Print

ქეთი მურუსიძის სტატია ფაკულტეტის პრობლემებზე

ავტორი: ქეთი მურუსიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

 ავტორი: ქეთი მურუსიძე

უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბარი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. იწერება სტატიები, ტარდება აქციები, ამ პრობლემებზე საუბარს ეძღვნება გადაცემები, ყველა ცდილობს თავისებური გზა გამონახოს ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მისასალმებელია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმაც გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც გვაწუხებს და ხელს გვიშლის სასწავლო პროცესში. ამ მიზნით შევიკრიბეთ სტუდენტების მცირე ნაწილი, ჩამოვწერეთ პრობლემები და გადავწყვიტეთ მიგვემართა იმ ადმინისტრაციული სამსახურისათვის, რომელსაც უშუალოდ ეხება პრობლემის მოგვარება, რათა გაგვეგო თუ კონკრეტულად რა დაბრკოლებებს აწყდება ესა თუ ის სამსახური ამ პრობლემების მოსაგვარებლად და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით.

ამ საქმეში განსაკუთრებით დაგვეხმარა ქალბატონი მარინა ლომოური, რექტორის მრჩეველი, რომელმაც გადმოგვცა რექტორის სურვილი ეთანამშრომლა ჩვენთან ამ პრობლემების მოსაგვარებლად. დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა მალხაზ მაცაბერიძემ და ამირან ბერძენიშვილმა, რომლებიც ყოველთვის გვერდით გვიდგანან და გვეხმარებიან ყოველი ჩვენი წამოწყების განხორციელებაში, რაც უნივერსიტეტისთვის სასიკეთო საქმის კეთებას ეხება. პრობელემების ჩამონათვალი საკმაოდ დიდი გამოგვივიდა. ზოგიერთი მათგანის მოგვარება გარკვეულ დროს და რესურსებს საჭიროებს, რომლებიც იმედია გამოიძებნება. მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილეთ იმ შედარებით მარტივად მოსაგვარებელ პრობლემებზე, რომლებიც დიდ დაბრკოლებებს გვიქმნის ხოლმე.  სანამდე დეკანთან მივიდოდით ამ პრობლემებით დატვირთულნი, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ კარგად გავცნობოდით თითოეულ საკითხთან არსებულ დამატებით გარემოებებს, დაბრკოლებებს და, ასევე, გაგვეგო თითოეული სამსახურის აზრი და დამოკიდებულება, რომელსაც ამ პრობლემების მოგვარება ეხება. ჩვენ ქალბატონ მარინა ლომოურთან ერთად, რომელიც დაუზარლად ყველგან დაგვყვებოდა, ვესაუბრეთ ადმინისტრაციის თანამშრომლებს. პროლემების ადრესატების გარკვევაში დაგვეხმარა ხარისხის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნინო დურგლიშვილი, რომელმაც აღგვითქვა დახმარება იმ საკითხებში, რაც მის სამსახურს ეხება. გვესაუბრა და დახმარებას დაგვპირდა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი დალი კანდელაკი, რომელმაც, ასევე, გაგვაცნო თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი, რა წარმატებები არის ამ სფეროში და რა გეგმები აქვთ.

დიდი დახმარება გაგვიწია ენების ცენტრის უფროსმა ქალბატონმა რუსუდან დოლიძემ, რომელმაც გაგვაცნო ენების ცენტრის შესაძლებლობები, რაც საკმაოდ დიდი ყოფილა, ის გამზადებული პროგრამები სხვადასხვა ფაკულტეტისა თუ მიმართულებებისათვის, რომლებიც გამოყენებას ელიან. ენების ცენტრს ჰყავს კადრები და აქვს  სასწავლო პროგრამები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ სპეციალიზირებული უცხო ენა. საჭიროა მხოლოდ საფაკულტეტო არჩევით საგნებში გამოიყოს კრედიტები სპეციალიზირებული უცხო ენისათვის. ქალბატონმა რუსუდანმა ჩვენთან ერთად განიხილა სხვადასხვა შესაძლებლობები და გამოთქვა თავისი დადებითი დამოკიდებულება სპეციალიზირებული უცხო ენის სწავლებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ენათა სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ფაკულტეტის სტუდნეტებისათვის. მივესალმებით სახელმძღვანელოთა თარგმნას, რაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს სასწავლო პროცესს, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ მოგვცემს ამის შესაძლებლობას. მაგრამ დღსდღეობით იმდენი ახალი ნაშრომი, სამეცნიერო სტატია თუ გამოკვლევა იქმნება, რომ მათი თარგმნა ფიზიკურად შეუძლებელია. ამასთან, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი ვერ გახდება ნორმალური სპეციალისტი მათი გაცნობის გარეშე. უნივერსიტეტმა ამ მხრივ გადადგა კარგი ნაბიჯი, როცა მოიპოვა უფლება და ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა რესურსები, სადაც განთავსებულია სამეცნიერო სტატიები, ჟურნალები (http://www.tsu.edu.ge/ge/departments/library), მაგრამ ეს რესურსები ხშირად ჩვენთვის გამოუყენებელი რჩება, რადგან არ ვიცით ის სპეციალიზირებული უცხო ენა.

მართალია სტუდენტებს უნივერსიტეტში შეუძლიათ ნახონ თავიანთი საგამოცდი ნაშრომი აპელაციის შემთხვევაში, მაგრამ სტუდენტები, რომლებიც თბილისში არ ცხოვრობენ და გამოცდების დასრულებისთანავე რეგიონებში მიდიან, ხშირ შემთხვევაში ვეღარ ახერხებენ თავიანთი ნაშრომის სანახავად თბილისში ჩამოსვლას. ჩვენი სურვილია, სტუდენტს, რომელიც უკმაყოფილოა, ან, უბრალოდ, უნდა თავისი ნაშრომის გადახედვა (შესაძლოა მან საერთოდ გადაიფიქროს თავისი ნაშრომის აპელაციაზე შეტანა) , შეეძლოს sms.tsu.ge -ზე განცხადების დაწერის შემდეგ ნახოს თავისი დასკანერებული საგამოცდო ნაშრომი. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს, რომებმაც გვითხრეს, რომ ერთაერთი პრობლემა ამ საკითხის მოგვარებაში არის სკანერის აპარატების არასაკმარისობა.

იმ პრობლემების ჩამონათვალით, რომლეიც ფაკულტეტის დონეზე შეიძლება რომ გადაწყდეს, მივმართეთ ჩვენს დეკანს, ბატონ ნოდარ ბელქანიას. პრობლემათა ჩამონათვალი მოიცავდა:

 

  1. ფაკულტეტის არჩევით საგნებში სპეციალიზირებული უცხო ენებისათვის კრედიტების დამატებას;
  2. ფაკულტეტის ელექტორნული სისტემის გაუმჯობესებას, რათა შეგვეძლოს ავირჩიოთ სასურველი საგანი;
  3. საგნების არჩევამდე სილაბუსებისა და ცხრილების ხელმისაწვდომობას, რათა ბრმად, სახელწოდების მიხედვით არ ავირჩიოთ საგნები;
  4. აუდიტორიის პრობლემის მოგვარებას, რათა 20 ადგილიან აუდიტორიაში არ ტარდებოდეს 50 სტუდენტიანი ლექცია თუ სემინარი;
  5. სტიპენდიის განაწილების წესის გადახედვას, რათა უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს ჩვენს უნივერსიტეტში სწავლას, ჩვენს აკადემიურ მოსწრებას;
  6. ასევე, პოლიტიკური მეცნიერებეის მიმართულებისთვის ტექნიკური საშუალებების გამოყოფას, რომლებიც საჭიროა სასწავლო პროცესისათვის. (ეს ტექნიკური საშუალებები ყველა მიმართულებას სჭირდება).

 

დეკანმა, ჩვენი განცხადების მიღების შემდეგ, მოინდომა ჩვენთან შეხვედრა, რათა ერთად გაგვერჩია ყოველი პუნქტი. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანის მოადგილეები, ბატონი ამირან ბერძენიშვილი და ბატონი რევაზ ჯორბენაძე, ადმინისტარციის რამდენიმე სხვა თანამშრომელი და რექტორის მრჩეველი, ქალბატონი მარინა ლომოური.  სამწუხაროდ, შეხვედრას ვესწრებოდით საინიციატივო ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე წევრი, მაგრამ, რაც მთვარია, შედგა ჩვენ მიერ ჩამოწერილ პრობლემებზე მსჯელობა და დაგვპირდნენ, რომ იმუშავებდნენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

მართალია, არც ჩვენი პრობლემების ჩამონათვალი არ შეიცავდა ყველა პრობლემას და არც ეს პრობლემებია მთლიანად მოგვარებული, მაგრამ მაინც კარგია, რომ სტუდნეტების ამ მუშაობამ მცირე დადებითი შედეგები მაინც  გამოიღო. შემდეგ სემესტრში საგნების არჩევამდე შეგვეძლება სილაბუსებისა და ცხრილების ნახვა. როგორც დეკანმა გვითხრა, აღარც აუდიტორიების პრობლემები შეგვექმნება ისე მწვავედ, პირველი კორპუსის გახსნა დიდწილად მოაგვარებს ამ პრობლემას. ასევე, ტექნიკური საშუალებებიც უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვის. ბატონი ნოდარი დაგვპირდა, რომ უცხო ენის საკითხზეც იმუშავებენ (პირვეკ კურსელებს ეს პრობლემა უკვე მოგვარებული აქვთ. ამ შემთხვევაში, უფრო მაღაკლურსელებს გვაწუხებს ეს საკითხი).

ვიმედოვნებთ, რომ დაპირებები შეგვისრულდება, ამ მცირე პრობლემებს მოვაგვარებთ და შემდგომ უფრო დიდ პრობლემებამდეც მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას დახმარებისათვის; მჯერა, რომ ჩვენ ყველანი უნივერისტეისა და სტუდნტებისათვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ.

 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე