Print

მე - ქართველი

ავტორი: ნათია ქარჩილაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

რა არის ქართველობა? ვინ არის ნამდვილი ქართველი? ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვები, რომელზეც ყველა გიპასუხებთ, რომ ნამდვილი ქართველი ილიაა, ან თუნდაც დავით IV, იგივე აღმაშენებელი, გალაკტიონი, რომელიც სიმებივით ჰარმონიულად რთავს თითოეულ სტრიქონს. მაგრამ არავინ ილაპარაკებს იოსებ ჯუღაშვილზე, რომელმაც საქართველოს განვითარება დაახლოებით 200 წლით უკან დასწია, დახვრეტილ ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არც კახაბერ ყორღანაშვილი გვახსოვს და არც, რა თქმა უნდა სერგო ორჯონიკიძე.  ჰო,ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ყველა ისტორიკოსი სუბიექტია, ამიტომ ის ვერ დაწერს ობიექტურად. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ამდენი საუკუნის არსებობის მიუხედავად,არ შეგვიძლია გავიგოთ რა გვინდა. გეოგრაფიაც თითქოს „ხელს გვიწყობს“ და არც აზიაში გვამყოფებს და არც ევროპაში. და ამ მუდმივ ეკლექტიზმს მივყავართ იქ, სადაც დღეს ვართ. ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით რიტუალისტები საბჭოთა მმართველობის დროს და წარმოუდგენლად ამობოხებულები შევარდნაძისა და სააკაშვილის მიმართ. რა თქმა უნდა, 9 აპრილის უარყოფა წარმოუდგენელია, იგივე ქართული ენის დაცვა, თუმცა მედლის ორი მხარე ნამდვილად არ უნდა დავივიწყოთ.საბჭოებიც ხომ ხუმრობდნენ, ქართველებს არ გჭირდებათ ჩვენი სამსახური ან КГБ ,თქვენ თვითონ აკეთებთ იმას, რაც გვინდაო... 

 

დღემდე უთავბოლოები და უპასუხისმგებლობები ვართ, რადგან „ჩვენ ხომ ნიჭიერი ერი ვართ“. რაში გვჭირდება ან განათლება და ან ფიქრი. ქართველო უკვე თავისთავად უდრის გენიოსობას. იგივე ლიტველებიც კი დახოცვამდე შიმშილობდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ კი ერთ დღეს ვშიმშილობდით და მერე ვანებებდით თავს ,“საჭმლის გაფუჭება გვეცოდებოდა“.

თითქოს გვიხარია „ღვთისმშობლის წილხვედრობა“, მაგრამ სრულ უუნარობას ვავლენთ. ლაღიძის მუსიკას, ლაღიძის წყლები გვირჩევნია. ყოველთვის ადვილია იყო სხვასთან და არ გაგაჩნდეს საკუთარი ნააზრევი. გვირჩევნია გვყავდეს ჯიპები და ზემოდან ვუყურებდეთ სხვას, ვიყოთ ჰედონისტები და არა რაციონალისტები. ყველაზე მეტად კი მაინც ისა გასაკვირი, რომ ყველაფერი ფასადურია. კანონმორჩილობაც და შენობებიც. ღვედსაც ხომ მხოლოდ პოლიციის დასანახავად ვიკეთებთ, დანაგვიანება კი უცხო ხილი არაა,რადგან „სხვა თუ აგდებს, შენი ერთი ქაღალდი არაფერს დააშავებს“. დევიანტები ვართ? მეამბოხეები? დევიანტები ვართ კი, როგორ არა, ოღონდ ჩვენსავე ქვეყანას ვუთხრით ძირს, თორემ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში არ უნდა იყოო. 

დღევნდელობის ყველაზე დიდი დაღი კი მაინც ნიჰილიზმია. ნიჰილიზმია ყველგან და ყველაფერში. ჩვენ  საქმეს არ ვიწყებთ ან, თუ ვიწყებთ არასდროს მიგვყავს ბოლომდე. ნიჰილიზმი იგრძნობა ფუნთუშის გაკეთებიდან დაწყებული ბავშვის სიკვდილით დამთავრებული.

მაინც ვერ გამიგია რა არის ჩვეულებრივი ქართველის ჩვეულებრივი ოცნება? ალბათ მაინც “ღვინო,დუდუკი და ქალებს“ ვერ გავცდები. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი მშვიდი ცხოვრებაა ამ ფრაზის ცუდი გაგებით. ვეთანხმები ნიცშეს და ვფიქრობ,რომ ბრძოლის გარეშე მოპოვებული „ბედნიერება“ ჯოგური იდეალია. ჩვენ კი გვირჩევნია ვიცხოვროთ გორბაჩოვის ქვეყანაში, ვიდრე სტალინის.(ვიყოთ უძრავნი,ვიდრე ილიას დავმორჩილდეთ და გავითავისოთ, რომ „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“. 

ქვეყანაში,სადაც დევიანტურია სხვისი დედის გინება,საკუთარის კი არა, ძალიან რთულია ამოიცნო საზოგადოება. საზოგადოება, სადაც იქნება ღარიბიც, მდიდარიც, ჭკვიანიც,  სულელიც, მუშაც და პროფესორიც. უკიდურესად რადიკალები ვართ, ჩვენთან არიან ან ძალიან მდიდრები, ან ძალიან ღარიბები, წარმოუდგენლად ჰომოფობები და ასე წარმოუდგენლად სტუმართმოყვარენი. სად არის ის საშუალო ფენა, რომელზეც  ჯერ კიდევ არისტოტელე ლაპარაკობდა. დღეს ჩვენ ორ უკიდურეს წერტილში ვართ მეტ-ნაკლები სიზუსტით. სწორედ ამიტომაც ვეძებთ „ქართლის მამას“, რომელიც ჩვენ გამოგვკვებავს. მესიას, რომელიც დაგვეხმარება. გვირჩევნია გვქონდეს 100 ლარით მეტი ფული, ვიდრე საკუთარი აზრი. მიგელ დე უნამუნოც ხომ ამბობს,რომ ჩვენი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა - ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდეთ, ჩვენს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევთ, ჩვენი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩვემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. დიახ, ჩვენ უნდა გავბედოთ მივწვდეთ მიუწვდომელს. ეს მიუწვდომელი კი, პირველ რიგში, არა მეცნიერება ან რელიგიაა, არამედ ჩვენ ვართ თავად. დიდი სირცხვილი ის კი არ არის, რომ საქართველოს მიწებს ვტკეპნიდეთ და მის შესახებ არაფერი ვიცოდეთ, სამარცხვინო ისაა, რომ ჩვენ საერთოდაც არ ვიცით, თუ რისთვის ვტკეპნით მას.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე