ესსე თემაზე ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ინორმაციული საზოგადოება და მედიის სოციოლოგიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი:
მარიამ ჭიჭინაძე
ძნელია იყო ახალგაზრდა? ამ კითხვაზე პასუხი თითქოს ძალიან მარტივია, ან კი, ან არა, მაგრამ როცა გიწევს ფიქრი, რატომ კი? ან რატომ არა? რთულია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა... ალბათ, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა პასუხი აქვს.
ძალიან ბევრი უფროსი თაობის წარმომადგენლისგან გამიგია როგორ შემოგვნატრიან: „ნეტა თქვენ“; „თქვენი ასაკის რომ ვიყო...“; „თქვენი დროა...“; „თქვენთვის ცხოვრება დუღს“... მათი გამოსახედიდან, ალბათ, ადვილია „ჩვენს ადგილას ყოფნა“. თუმცა ჩვენგან სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარ ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ჩემთვის მარტივი უნდა ყოფილიყო აღმეწერა სიტუაცია შიგნიდან, ძალიან ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა ამ თემაში, რაზე გამემახვილებინა ყურადრღება. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: კი, ძნელია, ძალიან ძნელია იყო ახალგაზრდა, თანაც დღეს, ამ ქვეანაში და ამ საზოგაოებაში. ძნელია იმიტომ, რომ უამრავი რამ გვაწუხებს და სულაც არ ვართ ასაკის შესაბამისად ლაღები. შეუძლებელია იცხოვრო ლაღად, როცა გაქვს აურაცხელი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც მარტო შენზე არ არის დამოკიდებული; როცა, საკუთარი თავის გარდა ფიქრობ ოჯახზე, ახლობლებზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე; როცა გიმტკიცებენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, რომ შენი ცოდნით მიაღწევ წარმატებას და გარემო სხვას, საპირისპიროს გაჩვენებს. პრობლემა იმდენად ბევრია, რომ რთულია მათგან ამოარჩიო ის ძირითადი, რომელთა მოგვარებას უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენის.
პირველი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს მაშინ, როცა დგება დრო, გავხდეთ სტუდენტები. ჩემი პირველი სერიოზული დაფიქრება იმაზე, თუ რა ძნელია ახალგაზრდობა, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ეს არის დრო, როცა ზუსტად არ იცი რა, რატომ და რისთვის გინდა. ფიქრობ, რომელი სფერო აირჩიო, რომელიც გაინტერესებს, თუ რომელიც „შემოსავლიანია“. საკმაოდ ძნელია საკუთარი თავის დამკვიდრება ჩვენ საზოგადოებაში. როცა თავად ქვეყანას არ აქვს არჩეული საკუთარი მიმართულება და ამას ემატება შენი არეული ორიენტაციაც, ძნელია გაერკვე საით უნდა წახვიდე, რომელია სწორი, გამართლებული და გამოსადეგი გზა. გარშემომყოფთა უმრავლესობა გეუბნება, რომ უნდა წახვიდე იმ მიმართულებით, სადაც მეტი სამუშაო ადგილია და დასაქმება შედარებით უფრო მარტივი. ხშირად შენი ინტერესები არ ემთხვევა ქვეყნისას და ხვდები, რომ შეიძლება დარჩე უმუშევარი, დიპლომით ხელში. თავში გაქვს სრული ქაოსი. იშვიათია ახალგაზრდა, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს. ბოლოს ან მშობლების და ახლობლების რჩევას ითვალისწინებ, ან აბარებ მიმართულებაზე, რომლის სახელიც უფრო მიმზიდველია. მაგალითად: საერთაშორისო ურთიერთობები. პირადად ჩემი პრობლემაც ეს იყო. სკოლა დავამთავრე და არ ვიცი რა მინდა გამოვიდე. არასდროს მიზიდავდა ისეთი პროფესიები, რომლებიც ზეპოპულარული იყო ჩემ თანატოლებში: სამედიცინო, იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესი და მართვა... კითხვა იბადებოდა: აბა რა გინდა? რაღა დარჩა? ამაზე პასუხი არ მქონდა, უბრალოდ ვიცოდი, რომ ესენი ნამდვილად არ მინდოდა. არ მოვვები როგორ მოვხვდიამ ფაკულტეტზე და რატომ ავირჩიე სოციოლოგის პროფესია, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ეს იყო სწორად გაკეთებული არჩევანი ცხოვრების პირველ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან დგეს უმაღლესდამთავრებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ 4 წელი დაუთმო სფეროს, რომელიც საერთოდ არ აინტერესებს და რომელშიც თავის თავს ვერ ხედავს. სწორედ ეს არის ახალგაზრდობის ერთ-ერთი სიძნელე – ერთ მშვენიერ დღესაც ხვდები, რომ აქამდე რაც აკეთე, ვერაფერში გამოიყენებ.
ამ პრობლემას მივყავართ ზოგადად განათლების პრობლემასთან. სამწუხაროდ, საქართველოში მიღებული განათლება საშუალებას არ გაძლევს იყო კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე, გქონდეს პრეტენზია კარგ და სტაბილურ სამსახურზე. რატომ? იმიტომ, რომ არ გაქვს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება და არ იცი რა უნდა გააკეთო კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების შემთხვევაში. (ის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, თავად შენი პოტენციური დამქირავებლები და კოლეგები რას აკეთებენ და რის ხარჯზე არიან დასაქმებულნი). ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ სტუდენტებში არ არის. ამაში ბრალი მიუძღვით ლექტორებს, ადმინისტრაციას, განათლების სისტემას და მთლიანად სახელმწიფოს. როცა პირველივე კურსიდან ჩაგესმის, რომ ბაკალავრის განათლება არაფერს ნიშნავს, ეს მხოლოდ ზოგადი ცოდნის მიღებაა იმისთვის, რომ მზად იყო მაგისტრატურისთვის, დიდი შანსია მოტივაციის დაკარგვისა. როცა ხადავ, რომ ლექტორის მიზანს არ წარმოადგენს მოგცეს სრულყოფილი განათლება, გასწავლოს ყველაფერი, რაც შეუძლია და იცის რომ გამოგადგება, იქმნება სავალალო მდგომარეობა. ხვდები, რომ მიუხედავად შენი მოტივაციისა, მცდელობისა, მეცადინეობაში ღამეების თენებისა, მაღალი ქულებისა, მაინც არ იცი ის, რაც უნდა იცოდე. შეიძლება იცი უამრავი ავტორის გვარი, თეორია და ა.შ., მაგრამ არ იცი ის ელემენტარული, რაც ბაზარზე მოთხოვნადია. შედეგად – რჩები უმუშევარი დიპლომით ხელში და ხედავ როგორ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც არაფრით ჩამოუვარდები (ზოგ შემთხვევაში აღემატები).
ყველაზე დიდი დანაშაული სახელმწიფოს მიუძღვის. საქართველოში, რატომღაც, ძალიან პოპულარულია უცხოეთში მიღებული განათლება. ასევე რამდენიმე კერძო უნივერსიტეტს ენიჭება პრიორიტეტი, რაც, ჩემი აზრით, აკნინებს სახელმწიფო, ადგილობრივ განათლებას. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი განათლების სისტემაში. „საქართველოში განათლებაას ფასი არ აქვს.“ ვინ უკარგავს ფასს? თავად სახელმწიფო, რომლისთვისაც საკმარისია უცხოეთში თუნდაც 1 თვიანი გადამზადება გაიარო, რომ უკვე ყველა ქართველ ახალგაზრდაზე წინ გაყენებს. დამსაქმებლებს აქვთ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთში მიღებული განათლება აღემატება ადგილობრივს. რეალობა კი სხვანაირია. ბევრი უცხოური სასწავლებელი ახლოსაც ვერ მოვა ქართულთან ვერც თავისი ისტორიით, ვერც ლექტორთა ცოდნის და კვალიფიკაციის დონით და ვერც სტუდენტებით. ძნელი წარმოსადგენია იმ სახელმწიფოს წინსვლა, რომლისთვისაც პრიორიტეტს არ წარმოადგენს საკუთარ საზღვრებში მიღებული განათლება. უტოპიაა, როცა ამას გიმტკიცებენ ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ წარმოდგენა საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სიტუაციაზე და სწავლების ხარისხზე. თუ ჩვენ თვითონ არ დავაფასებთ საკუთარს, როგორ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ სხვა ქვეყნები თავის სწორად ჩაგვთვლიან?! ნამდვილად ძნელია იყო ქართველი ახალგაზრდა...
ამასთან, არ შემიძლია არ აღვნიშნო დასაქმების პრობლემა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ პროფესიით იმუშავო. ქვეყანაში არ არსებობს რაიმე წამახალისებელი, თავისუფალი გრაფიკის სამსახური, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს ქონდეს საკუთარი მინიმალური შემოსავალი და მიეჩვიოს შრომას. ამ თემასთან დაკავშირებითან ძალიან ხშირად მოგვიწოდებენ ახალგაზრდებს. თურმე უცხოეთში სტუდენტები თან მუშაობენ, თან სწავლობენ და ხშირად თავად იხდიან სწავლის საფასურს. ისეთ სიტუაციას ქმნიან, რომ თავს იგრძნობ განებივრებულ შვილად, რომელიც მშობლების ხარჯზე ცხოვრობს და თავს არ იწუხებს. რეალობა აქაც სხვაა. საზღვარგარეთ ახალგაზრდებს აქვთ სამუშაო ადგილები, განსხვავებული ხელშეწყობა, რისი წყალობითაც ახერხებენ სამსახური შეუთავსონ სწავლას და აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტიც. საქართველოში ვერ იმუშავებ კლუბში, ბარში, მიმტანად ა ა.შ. მიზაზთა და მიზეზთა გამო. ესეც საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ შექმნილი დაბრკოლებები, რომელთა გამოც ძნელია იყო ახალგაზრდა...
როგორც თემის დასაწყისში აღვნიშნე, უამრავი პრობლემიდან რთულია ძირითადის ამორჩევა, ამიტომ ამ თემას დავამთავრებ საკითხით, რომელიც, ჩემი აზრით ასევე მწვავად დგას ქართველ ახალგაზრდებში. ეს არის გლობალიზაცია და მისი თანმდევი მოვლენები. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში სულ ახალ-ახალი სახელმწიფოები ერთვებიან. დასავლეთის დემოკრატიულ სივრცესთან თანდათანობით დაახლოებით, დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობით ამ პროცესში თავსისთავად ებმება საქართველოც. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდები ქვეყნის დინამიკას ქმნიან, შესაბამისად გლობალურ ტენდენციათა შემოდინების შედეგად განხორციელებული ცვლილებებიც ყველაზე თვალსაჩინოდ სოციუმის ამ პოპულაციაზე აისახება. ნებისმიერი ცვლილების დანერგვა მით უფრო მარტივია, რაც უფრო ახალგაზრდაა ამ ცვლილების მიმღები ინდივიდი. ახალგაზრდა ქართველების იდენტობაში სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ევროპული ღირებულებების გავრცელება და მათი განმტკიცება. საზოგადოების ამ ჯგუფში ყველაზე კარგად ჩანს ტრადიციული ღირებულებების და გლობალური ტენდენციების თანაარსებობა. ქართველი ახალგაზრდები დილემის წინაშე დგანან – არჩევანი გააკეთონ ტრადიციულ ფასეულობებსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს შორის. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ძნელია იყო ახალგაზრდა.
გლობალიზაციის პროცესი საზოგადოებრივ და ადამიანურ ურთიერთობათა თითქმის ყველა სფეროში აღწევს და, ხშირ შემთხვევაში, სოციალური რეალობის მთელ სპექტრს მოიცავს. თანდათან ქრება ეროვნული კულტურების უნიკალური მრავალფეროვნება და ყალიბდება გლობალური, ზეეროვნული მასობრივი კულტურა. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას ერთნაირად აცვია, ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევენ, ერთსა და იმავე სასმელს სვამენ, ერთსა და იმავე მუსიკას უსმენენ, ერთსა და იმავე ფილმებსა და ტელეგადაცემებს უყურებენ და, ყოველივე ამის შედეგად, მსგავსი ღირებულებები და ცხოვრების წესი უყალიბდებათ.
თანამედროვე ეპოქაში იმდენად დიდია მედიისა და ვირტუალური სამყაროს როლი, რომ შესაძლოა ადამიანები მოწყდნენ რეალურ სამყაროს და ირეალურს უფრო დიდი დატვირთვა მისცენ. სწორედ ინტერნეტის და მედია საშუალებების მეშვეობით შესაძლებელია გლობალური კულტურების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რადგანაც ინტერნეტ სივრცეში ახალგაზრდები დიდ დროს ატარებენ, უფროსების მხრიდან ხშირია დადანაშაულება, რომ ცუდი ჩვევები ჩვენ თაობას შემოაქვს.
ახალგაზრდები ხშირად გაურკვევლები, დაბნეულები არიან (ვართ). შესაძლოა, მათი ამგვარი, ამბივალენტური, დამოკიდებულება გამოწვეული იყოს იმით, რომ ცდილობენ, არ ჩამორჩნენ გლობალურ ტენდენციებს და თავი წარმოაჩინონ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებად, მაგრამ მენტალიტეტში გამჯდარი ტრადიციულ-რელიგიური შეხედულებები, რომლებიც სოციალიზაციის პროცესში მყარად დაისწავლეს, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მაინც იჩენს თავს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს არჩევანის გაკეთებისას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების შედეგი შეიძლება იყოს ,,მეორადი ქალიშვილობა” (რომელიც დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა საქართველოში), რაც ზუსტად ასახავს იმ ორმაგ სტანდარტს, რასაც გლობალიზაციის და ეროვნული კულტურის თანხვედრა ქმნის. საზოგადოებაში გაბატონებულ ტრადიციულ-რელიგიურ შეხედულებებს მაიძულებელი ძალა აქვთ. მათ მიერ დაწესებული სტანდარტი აიძულებს, მიმართონ ქალიშვილობის ალტერნატივას – ,,მეორად ქალიშვილობას”, რათა მტკიცე და მყარი ოჯახი შექმნან.
გობალიზაციის გავლენა შეიმჩნევა ქართულ ენაზე. ისეთ უცხო სიტყვებს ვხმარობთ, რომლის შესატყვისიც ქართულში გვაქვს. მაგალითად, “დავაჩეინჯოთ ტელეფონი”, ”კემპინგი გვქონდა”, “ბრეიქზე გავედით”... მკვიდრდება უცხო სიტყვები და უფასურდება ჩვენი ენა. თითქოს ეს მოდაშია.თუ ისაუბრებ უცხოური ტერმინოლოგიით, მაშინ ყველაზე “სვეცკი ტიპი” ხარ დღეს. ამაშიც გამოიხატება ახალგაზრდობის სიძნელე, არ ვიცით ვის მივბაძოთ და რაში. ჩემთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველები ერთმანეთთან ურთიერთობისას ვცდილობთ, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ თავი თანამედროვე ცხოვრების სტილის მიმდევრებად და ხაზი გავუსვათ ჩვენი ინტეგრაციის მაღალ ხარისხს უცხო კულტურებთან, თუმცა, უცხოელების საქართველოში ვიზიტისას, რეფლექსურად გადავდივართ თანამედროვე რელსებიდან ტრადიციულზე და ვახდენთ ეროვნული იდენტობის ხაზგასმას ტრადიციული ჩვეულებების წინ წამოწევით, რაც გამოიხატება ქართული სუფრის სტილში, ტრადიციული ცეკვების და სიმღერების წარდგენაში. ამასთან, ქართული მენტალობა გვაპაუზებს. არ ხდება ჩვენი ბოლომდე ინტეგრირება თანამედროვე ცხოვრებასთან. ჩვენ მაინც ქართველები ვართ და თუნდაც 1 % მენტალობისა გვეუბნება, რომ შენ ქართველი ხარ და ეგრე არ უნდა მოიქცე. ჩვენი ტრადიციები ცდილობენ, გაფილტრონ შემოსული კულტურა.
გლობალური და დასავლური კულტურებიდან შემოდინებული ტენდენციების ფონზე, მნიშვნელოვანია ქართველებმა არ დაკარგონ საკუთარი იდენტობა, რათა არ მოხდეს სხვა კულტურებთან “გათქვეფა” და კულტურულ-სპეციფიკური მახასიათებლების დაკარგვა. ქართული კულტურის შენარჩუნებაში მთავარი როლი ახალგაზრდებს აკისრიათ, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ ამ პროცესთან შეწინააღმდეგება. როცა ხარ ქართველი ახალგაზრდა და ხედავ როგორ იძირება ის ფასეულობები, რომლებიც მყარად გაქვს გამჯდარი და ხედავ როგორი რთულია შეეწინააღმდეგო ამ პროცესს, ძნელია... ძნელია იყო ახალგაზრდა, თანაც ქართველი და მით უმეტეს ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს არჩეული გეზი.