Print

სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა და მისი პრევენციის სირთულეები

ავტორი: ქეთევან მახარაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ტერორიზმი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას, უქმნის რა საფრთხეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას. ბევრი ქვეყანა დამოუკიდებლად თუ ერთობლივი ძალისხმევით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა ნამდვილად არ არის, რაც მთელი რიგი მიზეზებით არის განპირობებული. სახელმწიფოები არა მხოლოდ იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ, არამედ ზოგჯერ ჩართულებიც კი არიან მასში, იყენებენ რა მას საკუთარი ინტერესებისთვის, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ბრიუს ჰოფმანი მასზე ამბობდა, რომ მომავალში იგი გახდებოდა  ერთ-ერთი ეფექტური გზა ძლიერი მეტოქისათვის ფარული ომის საწარმოებლად, მეზობელი სახელმწიფოს ან რეჟიმის დასამხობად.  ტერორიზმში სახელმწიფოს ჩართულობა სხვადასხვა დონეზე ხდება.

ბოაზ გარნერი გამოყოფს სახელმწიფოს ტერორიზმში ჩართულობის სამ დონეს: სახელმწიფოები შეიძლება მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, უშუალოდ მონაწილეობნდნენ მასში ოპერაციების ინიცირებითა და მართვით მათი საკუთარი ინსტიტუტების გარეთ არსებული ტერორისტული დაჯგუფებების საშუალებით ან ახორციელებდნენ ტერაქტებს საზღვარგარეთ თავიანთი ოფიციალური შენაერთების საშუალებით, რათა ამა თუ იმ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ ამ ქვეყნებთან ომის გამოცხადებისა თუ სხვა პირდაპირი დაპირისპირების გარეშე. ტერორისტული ორგანიზაციებისათვის სახელმწიფოთა მხარდაჭერა, რაც სხვადასხვანაირად გამოიხატება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიადაც არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია სახელმწიფოთა მხარდაჭერის გარეშე დიდხანს ვერ იარსებებდა. ორმხრივი დაინტერესება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ კავშირს და ართულებს ტერორიზმთან ბრძოლას. საერთაშორისო საზოგადოება ხშირად ავლენს თანამშრომლობისა და კოორდინაციის ნაკლებობას, ასევევ ერთჯერადი საპასუხო ქმედებებით შემოიფარგლება და სხვა მრავალი მიზეზია, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. 

სახელმწიფოს მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა მის მიერ ტერორიზმში მონაწილეობის  ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და საგანგაშო ფორმად მიმაჩნია. ამიტომაც შევეცდები ამ პრობლემის აქტუალობისა და სირთულის ჩვენებას, ასევე იმ საკითხებს განვიხილავ,რაც ართულებს ამ პრობლემის გადაწყვეტას. საინტერესოა იმ მიზეზების კვლევა, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს ქმედითი პოლიტიკის გატარებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებსა და მათ საქმიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელსაც უწყობენ.  

სახელმწიფოს მიერ ტერორიზმის მხარდაჭერაში ვგულისხმობ, მის მიერ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელის შეწყობას ფინანსური, სამხედრო დახმარებით,  იდეოლოგიური მხარდაჭერითა და ა.შ. სამხედრო დახმარება გულისხმობს  როგორც ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისათვის საწვრთნელი ღონისძიებების განხორციელებას  მათი საბრძოლო უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარების მიზნით, ისე იარაღის მიწოდებას. ასევე ქვეყნებმა შეიძლება შესთავაზონ მათ უსაფრთხო თავშესაფარი, როგორც  თავიანთ ტერიტორიაზე, ასევე თავიანთ საელჩოებში სხვასასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაიმენის მიხედვით, უსაფრთხო თავშესაფარი წარმოადგენს დახმარების ყველზე მნიშვნელოვან ფორმას, რადგანაც ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მის წევრებს გადარჩენაში. მათ ასევე შეუძლიათ საშუალება მისცენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ განათავსონ თავიანთი ბაზები მათ ტერიტორიებზე, ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ ტერორისტული ორგანიზაციების წევრები ყალბი დოკუმენტაციით, რომელსაც გამოიყენებენ გადაადგილებისათვის თუ ფინანსური ტრანსაქციებისა და იარაღის შესყიდვისათვის. ეს და კიდევ სხვა მრავალი სახით შეუძლიათ სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ტერორისტულ ორგანიზაციების საქმიანობას.

წლების განმავლობაში ტერორიზმი ითვლებოდა ტერორისტულ დაჯგუფებებს ან ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებად. თუმცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა, რადგანაც სახელმწიფოებმა დაიწყეს ტერორისტული ორგანიზაციების გამოყენება თავიანთ ეროვნული ინტერესებისათვის. თუ ადრე ტერორიზმი წარმოადგენდა ,, სუსტის იარაღს“, იყენებდნენ რა მას ეთნიკური უმცირესობები, განმათავისუფლებელი მოძრაობები თუ რევოლუციური ორგანიზაციები, ბოაზ განორის აზრით, დღეს  ტერორიზმი გახდა სახელმწიფოებისა და სუპერძალების იარაღი. სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი ბენეფიციარი ტერორისტული ორგანიზაციისათვის ფინანსურ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და სხვა ნებისმიერ სახის დახმარებას , რაც კი საჭიროა ,რომ ამ ორგანიზაციამ შეინარჩუნოს და გააფართოვის ბრძოლა იქამდე, სანამ მისი მიზნები არ იქნება მიღწეული. რეი ქლაინისა და იონა ალექსანდერის მიხედვით,  სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა ემსახურება სტრატეგიული მიზნების მიღწევას ისეთი გარემოებების არსებობის დროს, როდესაც შეიარაღებული ძალების გამოყენება არის არაეფექტური, ზედმეტად სარისკო და რთული. გარდა ამისა, დღეს ომის წარმოება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არსებობს დამარცხების საფრთხე და სურვილი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აგრესორად არ აღიქვას. 

 კენ დუნქანი ბოაზ განორისაგან განსხვავებით სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მხარდაჭერას საკუთარი მიზნების მისაღწევად არ მიიჩნევს თანამედროვე მოვლენად და თვლის, რომ მსგავსი მოვლენები 2 საუკუნის წინაც არსებობდა. და თანაც სახელმწიფოები, რომლებიც იმ დროს ტერორიზმს უჭერდნენ მხარს, იმდროინდელ ლიბერალ დემოკრატიებს წარმოადგენდნენ. მას მაგალითად მოჰყავს მე-19 საუკუნის დასაწყისში როიალისტების კონტრ-რევოლუციური ბრძოლა ნაპოლეონ ბონაპარტის წინააღმდეგ. დიდ ბრიტანეთს სურდა, რომ ბურბონების მმართველობა კვლავ აღმდგარიყო საფრანგეთში, ამიტომაც აქტიურად უჭერდა მხარს როილაისტებს, მათი აჯანყების გაძლიერებასა და მათ მიერ ჩადენილ პოლიტიკურ მკვლელობებს. დიდი ბრიტანეთი გამართლება იმ არგუმენტით, რომ ის აჯანყებას უჭერდა მხარს და არა ტერორიზმს არასწორია, რადგანაც აჯანყებულთა მხარე ბძოლის დროს გარკვეულ წესებს იცავს ტერორისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც არანაირ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან. როიალისტების კი ბრძოლის დროს ტერორისტულ ტაქტიკას აქტიურად იყენებდნენ.

სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს,თუნდაც მათ შორის იდეოლოგიური კავშირი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საბჭოთა კავშირი ითვლებოდა ერთ-ერთ პირველ სპონსორად ტერორისტული ორგანიზაციებისა, ის მათ ეხმარებოდა პირდაპირ ან სატელიტი ქვეყნების დახმარებით. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება კლიენტ ქვეყნებს აქეზებდა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისათვის წვრთნები ჩაეტარებინათ, დახმარებოდნენ ფინანსურად ან უშუალოდ მათი ოპერაციების განხორციელებაში შეეტანათ წვლილი. ის ერთდროულად ეხმარებოდა იაპონელთა წითელ არმიას, პალესტინურ ტეორისტულ დაჯგუფებებს, ირლანდიის რევოლუციურ არმიას და ა.შ. ასევე ცნობილია, რომ ჩრდილოთ კორეაში, რომელიც სსრკ-ს მთავარ მოკავშირეს წარმოადგენდა, 5000-მდე ტერორისტული ორგანიზაციის წევრი გადიოდა  წვრთნებს. ეს არის მცირე ჩამოთვალი იმისა, თუ როგორ იყო ჩართული საბჭოთა კავშირი ტერორისტულ საქმიანობაში, რომელსაც იყენებდა საკუთარი ეროვნული ინეტერესების მისაღწევა ცივი ომის პერიოდში. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი ადგილი ირანმა დაიკავა და თუ გავითვალისწინებთ ტერორისტულ საქმიანობაში მის მონაწილეობის მასშტაბებს, შეიძლება ვთქვათ ფეჰლევების დინასტიის მმართველობის დასრულების შემდეგ ირანი პირველობას არავის უთმობს  ამ საკითხში. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მისი ურთიერთობა  ჰეზბოლათან, რომლის დაარსებაში აიათოლა ხომეინმა დიდი როლი ითამაშა და მას შემდეგ მათ შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობს. ირანი ჰეზბოლას ყოველწლიურად 70-100 მილიონ დოლარს აძლევს, უზრუნველყოფს შეიარაღებითაც და მხარს უჭერს ყველანაირად მის ოპერაციებს საერთაშორისო არენაზე. რაც შეეხება ირანის ინტერესს, ჰეზბოლას საშუალებით ის ცდილობს თავისი მიზნების მიღწევას საერთაშორისო და რეგიონულ არენებზე და ასევე მის მთავარ იარაღს წარმოადგენს  ისრაელთან არაბულ კონფლიქტში. რეგიონში ირანის მთავარი მოკავშირე-სირია ასევე მთავარი სპონსორია მისთვის. სირია  უწევს მას ფინანსურ დახმარებას, ეხმარება იარაღითა და ასევე მის პოლიტიკურ ზურგსაც წარმოადგენს. ბევრი კონფლიქტური სიტუაციის მიუხედავად სირიასა და ჰეზბოლას შორის მაინც გძელდება თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაშიც მათ ირანი ეხმარება. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ირანს უწოდა ,,მსოფლიოში ტერორის მთავარი სპონსორი სახელმწიფო“. ირანი ჰეზბოლას გარდა მხარს უჭერს ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიც არის ჰამასი, პალესტინური ისლამური ჯიჰადი და ალ-მადის არმია.

პაკისტანი ითვლება ასევე ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის მთავრობა უარყოფს ამას. ინდოეთი, ავღანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, აშშ , კანადა მას ადანაშაულებენ კაშმირსა და ავღანეთში ტერორისტულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაში. 2008 წლის ბრუკინგის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით პაკისტანი იყო ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იმ ტერორისტული დაჯგუფებებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდნენ. არსებობს საფუძვლიანი ბრალდება მის მიმართ, რომ იგი ჯამუსა და კაშმირის განმათავისუფლებელი ფრონტის მთავარი სპონსორია. იგი ეხმარება მას იარაღით, ფინანსებით დ ასევე ატარებს მათთვის საწვრთნელ ღონისძიებებსაც. თუმცა იგი უარყოფს ამას და ამბობს, რომ პაკისტანი მხოლოდ პოლიტიკურად და მორალურად უდგას უჭერს მხარს კაშმირის განთავისუფლებას ინდოელთა მმართველობისაგან. 

ასევე მას ხშირად ადანაშაულებენ თალიბანის მხარდაჭერაში, რომლის წევრებიც გაერომ ტერორისტებად აღიარა. გაერო ცდილობს, რომ აიძულოს პაკისტანი აკონტროლოს ავღანეთის საზღვარი და თალიბანის ლიდერების მოქმედებები და საქმიანობა შეზღუდოს, თუმცა ამას შედეგი ჯერ არ გამოუღია. სხვა მხრივ რომ არ ეხმარებოდეს პაკისტანი ავღანეთის ტერორისტულ დაჯგუფებებს, ზემოხსენებულის გამო ტერორიზმის პასიურ მხარდაჭერაში მაინცაა დამნაშავე. თუმცა პაკისტანში დღეს თალიბანის მთავარი საწვრთნელი ბაზაა და ასევე მთავარი თავშესაფარი მისი წევრებისათვის. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ თალიბანის ლიდერებს ,,მეგობრები“ ჰყავთ პაკისტანის მთავრობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ალ-ქაედას ლიდერი -  ოსამა ბინ-ლადენი სწორედ იქ იქნა მოკლული 2011 წელს. დანიელ ბაიმანი მას ასევე ყველაზე აქტიურ ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად მიიჩნევს. ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის მისეული განმარტება ყველაზე უკეთ აღწერს პაკისტანის საქმიანობას კაშმირში. დანიელ ბაიმენისაზრით, სახელმწიფოები ეხმარებიან ტერორისტულ ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყონ მეამბოხეთა მოძრაობის გაძლიერებას , დაეხმარონ მათ პარტიზანულ ბრძოლასა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში. იგი უჭერს მხარს კაშმირის გამოყოფას ინდოეთისაგან და ეს საუკეთესო სტრატეგიაა მიზნის მისაღწევად.

ტერორიზმი დღეს უკვე გლობალური პრობლემაა და ბევრი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მათ შორის , პირველ რიგში, აშშ-სა და მის მოქალაქეებს. აშშ-ს ეროვნულ ინეტერესებს შორის ერთ-ერთი სწორედ ტერორიზმთან  ბრძოლაა, რაც იმით არის განპირობებული, რომ ტერორისტული ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისათვის ის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ასე რომ , იგი ყველაზე აქტიურია ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში. გარდა იმისა,  რომ იგი ცდილობს ტერორიზმთან კოლექტიური ბრძოლის ხელშეწყობას, ასევე აქტიურად ცდილობს პრობლემის ინდივიდუალურად მოგვარებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიას, რათა მათთან მიმართებაში შესაბამისი ზომები მიიღოს. სიის შედგენა 1979 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და ამ სიის პირველი წარმომადგენლები არიან ლიბია, ერაყი,სირია და სამხრეთ იემენი. დროთა განმავლობაში ეს სია იცვლება. დღეს ამ სიის წევრები არიან კუბა(1982 წლიდან), ირანი(1984), სუდანი(1993), სირია 1979). სიის წევრებისათვის აშშ მკაცრ სანქციებს აწესებს: 

1. კრძალავს ამ ქვეყნებში იარაღის ექსპორტსა თუ ყიდვას.

2. მკაცრად აკონტროლებს ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტს, რასაც შეუძლია გაზარდოს სიის წევრი ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობები და ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დახმარების საშუალება.

3. აწესებს შეზღუდვებს მათთვის ეკონომიკურ დახმარებაზე.

4. უწესებს ფინანსურ და სხვა სახის შეზღუდვებს.

აშშ მეტ-ნაკლებად აღწევს დასახულ მიზნებს, თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად ეს არ არის საკმარისი და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება რიგი მიზეზების გამო.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფოები აქტიურად არიან ჩართულნი ტერორიზმში, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ბევრი წინააღმდეგობა ხვდებათ. საინტერესოა, რა განაპირობებს ამას. ბოაზ განორის აზრით, სახელმწიფოს მიერ ტერორიზმში მონაწილეობა მის მიერ საკითხის რაციონალური განხილვის შედეგია. სახელმწიფო ადარებს ერთმანეთს იმ დანაკარგებს, რასაც მოუტანს მას ტერორისტული ორგანიზაციებისათვის მხარდაჭერა, და იმ სარგებელს, რასაც მიიღებს ამგვარი პოლიტიკის გატარებით და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს, როგორ მოიქცევა. აღსანიშნავია, რომ ტერორიზმში ჩართული სახელმწიფოები, ჩვეულებრივ, არადემოკრატიული სახელმწიფოები არიან, რომლებიც ერთპიროვნულად იმართებიან ან მცირერიცხოვანი ელიტით. მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს ისეთი ცვლადები, როგორიცაა იდეოლოგია, რელიგია, ემოცია, რაც დასავლურ საზოგადოებაში ნაკლებ რაციონალურად შეიძლება იქნას მიჩნეული, ასეთ ქვეყნებში კი დიდი გავლენა აქვს. ასე რომ, ქვეყნის მმართველი განსაზღვრავს რა მიზნების მიღწევა უნდა და შემდეგ განიხილავს, თუ რის დათმობა მოუწევს სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს სულ უფრო აქტიურად მონაწილეობა შეიძლება უნდოდეს ტერორიზმში, იგი აანალიზებს, რომ დანაკარგებიც იზრდება და როდესაც იმ ზღვარს მიაღწევს, რომლის იქითაც დანაკარგი მოგებას გადააჭარბებს, იგი იძულებულია შეზღუდოს თავისი ტერორისტული საქმიანობა. სახელმწიფოს მიერ ტერორიზმის მხარდაჭერით მიღებული ზარალი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. აქედან გამომდინარე საუკეთესო სტრატეგია ტერორიზმთან ბრძოლის არის მისი მხარდაჭერსათვის სახემწიფოების დანაკარგების გაზრდა. დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ სახელმწიფოები, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს მიზნების მიღწევაში სხვადასხვა დონეზე, შეეჩვივნენ და შეეგუენ არსებულ დანაკარგებს, ამაზე მიუთითებს პრობლემის აქტუალობა, ამიტომაც საჭიროა უფრო ქმედითი ზომების მიღება.

ტერორიზმი აღარ წამოადგენს კონკრეტული ქვეყნების პრობლემას საკითხს აქვს ბევრი საერთაშორისო ასპექტი. ტერორისტული ორგანიზაციები შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები არ ჰყავდეთ მიზანში, მიუხედავად ამისა,  სხვა ქვეყანაში ტერაქტმა სრულიად შემთხვევით შეიძლება შეიწიროს ისინი. ტერორისტული ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას აქვს შტაბები, ოფისები, საწვრთნელი ბაზები  სხვადასხვა ქვეყნებში და არაერთ არალეგალურ საქმიანობაში არიან ჩართულნი, რაც ზარალს აყენებს ადამიანთა უსაფრთხოებას, თუნდაც ეს ადამიანები მათ სამიზნეებში არ შედიოდნენ. ასევე მათ აქვთ მხარდაჭერა და დახმარება სხვადასხვა ქვეყნებისაგან და მათი მცხოვრებლებისაგან. ასე რომ, ტეოროზმი გლობალურ საფრთხედ ჩამოყალიბდა, რაც საჭიროებს მასთან აქტიურ და კოორდინირებულ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში საერთასორისო საზოგადოება მეტ-ნაკლებად თანამშრომლობს, მაინც არ არის ეს თანამშრომლობა ეფექტური რიგი მიზეზების გამო. საინტერესოა, ამ მიზეზების კვლევა-ძიება, რადგანაც პრობლემის არსის გაგების გარეშე ძნელია მისი გადაწყვეტა.  ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით ბევრი სადამსჯელო ზომები მიუღიათ, რომელთა ეფექტურად განხორციელებას ვერ მოხერხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ითვალისწინებდა მათ და შესაბამისად მოქმედებდა, ზოგჯერ კი იმით იყო განპირობებული, რომ შეესაბამებოდა გაეროს რეზოლუციებს, თუმცა წინააღმდეგობაში მოდიოდა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან. სახელმწიფოთა მიერ  ტერორიზმის მხარდაჭერის წინააღმდეგ ბრძოლაში ნათლად აისახება საერთაშორისო არენაზე არსებული ის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც არსებობს სუპერძალებსა და სახელმწიფოებს, სახელმწიფოთა ალიანსებსა და ორგანიზაციებს, ლიგებს, ჯგუფებს შორის. ასევე კონტრ-ტერორისტული მცდელობები ქმნის კონფლიქტს უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორისაც ქვეყნის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა აანალიზებს თუ რაოდენ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მისთვის ტერორიზმს, ისინი მაიც თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას.  საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სადამსჯელო ზომების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბევრი ქვეყანა უარს ამბობს, ტერორიზმთან ბრძოლას ეკონომიკური ინტერესები შესწიროს. ამ ტენდენციას ავლენს ირანის მიმართ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, რომლებიც აშშ-ს ბევრი მცდელობის მიუხედავად ირანთან ეკონომიკური ურთიერთოების გაწყვეტას ეწინააღმდეგებიან. გერმანია ყოველწლიურად 1,737 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტს ახდენს ირანში, საფრანგეთი 907 მილიონი დოლარისა, ხოლო იტალია კი 787 დოლარის. აქედან გამოდინარე ძნელია მათთვის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორზე უარი თქვან,მიუხედავად იმისა, რომ ირანს პირველი ადგილი უჭირავს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის. სახელმწიფოები, რომლებიც უარს ამბობენ ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებში მონაწილეობაზე, თავიანთ  პოზიციას  ამართლებენ არა ეკონომიკური, არამედ სხვა არგუმენტით. ისინი ამტკიცებენ, რომ მსგავი სანქციების შემოღება მდგომარეობას კიდევ უფრო გააართულებს, უბიძგებენ რა მათ უფრო ექსტრემალური, ძალადობრივი ტაქტიკის არჩევისაკენ. საუკეთესო პოლიტიკა, მათი აზრით, არის დიალოგი მხარეებს შორის, რითაც მათთან ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს შეინარჩუნებენ. ამ ე.წ. ,,ღია არხების“ საშუალებით ისინი შეეცდებიან ანტიტერორისტული პროპაგანდის წარმოებასა და ქვეყნებისათვის ტერორიზმის მხაედაჭერაზე ხელის აღებას. ამგვარი პოზიცია წარმოადგენს ოპორტუნიზმის საუკეთესო გამოხატულებას, რომელიც დავის კიდევ ერთი საგანი ხდება. რომლის ერთ მხარეს ის სახელმწიფოები დგანან, რომელთათვისაც უპირატესი არის ეკონომიკური ინტერესები, მეორე მხარეს კი ისინი, რომლებიც განსაკუთრებით მწარედ განიცდიან იმ საფრთხეს, ტეორიზმი რომ უქმნის საზოგადოებას. ამგვარი პოზიცია, რამდენად მომგებიანიც არ უნდა იყოს, მაინც დიდ საშიშროებას უქმნის მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას სრული უმოქმედობითა და დანაშაულებზე თავალის დახუჭვით. ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ტერორისტულ ორგანიზაციებსა და მათ მხარდამჭერი ქვეყნების პოზიციას. სახელმწიფოები ასევე უარს ამბობენ სანქციების შემოღებაზე იმ არგუმენტით, რომ უსამართლო და ამორალური იქნება სანქციების დაწესებით ზარალის მიყენება მთელი მოსახლეობასათვის, რომელთა დიდი წილი სრულიად უდანაშაულოა. ასევე ისინი ამტკიცებენ, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოები ძირითადად ავტოკრატიული ან დიქტატორული რეჟიმის ქვეყნები არიან და საზოგადო აზრს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრისას, არადა სანქციების დაწესებით ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებიან და ხელისუფლებაში მყოფ პირებს მაინც არაფერი არ მოაკლდებათ. ასევე გაჭირვება, უსამართლობა უფრო მეტად რადიკლაურს გახდის მოსახლეობას და შეიძლება, რომ მათ ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოხატონ თავიანთი პროტესტი. რაც არ უნდა ძლიერ არგუმენტად მოგვეჩვენოს ეს პოზიცია, მაინ არასწორია, რადგანაც სანქციები მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, რის გამოც ეს ქვეყანა ვეღარ შესძლებს დახმარებას ტერორისტული ორგანიზაციებისათვის, მოახმარს რა მთელი რესურსებსა და ძალებს  ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას. ასევე კონტრ-ტერორისტულ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან ის ქვეყნები, რომლებიც თვლიან რომ ის ამერიკას ეროვნული ინტერესია, თანაც ეგოისტური, ვინაიდან უნდა რომ სხვებს საკუთარ ინეტერესებზე ხელი ააღებინოს საკუთარი მიზნების მისაწევად. ალბათ, ეს ყველაზე ნაკლებად დასაჯერებელი არგუმენტია, რომლითაც სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებაზე ამბობენ უარს, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტებისათვის მთავარი სამიზნე აშშ და მისი მოქალაქეები არიან, იგი მაინც გლობალური პრობლემაა და ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამას გარდა, სახელმწიფოები, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს, შეეცდებიან სხვა სახელმწიფოთა გადმობირებას, რათა შეინარჩუნონ მათთან ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობები ღიად ან საიდუმლოდ და ამისათვის მზად იქნებია,რომ მათთვის თანამშრომლობა უფრო მომგებიანი გახადონ. ეს მათი მხრიდან იქნება ჭკვიანური სტრატეგია. 

დასასრულს შეიძლება ვთქვათ, რომ  ტერორიზმი და სახელმწიფოთა მიერ მისი მხარდაჭერა სერიოზული გლობალური პრობლემაა, რომლის გადაჭრის გზაზე ბევრ სირთულეს ვაწყდებით. სახელმწიფოები სულ უფრო აქტიურად უწყობენ ხელს ტერორისტულ ორგანიზაციებსა და მათ საქმიანობას, იყენებენ რა მათ პირადი ინტერესებისათვის. როგორც ჩანს, ისინი ამგვარი სტრატეგიით ბევრად მეტს იგებენ, ვიდრე აგებენ, ამიტომაც პრობლემის გადაწყვეტას უახლოეს მომავალში ნაკლებად უნდა ველოდოთ, თუ ქვეყნების პრობლემისადმი დამოკიდულება არ შეიცვლება. ზემოთ განხილული მიზეზების გამო ტერორიზთან და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან ბრძოლა არაეფექტურია. ეს პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს, საჭიროა უფრო ქმედითი ზომების მიღება, რაც საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნებას, მეტ თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მოქმედებებს გულისხმობს. ასევე მათი კონტრ-ტერორისტული პოლიტიკა მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით არ უნდა შეიზღუდოს, საჭიროა მთელი რიგი სამართლებრივი, დიპლომატიური, ეკონომიკური და შეტევითი მოქმედებების განხორციელება, რაც ტერორიზმის მხარდაჭერით გამოწვეულ დანაკარგებს გაზრდის ქვეყნებისათვის და უბიძგებს მათ, რომ უარი თქვან ტერორისტული ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების დახმარებაზე. ტერორიზმი გლობალური პრობლემაა, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, ამიტომ ინტერესთა იერარქიაში მას პირველი ადგილი უნდა ეჭიროს, თუ ამას შეიგნებენ სახელმწიფოები, მაშინ პრობლემის გადაჭრას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე