Print

ბანაკის ეთნოგრაფია

ავტორი: ანანო ქირია, მარიამ ჭიჭინაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

/ლევ სამოილოვი/

სამოილოვის აზრით, დამნაშავეობრივი სამყაროს შესწავლა ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე, არ ხდებოდა ობიექტურად: დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი და გორკი  დამნაშავეებზე საუბრისას ან რომანტიკულ ელფერს სძენდნენ მათ, ან აიდიალებდნენ. „ბლატნოი სამყარო - ეს დახურული ადგილია, სადაც გარემყოფებს არ უშვებენ მასში შესასწავლად და დასაკვირვებლად.“

ავტორი თვლის, რომ ამ კუთხით მას გაუმართლა.

 

ლევი 1981-1982 წლებში ლენინგრადის ციხეში „ჯვრები“ და შემდეგ უკვე ბანაკში (გამოსასწორებელ-საშრომ კოლონიაში) იხდიდა 2 წლიან სასჯელს. მანამდე ის ლექციებს კითხულობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში და დაკავებული იყო სამეცნიერო კვლევებით - მისი ნაშრომები იბეჭდებოდა არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ფილოსოფიურ და ისტორიულ გამოცემებში. ამ გამოცდილებამ განაპირობა მისი ინტერესი - ეკვლია ციხეში და ბანაკში მყოფი მობობოქრე საზოგადოება. საზოგადოება, სადაც დაგროვილი იყო უმძიმესი პრობლემები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ შესწავლას. 

ავტორმა გადაწყვიტა ეს არანებაყოფლობითი მოგზაურობა ამ უჩვეულო სამყაროში განეხილა როგორც მორიგი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია, რომელშიც თავის თავს ჩართულ დამკვირვებლად ხედავდა.

დაკვირვების ხარისხსს ეხმარებოდა ისიც, რომ ავტორმა თავისი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, მოიპოვა მაღალი სტატუსი - „უგლავოის“ ტიტული. ამ ტიტულის უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ საძილე ადგილას ეკავათ ქვედა საწოლი, სადაც არავის ქონდა არც დაწოლის და არც ფეხის დადგმის უფლება იმისთვის, რომ ზედა საწოლზე ასულიყვნენ.  ამ ტიტულის პატრონების ცემის და შეურაცხყოფის უფლება არავის ქონდა და მათ ზედმეტსახელით კი არა, არამედ სახელით და მამის სახელით მიმართავდნენ. ამ ადამიანებს ბევრ რამეზე მიუწვდებოდათ ხელი.

ამ ნაშრომში ავტორი იმ 5 ასპექტს გამოყოფს, რომლებიც ეთნოგრაფებისთვის და კულტურის სფეროთი დაინტერესებული მეცნიერებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო:

1.განსაკუთრებული სამყარო: დამნაშავეობრივი გარემო, როგორც სუბკულტურის ადგილი

ამ გარემოს წეს-ჩვეულებები და ნორმები არაერთგვაროვნადაა აღწერილი. იქიდან გამომდინარე, რომ ავტორი ამ ყველაფერს შიგნიდან აკვირდებოდა, ის თვლის, რომ მან შეძლო 80-იანი წლების თანამედროვე ბანაკის აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დროსთან შედარებით რეჟიმი შემსუბუქებულია, მისი აღწერები მაინც შეძრავს ადამიანს, რადგან დამნაშავეობრივი სამყარო არ შემსუბუქებულა. 

რა თქმა უნდა ბანაკებში სიტუაცია ერთნაირი არ არის. ის ბანაკი (მამაკაცთა საერთო რეჟიმის ბანაკი), რომელშიც ავტორს მოუწია სასჯელის მოხდა არ განეკუთვნებოდა ცხოვრებისთვის კარგი პირობების მქონე ბანაკთა რიცხვს. გაცილებით მკაცრი რეჟიმის ბანაკებში იყო უფრო მეტად მშვიდი გარემო. მაგრამ იყო ისეთებიც, სადაც გადარჩენა და ჯანმრთელობის შენარჩუნება გაცილებით რთულია. გარდა ამისა, ავტორი ამბობს, რომ ქალების კოლონიაში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე კაცებისაში და ყველაზე მეტი სისასტიკით გამოირჩევა გარემო არასრულწლოვანთა კოლონიაში. 

ყველა სახელმწიფოში არსებობს დამნაშავეთა სუბკულტურა, „დღის კულტურა“. კრიმინალისტები აღნიშნავენ, რომ „დამნაშავეთა სამყაროს გააჩნია თავისი სუბკულტურა, რომელიც დანაშაულის წარმოებაში თამაშობს ერთ-ერთ ძლიერ ფაქტორს“. 

ამ კვლევაში ის ყურადღებას აქცევდა ბანაკის დამნაშავეობრივი გარემოს ინსტიტუციონალიზაციას, მასში მთელი ცხოვრების რიტუალიზირებას და დამნაშავეობრივი საზოგადოების თვითნებურ სტრუქტურირებას. დამნაშავეობრივი სუბკულტურა ბანაკში არის მკაცრი, ცოცხალი და ძლიერი. ის განსხვავდება არა მხოლოდ საერთო კულტურისგან, არამედ იმ დამნაშავეთა სუბკულტურებისგან, რომლებიც იმყოფებიან ციხის გარეთ. ციხეში მოქმედებს ისეთი პროცესები და სტრუქტურები, რომლებიც არ არის ციხის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში  ქურდების რაოდენობა ბევრად აღემატება გარეთ მყობფთს, ამ უკანასკნელებისგან განსხვავებით ციხეში ისინი დაჯგუფებებს ვერ ქმნიან, რადგან ცალ-ცალკე საკნებში სხედან. ბანაკებმა შექმნეს დამნაშავეთა საზოგადოების სრულიად განსაკუთრებული/განსხვავებული ტიპი - ეს უნიკალური სტრუქტურა იმსახურებს სასწრაფო და დეტალურ კვლევას.

ბანაკში დამნაშავეთა საზოგადოება მკვეთრად იყოფა 3 კასტად: ქურდები, კაცები  და დაჩაგრულები/ღორები.

ქურდები - ესენი  მარტო ისინი კი არ არიან, ვინც ქურდობისთვის გაასამართლეს, არამედ მძარცველები, მკვლელები, ერთი სიტყვით ნებისმიერი მსხვილი დამნაშავე, რომელიც დამნაშავეობრივ სამყაროში განთქმულია, როგორც გამოცდილი, აგრესიული და თავის თავის დამცველი. როგორც წესი, ისინი მთელ ბანაკში დაახლოებით  ყოველი მეათე და ყოველი მეექვსე გვხვდება. ადმინისტრაციის თვალთახედვის იქით, აბსოლუტურად ყველაფერს განაგებენ ქურდები. თეთრეულის და საჭმლის განაწილება, საწოლების განლაგება, ქცევის მანერები მუშაობისას და მის გარეთ -  ყველაფერ ამას ქურდები ადევნებენ თვალყურს. 

ქურდები არიან „ქურდული კანონის“, ე.ი. დამნაშავეთა მორალის გამტარებლები. ეს არის ქურდებისთვის სახარების ტოლფასი. ამ მორალის მიხედვით, არა შრომა, არამედ ქურდობა, ძარცვა არის ღირსების საქმე, ყველანაირი მკვლელობა - გმირული საქციელი, ლოთობა და დებოში - უმაღლესი „კაიფი“, მაგალითი უტკბილესი მოგონებებისა. ამ მორალის წესები მოითხოვს შეურიგებელ წინააღმდეგობას პოლიციელებისადმი, კრძალავს სწორი ჩვენებების მიცემას და ჩამშვებობას (თუნდაც ეს მტერზე იყოს). ასამართლებენ ვირთხებს - ქურდი, რომელიც ქურდს პარავს. ქურდების პრივილეგიად ითვლება, მოსაკითხის და საერთოდ ნებისმიერი პროდუქტის წართმევას კაცებისთვის და დაჩაგრულებისთვის, გარდა პურისა - ეს არის წმინდა და მისი წართმევა არ შეიძლება. ქურდული ღირსების სასამართლო მომენტალურად სჯის დამრღვევებს დაახლოებით 200 ადამიანის თანდასწრებით, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი იტანჯებიან, რომლებსაც ქონდათ მცდელობა ქურდებისგან დაემალათ მოსაკითხი. 

კაცები. (საშუალო კასტა). ასე იმიტომ ეძახიან, რომ მუშაობენ თავისთვის და ქურდებისთვის. ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ ბანაკში, მაგრამ ვერაფერს ვერ წყვეტენ. როგორც წესი, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ბანაკში მოხვდნენ ყოფითი დანაშაულის გამო, მცირე ქურდობისთვის, სპეკულაციისთვის ან ხულიგნობისთვის. ხშირად ესენი არიან შემთხვევითი დამნაშავეები. სახელმწიფო მათ თვლის ქურდებად, ქურდები კი არა. ქურდებს კი არ უნდათ, რომ ასე მოიქცნენ, უბრალოთ თვითონ ღმერთმა უბრძანა მათ, რომ ეცხოვრათ კაცების ხარჯზე. 

მესამე კასტა (ღორები), დაჩაგრულები. ესენი არიან უარყოფილი, განდევნილი მონები. აქ ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ კანის დაავადება, ჭუჭყიანები, დებილები ან ძალიან ინტელიგენტები. ამათ რიცხვს ხშირად განეკუთვნებიან ისინი, ვინც ციხეში მოხვდნენ სექსუალური ნიშნით და აქვე შეიძლება მოხვდეს ქურდული მორალის დამრღვევები. დაჩაგრულები შეიძლება/უნდა დაამცირონ ყველანაირად, დაცინონ და ცემონ. როგორც მონები, ისინი უნდა ემსახურონ ქურდებს, შეასრულონ მათი ნებისმიერი ახირება და ასუბთაონ საერთო ტუალეტი. ისინი უნდა იყვნენ მორჩილები და შეუმჩნევლები- როგორც სული, როგორც ჩრდილი. ისინი ყოველთვის ნაცემები, ფერმკრთალები და შეშინებულები არიან. მათი რაოდენობა უტოლდება ქურდებისას. 

მათთვის ადმინისტრაციამ შექმნა სპეციალური ჩაკეტილი, გამოყოფილი განყოფილება ციხეშიც და ბანაკშიც, რომ როგორმე დაიცვან ამ ცხოველური მოპყრობისგან, მაგრამ ყველას ვერ დაიტევს ეს ადგილი. მთავარი ისაა, რომ მათ შორისაც არის ფენობრივი დაყოფა ყველაზე მეტად დაჩაგრულიდან - ყველაზე ნაკლებად დაჩაგრულებამდე. მათ შორის გამოიყოფა თავისი ქურდები, თავისი კაცები და თავისი ღორები. ასე რომ სისტემა ფლობს  შესანიშნავ თვითწარმოებას.

კასტები განსხვავდებიან უნიფორმის, ქცევის, წესის, ეკონომიური და საცხოვრებელი მდგომარეობის მიხედვით. ბანაკში ქურდები ამაყად დადიან , თავი უჭირავთ „ნაგლად“ და ყველგან მიდიან ურიგოდ. კაცები იქცევიან მორიდებულად, უმეტესწილად ჩუმდებიან ან ხმადაბლა ლაპარაკობენ. ისინი ყოველთვის მშივრები და დაღლილები არიან. დაჩაგრულები ყოველთვის ცდილობენ თვალთახედვის არეს მოშორდნენ, რიგის ბოლოში დგანან და არიან მოხრილები და გასაცოდავებულები. სამზარეულოში ყველა მაგიდასთან პირველი და საუკეთესო პორცია ქურდებისთვისაა. ჭამენ იქამდე, სანამ არ გასკდებიან, შემდეგ მორჩენილ პორციებს უყოფენ კაცებს. ღორები დგანან გრძელი მაგიდის ბოლოს და ჭამენ ნარჩენებს - ცხოვრებას ნახევრად მშივრები ატარებენ. ისინი, რომლებიც განეკუთვნებიან პიდარებს ბევრ ბანაკში საერთოდ არ უშვებენ მაგიდასთან - მათ უნდა ჭამონ კუთხეში ძაღლურად, სხვა ჭურჭლიდან. მათი კოვზები, ჯამები გახვრეტილებია იმისთვის, რომ არ აირიოს საერთოში. ქურდებს ძინავთ საწოლის პირველ სართულზე, კაცებს შუა და ზედაზე. დაჩაგრულებს კი გამოყოფილ სივრცეში, რომელიც იშვიათად ნიავდება და ფანჯრები არ გააჩნია. 

ზედა კასტა მკაცრად იერარქირებულია. პირამიდის თავში არის მთავარი ან ავტორიტეტი. ეს ტიტული ენიჭება არა იმათ, ვინც ფიზიკურად ყველაზე ძლიერია, არამედ იმათ, ვინც ყველაზე კარგად იღებს გადაწყვეტილებებს, არის გავლენიანი და ვისაც შეუძლია ქურდების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება. ამის ქვევით არის „უგლავიე“, ბრიგადირი, მოჩხუბრები (ესენი არიან მთავრების მეგობრები) და ამის შემდეგ დანარჩენი ქურდები. არსებობს კიდევ ერთი კატეგორია რომელიც შედგება კასტაში ახალი „წევრებისგან“ და ქურდების დაკრულზე დადიან.

ოფიციალურად ადმინისტრაცია ამ დაყოფას არ ცნობს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება უწევს მათი აღიარება. როგორც წესი, ძალაუფლება დგინდება მშვიდობიანი წესით ქურდების ღამის შეკრებაზე. კაცები, და მით უმეტეს დაჩაგრულები, ამ შეკრებაზე არ დაიშვებიან. 

ქურდების ძალაუფლება დაფუძნებულია ტერორზე და შიშზე. არსებობს დეტალურად შემუშავებული, დაუწერელი, მაგრამ ყველა ბანაკში ცნობილია სკალა მკაცრი დასჯისა მათთვის, ვინც აღუდგა ქურდების ძალაუფლებას და დაარღვია მათი კანონი. დასჯის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მათ შორის სიკვდილიც, მაგრამ ყველაზე მკაცრ დასჯად აღიქმება ადამიანის უდაბლეს კასტაში, დაჩაგრულებში გადაყვანა.

დროდადრო ქურდები აწყობენ „ზამესს“ - კაცების და დაჩაგრულების ღამის ცემა. იმისთვის, რომ იყვნენ გამუდმებულ შიშში ქურდების მიმართ. ეს ხდება თვეში ერთხელ ან ორჯერ. ზოგიერთ განყოფილებაში საერთოდ არ არის „ზამესი“ და იმ განყოფილებაში, სადაც ამას ხშირი ხასიათი აქვს, ამბობენ, რომ მეფობს განუკითხაობა.

2. ბოროტი ძალის შესახებ: აკულტურიზაცია და დიფუზია. 

ქურდების ორგანიზებულობის და აგრესიულობის დამსახურებით, ბანაკში დაბადებული ქურდული სუბკულტურა ხდება დამნაშავეობრივი სუბკულტურა მთელი ბანაკისთვის. ეს სუბკულტურა ფლობს აკულტურიზაციის მაღალ პოტენციალს. ადამიანი, რომელიც ხვდება ამ ბანაკის პირობებში და გარემოში, მისი ყველა სასიცოცხლო ენერგია და მისი მიზანი მიმართული უნდა იყოს ერთადერთი რამისკენ: გადარჩენა. შალამოვი თვლის, რომ ქურდული გარემო ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე არ იქნებოდა ამდენად კონდენცირებული და არ ექნებოდა ასეთი გავლენა დანარჩენ კონტინენტზე, ხოლო ქურდული გარემოს გარეშე ბანაკი ვერ შეიძენდა აკულტურაციის ასეთ პოტენციალს. ადმინისტრაცია შორიდან აკონტროლებს პატიმრების ზედაპირულ ქცევებს, ისიც მხოლოდ დღის საათებში მაშინ, როცა ქურდული გარემო მოიცავს პატიმრის ცხოვრებას 24 საათის განმავლობაში და ნებისმიერ ადგილას. სასჯელს სახელმწიფოზე ადრე ქურდული გარემო აწესებს მასზე გაცილებით მტკივნეულ ფორმებში. 

უარყოფითი გამოცდილების სკოლას ბანაკში ყველა გადის. ქურდები განამტკიცებენ თავიანთ პოზიციას „ბლატნოი“ მორალის მიხედვით, ხდებიან მკაცრები, აგრესიულები და ამაღლებენ პროფესიულ ცოდნას დამნაშავეობრივი სამყაროსთვის. კაცები სწავლობენ მორჩილებას, ხოლო დაჩაგრულები კარგავენ იმ მცირე ადამიანურ ღირსებასაც და ყველაფერზე წამსვლელები ხდებიან იმის სანაცვლოდ, რომ არ ცემონ.

ეს სამივე კასტა ერთიანდება ერთ კოლექტივში, რომელიც ძლიერია თავისი ზიზღით პოლიციელების და იმ ტრადიციების მიმართ, რომლებიც ციხის ხელმძღვანელობის მიერ არის შემუშავებული. ეს სისტემა პარალიზებას უკეთებს ადმინისტრაციის აპარატის ნებისმიერ მცდელობას და შედეგად ბანაკი ვეღარ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - თავიდან აღზარდოს დამნაშავე და გადააქციოს ის კანონმორჩილ მოქალაქედ - ყველაფერი პირიქით ხდება. სულ მცირე, ყოველი მესამე განთავისუფლებული ისევ ჩადის დანაშაულს.

ამის ფონზე 80-იანი წლების დასაწყისში ბანაკიდან ყოველწლიურად გამოდიოდა დაახლოებით მილიონი ადამიანი. ერთი თაობის ცხოვრების განმავლობაში რამდენი ადამიანი ხვდებოდა ბანაკში? ამდენივე? - არა, ბევრი მილიონი. ასე რომ ბანაკი დღემდე გადაამუშავებს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ზრდის მათში კრიმინალურ კომპონენტს.

 ავტორი უფრო შორსაც მიდის და ეთანხმება ბიტოვის აზრს, რომ შეუძლებელია ცხოვრობდე რუსეთში და არ გქონდეს შეხება ბანაკთან მიუხედავად იმისა, იჯექი თუ არა იქ. შენ მაინც გექნება რაიმე სახის პროექცია მასთან. ორივე მწერალი უფრო მეტად მიუთითებს ხელისუფლების როლზე, რომელიც უზრულველყოფს  ბანაკის სუბკულტურის დიფუზიას ბანაკის გარეთ, მაგრამ ყურადღებიდან არ უნდა გამოგვეპაროს მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი - ბანაკის სუბკულტურის ძირითადი მასივი არის ქურდული სტიქია. 

ამიტომ, „ბლატნოი“ სუბკულტურის წმინდა სახით შესწავლა - როგორც ბანაკის დამნაშავეობრივი სუბკულტურის - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ამ სუბკულტურაში სუსტი წერტილები? რა ბაზაზე არსებობს ის? როგორ შევწყვეტთ ან შევასუსტებთ მაინც მის ავთვისებიან კულტურულ ტრადიციებს?

მეორე მხრივ, დამნაშავეთა ბანაკის სუბკულტურა განიხილება როგორც საერთო სახალხო კულტურის ნაწილი, როგორც მისი ერთ-ერთი ქვესახეობა. ამ სუბკულტურის განსაკუთრებულობა ისაა რომ ჩვენი საზოგადოების ნაკლოვანებების გაგრძელებაა. დამნაშავეთა გაერთიანებას არ გამოუგონებია ველოსიპედი და არც ის მოდელი, რომლის მიხედვითაც აშენებს თავის კანონებს. მან უბრალოდ დააკოპირა სიმართლე გაცილებით რთულ ფორმებში. 

ბანაკის დამნაშავეობრივი საზოგადოება - განა უბრალოდ ჩვენი საზოგადოების ბნელი ნაწილია, არამედ მისი რამოდენიმე (შეიძლება ბევრის) მხარის ზუსტი ანარეკლია.

3. დამნაშავე და ველური: ბანაკის საზოგადოების შესაბამისობა არქაულ საზოგადოებასთან.

იქაც და აქაც არსებობს სამდონიანი სტრუქტურა. ასევე გამოყოფილია ბელადი თავის მოჩხუბარ მეგობართან ერთად. პირველყოფილ საზოგადოებაში უმაღლეს საფეხურზე მოხვედრა განპირობებული იყო ცოდნის დონის მიხედვით (ასევე არისტოკრატები და ვაჭრები). შუაში იყვნენ გლეხები და დაბლა მონები და განდევნილები.

ლაგერში ყველა ცდილობს იპოვოს ისეთი ბანაკის მეგობარი, რომელთანაც შეიძლება მოსაკითხის გაყოფა, ერთმანეთის დაცვა განუკითხაობისგან. ასეთი ტიპის ინსტიტუტი გვხვდებოდა პირველყოფილ საზოგადოებაშიც. პირველყოფილი საზოგადოება გავს ციხის  და ბანაკის მკაცრი რიტუალებით და დასჯის იმპროვიზირებულ ფორმებით, ჩამჭრელი კითხვებით, რომლებზე პასუხიც წინასწარ უნდა იცოდე. 

როგორც წესი, ტაბუ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ბანაკის მკვიდრისთვის დამნაშავეების წარმოდგენებში თითქმის იდენტურია. ამ წარმოდგენებმა უკვე დიდი ხანია დაკარგეს თავისი აზრი/მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მკაცრად დაცულია. არ შეიძლება რაიმე წითლის ტარება. არ შეიძლება გამოიყენო ძირს დავარდნილი კოვზი ან თეფში, თუნდაც მერე გარეცხო (ცისფერისთვის შეიძლება). არ შეიძლება პურის ჩაგდება უნიტაზში და ჩარეცხვა ხელით, დასაშვებია მხოლოდ ფეხით. არ არის მისაღები ონკანიდან პირდაპირ დალევა. არ შეიძლება ბადრაგისთვის სახელით მიმართვა და ა.შ. 

ტატუ თანამედროვე დამნაშავეებთან ასრულებს ნიშანთა სისტემის მნიშვნელოვან ფუნქციას - ისევე, როგორც პირველყოფილ ტომში. ტატუ აღწერს/აღნიშნავს ციხის ცხოვრების განვლილ გზას და მფლობელის ცხოვრებისეულ დევიზებს. მის მნიშვნელობას უყურებენ ძალიან სერიოზულად - ამით არ ხუმრობენ, შეიძლება იმის დახატვა, რაც გეკუთვნის (პრინციპი: „პასუხს აგებ ტატუზე“).

დამნაშავეებს და ველურებს ერთმანეთთან აახლოვებს სამკაულების სიყვარული, განსაკუთრებით ბრჭყვიალა და მეტალის სამაჯურების, ბეჭდების და მძივების მიმართ. 

დამნაშავეები ახდენენ დედის პატივისცემის დემონსტრირებას, რომელიც არაფერ კავშირში არ არის („ნე ზაბუდუ მაც რადნუიუ“), მამას არ ახსენებენ. დედზე ცუდის თქმა ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა. ჩხუბისას ხანდახან იმასაც კი ერიდებიან, დაარტყან მოწინააღმდეგეს იმ ადგილას, სადაც ტატუდ აწერია დედა. ამ ყველაფერში იკითხება რაღაც ძალიან არქაული.

დამნაშავეთა გარემოში ძალიან არის გავრცელებული ცრურწმენები - ამულეტის იმედად ყოფნა, ცუდი თვალის არიდება და ა.შ.

რა არის მიზეზი, რომ ამდენი მსგავსება არსებობს არქაულ სამყაროსთან? 

ავტორის აზრით, ამ მსგავსებების მთავარი მიზეზი საერთოდ ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებაში იმალება. ცნობილია, რომ ბოლო 40 000 წლის განმავლობაში ადამიანი არ შეცვლილა. ჩვენი ფიზიოლოგიური ბუნება ისეთივეა, როგორიც 40 000 წლის წინ, როცა ის ჩამოყალიბდა. იქიდან მოყოლებული, კულტურამ და საზოგადოებამ გაიარა განვითარების კოლოსალური ზრდა, მაგრამ ჩვენი ბუნება იგივე დარჩა. გამოდის, ჩვენ ვართ შექმნილები იმისთვის, რომ ვიყოთ პირველყოფილი მონადირეები, ვინარჩუნებდეთ ოჯახურ ნორმებს, ვცხოვრობდეთ ძალიან ჩაკეტილ კოლექტივში და სტაბილურ გარემოში.

გარკვეული მიზეზების გამო ყალიბდება კულტურის დეფიციტი, ადამიანის ფსიქო-ბიოლოგიური ბუნება თავისუფლდება კულტურული ნორმისგან, საზოგადოების წესებისგან და იბადება ის, რასაც ჩვენ ვეძახით ასოციალურ ქცევას. თუ იმ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ კულტურის დეფიციტი, შევაგროვებთ დახურულ დაჯგუფებაში და ნებით თუ იძულებით მივანიჭებთ მათ თვითორგანიზების შესაძლებლობას, ასეთ საზოგადოებაში ადამიანის სოციალური ყოფა, ბუნებრივია, შეიძენს ისეთ სტრუქტურას და ფორმას, რომელიც სრულად შეესაბამება ისეთ ადამიანის ბუნებას, რომელიც არ არის აღზრდილი თანამედროვე კულტურაში. ველურის ბუნება.

4. ბოროტების ტრადიცია: სუბკულტურის სიცოცხლის უნარიანობის პრობლემა.

ძველი დროიდან მოყოლებული, ციხეებში და ბანაკებში, ჩამოყალიბდა სუბკულტურის ტრადიცია და ნორმები, რომლებსაც იძულებით ახვევენ თავს ახლებს. ამ ნორმების ნაწილი ეხმარება პატიმრებს ამ გარემოში გადარჩენისთვის. ეს ნორმები ეხმარება იმ საზოგადოების თვითორგანიზაციას და თვითრეგულაციას და წინააღმდეგობას უწევს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ბოროტ ნორმებს.

სხვა ნორმები (დადებითზე გაცილებით მეტია) თავის თავში ატარებენ ბოროტ ხასიათს. ამ ნორმებს მიეკუთვნება: საზოგადოების კასტებად დაყოფა, უხეში ჩვევები, ველური გართობები, ტერორის განსხვავებული ფორმები და ა.შ. მასში ჩართულია აკულტურაციის მექანიზმი, რომელიც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის მცდელობას - გამოასწორონ დამნაშავე. როგორ გავუკეთოთ დემონტაჟი ამ ძალიან ცოცხალ მექანიზმს? როგორ შევწყვიტოთ კრიმინალური სუბკულტურის ბოროტი მახასიათებლები. რა თქმა უნდა, ამ დამნაშევეობის საკითხები უნდა ვეძებოთ საზოგადოების მოწყობის არასრულფასოვნებაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობის არათანაბარ განაწილებაში, განვითარებაში და კულტურაში, ინდივიდის პირად თვისებებში და კრიმინალური ტრადიციის როლში, რომლის გავლენაც არ შეიძლება ყურადღებაში არ მივიღოთ. 

რა გამოვა, თუ ამ პრობლემის გადაწყვეტას შევუსაბამებთ კომუნიკაციის სტაბილურობის, არასტაბილურობის კულტურის კრიტერიუმებს? თანამედროვე სემიოტიკის წარმოდგენის თანახმად, კულტურა, პირველ რიგში, არის ინფორმაციის გარკვეული მოცულობა, რომელიც გადაეცემა გენეტიკური გზით, ინახება არა ინდივიდში, არამედ საზოგადოებაში და ნორმალურადაა გადანაწილებული საზოგადოების მიერ თითოეულ ინდივიდზე; ეს ინფორმაცია ყველა ინდივიდის მიერ დაბადებიდანვეა გათავისებული. ყველაზე იდეალურ ვარიანტში, ამ ბოროტი ტრადიციების სრულად აღმოფხვრა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოხდება პატიმრების ერთმანეთისგან სრული იზოლირება. ანუ არ მოხდება მათ შორის ინფორმაციის გაცვლა. როგორ უნდა მივაღწიოთ კომუნიკაციური არხების შემცირებას? თუ დავფიქრდებით, ძალიან უბრალოდ - ბანაკების რაოდენობის შემცირებით.

მაგრამ ამ ყველა ზემოთ თქმულისგან გამოდის უფრო რადიკალური გადაწყვეტილება ამ ბანაკებთან დაკავშირებით - საერთოდ უარი ითქვას მათზე, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს უარი ეთქვას დიდი ხნის წინ შემუშავებულ მეთოდს - კოლექტიური შრომით გამოსწორებასთან დაკავშირებით. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის, მაგრამ მისი შეფასება სცილდება თემის ეთნოგრაფიულ ასპექტებს.

5. დანარჩენი საკითხები. 

ავტორი თავის ანალიზში დეტალურად არ განიხილავს ეთნოგრაფიულ თემებს, მაგრამ მისი დაკვირვება და აღწერა გვიბიძგებს სხვა რამეებზე მსჯელობისკენაც. მაგ: ლენინგრადის ბანაკში ნაციებს შორის ურთიერთოები არ იყო წინა პლანზე წამოწეული, რაც ბუნებრივია, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ერთი ნაციის იყვნენ. საინტერესოა ის, რომ ანტისემიტიზმი არ იყო შესამჩნევი მიუხედავად იმისა, რომ კოლონიაში ებრაელები იყვნენ. 

რით შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი? იმით, რომ ამ გარემოში არსებული ტენდენციები იშვიათად ღებულობდნენ საწინააღმდეგო მიმართულებებს? ავტორი ამაში სხვა მიზეზს ხედავს. ხდებოდა ებრაელის სტერეოტიპული ხედვის შეცვლა, რომელიც გარემოს ცვლილებასთან იყო დაკავშირებული.

ბანაკში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სექსუალურ ცხოვრებას, რომელი ჰომოსექსუალურზეა დაფუძნებული. ბანაკის ეთიკა გამოყოფს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს ციხის გარეთ და ციხეში. პირველი ითვლება სამარცხვინოდ, მეორე - არა. აქტიურ პარტნიორებს ბანაკშიც კი აქვთ უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე პასიურებს. იმ შემთხვევაში თუ ქურდს ბანაკში მოხვედრამდე არ ქონდა ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, ბანაკის დატოვების შემდეგ ის წყვეტს ასეთ ქცევებს.

საინტერესოა ფერების სიმბოლიკაც: წითელი - ტაბუირებულია, თეთრი ითვლება ცისფერების ფერად, რისი ახსნაც არავის შეუძლია. 

საერთოდ აღნიშნული სუბკულტურის სემიოტიკური საკითხები კვლევისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია. ავტორის აზრით, ეს კვლევა გვაძლევს საშუალებას, საკითხს მივუდგეთ/შევისწავლოთ სხვადასხვა კუთხით.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე