შოთა მალაშხიას სადისკუსიო კლუბში სტუმრობაზე
გიორგი გრიგოლაშვილი
თ.ს.უ. სოციალური და პოლიტიკური
მეცნიერებების პოლიტიკური მეცნიერების III კურსის სტუდენტი.
,,სტუდენტები უნდა იყვნენ უფრო აქტიურნი, ვიდრე დღეს არიან.... ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ პროცესებში ისე როგორც ეს 2003 წელს ხდებოდა“... ეს ფრაზა ნატოს გენერალურ მდივანს რასმუსენს ეკუთვნის, რომელიც ნოემბრის თვეში სტუმრობდა საქართველოს. ეს ფრაზა მან სტუდენტებთან შეხვედრის დროს წარმოთქვა.
იგივი შინაარსის მოწოდება იყო 3 მარტს ,,სადისკუსიო კლუბის“ შეხვედრის დროს, როცა მოწვეულმა სტუმრებმა აუდიტორიას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მოწოდება მიღებულია, მაგრამ არა გაზიარებული, ,,სადისკუსიო კლუბის“ არსებობა სწორედ სტუდენტთა აქტიურობაზე მიუთითებს. ის ახალგაზრდები კი რომელიც ყოველ კვირას უზრუნველყოფენ თავისუფალი დებატების ჩატარებას მეტ ნაკლებად ცდილობენ გამოეხმაურონ საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემას.
სწორედ ასეთ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხს მიეძღვნა ,,სადისკუსიო კლუბის“ მორიგი შეხვედრა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაცია და ხელისუფლების ქმედება კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. სტუმარიც შესაბამისი იყო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.
ერთი შეხედვით ყველაფერი მზად იყო ნაყოფიერი დებატების წარმართვისთვის. ერთის მხრივ აუდიტორია დაინტერესებული იყო ხელისუფლების ნაბიჯებით კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, მეორეს მხრივ კი იყო მოლოდინი, რომ სტუმარი შეეცდებოდა აუდიტორიის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემას და რიგ საკითხებში გაიზიარებდა მათ შეხედულებას. სამწუხაროდ შეხვედრის შემდეგ ეს მოლოდინი იმედგაცრუებაში გადაიზარდა, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ თანმინდევრულად მივყვებით შეხვედრის მსვლელობას. შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა გაგვაცნო ხელისუფლების ქმედებები კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ პოლიტიკის გატარება მხოლოდ ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო, განსაკუთრებით აქტიური კი 2008 წლის შემდეგ გახდა. ბატონმა შოთამ გაგვაცნო ის დოკუმენტები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს, ის დოკუმენტები, რომლებსაც საერთაშორისო სასამართლო განიხილავს და ის უმოქმედო ნაბიჯები, რომელიც წინა ხელისუფლებამ გადადგა.
როცა სტუმრის მოხსენებას ვუსმენდი ისეთი ილუზია შემექნმა, თითქოს შინ მისულს სოხუმის რომელიმე სასტუმროში საგზური უნდა დამეჯავშნა ზაფხულის გასატარებლად, ან ბარგი ჩამელაგებინა და სამაჩაბლოს ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად წავსულუყავი, მაგრამ.....
მაგრამ ისევ ბატონი შოთას სიტყვება დაარღვია ილუზია. ერთადერთი ვინც ნახევარ მილოონ ადამიანს ხელს უშლის საკუთარ მიწაზე დაბრუნებაში, ხოლო მე სამოგზაურო ტურის დაჯავშნაში რუსეთი და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებაა. მე კი პრობლემას ხელისუფლების ქმედებაში ვხედავდი, რომლის ნაბიჯები ძალიან ჰგგავდა ცნობილი ფილმის ,,ცისფერი მთების“ ერთ ეპიზოდს ,,შაბიაბნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდებოდა მაგრამ მაინც“, სამწუხაროდ ამ პოზიციას ბევრი იზიარებდა აუდიტორიაში.
მოხსენების შემდეგ კი ყველაზე საინტერესო მომენტი უნდა დამდგარიყო შეხვედრაზე, დისკუსია. თუმცა დისუსია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა აუდიტორიას და სტუმარს ერთნაირი მოლოდინი აქვს. როგორც მთელი შეხვედრა ჩანდა სტუმარი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ის და ხელისუფლების ქმედებები იყო რაციონალური და ნებისმიერი ვინც შეეწინააღმდეგებოდა მინიმუმ საკითხში გაუთვითცნობიერებელი მაქსიმუმ კი ჩრდილოელ მეგობარზე ნოსტალგიურად შეყვარებული იყო.
დებატებს აზრი აქვს მაშინ, როცა ორივე მხარე მომზადებულია საფუძვლიანად, ორივე მხარეს აქვს არგუმენტები და კონკრეტული წინადადებები, თუმცა ამ შეხვედრაზე კონკრეტული ვერც სტუმრისგან და ვერც აუდიტორიისგან მოვისმინე. სტუმარმა არც ერთ დასმულ შეკითხვას არ გასცა არა საკადრისი, პასუხიც კი. სტუდენტებისა და მოსწავლეების მხრიდან იყო შეკითხვები დასმული დროებითი პასპორტების დარიგებაზე კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობისთვის, მათთვის ეკონომიკური თუ სამედიცინო მომსახურების ინტენსიფიკაციისთვის და განათლების ხელმისაწვდომობისთვის.
აუდიტორია ხელისუფლებას ბრალს სდებდა კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობას, თუმცა ბატონი შოთა არც ამ მომენტში დაიბნა და ყველას კითხვით მიმართა ,,ჩვენ გადავიღეთ აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით 14 ფილმი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა, რომელიმე თქვენგანმა უყურა მას?!“ ოთახში სრული სიჩუმე იყო, მხოლოდ სტუმარს ჰქონდა გამარჯვებულის იერი. დამაინტერესა ვინ დააფინანსა ამ ფილმების გადაღება, თუმცა მაშინვე გამახსებდა, რომ კომიტეტში შედის კობა ნაყოფია.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა შოთამ დაპირება აღგვითქვა, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართულ ყველა პროგრამას მხარს დაუჭერდა. პროექტს დაწერა უნდა, რასაც დიდი დრო სჭირდება, მის შესრულებას კი ხელისუფლების ნება. დრო კი დღეს სულ უფრო გვაშორებს ამ რეგიონებს და დანარჩენ საქართველოს.
მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა შეხვედრა შედგა. დასრულების შემდეგ არც სტუმარი იყო კმაყოფილი და არც მასპინძელი, თუმცა ვფიქრობ ყველა მონაწილეს ერთი აზრი აერთიანებს, იხილოს საქართველო გამთლიანებული და მრავალეთნიკურ ქართველ ერს უახლოეს მომავალში ოსური და აფხაზური ეთნოსიც შეემატოს.
რაც შეეხება ბატონ შოთას, მთელი გულით მინდა ვუსურვო მისი კომიტეტის გაუქმება. დარწმუნებული ვარ ისეთი წარმატებული ექიმ ნევროლოგი, როგორიც ის იყო რევოლუციამდე არ დარჩება სამსახურის გარეშე. მე კი მომავლის იმედით და უკეთესი შეხვედრის სურილით დაველოდები შაბათ დღეს და ,,სადისკუსიო კლუბის“ მორიგ სტუმარს.