Print

28 იანვარი, არაორდინალური გარემო ჩვენი კლუბისათვის

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

2011 წლის 28 იანვარი, გარეთ ძალიან ცუდი ამინდია, თბილისური თოვლი ტრადიციულად დნება, საშინელი ნესტია დედაქალაქის ქუჩებში. მიუხედავად ამისა, უამრავი მოსწავლე და სტუდენტი მაინც შეგროვდა პირველი ქართული უნივერსიტეტის პანთეონში. ბევრს მთავარი, ისტორიული კორპუსის ნახვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ მათ გარდა, “თეთრი ტაძრის” კარებთან ჩვენი კლუბის ბირთვი კვლავ შეგროვილიყო. შეხვედრის დაწყებამდე, რამდენიმე დღე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საიტი –  socium.ge – გვატყობინებდა, რომ ჩვენი აზრის მოსასმენად, ჩვენი პრობლემების მომავალში პროფესიონალურად აღსაწერად ახალგაზრდობით დაინტერესებული, სერიოზული მკვლევარი მოვიდოდა. არაერთი მოსწავლისა და სტუდენტის მოტივაცია  ამანაც გააორმაგა.

 ოთხის წუთებზე (ასე ვიტყვით, ხოლმე ჩვენ) უამრავ ახალგაზრდას პირველად ეღირსა უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ნაკვალევში ფეხის ჩადგამა, ცენტრალური, ულამაზესი კორპუსის ზღურბლზე გადაბიჯება, ზოგიერთმა კი უკვე მერამდენედ გავაკეთეთ იგივე. შესანიშნავად მოწყობილ აუდიტორიაში სასიამოვნო აურის ორი სტუმარიც შემოგვიერთდა: ჩემთვის კარგად ნაცნობი, შრომისმოყვარე, გამოცდილი ახალგაზრდა ვახტანგ ასანიძე, რომელიც წარმატებულ არასამთავრობო ორგანიზაციას “დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტს” მეთაურობს; მასთან ერთად იყო საინტერესო და სერიოზულ მეცნიერად, მკვლევარად დახასიათებული, კარგად დაფინანსებული პროექტების სახელმოხვეჭილი ხელმძღვანელი, პროფესიულ წრეებში ცნობილი ქალბატონი, თინათინ (თინიკო) ზურაბიშვილი, რომლის სახელმძღვანელოც სოციოლოგიასთან დაახლოვებულ სტუდენტებს დამატებით ლიტერატურად წაკითხული უნდა გვქონდეს.

რას მოველოდი საინტერესოდ დაანონსებული შეხვედრისგან? ვიფიქრე, რომ სტუმარი კარგად, დაწვრილებით აგვიხსნიდა მისი ჩვენთან შეხვედრის მიზანს, რისი გაგება უნდოდა ჩვენგან და რაც მთავარია, როგორც პროფესიონალი, ათასჯერ ფოკუს–ჯგუფს გაძღოლილი სპეციალისტი გამოიყენებდა ზონდირების მეთოდსა თუ პროექციულ ტექნიკებს ჩვენი გულწრფელობის, “გახსნის” გამოსაწვევად, მისთვისაც და ჩვენთვისაც საინტერესო საუბრების პროვოცირებისათვის. რა მოხდა სინამდვილეში? (გაწვდით სუბიექტურ შთაბეჭდილებას) ქალბატონმა სტუმარმა სწრაფად და ძალიან მოკლედ გაგვაცნო საკუთარი თავი და ორგანიაცია, რამდენჯერმე გაგვიმეორა თავისი საიტის მისამართი და შემდეგ “სადისკუსიო ბურთი” უხეიროდ ჩამოგვიწოდა  ათეულობით სრულიად განსხვავებული ჯგუფის, ასაკის, სტატუსის , განწყობების, ემოციების ადამიანს (სოციოლოგები ამას ჩვეულებრივ ამჩნევენ ხოლმე). დარბაზიდან დაბრუნებულ არაერთ შეკითხვას მან გასაკვირად მოკლედ და ზედაპირულად უპასუხა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მან დაგვტოვა და მხოლოდ, ბატონ ვახტანგს შეატოვა ჩვენი თავი. ვერ ვიგრძენი, რომ იგი ჩვენზე იყო ორიენტირებული. შთაბეწდილება დამრჩა, რომ მან თავისი საქმე “მოილია” და წავიდა. გავოცდი ასეთი, რამ არც ერთ სტუმარს არ გაუკეთებია, მსოფლიოში ყველაზე საქმიან, დაკავებულ და მოუცლელ ლევან რამიშვილსაც კი. შეიძლება არავინ დედამიწის ზურგზე არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ეს ზურგის შექცევად, შესაბამისად (ალბათ, არაწინასწარგანზრახულ) შეურაცხყოფად აღვიქვი. სამწუხაროდ, მყისიერი რეაქცია ვერ გამოვავლინე, რადგან უცებ, პანღური, რომ ამომცხოს ვინმემ უმიზეზოდ ქუჩაში ჩემთვის მიმავალს, მაშინაც დავიბნევი. მას შემდეგ, რაც ჩემთვის დამახასიათებელი ქოთქოთით პროტესტი გამოვთქვი, აუდიტორიაში ორაზროვანი რეაქცია გამოვიწვიე. გამაოგნა, პატივსაცემი და ჩემი აზრით, ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მომავალი მკვლევარისგან და “ენჯეოშნიკისგან” წამოსროლილმა, ხმამაღალმა ფრაზამ: “ლევან, დრო ფულია”. უსაყვარლესმა პროფესორმა, ბატონმა ამირანმა თავის, როგორც ყოველთვის საინტერესო, გულიან, კეთილ მონოლოგში სავსებით სამართლიანად ჩვენსკენ გამოიშვირა ხელი და ჩვენს წუნზე საქართველოს უგვირვინო მეფედ წოდებული გენიოსის სტილში ისაუბრა. ალბათ, მან კოლეგიალობა გამოიჩინა და სტუმრის უმსუბუქეს გაკიცხვასაც მოერიდა (ამით, ილიას პრინციპებიდან ძალიან გადაუხვია, მის საწინააღმდეგოდაც კი წავიდა). მე კიდევ ერთხელ ვეცადე ჩემი და კიდევ ერთი–ორი ადამიანის უკმაყოფილების გამოთქმა, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი ლეგიტიმური პრეტენზია სათანადოდ არ მოისმინეს, ბოლომდე არ მათქმევინეს, კონტექსტი შეუცვალეს (ეს მგონი ჩვენი პრინციპების დარღვეაა), ამის შემდეგ კი, რაც თურმე არ მოსწონთ არის ის, რომ მე ვინმეს სიტყვა გავაწყვეტინე. ამას, არაფერი უშავს….

თუნდაც უნებური უპატივცემულობა იოლად არავის უნდა ეპეტიოს.

შედეგად ვფიქრობ , რომ ძალიან ბევრს ნაკლებად მოეწონა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ალბათ, რაღაც ნაწილმა ისიც იგრძონო, რომ მისი აზრი, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ ვეუბნებით, ისინი ყველანი პირველმნიშვნელოვანნი არ არიან ჩვენთვის, ეს კლუბი მხოლოდ მათთვის არ მუშაობს !!!

მე კი ჩემთვის საყვარელი არასამთავრობო, აპოლიტიკური ორგანიზაციისგან შენიშვნა მივიღე, რომ მათთან მოხსენების გაკეთება გადავდე და ჩემთვის უმთავრეს ადგილას, უნივერსიტეტში მივედი!!!

მაქვს ინიციატივა, რომ ვისაც არ სცალია, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული და ნაკლებად დაინტერესებულია ჩვენით, ან უზომოდ დიდი სურვილი აქვს ჩვენი გამოკვლევისა, მაგრამ ეჩქარება ის აღარ მოვიწვიოთ. მათ ნაცვლად ასპარეზი დავუთმოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე კვირაა პრეზენტაციისათვის მზად არიან და ჩვენ გველოდებიან ან მათ, ვინც თავიანთ ძალიან გადატვირთულ გრაფიკში, გაიჭირვებენ და გამოძებნიან ჩვენთვის ორ კინკილა საათს, რომელიც შეიძლება მათთვის ძალიან დიდი ფულია, მაგრამ მაინც გაიღებენ უნივერსიტეტისა და სკოლების პარტნიორობის კლუბისათვის!!!

ეს ჩემი, ერთი ძალიან ბევრისთვის გამაღიზიანებელი, ჭიჭყინა პატარა სტუდენტის აზრია, რომელსაც პრეტენზია, მხოლოდდამხოლოდ, გულწრფელობაზე აქვს.  გთავაზობთ, თავად გამოხატოთ პოზიცია, თუ  რა მოხდა დღეს. ასევე, გვაქვს სერიოზული მოდერაციის პრობლემა, ვიფიქროთ, პროცედურაზე, რომელიც წევრთა მაქსიმალურ მონაწილეობას გამოიწვევს და არავის აგრძნობინებს იმას, რომ ის მნიშვნელოვანი არ არის.

 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე