სტრესი და დაძლევა
სტრესი ადამიანთა ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, ამიტომ დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე. შესაბამისად ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, რომ დავძლიოთ სტრესი სხვადასხვა საშუალებებით, რათა წარმატებულად ვიფუნქციონიროთ. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ფსიქოლოგიისთვის საინტერესო შესწავლის საგანია სტრესი და მისი დაძლევის სტრატეგიები. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს სტრესისა და დაძლევის ცნების განმარტებასა და მათი მექანიზმების აღწერას.
სტრესი არის სპეციფიკური და არასპეციფიკური რეაქციების პატერნი, განხორციელებული ორგანიზმის მიერ, მასტიმულირებელი ობიექტის მიმართ, რომელიც არღვევს მის წონასწორობას, გამოცდას უწყობს, ან აღემატება მისი დაძლევის უნარს (გერიგი და ზიმბარდო 2009) მასტიმულირებელი მოვლენები მოიცავს მრავალფეროვან შინაგან და გარეგან ვითარებებს, რომელთა კრებითი სახელწოდებაა სტრესორები. მარტივად, სტრესორი არის შინაგანი ან გარეგანი მოვლენა, რომელიც იწვევს სტრესს.
მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური რეაქციები სტრესზე.
ფიზიოლოგიური რეაქციები სტრესზე
მრავალ ადამიანს საკუთარი გამოცდილებით შეუმჩნევია, რომ სტრესი მთელ რიგ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს სხეულში, მაგალითად, როგორიცაა გულისცემის აჩქარება. პირველი თანამედროვე მკვლევარი, რომელმაც სხეულზე ხანგრძლივი, ძლიერი სტრესის მოქმედების ეფექტები იკვლია, იყო კანადელი ენდოკრინოლოგი ჰანს სელია (Hans Selye). სელიეს „სტრესის თეორიის“ თანახმად მრავალ სხვადასხვა სახის სტრესორს შეუძლია ერთნაირი რეაქციის, ანუ ზოგადი სხეულებრივი რეაქციის გამოწვევა. ყოველი სტრესორი მოითხოვს ადაპტაციას-ორგანიზმმა უნდა შეინარჩუნოს, ან აღადგინოს ინტეგრირებულობა და ჯანმრთელობა. სტრესორებზე რეაქცია სელიემ აღწერა, როგორც „ზოგადი ადაპტაციური სინდრომი“, რომელიც მოიცავს სამ სტადიას: განგაშის რეაქცი, წინააღმდეგობის სტადია, გამოფიტვის სტადია (გერიგი და ზიმბარდო 2009). განგაშის რეაქციები გამოიხატება სხეულებრივ აგზნების ხანმოკლე პერიოდებში, რომლების სხეულს ენერიული აქტივობისათვის ამზადებენ. ამ დროს ლიმფური სისტემა დიდდება, სისხლში იმატებს ჰორმონთა დონე, იზრდება დაავადებისადმი მოწყვლადობა და სტრესორის მომატებული ინტენსივობისადმი ინდივიდი უფრო მგრძნობიარე ხდება. წინააღმდეგობის სტადიის განმავლობაში ორგანიზმს შეუძლია კიდევ აიტანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს გაჭიანურებული სტრესორების დამანგრეველ მოქმედებას. ამ დროს ლიმფური კვანძები ნორმალურ ზომას უბრუნდება, სისხლში ჰორმონთა შემცველობა ნარჩუნდება, ფიზიოლოგიური აგზნების დონე მაღალია და ინდივიდის სტრესისადმი მგრძნობელობა მომატებულია. თუ სტრესორი საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიურია, ხდება სხეულის რესურსების ამოწურვა და ორგანიზმი გამოფიტვის სტადიაზე გადადის. სისხლში ჰორმონათა შემცველობა კვლავ იმატებს, თუმცა ადპტაციური ჰორმონი ამოიწურება. ლიმფური სტრუქტურები დისფუნქციურია, სტრესორებისადმი წინააღმდეგობისადმი გაწევის უნარი ქვეითდება. აღინიშნება აფექტური განცდები, უმეტესად დეპრესია. ინდივიდი ავადდება, რაც მთავრდება სიკვდილით.
ფსიქოლოგიური რეაქციები სტრესზე
ფსიქოლოგიური რეაქცია სტრესზე ავტომატური, წინასწარგანსაზღვრული, თანდაყოლილი რეაქციაა, რაც ჩვეულებრივ ცნობიერად ვერ კონტროლდება (გერიგი და ზიმბარდო 2009). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფსიქოლოგიური რეაქცია ნასწავლი, ან შეძენილია, ისინი დამოკიდებულია სამყაროს აღქმასა და ინტერპრეტაციაზე. ქვემოთ განვიხილავთ, თუ ფსიქოლოგიურად როგორ რეაგირებენ ადამიანები ისეთ ძლიერ სტრესორებზე, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები და ტრავმატული მოვლენები. ცხოვრებისეულ სიტუაციაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მრავალი ადამინისთვის სტრესის საფუძველს წარმოადგენს. ისეთი სასურველი მოვლენებიც კი, როგორიცაა, მაგალითად ლატარიაში მოგება, ან სამსახურში დაწინაურება, შეიძლება ცხოვრების ჩვეული მსვლელობის ძირეულ ცვლილებას და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციას მოითხოვდეს. მაგალითად, ბავშვის დაბადება დაქორწილებული წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოვლენაა, მაგრამ ამასთავანვე ძლიერი სტრესის წყაროცაა, რადგან განაპირობებს ცვლილებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღის რეჟიმი უფრო დამღლელი ხდება ახალშობილის მოვლის გამო, ასევე ღამის ძილი აღარ არის ისეთი სრულყოფილი, ამასთან ერთად გარკვეულწილად ქვეითდება ქორწინებით გამოწვეული კმაყოფილება. ამრიგად, როდესაც ვცდილობთ სტრესი ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს დავუკავშიროთ, საჭიროა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებების გათვალისწინება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ადამიანებზე ერთნაირ ზეგავლენას არ ახდეს.
მოვლენა, რომელიც ნეგატიურია და უმართავი, მოულოდნელი და გაუგებარი, განსაკუთრებით ძლიერ სტრესს იწვევს. ყველა ეს პირობა თვალნათლივ ჩანს კატასტროფული მოვლენების შემთხვევაში. გაუპატიურებისა და ინცესტის მსხვერპლნი, თვითმფრინავის და სერიოზული საავტომობილო კატასტროფების დროს გადარჩენილები, ომის ვეტერანები და სხვები, რომელთაც მატრავმირებელი მოვლენები პირადად განიცადეს, შეიძლება ემოციურად რეაგირებდნენ პოსტრავმული სტრესის აშლილობით (PTSD) (გერიგი და ზიმბარდო 2009). პოსტტრავმული სტრესის აშლილობა სტრესზე რეაქციაა, რომლის დროსაც ინდივიდი იტანჯება მატრავმირებელი მოვლენის მუდმივი, აკვიატებული განცდით, ე.წ. „ფლეშბეკების“ (წარსული მოვლენის უეცარი გაცოცხლება) ან ღამის კოშმარების ფორმით (DSM IV, 1994) ეს ადამიანები ყოველდღიურ მოვლენათა და სხვა ადამიანთა მიმართ ემოციურად ინდიფერენტულები ხდებიან. საბოლოოდ, ამ რეაქციით გამოწვეულ ემოციურ ტკივილს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხავაგვარ სიმპტომთა მატება, როგორიცაა: ძილის პრობლემები, გადარჩენის გამო დანაშაულის განცდა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და ძლიერი შეკრთომის რეაქციები. პოსტტრავმული სტრესის ემოციური რეაქციები შეიძლება მწვავე ფორმით გამოვლინდეს უშუალოდ კატასტროფის შემდეგ და რამდენიმე თვეში შემცირდეს. ასევე, სიმპტომბმა შეიძლება განაგრძოს არსებობა და ჩამოყალიბდეს ქრონიკულ სინდრომად, რომელსაც რეზიდუალური სტრესის პატერნი ეწოდება (ციტირებული წყაროში: გერიგი და ზიმბარდო 2009). ეს შეიძლება თვეებისა და წლების მანძილზეც გაგრძელდეს. მრავლადაა კლინიკური შემთხვევები, რომლებიც ამას მოწმობს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მწვავე სტრესისგან ყველა არ იკურნება.
ზემოთ განვიხილეთ ადამიანთა ცხოვრებაში სტრესის წყაროები და მასზე რეაქციები. კვლევებისა და მსჯელობის შედეგად ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა ტიპის სტრესორთა გავლენა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ადამიანს, თავი გაართვას მას, დაძლიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ და შევაფასოთ სტრესის დაძლევის სტრატეგიები.
სტრესის დაძლევა
სტრესის დაძლევა ეხება გარეგან და შინაგან მოთხოვნებთან გამკლავების პროცესს, როდესაც ეს მოთხოვნები, ინდივიდის აღქმის თანახმად, ეჭვქვეშ აყენებენ ან, აღემატებიან მის რესურსებს. (ციტირებული: რ.გერიგი; ფ.ზიმბარდო 2002) ამისათვის ადამიანები ესაუბრებიან საკუთარ თავს, მიმართავენ გარკვეულ ქცევას, ეძებენ სოციალურ მხადაჭერას, ცდილობენ თავი აარიდონ სტრესოსერებს და ა.შ. აქედან გამომდინარე ძნელია სტრესის დაძლევა განვმარტოთ მკაცრ ტერმინებში. დაძლევა შეიძლება განვმარტოთ სტრატეგიების, ტაქტიკების, პასუხების, კოგნიციების ან ქცევის ტერმინების საშუალებით. ის მოიცავს, როგორც აშკარა და დაუფარავ ქმედებებს, ასევე შინაგან მოვლენებს (მარწყვიშვილი 2010). აქედან გამომდინარე თანამედროვე მეცნიერებაში უამრავი კვლევა და სტატია არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც განსხვავებულ თეორიულ მიდგომებს, მოდელებს და კლასიფიკაციებს გვათავაზობენ. შეუძლებელია ყველა მათგანის განხილვა, ამიტომ შევჩერდებით 3 ძირითად მიდგომაზე. ესენია: 1) ფსიქოანალიტიკური მიდგომა; 2) პიროვნული მიდგომა, რომელიც სტრესის დაძლევას ინდივიდის მყარი შინაგანი დისპოზიციებით ხსნის და 3) დაძლევა, როგორც პროცესის მიდგომა.
1) ფსიქოლანალიტიკური მიდგომა - ზოგიერთი მკვლევარი სტრესის დაძლევას ხსნის ეგო დინამიკის ტერმინებით, რომელიც აიხსნება დაძაბულობის რედუცირების ტენდენციით. ამ თეორიულ მოდელში ცნობილია ცნება დაცვის მექანიზმები, რომლის ფუნქციაცაა გაუკლავდეს საფრთხეს, რომელიც ეგოს ემუქრება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცნება შედარებით ძველია, ვიდრე კონსტრუქტი დაძლევა, დაცვის მექანიზმები შეგვიძლია მის წინამორბედად მივიჩნიოთ. დაცვის მექანიზმების ადრეული ფსიქოანალიტიკური შრომებიდან სათავეს იღებს კვლევები იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს ინდივიდი გარემოსთან ადაპტაციას, ამ შრომებში დაცვის მექანიზმები განიხილება, როგორც შფოთვის თავიდან აცილების არაცნობიერი ხერხი. კლასიკური განმარტების თანახმად, დაცვის მექანიზმები ითვლება შფოთვის დაძლევის იმთავითვე არაადაპტაციურ გზად და ისინი არ არის ცნობიერად არჩეული (მარწყვიშვილი 2010). დაცვის მექანიზმებს განასხვავებენ ადაპტურობის ხარისხის მიხედვით. ყველაზე ადაპტურ მექანიზმებად მიიჩნევა სუბლიმაცია.
კრამერი (2000) განიხილავს მსგავსებასა და განსხვავებას დაცვის მექანიზმებსა და დაძლევის პროცესს შორის. კლასიკური გაგებით დაცვის მექანიზმები არის არაცნობიერად დაწყებული და მართული პროცესი, უკავშირდება პათოლოგიას; მაშინ, როცა დაძლევა არის ცნობიერად წარმართული პროცესი, არის მიზანმიმართული, სიტუაციურად დეტერმინირებული და ცალსახად არ უკავშირდება პათოლოგიას. დაცვის მექანიზმების კვლევა ხდება ინტერვიუსა და შემთხვევის შესწავლის საშუალებით.
2) პიროვნული, ნიშნების მიდგომა - ზოგიერთი ავტორი დაძლევას პიროვნული ნიშნების ტერმინებით განიხილავს. მათი აზრით, დაძლევა ეს არის ინდივიდის შედარებით მდგრადი, მუდმივი, წინასწარი განწყობა უპასუხოს სტრესულ მოვლენას გარკვეული გზით (მარწყვიშვილი 2010).
ამ მიდგომას შემოაქვს ცნება დაძლევის სტილი, რაც ინდივიდის მიერ ინფორმაციის გადამუშავების ორიგინალურ გზაზე მიუთითებს. ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ამ თეორიის წარმომადგენლებმა გამოყვეს, არის რეპრესირებულ-სენსიტიური ტიპი. რეპრესირებული ტიპი თავს არიდებს ან განდევნის ინფორმაციას, მაშინ როცა მგრძნობიარე ტიპი, პირიქით, ეძებს, მოიპოვებს მას. მსგავსი დიქოტომია იჩენს თავს შედარებით თანამედროვე კვლევებშიც, რომელნიც გამოყოფენ შემდეგ ტიპებს: დამკვირვებელი-პირდაპირი და მიახლება-განრიდების ტიპი. რამდენადაც სტრატეგიათა სტაბილობა იშვიათად დასტურდება ემპირიული მონაცემებით ამ მიდგომამაც მკვლვართა შორის პოპულარობა ვერ მოიპოვა (მარწყვიშვილი 2010).
3) დაძლევა, როგორც პროცესი - ამ მიდგომის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დაძლევა არის დინამიკური პროცესი, რომლის სპეციფიკაც განსაზღვრულია არა მხოლოდ სიტუაციით, არამედ, სუბიექტის გარესამყაროსთან შეჯახების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტის განვითარების სტადიით (ციტირებულია კვლევაში: მარწყვიშვილი 2010).
ამ თეორიას, რომელიც დაძლევას განიხილავს როგორც პროცესს, კოგინტური თეორიის სახელით იცნობენ. ამ მიდგომის მიხედვით, სტრესი ინდივიდისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგად განისაზღვრება, სადაც გარემო ადამიანის მიერ საფრთხის შემცველად აღიქმება, რომელიც ხელს უშლის მის კეთილდღეობას/კარგად ყოფნას (well-being). კოგნიტური თეორია გამოყოფს ორ ძირითად პროცესს. ესენია: კოგნიტური შეფასება და დაძლევა.
კოგნიტური შეფასების პროცესში ინდივიდი აფასებს გარემოს სტრესულ მოვლენას. შეესაბამება თუ არა ეს მოვლენა მის კარგად ყოფნას. განასხვავებენ კოგნიტური შეფასების 2 სტადიას: პირველადი შეფასება და მეორადი შეფასება (გერიგი და ზიმბარდო 2009). პირველადი შეფასებისას ხდება იდენტიფიცირება იმისა, არის თუ არა რაიმე საფრთხე გარემოში. ფიგურალურად, ინდივიდი სხვამს კითხვას „რა ხდება?“, „არის რაიმე პრობლემა?“. თუ კითხვაზე პასუხი არის „კი“, მაშინ იწყება მეორადი შეფასება და ინდივიდი ერკვევა საკუთარ ძალებში, როგორ უნდა გაუმკლავდეს საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ ზოგადად კარგად ყოფნისათვის საშიშ სიტუაციას - „რა შემიძლია გავაკეთო?“. სწორედ ამ მომენტში იჩენს თავს დაძლევა. ამ პროცესში ინდივიდი ახდენს საკუთარი კოგნიტური და ქცევითი უნარების მობილიზებას, რათა უპასუხოს ინტერნალურ ან ექსტერნალურ მოთხოვნებს, რომელიც აღიქმება როგორც მოთხოვნა, რომელიც აღემატება პიროვნების შესაძლებლობებსა და რესურსებს.
ზემოთ მოცემულ განმარტებაში შესამჩნევია 3 მნიშვნელოვანი მომენტი. ამ განსაზღვრებაში გამოიყოფა სამი მნიშვენლოვანი მომენტი. პირველი _ პროცესზე ორიენტაცია, რაც გულისხმობს, რომ განმარტება ფოკუსირებულია იმაზე, თუ რას ფიქრობს და როგორ იქცევა ინდივიდი სპეციფიკურ კრიზისულ სიტუაციაში და როგორ იცვლება ეს ყველაფერი, როგორც კი სიტუაცია იცვლება. დაძლევის პროცესის ეს მიდგომა უპირისპირდება ნიშნების მიდგომას, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ინდივიდს ახასიათებს ზოგადი სტრატეგიები, რომლებსაც იყენებს, რაც აქცენტს სტაბილობაზე და არა ცვლილებებაზე აკეთებს. მეორე _ დაძლევა კონტექსტუალურია, მასზე გავლენას ახდენს კონკრეტულ სტრესულ სიტუაციაში პიროვნების აქტუალური მოთხოვნების და მათი მართვის რესურსების შეფასება. ხაზგასმა კონტექსტზე, ნიშნავს, რომ პიროვნებისა და გარემოს გარკვეული ცვლადები ერთად ქმნის, ერთად აყალიბებს დაძლევის მცდელობას. მესამე - განმარტება არ ახდენს სტრატეგიის შეფასებას „კარგი“ და „ცუდი“ ტერმინებით. დაძლევა არის მცდელობა, ძალისხმევა მიუხედავად იმისა წარმატებით დასრულდება და შედეგის მომტანი იქნება, თუ - არა. ეს სპეციფიკა მას განასხვავებს ფსიქოანალიტიკური მოდელისაგან. ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაცვის მექანიზმებს ადეკვატურობის ხარისხის მიხედვით ახასიათებს (მარწყვიშვილი 2010).
კოგნიტური თეორიის თანახმად, დაძლევის სტრატეგიებს მოქმედების შემდეგი სპეციფიკა გააჩნია, ესენია: დისტრესის გამომწვევი პრობლემური პიროვნება-გარემოს ურთიერთობის შეცვლა (პრობლემაზე ორიენტირებული დაძლევა) და ემოციების რეგულაცია (ემოციაზე ორიენტირებული დაძლევა). სტრესის დაძლევა ორივე მათგანს მოიცავს და ადამიანები იყენებენ მათ თითქმის ყველა ტიპის სტრესულ სიტუაციებში. პრობლემაზე ორიენტირებული დაძლევა გულისხმობს მოქმედებას, რაიმეს შეცვლას პრობლემური სიტუაციის მოსაგვარებლად და უფრო ხშირად გამოიყენება ცვალებად სიტუაციებში. ემოციაზე ფოკუსირებული დაძლევის სტრატეგია უარყოფითი ემოციების კონტროლს გულისხმობს და ძირითადად გამოიყენება სიტუაციებში, რომლებიც ფასდება, როგორ უცვლელი.
ამრიგად, ფსიქოანალიტიკური მიდგომა აქცენტს აკეთებს დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე, პიროვნეული მიდგომა კი – ინდივიდუალურად დამახასიათებელ, სტაბილურ სტილზე. ორივე ამ მიდგომის თანახმად, დაძლევა უმთავრესად პიროვნული მახასიათებლების ფუნქციას წარმოდაგენს. ამის საწინააღმდეგოდ, დაძლევის, როგორც პროცესის მიდგომა ამოდის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული მოდელიდან და პიროვნებას და გარემოს განიხილავს, როგორც ორ ცვლადს, რომლებიც უწყვეტად ერთმანეთზე ზემოქმედებენ. სტრესი გაიგება, როგორც კავშირი პიროვნებასა და გარემოს შორის, რომელიც ფასდება პიროვნების მიერ, როგორც საფრთხე, მისი კარგად ყოფნისათვის და რომელიც აღემატება პიროვნების რესურსებს. დაძლევა წარმოდაგენს ტრანსაქციულ ცვლადს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ასახავს არა მხოლოდპიროვნებას, და არა მხოლოდ გარემოს, არამედ ორივეს ინტეგრაციას მოცემულ ტრანსაქციაში.
ნაშრომის ხელმძღვანელი: თ.ჭინჭარაული