Print

ქართველი მართლმადიდებელი სტუდენტის ფიქრები (სათაური შერჩეულია პროფესორის მიერ)

ავტორი: თამარ ჭუმბურიძე | თარიღი: . კატეგორია: პროფესორი გირჩევთ

წინა  ლექციაზე ვცდილობდი საკუთარი აზრის დაფიქსირებას რიტცერის ფრაზასთან დაკავშირებით, როდესაც ის საუბრობს თავისუფალი საზოგადოებისა და თავისუფალი შემოქმედების შესახებ. და საერთოდ, თავისუფლების შესახებ. თუმცა სამწუხაროდ, ბოლომდე არ მომეცა საშუალება, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი. ლექტორმა მირჩია, დამეწერა და ისე გამეცნო აუდიტორიისთვის ჩემი მოსაზრება. დავიწყებ ისევ რიტცერით. მას სურდა ეხილა თავისუფალი საზოგადოება, სადაც ადამიანის შემოქმედება არის თავისუფალი სხვადასხვა შეზღუდვებისგან. ლექტორმა გამოთქვა აზრი, რომ ალბათ მის ამ გამოთქმას ყველანი ვეთანხმებოდით. თუმცა რთულია დაეთანხმო რაიმე აზრს, რომელიც ეხება თავისუფლებას, რადგან არსებობს ამ სიტყვის მრავალგვარი გაგება.  მინდოდა იმის თქმა, რომ თუკი რიტცერი გულისხმობდა შეზღუდვებისგან თავისუფალ შემოქმედებაში იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება რაც უნდა და რაზეც უნდა დაწეროს, და მას ქონდა თავისუფლების ისეთი გაგება, როგორიც მაგალითად პოსტმოდერნისტ ფუკოს, რომ ნამდვილი თავისუფლება არის არა წესრიგში, არამედ ქაოსში, სადაც ყველაფერი ნებადართულია, ამ შემთხვევაში მე რათქმაუნდა არ ვეთანხმები რიტცერს.

მაგალითად მოვიყვანე არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი კონფლიქტი ქართულ საზოგადოებაში ერეკლე დეისიძის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც გააპროტესტეს მორწმუნეებმა. ზოგიერთს მოყავდა არგუმენტი, რომ ადამიანებს აქვთ უფლება წერონ რაზეც უნდათ, რადგან მათ  აქვთ ამის თავისუფლება. მე გამოვთქვი აზრი, რომ არ შეიძლება იმ უმსგავსობას, რაც მაშინ ილიას უნივერსიტეტში მოხდა თავისუფალი შემოქმედების უფლება დავარქვათ, არამედ ის იყო შეურაცხყოფა და უფლებების დარღვევა მართლმადიდებელი ეკლესიისა და იმ საზოგადოებისა, რომლის უმეტესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომლებსაც ალბათ დამეთანხმებით, რომ აქვთ უფლება და მეტიც, მოვალენი არიან ამოიღონ ხმა, როდესაც მის სიწმინდეებს შეურაცხყოფენ.  ჩემი ეს შეხედულება შეაფასეს, როგორც არა მეცნიერული, არამედ როგორც რელიგიური შეხედულება, რომელიც არის ფუნდამენტალისტური. ფუნდამენტალიზმი განმიმარტეს შემდეგნაირად: ფუნდამენტალიზმს აქვს ადგილი მაშინ, როდესაც რელიგიას აქვს პრეტენზია, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება და სხვა შეხედულების მქონეებს ჩათვლის მტრად და ძალადობასაც განახორციელებს მათ მიმართ. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვთვლი, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს რამდენიმე, ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება არის მართლმადიდებლობაში, მართლმადიდებელთა მტერი არის ეშმაკი, და არა ადამიანი, რომელიც ცოდვაში იმყოფება, ხოლო ძალადობა მისთვის მიუღებელია, მიუღებელია ასევე აგრესია და სიძულვილი ადამიანების მიმართ, თუმცა მისაღებია - ყოველგვარი ცოდვის მიმართ. მაგრამ თუ გავიხსენებთ ეკლესიის ისტორიას, ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე წმინდა ნიკოლოზმა არიოზს, რომელიც გმობდა ღმერთს, სილა გააწნა. ახლა როგორ გავიგოთ ჩვენ წმინდა ნიკოლოზის ეს საქციელი? ფუნდამენტალისტად და მოძალადედ შევრაცხოთ? როდესაც ქრისტე შევიდა ტაძარში, რომელსაც აგინებდნენ, ბილწავდნენ მოვაჭრეები, მან შოლტით დაურბია საკერმეები და გამოყარა იქედან მეკერმეები. და სიძულვილად შევურაცხოთ ქრისტეს ეს საქციელი? მაშინ როდესაც ის ჯვარზე გაკრული ლოცულობდა თავისი ჯვარმცმელებისთვის.. პრობლემა არის იქ, რამდენად სწორად ესმით ადამიანებს ქრისტიანული მოძღვრება,  ქრისტიანული სულის გაგება, აზრის გამოტანა წმინდა ნიკოლოზის თუ ქრისტეს საქციელიდან. ხომ არ შეიძლება ყველაფერს ცალმხრივად შევხედოთ?! „რაც არ უნდა კანონები გამოიგონოს ადამიანმა, და რაც არ უნდა წესები მოიფიქროს, ეკლესია მასზე მაღლა დგას, უფალი მეფობს“ თქვა ერთ-ერთმა ეკლესიის წარმომადგენელმა, რომელსაც სრულიად ვეთანხმები.  თუმცა დღეს ლექციაზე ლექტორიც და კურსელებიც მარწმუნებდნენ, რომ კონსტიტუცია ღმერთზე მაღლა დგას. და ვინ შექმნა კონსტიტუცია? ადამიანებმა. და ადამიანი ვინ შექმნა? ღმერთმა. და როგორ შეიძლება ადამიანის მიერ შექმნილი კონსტიტუცია იდგეს ადამიანების შემქმნელ ღმერთზე მაღლა?! თავი რომ დავანებოთ იმის თქმას, რომ ეს ღვთის გმობაა, იმაში მაინც დამეთანხმებით, რომ ეს არალოგიკურიცაა. და თუკი თქვენ იმაზე კამათს დამიწყებთ, რომ ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, არამედ ადამიანებმა შექმნეს თავიანთ წარმოდგენაში ღმერთი, ალბათ კამათის გაგრძელებას აზრიც არ ექნება. 

ლექციაზე ჩვენი კამათი გაგრძელდა იქამდე, რომ შევეხეთ 17 მაისის აქციის თემასაც, რომელზეც მეც ვიმყოფებოდი სხვა მორწმუნეებთან ერთად. მე ვცდილობდი დამეცვა ეკლესიის პოზიცია, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ჰომოსექსუალთა მხარდასაჭერი აქციის მიმართ, რომელიც გარყვნილებისა და უზნეობის პროპაგანდის ხასიათს ატარებს. ჩვენ ვხედავთ რა ხდება დასავლეთში, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება და ბავშვი აყვანის უფლებაც მისცეს მათ.  რის საფუძველზე იღებენ ამგვარ კანონებს? ვფიქრობ, თავისუფლების იმ დამახინჯებულ გაგების საფუძველზე, რომელიც თანამედროვეობაში არსებობს. ხშირად გავიგებთ ისეთ ფრაზებს, რომ როგორი პატივსაცემია დემოკრატიული ღირებულებები, და რომ კონსტიტუცია ყველაზე, თვით ღმერთზე მაღლა დგას (და საოცარი ის არის, რომ თუ შენ ამას არ აღიარებ, გეტყვიან ღმერთის წინააღმდეგ მიდიხარო) და რა კარგია, ჰუმანურია ევროკავშირი (რომელიც მომხრეა მსგავსი კანონების მიღებისა) და ა.შ. რას ნიშნავს დემოკრატია? ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას? და მაშინ სად არის საზოგადოების უმრავლესობის აზრის პატივისცემა, რომელსაც არ სურს ქვეყანაში „გეი-აღლუმების“ გამართვა?   დემოკრატია გულისხმობს უმცირესობათა ინტერესთა დაცვას. და რას ნიშნავს მათი ინტერესთა დაცვა? რა თქმა უნდა ის ადამიანები, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, დაცულნი უნდა იყვნენ ძალადობისგან, სიძულვილისგან, რასაც უნდა ითქვას, რომ ეკლესიაც ეთანხმება, და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეკლესიის მრევლში არსებობენ ჰომოსექსუალიზმით დაავადებულნი, რომელთაც ეკლესიის მოძღვარი კი არ ეჩხუბება, ლანძღავს, კარს უკეტავს, არამედ იღებს ქრისტიანული სიყვარულით და  ყველანაირად ცდილობს გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან, ისევე როგორც ნარკომანებს, ალკოჰოლით დაავადებულებს, ავაზაკებს, მოთამაშეებს, მეძავებს და ნებისმიერ სხვა მძიმე ცოდვაში ჩავარდნილებს. და სხვებს სწამთ თუ არა რწმენის ძალისა და სასწაულის, უნდა ითქვას, რომ ისინი ამ მდგომარეობიდან გამოდიან. ეკლესიის პოზიცია ნათელია მაშინაც, როდესაც ის არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, იმიტომ კი არა, რომ მას ამის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევს, არამედ იმიტომ, რომ მას ამის უფლებას თავად უფალი არ აძლევს. მაგრამ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც  სურთ მამათმავალთა მხარდასაჭერი აქციის გამართვა ქვეყანაში,  სადაც მოსახლეობის უმეტესობა ცხადია მას არ ეთანხმება, სადაც უპირატესი რელიგია არის მართლმადიდებლობა, რომლისთვისაც ასევე მსგავსი აქციების მოწყობა მიუღებელია მამათმავლობის მძიმე ცოდვად აღიარების საფუძველზე და სადაც არსებობს მოსალოდნელი საფრთხეები, რომელშიც იგულისხმება დასავლეთის რიგი ქვეყნების პრაქტიკა, როდესაც ბავშვებს ბაღში ადგმევინებენ სცენარებს, სადაც არის არა მეფე და დედოფალი, არამედ მეფე და მეფე, როდესაც ბავშვებს  აძლევენ სცენარებში ჰომოსექსუალთა როლებს და მათ ზრდიან იმ სულისკვეთებით, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ჩვეულებრივი მოვლენა და რომ მას შეუძლია აირჩიოს თავად, იყოს თუ არა გეი ან ლესბოსელი. ერთ-ერთ ლექციაზე იმაზე მსჯელობაც კი დავიწყეთ, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს ერთსქესიანთა ოჯახებისთვის ბავშვის აყვანის უფლების მიცემას. იმაზე მსჯელობის დაწყებაც კი, მითუმეტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოყვეს ჰომოსექსუალებისთვის ბავშვის გაზრდის უფლების მიცემას, უკვე ჩემი აზრით საგანგაშოა. სწორედ ამ საფრთხის წინააღმდეგ გამოვიდა ეკლესიის წარმომადგენლობაც, მრევლიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, მათ შორის სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც და უცხოელებიც. მას შემდეგ, რაც დილის 10 საათიდან დაიწყო შეკრება ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერებისა და გამოვიდა 100 ათასობით ადამიანი, ჰომოსექსუალთა მხარდამჭერებმა მაინც გადაწყვიტეს გამოსვლა შუადღით და არ მოერიდნენ ამდენი ადამიანის გაღიზიანებას, მითუმეტეს რუსთაველის გამზირზე, მითუმეტეს იმ დღეებში, როდესაც ავღანეთიდან გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცები ჩამოასვენეს და მითუმეტეს შარშან მიღებული გამოცდილებისა მსგავსი აქციის გამართვისას. მათ არ გაითვალისწინეს არც ეკლესიის წარმომადგენელთა მოწოდება, რომ თავი შეეკავებინათ ამგვარი აქციებისგან. და გამოვლინდა აგრესია, რომელიც მიუღებელია ეკლესიისთვის. თუმცა, რა მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ. საღამოს „თავისუფლების“ მქონე ტელევიზიები საუბრობენ ყოველ ერთ საათში იმაზე, რომ მამაოს ეჭირა სკამი და რომ მამაო იგინებოდა. და ვისმენთ ლანძღვას მამებისა, მეუფისა და მთელი ეკლესიისა ეგრეთ წოდებული „ელიტის“ მხრიდან, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა ბოკერიას მეუღლე 2 საათის განმავლობაში გადაცემა „პოზიციიდან“ გვასწავლიდა ქრისტიანულ მოძღვრებას და მხოლოდ 5 თუ 10 წუთი ეთმობოდა ეკლესიის პოზიციის მომხრეთა აზრის გამოთქმას. და არავინ არ უშვებს იმ კადრებს, როგორ მოგვიწოდებდნენ ჩვენ აქციაზე სიმშვიდისა და ბილწსიტყვაობისგან თავის შეკავებისკენ, არავინ საუბრობს მოძღვართა იმ დიდ ნაწილთა როლზე და დამსახურებაზე, რომელთა იქ ყოფნის გარეშე ნამდვილად გაცილებით უარესი შედეგები მოყვებოდა ადამიანების გამოხატულ აგრესიას, არავინ საუბრობს იმაზე, რომ მამები წინა დღით მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე იყვნენ შეკრებილნი და პარაკლისებს იხდიდნენ, ლოცულობდნენ  მშვიდობისათვის, არავინ საუბრობს იმ კურთხევაზე, რომ დედაც რომ ვინმეს შეეგინებინა ჩვენთვის, ჩვენ მხოლოდ უნდა გვეპასუხა: „ღმერთმა შეგინდოთ“, არავინ საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლის გამოც უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, და რომელიც შესაძლოა მოყვეს ჰომოსექსუალთა მხარდამჭერი აქციების ჩატარების დაშვებას. ატრიალებენ ტელევიზიაში მხოლოდ იმ კადრებს, როგორ იგინება ერთი სასულიერო პირი და მეორეს როგორ ეჭირა სკამი ხელში, და არავის უნდა იმის გარკვევა, რატომ ეჭირა სინამდვილეში მას სკამი, ან საკმაოდ დიდ მანძილზე რომ მირბის სასულიერო პირი და იგინება, რატომ მიყვება ამხელა მანძილზე მას გადამღები, იღებს მხოლოდ სასულიერო პირს და არ იღებს იმას, რამ აღაშფოთა ის, რას ხედავს და საით მირბის, ან რა ვიცით ჩვენ სინამდვილეში ნამდვილად იგინება თუ არა ის სასულიერო პირი, თუ ძნელია დღევანდელ დღეს განვითარებული ტექნოლოგიების ხანაში იმის ჩვენება ეკრანზე, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, ან თუნდაც ეს მართალი აღმოჩნდეს, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, როგორი იქნება ამაზე პატრიარქის და ეკლესიის წარმომადგენელთა პასუხი, იქნებ ის თავად თხოვს ამ სასულიერო პირებს პასუხს.. გვესმის მხოლოდ ის, რომ მამები არიან საშინელი ადამიანები, რომ მეუფე იაკობი ანტიქრისტეს უფრო მეტად გავს (ეს ბრალდება მისი მტკიცე და მკაცრი პოზიციის გამო მიიღო მან ), რომ აქციაზე გამოსული ხალხი იყვნენ ზომბირებულნი და სხვისი გავლენის ქვეშ, რომ ეკლესია არასწორად და ცუდად იქცევა, რომ ეს მისი საქმე არ არის და ა.შ. და თუ მე ეკლესიის სავსებით გასაგებ, მისაღებ, ქრისტიანულ, მკაცრ, მტკიცე პოზიციას ვუჭერ მხარს, ესე იგი მე მძულს ჰომოსექსუალები, ვარ ამპარტავანი, მივდივარ ქრისტეს წინააღმდე, არ ვარ მართალი და ამიტომ არ უნდა მომეცეს საშუალება ლექციაზე ბოლომდე დავასრულო აზრი, და რომ ღმერთმა მიმატოვა და ამიტომ ვარ გაბრაზებული, და რომ მე კარგად არ მისწავლია სოციოლოგიური თეორიები და ამიტომ არ ვარ განთავისუფლებული ასეთი „ბნელი“ აზროვნებისგან, რომ მე სხვისი გავლენის ქვეშ ვარ მოქცეული და ა.შ.

ღმერთმა იცის რამდენად დამეხმარება  მე „სიბნელისგან“ გამოსვლაში იმ სოციოლოგიური თეორიების ცოდნა, რომლებსაც 4 წლის მანძლიზე გავდიოდი, და იმ ფილოსოფოსთა აზრის გათვალისწინება, რომელთა დიდი ნაწილი გმობს ღმერთს, მაგალითად ზიმელი, როდესაც ის ძველი აღთქმის პატრიარქებს პირდაპირ მატყუარებს უწოდებს, მაგალითად მთლიანად პოსტმოდერნისტები, რომლებიც თვლიან, რომ ღმერთი არ არსებობს, როგორც ობიექტური რეალობა, არამედ ის მხოლოდ ადამიანების წარმოდგენაშია, მოდერნულ საზოგადოებას რაც შეეხება, მას ასეთი სულისკვეთება აქვს: მოდერნულ (თანამედროვე) საზოგადოებაში სამყაროს ცენტრად ითვლება ადამიანი, და ყველაფერი კეთდება ადამიანის ინტერესებისა და სურვილებისთვის. ადამიანი თავის თავს მიაწერს ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებას და სურს, რომ ეს სამყარო მართოს საკუთარი გონებით. მორწმუნე ადამიანი ამ სამყაროში ხედავს ღვთის სიბრძნეს და ადიდებს მას: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულთა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“(ფს.). მოდერნული საზოგადოება კი ამ სამყაროში ეძებს სარგებელს და უარყოფს ღმერთს.  განმანათლებლური აზროვნების აღიარებული პრინციპია: „თვითობა ღმერთის გარეშე, მაგრამ გონების ძალაუფლების ხელში“. თუმცა აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ დიდი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს“.  იქნებ სწორედ მოდერნულ და პოსტმოდერნულ აზროვნებას შეესაბამება ილია მართლის ზემოთ მოყვანილი სიტყვები, განსაკუთრებით კი შემდეგი: „მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი“. და იქნებ ამ ამპარტავნების ბრალია, თანამედროვე საზოგადოება როდესაც „კლავს“ ღმერთს?! 

მაგრამ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ უნივერსიტეტში, სადაც ასე ძალიან მინდოდა ჩაბარება და სწავლა, სადაც ლექტორებისგან ველოდი, რომ ვისწავლიდი რაიმე კარგს, ღირებულს, გავეცნობოდი  ნამდვილ მეცნიერებას, რომელსაც სინამდვილეში ღვთის გმობამდე კი არა, ღმერთამდე მივყავართ, მესმის ხშირ შემთხვევაში ცინიზმით სავსე დამოკიდებულება ეკლესიისადმი, მორწმუნეებისადმი, ასევე ჩემი კურსელებისგან მესმის სიძულვილით სავსე სიტყვები პატრიარქისადმი, მღვდლებისადმი,    მესმის მეუფე იაკობისადმი სრულიად უპატივცემული დამოკიდებულება და ბრალდება, მესმის  ასევე სრულიად უსამართლო ბრალდებები ანტიქრისტიანობისა, სიძულვილისა, ასევე იმ მამებისადმი, რომლებიც თავს არ იშურებენ ადამიანების, საზოგადოების საკეთილდღეოდ და თავს არ იზოგავენ იმისთვის, რომ საზოგადოება, მომავალი თაობა დაიცვან სხვადასხვა საფრთხეებისგან, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სწავლება ეკლესიისა და ქრისტიანული სული, და როცა საჭიროა გამოვიდნენ და ხმამაღლა, მტკიცედ და თუ საჭიროა მკაცრადაც თქვან თავიანთი სათქმელი, რომელიც ერს გამოსაფხიზლებლად სჭირდება ხოლმე.. დღეს ეს მამები ილანძღებიან გარყვნილი ადამიანების მიერ, ილანძღებიან პროფესორების მიერ, ილანძღებიან დემოკრატიული ღირებულებების მოყვარე ახალგაზრდების მიერ და ბევრი სხვა ადამინის მიერაც. ილანძღება ეკლესიაც მათ მიერ..დღეს მიჩნეულია უნივერსიტეტში, რომ კონსტიტუცია დგას ღმერთზე მაღლა. დღეს საუბრობენ უნივერსიტეტში, რომ ჰომოსექსუალებს უნდა მივცეთ ბავშვების აღზრდის უფლება. რადგან ასეა მიჩნეული ევროკავშირში, თუ დასავლეთში, რადგან ასე ფიქრობდნენ ოქსფორდში თუ სხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ნასწავლი თეორეტიკოსები და თუ ჩვენც ამას არ მივემხრობით, მიუღებელნი ვიქნებით დასავლეთისთვის, და ეს ხომ „ტრაგედიაა“.. მე თუ კონსტიტუციას ღმერთზე მაღლა დავაყენებ, მისაღები ვიქნები დასავლეთისთვის და გამოვალ იმ „სიბნელიდან“ „განმანათლებლობისკენ“, მაგრამ ამავე დროს მიუღებელი ვიქნები ქრისტესთვის, რომელიც ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას და რომელიც ჩემთვის ეცვა ჯვარს.. ვიცი მიპასუხებთ, ასეთი აზროვნებით სოციოლოგი ვერ გამოხვალ, რადგან ეს არამეცნიერული აზროვნებააო, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ რა არის ნამდვილი მეცნიერული აზროვნება, და ვაცნობიერებ იმასაც, რომ მეცნიერულ აზროვნებას ადამიანი საბოლოოდ ღმერთამდე მიყავს. ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ უამრავ წმინდა მამას, რომლებიც ფლობდნენ არაჩვეულებრივ მეცნიერულ ცოდნას, და ასევე მეცნიერების ისტორიაში აღმოაჩენთ უამრავ მეცნიერს, რომელიც თავისი მეცნიერული ცოდნით და სიმდაბლით ღმერთამდე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს თემა ჩემთვის, გავეცანი უამრავი საინტერესო მეცნიერისა თუ წმინდა მამის დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, და გამიჩნდა დიდი პატივისცემა და ინტერესი მეცნიერებისადმი და გამიძლიერდა უფრო მეტად რწმენა ღვთისადმი, მაგრამ ამავე დროს ვხედავ, რომ დღესდღეობით ბატონობს „ფსევდომეცნიერება“, რომელიც არა მარტო რელიგიას, არამედ თავად მეცნიერებასაც ეწინააღმდეგება, და რომელზეც პირველ საუკუნეში წინასწარმეტყველებდა პავლე მოციქული: „სხვადასხვა დარგის მეცნიერთა და ხელოვანთა მოსახელთებლად, ანტიქრისტე გამოიყენებს მოხიბლვის ხელოვნებას თავისი სიტყვით, ფსევდომეცნიერული და მომხიბვლელი სამეცნიერო თეორიებით“ (თეს.მე-2,2). ეპისკოპოსი თეოფანე კი ამბობს: „მათ (ვინც „სიყვარული იგი ჭეშმარიტებისა არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგინი“) გულებთან ახლოს იქნება ის, რასაც ანტიქრისტე იტყვის, რომელსაც შეუძლია თითოეული ასეთი ადამიანი თავისი ვერაგი სიტყვებით და იმ მოჩვენებითი სიბრძნით აცდუნოს, რომლის წინაშეც ასეთი ადამიანებისთვის საღვთო ჭეშმარიტების სიბრძნე ძალზე უბრალოდ და პრიმიტიულად გამოჩნდება. ამასთან, ანტიქრისტეს ცბიერი სიტყვით გამოსვლები გარყვნილი გულისთვის მაამებელი  იქნება, ასევე - თანამედროვეთა გარყვნილი ცხოვრების მაამებელი.“ (სახელმძღვანელო წმინდა წერილის ახალი აღთქმის წიგნების შესასწავლად,გვ.219).  

დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, ამ ჩემს ნაწერს რა კომენტარები მოყვება, ზოგი იტყვის რომ „სიბნელიდან“ ისევ ვერ გამოვედი, ზოგი იტყვის, რომ განვიკითხავ და მძულს განსხვავებული ადამიანები, ზოგი იტყვის რომ ამპარტავნება მალაპარაკებს, ზოგი იტყვის რომ ფანატიკოსი და ფუნდამენტალისტი ვარ, ზოგი იტყვის რომ ფარისეველი ვარ, ზოგი უბრალოდ დამცინებს და იტყვის რომ იმ „ფუნდამენტალისტი მღვდლების“ „მარიონეტი“ ვარ, ზოგი კი  ღვთისგან მიტოვებულად მიმიჩნევს. მაგრამ ჩემთვის გულსატკენი ის არის, რომ დღეს თავდაუზოგავად იცავენ დასავლურ ღირებულებებს და კარგავენ სულს, თავგამეტებით იცავენ ჰომოსექსუალთა უფლებებს, სინამდვილეში კი გარყვნილების პროპაგანდას უჭერენ მხარს და აგინებენ მღვდლებს და ეკლესიას, ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ, „სიბნელეში“ მყოფებს ეძახიან ადამიანებს, რომლებიც ნათლად ხედავენ მომავალ საფრთხეს, რომელიც მათ შვილებს ემუქრებათ და ამას ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან, და ტრაგედიაა ის, რომ დღეს ყველა ორ სასულიერო პირზე ლაპარაკობს, და არა ნამდვილ პრობლემაზე, ისიც სამწუხაროა, რომ დაკარგეს პატივისცემა ადამიანებმა ყოველგვარი სიწმინდისადმი და მათთვის ძალიან მარტივია გალანძღონ მოძღვრები, მეუფეები, განიკითხონ პატრიარქი, დაგმონ ძალიან მარტივად ღმერთი და მასზე მაღლა დააყენონ კონსტიტუცია. ჩემთვის ძალიან რთულია ვისმენდე მშვიდად ღვთის გმობას, ეკლესიის შეურაცხყოფას, სამღვდელოების უპატივცემულობას, მორწმუნეებისადმი ცინიკურ და ზოგჯერ ზიზღიან დამოკიდებულებას უნივერსიტეტში. ეს არ ეხება მხოლოდ დღევანდელ ლექციას, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას.  მე ვცდილობდი რომ თითოეულ შემთხვევაზე, როდესაც ითქმებოდა ქრისტიანული მოძღვრების საწინაამდეგო თვალსაზრისები „ფსევდომეცნიერული“ თეორიებით გამართლებული, გამომეთქვა აზრი  და დამეცვა ის შეხედულებები, რომელიც ეკლესიას ექნებოდა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ამგვარი თვალსაზრისები გაუმართლებელია, რადგან ატარებს არა მეცნიერულ ხასიათს, არამედ ფუნდამენტალისტურს , და ამიტომაც ყოველი აზრის გამოთქმის დაწყებისას მე მაწყვეტინებდნენ, რადგან როგორც „ამიხსნეს“ არ ვიყავი მართალი. და იმის გამო, რომ მე მომიწევდა ლექციებზე ჯდომა და მოსმენა სხვადასხვა არაქრისტიანული თვალსაზრისებისა, მაგალითად იმისა რომ კონსტიტუცია ღმერთზე მაღლა დგას, და მე არ მომეცემოდა საშუალება ამგვარ  აზრთა გაკრიტიკებისა თუნდაც ჩემი რელიგიური მრწამსიდან და რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, ან თუ გავაკრიტიკებდი და ეს შეფასებული იქნებოდა, როგორც „ზომბირებული“, „ფუნდამენტალისტი“, ან „მარიონეტი“ სტუდენტის ნათქვამი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი მეთქვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრელებაზე, რადგან ჩემთვის ყველაზე მაღლა ღმერთი დგას და ძალიან რთულია, მიუღებელია  ამგვარი აზრის გათვალისწინება, რთულია ეკლესიის და მოძღვართა, მეუფეთა  ლანძღვის და ცილისწამების მოსმენა. უნივერსიტეტის დიპლომი არ მიღირს ამგვარი უსამართლოების მოთმენად.  თუმცა უარი არ მითქვამს განათლებაზე, ცოდნაზე, მეცნიერებაზე. მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ჩემი მოძღვარი და მხოლოდ იმის გამო, რომ მე პატივს ვცემ და ვითვალისწინებ მის აზრს, უარს ვამბობ საკუთარი გადაწყვეტილების განხორციელებაზე.

მე ვიტოვებ იმედს, რომ ღვთისგან მიტოვებული (როგორც მიწოდეს) არ ვარ და ასევე ვიტოვებ იმედს, რომ არც თქვენ ხართ ღვთისგან დატოვებულნი, ვინც ამას მეუბნებით. გპირდებით ასევე, რომ ვეცდები დავიცვა ის ორი მთავარი მცნება, რომელზეც დაფუძნებულია მთელი მართლმადიდებლური მოძღვრება, ვგულისხმობ მთელი გულით, გონებით და სულით ღვთის და მოყვასის სიყვარულს. და ბოლოს, თუ მე, როგორც ქრისტიანმა რაიმე შევცოდე თქვენს წინაშე და რაიმეთი დაგაბრკოლეთ, გთხოვთ შემინდოთ და ამის გამო ქრისტიანობას ნუ მოსცხებთ ჩირქს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე.

p. s. ბატონო ამირან, თქვენ ერთ-ერთ ლექციაზე, ცოტა არ იყოს, ირონიულად მკითხეთ, რა იყო, მორწმუნე ხარო? მე გამეცინა მაშინ და არაფერი გიპასუხეთ. არ ვიცი ჩემი „ფუნდამეტალისტური“ აზროვნების გამო მკითხეთ, თუ ჩემი „უცნაური“ ჩაცმულობის გამო. მაგრამ ახლა მინდა გიპასუხოთ, რომ დიახ, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ.

4 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში და სამწუხაროდ, ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ეს სიტყვები, რომლებიც ერთ-ერთ ლექციაზე უკვე ვთქვი, რომ უნივერსიტეტები, სადაც ღვთის გმობას ფსევდომეცნიერული თეორიებით ალამაზებენ, ეკლესიის სწავლებას ამახინჯებენ და ხელს აწერენ მის წინააღმდეგ ბრძოლას, მიიღებენ დემონების მოსავალს. იმედი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ აზრს სიძულვილად არ შემიფასებთ.

რაც შეეხება თქვენს სტუდენტს, რომელიც დღეს სასულიერო პირია და რომლის შესახებაც თქვენ ამბობდით, კარგი მეცნიერი დადგებოდა ის გზა, რომ არ აერჩიაო, გარწმუნებთ, რომ გაცილებით უკეთეს გზაზე დგას (თუ, რა თქმა უნდა, სწორად დგას ამ გზაზე), ვიდრე ის ლექტორები, რომელთა ცოდნა არა რწმენაზე, არამედ ამპარტავნებაზეა დაფუძნებული.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე