კლუბმა ახალი ძალით, ენერგიითა და შემართებით დაიწყო თავისი საგაზაფხულო შეხვედრათა ციკლი. ახალი სეზონის გახსნა 3 მარტს – დედის დღეს დაემთხვა. ჩვენი შეხვედრის თემა ქალთა ამ მშვენიერ დღესასწაულთან მხოლოდ იმით იყო დაკავშირებული, რომ მთავარ სტუმრად ქალბატონი გვყავდა მოწვეული. თსუ – ს ყველაზე მაღალი ინტელექტუალური დონის მრგვალი მაგიდის თავში ძალიან პოპულარული ჟურნალის – “ლიბერალის” წარმომადგენლები, რედაქტორ შორენა შავერდაშვილის მეთაურობით, ისხდნენ. შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო, რადგან სტუმრებმაც და დისკუსიის მონაწილეთა ნაწილმაც, თავდაპირველად, პარალამენტის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქვიშხეთელი მამაკაცის, სოსო ქიმერიძის საკითხის გაპროტესტება გადაწყვიტა.  მიუხედავად შეფერხებისა, ყველაფერი რიგიანად წარიმართა.

 

დასაწყისში, ქალბატონმა შორენამ, მედიისა და სამაქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ, ინიცირებული  კამპანია “ეს შენ გეხება” (http://esshengekheba.ge/) გაგვაცნო და თანამშრომლებთან ერთად, საინფორმაციო ბუკლეტები დაგვირიგა. დამსწრეთათვის უფრო თვალნათელი გახდა, თუ რა საფრთხეს უქმნის ჯანსაღ, დემოკრატიულ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ელვისუსწრაფესად მიღებული ახალი კანონები, როგორ შეიძლება მათი გამოყენებით მოქალაქეთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლეის მოხდენა და რა ბარიერების აღმართვა ძალუძთ ახალ ნორმატიულ აქტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობებისათვის. საუბრის ძირითადი ნაწილი კარგი, პასუხისმგებელი მოქალაქის ცნების განხილვას დაეთმო. ზოგიერთმა ახალგაზრდამ ნამდვილ მოქალაქესა და თავისი საქმის კარგად მცოდნეს – პროფესიონალს შორის გაავლო პირდაპირი პარალელი. სტუმრებმა მიგვითითეს იმაზეც, რომ პირადი ცხოვრების, მოღვაწეობის გარდა, მოქალაქე საზოგადოებაში შექმნილი მდგომარეობითაც უნდა ინტერესდებოდეს და თანადგომის, სხვათა სამართლიანი სწრაფვის მხარდაჭერის სურვილიც უნდა ამოძრავებდეს. საუბრის შემდეგ ეტაპზე ყურადღების ცენტრში მოექცა ახალი აქტუალური კითხვა: ყველას შეუძლია იყოს კარგი მოქალაქე? პასუხები ორაზროვანი აღმოჩნდა. სესიის მონაწილეთა ერთი ჯგუფი აღნიშნავდა იმას, რომ თავად მოქალაქეებს არ სურთ საზოგადოების ღირსეულ ნაწილად ჩამოყალიბება და პრინციპით “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი” ხელმძღვანელობენ. ბევრი ცდილობდა დავეფიქრებინეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც საზოგადოებაში პატივსაცემი ადგილის დამკვიდრებაში ხელს შიში, რეპრესიის რეალური შესაძლებლობა და სახელმწიფოს სავარაუდო რეაქცია უშლის. სასიხარულოდ, მგონი კამათს შეთანხმების გარეშე არ ჩაუვლია. ვფიქრობ, ყველა მონაწილისათვის ცხადი გახდა, რომ ჩვენს ქვეყანას განვითარებისათვის უფრო მეტი სოლიდარობა და ბევრი თანამგრძნობი, ერთმანეთის გულშემატკივარი, კეთილი და მონდომებული ადამიანი სჭირდება. უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ, მთელი დღე თავში მიტრიალებდა ქართული ეროვნულ–სახელმწიფოებრივი იდეიის მთავარი თეორიტიკოსის, ილია ჭავჭავაძის ადრე ამოკითხული ფრაზა, რომელიც მინდა, რომ მსჯელობისათვის გაგიზიაროთ: ”ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა, ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში ყველა, საცა თვითეული ყველასთვის არ ჰფიქრობს  და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია და “ჩვენ” იშვიათი”

გაზაფხული გაფურჩქვნის, სიმრავლისა და გამოცოცხლების წელიწადის დროა. მივიჩნევ, რომ ეს ჩვენ პირველ საგაზაფხულო სესიას დაეტყო კიდეც. ჩვენ რვაკუთხა მაგიდასთან ახალი სახეები, პირველად მოსული მონაწილეებიც ისხდნენ. მაგალითად, უნიჭიერესი პოეტი და მუსიკოსი ბექა ბაღაშვილი, ჩვენს ფაკულტეტზე ცნობილი ბლოგერი ოთარ კობახიძე, “сладкая парочка”–ად წოდებული თაკო თოლორდავა და თამთა თოდაძე, გიორგი ლომთაძე და მისი გარემოცვა შეთხელებული შემადგენლობით და სხვები (აღარ ჩამოვთვლი, რომ არ გამომრჩეს). ჩვენ გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები, მონაწილენი არიან და მუდამ გულღიად ველით მათ სტუმრობას და ჩვენთან ერთად დგომას. ტრადიციულად, ბარიკადებთან იდგა “ძველი გვარდია”, სრული შემადგენლობითა და აღჭურვილობით (მაგალითად, გენერალი გაბელია ლეპტოპითა და ვიცე – ადმირალი ქირია ფოტო – კამერით).

გაზაფხულს კიდევ ერთი თვისება აქვს, გადამფრენი მშვენიერი და ტკბილმოუბარი ფრინველები უკან ბრუნდებიან ხოლმე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრაზე, მრავალი სტუდენტი დაგვიბრუნდება რეგიონებიდან თუ სხვა ადგილებიდან. მანამდე კი, მათმა ნაწილმა თვალი პირდაპირ ეთერში, livestream–ის ჩვენეულ არხზე გვადევნა (http://www.livestream.com/socium)

ვისურვოთ, რომ ასეთივე საინტერესო და უკეთესი იყოს ჩვენი სამომავლო ურთიერთობები და მოდით, ჩვენი ორგანიზაციის ძალიან კარგი ყიჟინით (დღეს, რომ სლოგანს ეძახიან) ვიხელმძღვანელოთ : “საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისათვის – society for a better society”

 

კეთილი სალამით,

ლევან ლორთქიფანიძე

04.03. 2011

 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე