Print

თანამედროვე გერმანული უნივერსიტეტების ძირითადი მახასიათებლები

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ლევან ლორთქიფანიძე

თანამედროვე გერმანული უნივერსიტეტები, უპირველესად, მიიჩნევიან მასწავლებელთა და სწავლის მიმღებთა საზოგადოებებად, სიტყვა “უნივერსიტეტის” ლათინური ეტიმოლოგიის მსგავსად. ისინი ფედერალური კანონით სარგებლობენ თვითმმართველობისა და აკადემიური თავისუფლების (დამოუკიდებლად, კანონის შესაბამისად აყალიბებენ კვლევისა თუ სასწავლო გეგმებს) პრივილეგიებით. ამასთანავე, აქვთ უფლება კერძო პირებს მიანიჭონ სახელმწიფოსაგან აღიარებული აკადემიური კონპეტენცია, ხარისხი.

 

შუასაუკუნეებიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე, გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაზე მონოპოლია მონასტრებს, მაშასადამე, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელ სასულიერო პირებს, ჰქონდათ. საუნივერსიტეტო საზოგადოება მეტად კლერიკალური გახლდათ.  XIX საუკუნიდან ჩამოყალიბება დაიწყეს თანამედროვე ეპოქამდე  მტკიცედ ფესვგადგმულმა სისტემებმა, რომელთა საფუძველს კლასიკური გერმანული ფილოსოფია, კერძოდ, ჰეგელის მოძღვრებები წარმოადგენდა. ჰეგელის ხედვით, უნივერსიტეტის იდეა სარგებლის მომტანი, წარმატებული სახელმწიფო მოღვაწის აღზრდა გახლდათ. გერმანული საუნივერსიტეტო წეს–წყობის მეორე უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, ბერლინის უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა რექტორმა, ჰუმბოლდტმა შემოგვთავაზა. მან თავის სარექტორო სიყვაში დაასაბუთა, რომ უნივერსიტეტის გამორჩეული მისია სწავლისა და კვლევის ერთობაში მდგომარეობდა. მაშასადამე, ლექტორებსა და სტუდენტებს, უნივერსიტეტის გარემოში, უნდა შეძლებოდათ არა მხოლოდ მაღალი დონის თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკული სამეცნიერო გამოცდილებისა თუ კვალიფიკაციის შეძენაც. (სწავლისა და კვლევის ერთიანობას უნივერსიტეტის ფარგლებში, დღემდე “ჰუმბოლდტის მოდელად” მოიხსენიებენ.)

ასეთი გერმანული უნივერსიტეტის საფუძვლად ფილოსოფიისა და კლასიკური ლიტერატურის სამეცნიერო დარგები მიიჩნეოდნენ, დროთა განმავლობაში მათ ემატებოდნენ თეოლოგიის, სამკურნალო და სამართლის სამეცნიერო მიმართულებები. XIX საუკუნიდან ფილოსოსიის დარგს გაემიჯნენ და საუნივერსიტეტო სივრცეებში დამკვირდნენ საბუნებისმეტყველო, მათემატიკური, ოდნავ მოგვიანებით კი, ეკონომიკური და სოციალური საკმაოდ მოცულობითი სამეცნიერო დისციპლინები. ტიპური გერმანული უნივერსიტეტები ამ მეცნიერებებზე არიან “ამოშენებულნი”. ტიპურ უნივერსიტეტთა გარდა, დღეს, ძალიან ხშირად ვხვდებით განსაკუთრებული პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ, დღეს ამ ქვეყანაში ათობით ტექნიკური უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, რომლებიც უმთავრესად საინჟინრო-არქიტექტურულ დარგებს ეყრდნობიან. მრავლადაა, სასოფლო-სამეურნეო და სახელოვნებო (სამხატვრო, სამუსიკო) უნივერსოტეტები. XX საუკუნეში ჩამოყალიბდა განსაკუთრებით სპეციალიზირებული, სპორტული უმაღლესი სკოლები (მაგ. კიოლნის). კიდევ ერთ გამორჩეულ სეგმენტს გერმანულ სასწავლებლებს შორის ბუნდესვერის საგანმანათლებლო დანაყოფები. კერძოდ, წლებია მიუნჰენსა და  ჰამბურგში ფუნქციონირებენ გერმანიის ფედერალური არმიის უნივერსიტეტები.  არც თუ ისე დიდ, მაგრამ სტაბილურ ადგილს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში რელიგიური უნივერსიტეტები ინარჩუნებენ. ბოლო დეკადებში გერმანიაშიც გამოჩნდნენ ანგლო-ამერიკული ტიპის უნივერსიტეტები, რომლებიც გარკვეულ ფონდთა საკუთრებას წარმოადგენენ და მათი უდიდესი კაპიტალით საზრდოობენ.

გერმანიის საუნივერსიტეტო სისტემა ქვეყნის გარეთაც ვრცელდება. (მაგ. კაიროს გერმანული უნივერსიტეტი ეგვიპტეში და ჩინურ–გერმანული უმაღლესი სასწავლებელი პეკინში.)

ამ მრავალგვარ, მრავალი სახის უნივერსიტეტს შორის აურაცხელი განსხვავების მოძებნაა შესაძლებელი, მაგრამ მათ ,ჰეგელისა და ჰუმბოლდტის პრინციპის გარდა, საერთო, საბაზისო, საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აერთიანებთ

გერმანულ უნივერსიტეტთა საერთო-საბაზისო სტრუქტურული ფაბულა

გერმანიის ძირითადი კანონით (კონსტიტუციით) უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლებისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს თავად ფედერაციული ერთეულები – მიწები განსაზღვრავენ ( ეს ერთგვარი გაგრძელებაა ადრეული ტრადიციისა, როდესაც შუა საუკუნეებშიც გერმანულ სასწავლებლებს მოთხოვნებს, არა საიმპერიო ხელისუფლება, არამედ ადგილობრივი მმართველები, ფიურსტები უწესებდნენ). თანამედროვე გერმანულ უნივერსიტეტთა უდიდესი უმრავლესობა საჯარო სამართლის კოოპერატივს წარმოადგენს, რომელებიც ფედერაციული მიწის შესაბამისი უწყების (განათლების სამინისტრო) ზედამხედველობითა და მფარველობით ფუნქციონირებენ.

უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ მეთაურად რექტორი ან პრეზიდენტი ცხადდება, რომელიც პარალელურად, კანონის მიხედვით, აუცილებლად უნდა ფლობდეს აკადემიურ თანამდებობას და უნდა იყოს პროფესორი. მის მთავარ დამხმარეებად მიიჩნევიან განსაკუთრებულ სფეროში სპეციალიზირებული პრორექტორები ან ვიცე–პრეზიდენტები. უნივერსიტეტში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა კანცლერი, რომელიც ბიუროკრატიის მეთაურია და კანონით, აუცილებლად იურისტი ან მმართველობის სპეციალისტი უნდა იყოს. ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – სენატი, რომელიც ძირითადად აკადემიური პერსონალითაა დაკონპლექტებული, მაგრამ თავისი წილი წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ამ უმთავრეს ორგანოში სუდენტები და მცირედად, ადმინისტრაციული პერსონალიც ახერხებს. მსგავსი საბჭოების შემადგენლობის რაოდენობა გერმანიის მასშტაბით მერყევია, მაგრამ თითქმის ყველა უნივერსიტეტში სენატის წევრთა რაოდენობა რამდენმე ათეულს უტოლდება.

უნივერსიტეტის  საბაზისო ფაბულას ადგენენ სპეციალიზირებული სამსახურებიც, მათი რიცხვი სხვადასხვა სასწავლებელში სხვადასხვა. ყველასათვის საერთო სამსახურებს წარმოადგენენ საბიუჯეტო, ხარისხის მართვის, სასწავლო და კვლევითი დეპარტამენტები.

ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებს სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოები (კონგრესები, საბჭოები, ასამბლეები და ა.შ.), რომელთაც კრებსითი სახელით სტუდენტური სამდივნოებით მოიხსენიებიან. სტუდენტთა სამდივნოებში ძირითადა დამოუკიდებელი სტუდენტური ორგანიზაციები აირჩევიან ხოლმე. საერთო ფედერალური მასშტაბის ორგანიზაციებად იუსოსს (დაახლოვებულნი არიან სოციალ –დემოკრატებთან) და “ქრისტიან ახალგაზრდებს” (დაახლოვებულნი არიან ქრისტიან–დემოკრატებთან) მიიჩნევენ.

წამყვან უნივერსიტეტებში ერთ–ერთ ფუნდამენტურ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ე. წ. AAA საგარეო ურთიერთობათა აკადემიური სამსახური, რომელიც მსოფლიოსთან სასწავლებლის კავშირზე, სპეციალურ სტიპენდიებზე და მსგავს აქტივობებზეა პასუხისმგებელი.

განსაკუთრებულ როლს უნივერსიტეტის შიდა სისტემაში ძალიან დამოუკიდებელი, თვითმმართველი ფაკულტეტები თამაშობენ. ფაკულტეტთა რაოდენობას, მათ შინაარს უნივერსიტეტის ერთადერთი წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანო სენატი განსაზღვრავს. ამავე ორგანოში ფაკულტეტის პერსონალთან შეთანხმებით აირჩევა დეკანი, რომელიც ხელმძღვანელობს ფაკულტეტს. თითოეულ ფაკულტეტს აუცილებლად აქვს თავისი ბეჭედი და სენატის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელსაც დეკანი და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სპეციფიკური წესით გამორჩეული პროფესურა განკარგავს. ფაკულტეტის საკუთარ შემადგენლობაში აყალიბებს მიმართულებებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც ასევე სარგებლობენ თვითმმართველობის გარკვეული ნიშნებით, რომელთაც აკადემიური პერსონალი და დეკანი განსაზღვრავს.

ყველა უნივერსიტეტში შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი ბიუჯეტისა და თვითმმართველობის მქონე სხვა სტრუქტურული ერთეულები, მაგალითად, კვლევითი ორგანიზაციები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები,  ლაბორატორიები და ა.შ.

2005-2006 წლის შემდეგ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალულია არსებობდეს 500 ევროზე მეტი გადასახადი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფ უნივერსიტეტებში.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე