Print

დევიაცია და ქართველები

ავტორი: ანი ნიქაბაძე | თარიღი: . კატეგორია: პროფესორი გირჩევთ

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ანი ნიქაბაძე - თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მეორე სემესტრის სტუდენტი.

ამ მცირე მოცულობის ნააზრევში საკმაოდ დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ნაცადია ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების პირუთვნელი ანალიზი, შეიძლება გადამეტებასაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მთლიანობაში კარგად არის ნაჩვენები, თუ როგორ არ ვცემთ ქართველები(და არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველები, არამედ საქართველოს მოქალაქები) კანონსა და წესრიგს პატივს. აქ დამაფიქრებელი ის არის, რომ ამ პრობლემის ჯერ სათანადო დონეზე გააზრებას, ხოლო შემდეგ მისი გადაჭრის ეფექტური საშუალებების მოძიებას ქართული საზოგადოების გაჯანსაღების მიმართულებით უპირველესი მნიშვნელობა  აქვს. ველით გამოხმაურებებს: განსხვავებულად ვინ ფიქრობს? არ დაგავიწყდეთ, რომ ასე პირველკურსელი სტუდენტი ფიქრობს და წერს.
 

დევიაცია და ქართველები

ხშირად ვამბობთ ქართველები ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხალხი ვართო, თუმცა ასევე ხშირად გვავიწყდება იმის აღნიშვნა რომ ღმერთს სიზარმაცესთან ერთად უწესრიგობისკენ საოცარი სწრაფვა „მოუმადლებია“ ჩვენთვის. ალბათ, ამ ფაქტის მიჩქმალვა ქართველების ბუნებიდანაა გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ილიასეული სიმართლის სარკე სხვა არაფარია თუ არა მწერლის „ბოროტი“ განზრახვით შექმნილი ხაფანგი. შეიძლება შემადავოთ და მითხრათ, რომ ქართველებს საკუთარი ნაკლის აღიარების უნარი შესწევთ და რომ ამაზე დასაწყისში მოყვანილი მაგალითიც მეტყველებს, მაგრამ აბა დაფიქრდით საკუთარ სიზარმაცეს იმის გასამართლებლად ხომ არ ვიყენებთ რომ უნარების გამოუყენებლობა და საქართველოში შექმნილი ერთობ არასახარბიელო ვითარება გავამართლოთ?

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: ქართველები წესრიგითა და დაუწერელი თუ დაწერილი კანონებისადმი მორჩილებით ვერ დავიკვეხნით. ეს ფაქტი კი არათუ არ ადარდებთ ქართველებს, არამედ საამაყოდაც კი მიაჩნიათ რომელიმე წესის დარღვევა. ამით თითქოს ხაზს უსვამენ რომ მათზე მაღლა დგანან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამ უკანასკნელთა გარეშე საზოგადოებრივი ცხოვრება წარმოუდგენელია, მათი დარღვევის შემდეგ გაჩენილი სიამაყის გრძნობა კი იმაზე მეტყველებს რომ ქართველი ერის წევრთა უმრავლესობა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და  საერთო წესებისათვის პატვისცემისთვის მზად არ არის. ამის ემატება ისიც, რომ ქართველებს დევიაციისადმი განსაკუთრებული ყველა ერისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მათთვის მიუღებელია ის საქციელი, რომელიც კონკრეტულად ამ უკანასკნელთ ზიანს აყენებს, სხვა ადამიანები ჩვენთვის შესამჩნევნი ხდებიან მაშინ, როდესაც იდილიას გვირღვევენ. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაა საქართველოში დევიაციური ქცევა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ უჭირთ ქართველებს ამ ტერმინის ჭეშმარიტი მნიშვნელობის განსაზღვრა. 

ამაყ ქართველობას იმის აღიარებაც უჭირს, რომ არასწორად იქცევა, ამიტომ იყენებს განგებისგან მომადლებულ წარმოსახვის უნარს და ათასგვარ გამართლებას გამოუნახავს ხოლმე დევიაციურ საქციელს. იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელთა გასასამართლებელი საბუთები ისეთივე გულუბრყვილო და საღ აზრს მოკლებულია, როგორც ჩვენთვის ნაცნობი „პადპარუჩიკი N-ის“ ბუზების დაჭერის მეთოდი, ძნელია ქართული საზოგადოება  ზემოთ აღწერილი მეთოდის არაეფექტურობაში დაარწმუნო. როგორც ილია იტყოდა: „მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას“.

ეს ყველაფერი და თითოეული ცალ-ცალკე გახლავთ მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ქუჩებში ხშირად შეხვდებით წითელ შუქზე მორბენალ, მანქანისთვის გადასწრების სურვილით შეპყრობილ მოქალაქეებს; პოლიციელთან ხელჩართულად მებრძოლ ახალგაზრდას; ხანშისესულ ქალბატონს, რომელიც ისეთი სისწრაფით გაურბის კონტროლიორს, რომ გაოცებულს გტოვებს;  გამოცდიდან კონსპექტის შეტანის გამო მოხსნილ, ფრიად შეურაცხყოფილი სახით მოარულ ახალგაზრდას; წააწყდებით მდინარეებსაც, რომელთაც ქართველთა დევიაციისკენ სწრაფვის გამო წყლის ნაცვლად ნაგავი მოაქვს და ნახავთ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე როგორ „ამშვენებს“ რუსთაველის ძეგლს სარეკლამო პოსტერები. ყოველივე ეს ჩვენთვის ყოველდღიურობის იმდენად განუყოფელ ნაწილად იქცა, რომ ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ იმას, თუ რაოდენ უდიერად ვექცევით გარემოსა და თანამოქალაქეებს. 

ძნელია ისაუბრო იმაზე, თუ როგორი იქნება ქართველი ერი, თუ ეს უკანასკნელი დევიაციის უარყოფით გავლენას სათანადოდ შეაფასებს. არც ის არის ადვილი გასარკვევი, თუ როგორ უნდა გავხდეთ მეტად კანონმორჩილნი და როგორ დავიცვათ ის წესები, რომლებიც საზოგადოების არსებობის ქვაკუთხედად ქცეულა, ანუ როგორ გამოვიყენოთ  „საზოგადოებრივ ცხოველად“ გახდომის უნარი.  ეს, ალბათ,  ის საკითხია, რომელზეც მრავალი აზრი არსებობს, მაგრამ მათგან ერთის ამორჩევა და ცვლილების დაწყება რთულია. მანამ კი სანამ ჩვენს გონებაში რევოლუცია მოხდება ( ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) და  დევიაციურ ქცევასთან დაკავშირებულ შეხედულებებს გადავაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეც დევიანტი ვარ, თქვენც დევიანტი ხართ და “ტრიფონიც” დევიანტია.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე