საარჩევნო მიმოხილვა - ირანი
ISDI - ს მომავალი საინფორმაციო – ანალიტიკური გვერდის "Electoral review for Georgia/საარჩევნო მიმოხილვა საქართველოსთვის" სარედაქციო წერილი ირანის შიდა პოლიტიკისათვის
ირანის შიდა პოლიტიკისათვის.
უკანასკნელ თვეებში ირანის ისლამური რესპუბლიკა და მისი ლიდერები უდიდესი საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ქართული საზოგადოებაც ინტერესით აკვირდება რეგიონში, მის სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს.
ხშირად, დასავლეთის ქვეყნების ანალიტიკური მედიისადან განსხვავებით , საქართველოში მხოლოდ ამ ისლამური სახელმწიფოს ბირთვულ პოტენციალზე, გეოპოლიტიკურ როლსა და მის საგარეო პოლიტიკურ მანევრებზე კამათობენ ხოლმე. ყურადღების მიღმა რჩება ირანის შიდა პოლიტიკური, ძალიან საინტერესო და დაძაბული პროცესები. მნიშვნელოვანია, ჩვენს სამეზობლოში მყოფი ძლიერი ერთეულის ეთნო–რელიგიური მრავალფეროვნებისა თუ კონფლიქტების გათვალისწინება. ამასთანავე, აუცილებელია დავინახოთ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ულტრაკონსერვატორ ისლამისტთა ასპარეზი არ გახლავთ და თავიანთი სერიოზული გავლენები სხვა, შედარებით პროგრესულ პოლიტიკურ ძალებსაც გააჩნიათ. აღნიშნული ასპექტების ეფექტური გააზრება, ალბათ, უკეთესადაა შესაძლებელი 2 მარტს ირანში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, რომლის შედეგებსაც ხელეწიფება რადიკალ პრეზიდენტ აჰმადინეჯადისათვის რესპუბლიკის შიგნით დამატებითი თავსატეხების გაჩენა. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრას რეფორმისტული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ემიჯნება.
• ეთნო – რელიგიური მოზაიკა
ირანის ისლამური რესპუბლიკა, მხოლოდდამხოლოდ, ტერიტორიული თვალსაზრისით უზარმაზარი სახელმწიფო არ გახლავთ. ეს ქვეყანა მოსახლეობის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა, აქ ოფიციალური მონაცეებით დაახლოვებით, 75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყოფილი სპარსეთის იმპერიისათვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან თავსატეხს მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნება წარმოადგენს. სახელმწიფო სტრუქტურები დემოგრაფიული მონაცემების დამახინჯებასა და ზუსტი ინფორმაციის მიჩქმალვას ესწრაფვიან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავეყრდნოთ ალტერნატიულ წყაროს, ავტორიტეტულ ვებ–პორტალ “World Factbook”-ს, რომლის მონაცემებითაც ირანში მცხოვრებთა მხოლოდ 51%–ია სატიტულო ნაციონალობის ანუ სპარსი. მოქალაქეთა სოლიდური ნაწილი, თითქმის მეოთხედი (24%) აზერბაიჯანულ ეროვნებას მიეკუთვნება, 5 მილიონს აჭარბებს ქურთული ეთნიკური უმცირესობის რაოდენობა (7%), გასათვალისწინებელია არაბთა, მაზანდარელთა და სხვა ეროვნებათა სერიოზული დემოგრაფიული პოზიციებიც. ერთი შეხედვით არ იგრძნობა დაპირისპირება დომინანტ სპარსებსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის, რასაც შიიტური ისლამის მასობრივი გავრცელება განაპირობებს (შიიტი - 89%, სუნიტი - 9%, ქრისტიანები და სხვა - 2%). მიუხედავად ამისა, დაძაბულობის წინაპირობა ხდება ისტორიულ წარსულში მომხდარი რამდენიმე ფაქტი. სახელდობრ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სსრკ–ს წაქეზებით, ავტონომიის მოთხოვნით გამოვიდნენ ირანელი აზერბაიჯანელები, ქურთებმა კი, აღმოსავლეთ ქურთისტანის ისტორიულ–გეოგრაფიულ რეგიონში “მეჰაბადის რესპუბლიკის” ჩამოყალიბების იდეა აქტიურად წამოწიეს წინ. 1946 წელს ორივე სეპარატისტული გამოსვლა ცენტრალურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. ადგილობრივი პროპაგანდა ამ მოვლენებს შაჰის მმართველობას უკავშირებს და მისგან ერთმნიშვნელოვნად აცალკევებს 1979 წელს დამყარებულ ისლამურ რესპუბლიკურ რეჟიმს. მაგრამ ხაზგასასმელია მრავალთაგან კიდევ ერთი კითხვის ნიშანი. კერძოდ, გასული საუკუნის 90–იან წლების დასაწყისში, აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის, ელჩიბეის დროს გაღვივებული საერთო აზერბაიჯანული ნაციონალიზმის დასათრგუნად, ირანი ყარაბახის სამხედრო–შეიარაღებული კონფრონტაციისას ეკონომიკურად ეხმარებოდა და მეტად თანაუგრძნობდა სომხურ მხარეს, რაც , რა თქმა უნდა, აღიზიანებდა ისლამური რესპუბლიკის მრავალმილიონიან აზერბაიჯანულ მოსახლეობას. უახლესი ტენდენია გახლავთ ის, რომ ამერიკული თავდასხმის სავარაუდო საფრთხის ფონზე, ოფიციალური ბაქო ირიბად მიანიშნებს სამხრეთ აზერბაიჯანის ირანის ტერიტორიაზე არსებობის შესახებ. ჩვეულებისამებრ, ისევე, როგორც მთელ ახლო აღმოსავლეთში, ძლიერია ქურთთა სეპარატისტული განწყობები.
მიუხედავად ირანში მცხოვრებთა რელიგიური ერთგვაროვნებისა, მაინც შესამჩნევია შიიტური უდიდესი უმრავლესობის არასახარბიელო, ძნელადპროგნოზირებადი ურთიერთობა სუნიტურ უმცირესობასთან, გრიგორიანულ, სხვა მონოფიზიტურ, ხალდეშ–კათოლიკურ ეკლესიებთან, ზოროასტრებთან და ებრაელ იუდეველებთან (ყველაზე ნაკლებად გრიგორიანელებთან და ზოროასტრებთან).
მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამური რესპუბლიკის უმწვავეს პრობლემად გამორიცხული არ არის, რომ ეთნიკურ ნიადაგზე მარტივად პროვოცირებადი კონფლიქტი იქცეს. ამასთანავე, ირანის სახელმწიფო დაზღვეული არ გახლავთ რელიგიური დაპირისპირების ორგანიზებისგან, მისი გამწვავებისა და წინა პლანზე წამოწევისაგან.
• შიდა პოლიტიკა
ანტაგონისტურ ჯგუფებად პოლარიზებულია ირანის პარტიულ–პოლიტიკური ლანდშაფტიც. წამყვან პოლიტიკურ პოზიციებს ინარჩუნებენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის ლიდერობით გაერთიანებული ისლამისტული რადიკალური ძალები: “ინჟინერთა ისლამური საზოგადოება”,“ისლამური ირანის დამფუძნებელთა ალიანსი” და “ისლამური კოალიციის პარტია”. ამ პოლიტიკური ორგანიზაციებით კონპლექტდება ყველაზე გავლენიანი "კონსერვატიული ალიანსი". მმართველ დაჯგუფებათა ერთობას მედგრად უპირისპირდება ფართო ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც თავისი შედარებით რბილი, ლიბერალური შეხედულებების გამო რეფორმისტულად მოიხსენიებენ. რეფორმისტული ბლოკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი სეგმენტია ორგანიზაცია "იმედის მწვანე გზა" (The Green Path of Hope), რომელსაც სათავეში მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მირ – ჰოსეინ მუსავი უდგას. რეფორმისტული ოპოზიციის მხარდამჭერია ირანის მეხუთე პრეზიდენტი მუჰამედ ჰათამი და ნობელიანტი უფლებადამცველი ქალი შირინ ებადი (გაქცეულია ირანიდან).
რაში გამოიხატება ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირება?
2009 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული მუსავის მხარდამჭერებმა კენჭისყრის შედეგების მოქმედი, ულტრაკონსერვატორი სახელმწიფოს მეთაურის სასარგებლოდ გაყალბებაზე მიუთითეს და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო კამპანია – "მწვანე მოძრაობა" წამოიწყეს. საყოველთაო გამოსვლებმა ირანის ყველა დიდი ქალაქი და დასახლება მოიცვა, მოქმედი რეჟიმი დემონსტრანტებს უსასტიკესად გაუსწორდა, უმოკლეს დროში დაიღუპა დაახლოვებით 100–მდე პროტესტანტი, მმართველი პარტიული კოალიციის მითითებით დააკავეს უამრავი, ასობით ოპოზიციის აქტივისტი. დღემდე შინაპატიმრობაში რჩებიან პრეზიდენტობის რეფორმისტი კანდიდატი, ირანული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მეჰდი კაროუბი და პოპულარული ქალი პოლიტიკოსი ზაჰრა რანჰავარდი.
პარალელურად, 2012 წლის 2 მარტს დაგეგმილია ირანის ისლამური ეროვნული საკონსულტაციო ასამბლეის, კრების (პარლამენტის) არჩევნები. მუჰამედ ჰათამისა და შირინ ებედის მოწოდების შემდეგ, თავისუფლება აღკვეთილმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა და თითქმის სრულად, მთელმა რეფორმისტულმა ოპოზიციურმა ბანაკმა მომავალ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. მაშასადამე, მომავალ არჩევნებში სრული კარტბლანში ეძლევათ ისლამისტ კონსერვატორებს, ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერებს. ოპოზიციური ჯგუფებიდან ბოიკოტს არჩევნებში მონაწილეობა არჩია ერთადერთმა ორგანიზაციამ – დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორმა მუჰამედ კავაკებიანმა.
აღსანიშნავია, რომ ისლამურ რესპუბლიკაში მოქმედებს მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემა ანუ მოქალაქეები კონკრეტულ კანდიდატებს ირჩევენ და არა პარტიულ სიებს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მომავალ პარლამენტს, ისლამისტ რადიკალებთან ერთად, ტრადიციულად მნიშვნელოვანი რაოდენობით დამოუკიდებელი კანდიდატები დააკონპლექტებენ.
ამასთანავე, ზოგიერთი ევროპელი აღმოსავლეთმცოდნე და ამერიკელი პოლიტოლოგი მმართველ, რადიკალურ–ისლამისტურ კოალიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ კონსერვატორთა ნაწილი, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა მომხრობით, შეეცდება პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის პოლიტიკასთან დაპირისპირებას (განსაკუთრებით სამხედრო და ბირთვული იარაღის წარმოების სფეროებში), რომელმაც ირანი საერთაშორისო იზოლაციამდე, ნავთობის ევროპული ექსპორტის შეჩერებით გამოწვეულ ეკონომიკურ დანაკარგებამდე და ამერიკული ინტერვენციის საფრთხემდე მიიყვანა. პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტში სერიოზული ძალის ფორმირება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ არც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბმული).
• წინააღმდეგობა თაობებს შორის
საუბარი შესაძლებელია ირანულ საზოგადოებაში არსებულ კიდევ ერთ ნაკლებადგამოკვეთილ დაპირისპირებაზე. კერძოდ, რიგი მეცნიერები, მაგალითად თომას ფრიდმანი (Thomas L. Fridman), ყურადღებას ამახვილებენ ისლამურ რესპუბლიკში გამწვავებულ თაობათა შორის წინააღმდეგობაზე. გამოიყოფა ისლამური რევოლუციის შემოქმედი პირველი ასაკობრივი ჯგუფი, რევოლუციური ეიფორიის ფონზე ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა ფენა და ახალი, ე.წ. მესამე თაობა. საკმაოდ დიდი რაოდენობით, დაახლოვებით 18 000 000 ახალგაზრდა თავისი მენტალობით, ძლიერ განსხვავდება თავისი წინამორბედებისაგან, რევოლუციის მონაწილე უფროსებისაგან. ისინი უფრო მეტად განათლებულები არიან (6 მლნზე მეტს ანუ მესამე თაობის მესამედზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს), აქვთ მზარდი მოთხოვნა სამოქალაქო უფლებებსა თუ თავისუფლებებზე და აღარ სურთ რელიგიური წნეხის ქვეშ, შარიათის უმკაცრესი კანონებით ცხოვრება. ბუნებრივია, ამგვარად მოაზროვნე ახალგაზრდობა მედგრად უპირისპირდება მყარად ფესვგადგმულ ისლამურ პოლიტიკურ წესრიგსა და მის მხარდამჭერ, გამამყარებელ თაობებს.
• დასკვნის მაგიერ
განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია, ქართულ საზოგადოებაში ირანზე დისკუსიების დროს განსაკუთრებულად დიდი ყურადღება გამახვილდეს რესპუბლიკის შიგნით მიმდინარე ურთულეს პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ ირანის თანამედროვე აგრესიული საგარეო და ბირთვული პოლიტიკა საერთო ეროვნულ ხასიათს არ ატარებს და არ გამოხატავს მთელი მოსახლეობის სახელმწიფობრივ მისწრაფებებს. ხელისუფლების სათავეში მყოფთა მიერ მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს კითხვებზე გაცემულ პასუხებს, ირანული მრავალეროვანი საზოგადოების სერიოზული ნაწილი არ იზიარებს და ეწინააღმდეგება კიდეც (ოფიციალური მონაცემებთაც კი ანტისახელისუფლებო განწყობა ძლიერია, დავეყრდნოთ 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არაადეკვატურად მიჩნეულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც რეფორმისტულ ოპოზიციას 35%–ზე მეტმა დაუჭირა მხარი). ამასთანავე, ხაზგასასმელია ისიც, რომ ირანის სახიფათო გეოპოლიტიკური პოზიციების საგრძნობლად შესუსტება, ევრო–ატლანტიკური ინტერვენციის გარეშე, რესპუბლიკის შიგნით არსებული ეთნო–რელიგიურ, პარტიულ-იდეოლოგიურ და მენტალურ–ასაკობრივ დაძაბულობებში, კონფლიქტებში რაციონალური, ძლიერი, თუნდაც ხისტი ელემენტის შეტანითაა შესაძლებელი. სამხედრო ძალის გამოყენებასთან შედარებით ეს გზა გაცილებით რთულია, მეტ ანალიზსა და ფიქრს მოითხოვს, შეიძლება გაჭიანურდეს, მაგრამ მას აქვს პოტენციალი ათიათასობით უდანაშაულო მოქალაქის , უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენისა.
(ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე, იხ. http://www.facebook.com/reviewforgeorgia)