თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ინფორმაციული საზოგადოება და მედიისა და კომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი
ანა გვალია
ხშირად წაგვიკითხავს ან გვსმენია, რომ ახალგაზრდობა ესაა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, პერიოდი, როცა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, აისრულოს ოცნებები,
დაუშვას შეცდომები, შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს და რაც მთავარია, ესაა საუკეთესო დრო ადამიანად ჩამოყალიბებისთვის, კარგი ბაზისის შექმნისთვის, მომავალი განვითარების გზაზე. საუკეთესო ბაზისის შესაქმნელად კი საჭიროა დიდი სურვილი, მიზანდასახულობა და ბევრი შრომა, ერთი შეხედვით მარტივი ფორმულაა, თუმცა მისი განხორციელებაა საკმაოდ რთული. ამასთანავე, ძნელად თუ ვიპოვით ახალგაზრდას, რომელსაც არ სურს იყოს წარმატებული ან არ ჰქონდეს მიზნები, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არსებობს პრობლემების მთელი რიგი, რომელიც აწუხებს ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ეს ახალგაზრდები, მსოფლიოს მეტად თუ ნაკლებად განვითარებულ ნაწილში, პრობლემები იდენტურია, განსხვავება მხოლოდ არსებულ სოციალ-პოლიტიკურ ვითარებაშია, რომელთა ფონზეც პრობლემები სხვადასხვა ხარისხსა და მნიშვნელობას იძენენ.
მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, ჩვენს შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ მხოლოდ ქართულ რეალობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და გამოვყოფთ იმ ყველაზე აქტუალურ საკითხებს რაც აწუხებთ ქართველ ახალგაზრდებს, რადგან ჩვენს ირგვლივ მოვლენები სპეციფიკურ გარემოში მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ გარკვეულ, სხვებისგან გამორჩეულ, გავლენას ახდენს ყველაფერზე, მათ შორის ჩვენი ინტერესის სფეროზეც.
მნიშვნელოვანია, რომ მე თავად ვარ ამ თაობის წარმომადგენელი და ჩემთვის ძალიან ადვილია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადმოვცე სათქმელი, რადგან ის ყველაფერი რაც თემაში იქნება განხილული ხდება ჩემში და ჩემს ირგვლივ. სოციოლოგიის ტერმინს თუ გამოვიყენებთ თავად ვარ ჩართული დამკვირვებელი სიტუაციისა, რომელსაც განვიხილავთ.
სანამ უშუალოდ ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე დავიწყებდეთ საუბარს, ორიოდ სიტყვით, მინდა საქართველოში არსებულ გარემოს შევეხო, რაც მოგვცემს საშუალებას შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა სიტუაციის შესახებ, სადაც ვითარდება მოვლენები.
საქართველო ესაა ქვეყანა ორი კონტინენტის გასაყარზე. ქვეყანა, რომელიც თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არასოდეს ყოფილა ბოლომდე თავისუფალი, ქვეყანა რომელსაც მუდმივად ართმევდნენ არჩევანის საშუალებას და რაც ყველაზე მთავარია ქვეყანა, რომელიც ვერასოდეს პოულობდა საკუთარ ადგილს მსოფლიოს სხვა ქვეყნების გვერდით და დღემდე ასე გრძელდება, საქართველოს არ აქვს ზუსტი ორიენტირი, საით ან რატომ მიდის, არ აქვს ზუსტი მიზანი, ვერ უპოვია თავისი ადგილი, ჯერაც არ ვიცით დარწმუნებით ევროპას მივეკუთვნებით თუ აზიას. ამ სირთულეების გვერდით არსებობს კიდევ ერთი, სამოცდაათ წლიანი, ძალად თავსმოხვეული, საბჭოთა ისტორია, დიდი ძმური საბჭოთა კონგლომერატი, რომელშიც გაიზარდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თაობას არასოდეს უცხოვრია აღნიშნული რეჟიმში, ამ უკანასკნელმა მაინც ითამაშა გარკვეული როლი ჩვენს ჩამოყალიბებაში. Dდღეს საქართველოში მოსახლეობის აზრი ისევ ორადაა გაყოფილი, ნაწილი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ნატრობს, ნაწილს კი ევრო და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია ქცევია ოცნებად, ერთი ნაწილი არც თუ სახარბიელო, მაგრამ კარგად ნაცნობი წარსულისკენ ექაჩება ქვეყანას, მეორე ნაწილი კი უცნობი და გაურკვეველი მომავლისაკენ, ასეთ ვითარებაში კი რა გასაკვირია, რომ ჩვენთან ყველაფერი, დიხოტომიურ ნაწილებადაა დაყოფილი, ყველაფერი დაპირისპირებულია და რაც მთავარია თავად ადამიანები არიან თავისი თავისადმი ანტაგონისტურად განწყობილნი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, საქართველო საკმაოდ ტრადიციული ქვეყანაა, სადაც ადამიანებს ყველაფერზე განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, რაც ხშირად ხდება გარკვეული მოვლენების მიზეზი, რაზეც ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ზემოთაღნიშნული საკმარისი იქნება იმის დასანახად თუ რა გავლენების ფონზე ყალიბდება ქართველი ახალგაზრდობა, ახლა კი დროა გადავიდეთ თემის საკვანძო ნაწილზე.
თავდაპირველად ყურადღება მინდა გავამახვილო ისეთ პრობლემაზე, რომელსაც ყველა დანარჩენი პრობლემის საფუძვლად ვთვლი. ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს, ზუსტად ჩამოყალიბებული მკაფიო მიზანი. არ ვიცით რა გვინდა, რა გვჭირდება, რას გვინდა მივაღწიოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამ მიზნსკენ მიმავალ გზაზე. ეს ეხება ყველაფერს, მათ შორს პროფესიასაც, ხშირად ხდება ისე, რომ ქართველი ახალგაზრდა სრულიად გაუაზრებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი პროფესიის შესახებ, ისწავლის წლების მანძილზე და მხოლოდ დასრულების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ეს არ ყოფილა მისი ცხოვრების მიზანი და რომ ტყუილად დაკარგა წლები. ამას თავისი მიზეზი აქვს, როგორც უკვე აღვნიშნე ქართველებს ყველაფრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, ამიტომ ერთ-ერთი ასეთი დამოკიდებულების თანახმად, ყველა თავმოყვარე ქართველი ახალგაზრდა 17 წლის ასაკში აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი და ეუფლებოდეს ისეთ პრესტიჟულ სპეციალობას, რომელიც აღნიშნული ახალგაზრდის ოჯახს მისცემს თავის მოწონების საბაბს. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ 17 წლის მოზარდს ნამდვილად არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თუ რა უნდა, არათუ გააკეთოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული არჩევანი. არასწორად განსაზღვრულ არჩევანს მოჰყვება პრობლემათა ნაკადი, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნის პრობლემა, რომელიც ასევე უმნშვნელოვანესია, როგორც ჩემთვის ასევე ჩემს ირგვლივ მყოფთა უმრავლესობისთვის და ეს უმრავლესობა მხოლოდ ახალგზრდობა როდია. სწორედ ცხოვრების საწყის ეტაპზე არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბევრ ადამიანს არ მისცა საშუალება დაემკვიდრებინა თავი საზოგადოებაში. ახალგაზრდების უმრავლესობას აქვს იმის შიში, რომ ისინი ვერ მოახერხებენ არსებულ, არასტაბილურ მუდმივად ცვალებად გარემოში ორიენტირებას, რომ ვერ შეძლებენ საკუთარი სტატუსის განსაზღვრას და რომ ვერ იქნებიან წარმატებულები, ეს პრობლემები ჩრდილად ადგას ახალგაზრდულ წლებს, რომლებიც წესით ბედნიერი და ლაღი უნდა იყოს.
ინტერესების არარსებობა_აი კიდევ ერთი სპეციფიკურად ქართული პრობლემა. ქართველი ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს ინტერესები და გატაცებები, რასაც როგორც ყველაფერს აქვს საკუთარი ახსნა, სოციოლოგების საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ არსებობს გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აღნიშნულ პრობლემასა და იმ ვითარებას შორის რაც ქართულ დასაქმების ბაზარზეა. ერთადერთი მოთხოვნა რაც დღეს არსებობს დასაქმების ბაზარზე ეს მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნაა, სხვა დანარჩენს კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახალგაზრდები კი ყველაზე კარგად ხედავენ რომ ეს არის უმოკლესი და ყველაზე მარტივი გზა წარმატებისკენ.
არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ‘’ახალგაზრდულ დაავადებას’’_სიზარმაცეს, რაც, მართალია, სხვადასხვა ხარისხით თუმცა ახალგაზრდების სრულ უმრავლესობას აწუხებს. გვგონია, რომ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, რომ ყველაფრის გაკეთებას მოვასწრებთ და ამ ფიქრებსა და იმედებში გადის ძალიან დიდი დრო, შემდეგ კი ხვდები, რომ არ გაგიკეთებია იმისი უმცირესი ნაწილიც კი რისი გაკეთების საშუალება და შესაძლებლობები გქონდა, რჩება მხოლოდ იმედგაცრუება და დაკარგული დრო რომელსაც ვეღარ აანაზღაურებ.
ზემოთ ვისაუბრე ოთხ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან და ახალგაზრედებში ფართოდ გავრცელებულ პრობლემაზე, რომლებიც სოციალური და ეკონოიკური ვითარებისგან გარკვეულწილად დამოუკიდებელია, ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო იმ სირთულეებზე რისი უშუალო მიზეზიც ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. უმთავრესია, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა, საქართველოში განათლების სისტემას, ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლესი განათლების კუთხითაც, სერიოზული პრობლემები აქვს. საუნივერსიტეტო განათლება აღარ არის პროფესიონალად ჩამოყალიბების გარანტია. სასწავლებლების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების უმრავლესობა საერთოდ არ არის მზად შრომის ბაზარზე გასასვლელად, არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, არ არიან კონკურენტუნარიანები და ამიტომაც უჭირთ მუდმივი სტაბილური სამსახურის მოძიება. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობაში არ არსებობს მკაცრი რეგულირებები და მოთხოვნები, რომლებიც აიძულებდა სტუდენტს პატივი ეცა წესებისათვის და იძულებული გამხდარიყო ესწავლა, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტს გაუჩნდეს სწავლის მოტივაცია, თავად ლექტორი და სწავლების წარმმართველი ადამიანები უნდა იყვნენ მოტივირებულები და პირველ რიგში თავად უნდა სცემდნენ პატივს საკუთარ საქმიანობას, რაც ხშირ შემთხვევაში იშვიათოობას წარმოადგენს.
ქართველი ახალგაზრედბისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილების პრობლემა, აქ არ ვგულისხმობ რაიმე საკვანძო თანამდებობებს, რომლებზეც როგორც წესი ახალგაზრდობის უმრავლესობა ოცნებობს. საუბარია წამახალისებელ სამუშაოებზე, რომლებიც საშუალებას მისცემდათ ახალგაზრდებს, მიეღოთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და ნაწილობრივი ფინანსური დამოუკიდებლობა მაინც. მისცემდა ქართველ სტუდენტს საშუალებას სწავლის პარალელურად ემუშავა და ჰქონოდა საკუთარი შემოსავალი, ასეთი სამუშაოების ნაკლებობა ნამდვილად არის ქვეყანაში, თუმცა ამ პრობლემას მეორე მხარეც აქვს, ქართველს არ ეკადრება მუშაობა მისი პროფესიისა და წარმომავლობისათვის შეუფერებლ სამსახურში, სამწუხაროდ ასე ბევრი ქართველი ახალგაზრდა დღემდე ფიქრობს.
ახალგაზრდობის პრობლემების ჩამონათვალი ძალიან დიდია და ყველა მათგანზე ფოკუსირება დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ მინდა ამ თემაში ბოლო, თუმცა ძალიან აქტუალურ პრობლემას შევეხო, ესაა-საზღვარგარეთ განათლების მიღების პრობლემა. საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარი გახდა უცხოეთში განათლების მიღების საკითხი, თუ გინდა კარგი სამსახური და კარიერა გავლით მაინც უნდა იყო ნამყოფი ევროპის რომელიმე ვეყანაში, ეს კი კვლავ ქართული დასაქმების ბაზრის პრობლემებთან მიგვიყვანს, რომლის მესვეურთ რატომღაც ჰგონიათ, რომ ევროპის ყველა სასწავლო დაწესებულება უმაღლესი დონისაა და თუ ახალგაზრდა ასეთ დაწესებულებაში თუნდაც რამდენიმე დღეს გაატარებს ის უკვე უმაღლესი კვალიფიკაციისა, რეალობა კი ასეთია: ბევრი უცხოური სასწავლებელი დიდად არ განსხვავდება ქართული დაწესებულებებისგან და ხშირ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ისტორია და სწავლების ხარისხიც აქვთ, თუმცა ვითარება უცვლელია და ამიტომაც ქართველი ახალგაზრდების ოცნებისა და სიზმრების მთავარ ობიექტს სწორედ საზღვარგარეთ მოხვედრა წარმოადგენს, არა იმის გამო, რომ იქ ნამდვილი და ხარისხიანი განათლება მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ ეს გარკვეულ პრესტიჟსა და მოგებიან პოზიციას მოუტონს ქართულ რეალობაში.
როგორც უკვე ვთქვი ახალგაზრდობის პრობლემები უაღრესად მრავალგანზომილებიანია, ყოველთვის იყო არის და იქნება მომავალშიც, გარდა ამისა, ყველა პრობლემა ინდივიდუალურია, როგორც თავად ადამიანი, ამიტომ შესაძლოა ვინმეს ამპრობლმებიდან რომელიმე არ ეხებოდეს ან მხოლოდ გარკვეული ხარისხით, თუმცა ის რაზეც ამ თემაში გავამახვილე ყურადღება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვან და ცენტრალურ პრობლემებად მიმაჩნია, რომლებიც დარწმუნებული ვარ ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდებისათვისაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ჩემთვის.