უნივერსიტეტელის დღე
ავტორი: თამუნა ნიკოლეიშვილი
მაღვიძარამ დარეკა. გაეღვიძა. ჭერზე წვიმისგან დატოვებულ ლაქას მიაპყრო მზერა. ოთახი - პატარა "კომოდი", ერთი სკამი, მორყეული მაგიდა, სამზარეულოს უკარო და ფარდაჩამოკიდებული კარადა, ნიჟარა, წიგნების( უფრო სწორად, ქსერო-ასლების) თარო, ერთმანეთზე ახოხოლავებული ყუთები, ზამბარებიანი საზოლი(რომელზეც ახლა წევს) და პატარა სარკმელი საწოლის თავზე_აი,მისი ავლა-დიდება. მისი რა, "ხაზეიკის". საკუთარ სიდუხჭირეზე ჩაფიქრებამ ათი წუთი დააკარგვინა. წამოხტა. სკამზე დადებული, საგულდაგულოდ დაკეცილი ტანსაცმელი ვაცხა-უცხით ამოიცვა.
სამზარეულოს ნიჟარაში გაყინული წყლით დაიბანა ხელ-პირი. კარადის ფარდა გადასწია და ერთი კვირის წინ სოფლიდან გამოგზავნილი სანოვაგიდან დარჩენილი ერთადერთი ვაშლი აიღო. მრავალგზის გაკეცილი რვეული ჩაიკუჭა შარვლის უკანა ჯიბეში და 80 ლარად ნაქირავები ბინის საკეტჩამომტვრეული კარი მიიხურა.
მეტრომდე არსებული კილომეტრნახევარი ფეხით გაიარა. რა უჭირს, ოცი წლისაა. ახმეტელის მეტროს სალაროში სტუდენტურ ბარათზე 40 თეთრი ჩაირიცხა.. ლარი და სამოცი ჯიბეში ჩაიტოვა. რა იცი, რა ხდება. ვაგონში ადგილი სხვას დაუთმო. ფეხზე დამდგარმა გადაიკითხა სასემინარო მასალა. 40 წუთში რუსთაველის მეტროდან გამოვიდა. აგვიანდება. თან წვიმს და ფეხსაცმელში ფეხი უსველდება. ავტობუსით წავიდა. არ გაუმართლა, ფილარმონიასთან კონტროლიორმა ბილეთი ააღებინა. ესეც მისი 40 თეთრი. მეორე კორპუსთან ჩამოვიდა. მეოთხემდე მისასვლელად მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლა. დააგვიანდა. ოცდაათკაციან აუდიტორიაში 57-ედ ჩაეჭეჭკა ორ კურსელს შორის. "კურსელს" სიმარტივისთვის ეძახის, თორემ ერთი პირველ კურსელია,მეორე ამთავრებს. მისი საყვარელი ლექციაა. რის ვაი-ვაგლახით ამოიღო ჯიბიდან თავისი რვეული და ლექტორის საუბრის ჩაწერას შეუდგა:"ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება." ჰმ, პლატონისთვის ადვილი სათქმელი იყო. ლექციის შემდეგ ე.წ. "ფანჯარა" აქვს, თანაც საკმაოდ "ფართოდ გაღებული", ოთხსაათიანი. "სახელმწიფოს" ქსეროქსის ასაღებად წავიდა. ახლა უკვე იცის, რას გრძნობდა მამამისი 90-იანებში, პურის რიგში. გაუმართლა, სამმა წინმდგომმა ვერ გაუძლო და წავიდნენ. "პლატონი" გადაუღეს. ორი ლარიო, უთხრეს. ნახევარი წამოიღო. მეორე ნახევრის წასაკითხად ბიბლიოთეკაში წავიდა. აქვთ, რა თქმა უნდა, ოღონდ ერთი და იმასაც სხვა კითხულობს. რას იზამს, უნდა დაელოდოს. მანამდე პრესას გადახედავს. თან, მაინც დაავალეს მედიის მიმოხილვა და პრეზენტაცია "უახლესი" კომპიუტერული პროგრამით. არაუშავს, იპოვის ისეთ დროს, როცა უნივერსიტეტის რომელიმე კორპუსის სარესურსო ცენტრის რომელიმე შემთხვევით გაუფუჭებელ კომპიუტერთან არავინ იჯდება და აქვე გააკეთებს. რა უნივერსიტეტის ბრალია, რომ სახლში ტელევიზორიც კი არ აქვს, კომპიუტერზე რომ არაფერი ვთქვათ. ერთ-ერთი პოპულარული გამოცემა გადმოიღო. მისმა სათაყვანებელმა უნივერსიტეტმა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ორიათასმერაღაცე ადგილი დაიკავა. საქართველოს მასშტაბით მაინცაა საუკეთესო... ხოდა, აქ სწავლობს. მაინც გაუხარდა. კუჭი აუწრიალდა. ბიბლიოთეკიდან გამოვიდა. საპირფარეშოსკენ წავიდა. "თავის" სოროში ამ "ფუფუნებას" მოკლებულია. უსიამოვნო სუნი გამოჰყვა. რას მიდიოდა... მაინც წრიალებს კუჭი. წყურია, ალბათ. პირველ სართულზე კოკა-კოლას აპარატი დგას. სამოცი თეთრიღა აქვს. არა, შია მაინც. არაუშავს, გადაიტანს.
ამასობაში ოთხი საათიც გავიდა. მესამე კორპუსში აქვს ლექცია. აქ უკვე სამოცდაათკაციანი მინგრეულ-მონგრეული აუდიტორიის პირველი მერხი შეავსო თავის მისვლით. ოთხნი არიან. ლექტორმა, რა თქმა უნდა, გადაიფიქრა სალექციო მასალის წაკითხვა, აბა, ოთხნი არიან და... არ წავიდა. ბოლომდე უსმინა დუმილს. რას იზამს, მისთვის "დასწრების" ერთი ქულაც მნიშვნელოვანია. სტიპენდიის აღება უნდა. წინა სემესტრშიც უნდოდა. 97 ჰქონდა საშუალო. არ გაუმართლა. ეტყობა, დაბალქულიანებთან კონკურენციაში დამარცხდა. არაუშავს. წელს აიღებს.
ამ ლექციის შემდეგ ათწუთიან შესვენებაზე მეოთხეში უნდა გადაასწროს. შუქნიშნით არ გამოუვა. გზა გადაკვეთა. დააჯარიმეს. 3 ლარი. ჰმ, ეგ არაფერი, თავი დაიმშვიდა. მაინც დააგვიანდა. არ დაუშვეს. ესეც მინუს ერთი ქულა. რას იზამს.
შია. უნივერსიტეტის სასადილოში წავიდოდა, ფული რომ ჰქონდეს. მაგრამ, ერთხელ უკვე მოიწამლა. პირველად ესიამოვნა უფულობა.
40 წუთი უნდა იცადოს. იცადა. სოლომონ დოდაშვილის მოღვაწეობის ისტორიის მოსმენად ღირდა ლოდინი. შერცხვა, რომ თავის ბედზე დაიჩივლა დილით. რა აქვს საწუწუნო? ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ახლა იგი ქმნის ერის ინტელექტუალურ მომავალს. ალბათ, დოდაშვილს ერთხელაც არ დასცდენია ბედის საჩივარი. მაგრამ მას, სხვა რომ არაფერი, ბაზების გახსნა_საგნების არჩევის პრობლემა მაინც არ ექნებოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში.
დღეს ადრე დაამთავრა. გაუმართლა, ორი საათით დაგვიანებისთვის 20 ლარს არ ჩამოაჭრიან ხელფასიდან. სწავლისთვის არ ენანება, მაგრამ ისევ სწავლისთვის უნდა, 675 ლარი აქვს გადასახდელი. რეპეტიტორი ვერ აიყვანა თავის დროზე. სახელმწიფო მხოლოდ 70%-ს უხდის. ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით ჩავიდა. აქვეა მაინც, თან რა უჭირს, 20 წლისაა. ფორმა ჩაიცვა. მთავარია ნაცნობი არავინ ნახოს. ქუდი ჩამოიფხატა. მალე საწვავის სუნი აჰყვა. კიდევ კარგი, აქ მაინც აქვს აბაზანა. წასვლის წინ გადაივლო. 12 საათზე დაამთავრა მუშაობა. ისევ მეტროთი უნდა წავიდეს. სამოცივე თეთრი ჩაირიცხა. 1-ზე უკვე "შინ" იყო. სასწრაფოდ შეწვა საწოლში, გაზის ანთება რომ არ დასჭირვებოდა. პლატონის "სახელმწიფოს" კითხვას შეუდგა. ამაღამ წაიკითხავს, ვინ იცის, ექნება კიდევ ასეთი გადაუტვირთავი დღე? ჩაეძინა.
პ.ს. მამა ეუბნებოდა, სტუდენტობის წლები ცხოვრების საუკეთესო წლებიაო. უარესი, ალბათ, წინ ელოდება. რას იზამს, იმასაც გაუძლებს.
მადლობა, ბატონო ივანე!