Print

მოსაზრებები მაქს ვებერის სტატიაზე ,,მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია"

ავტორი: ანა ყარალაშვილი | თარიღი: . კატეგორია: პროფესორი გირჩევთ

თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია ის საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ საუბრობდა ვებერი. 

დღეს ლიბერალური ღირებულებები უფრო და უფრო მყარად მკვიდრდება. განსაკუთრებით დაფასებულია  ყველა ის წარმატება, რასაც ადამიანი საკუთარი ძალისხმევის წყალობით სისტემების წინააღმდეგობების მიუხედავად აღწევს.  ჩნდება მეტი ამბიცია და მოთხოვნა, შექმნა რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული, რაც მოგიტანს აღიარებას, პრესტიჟს და, შესაბამისად, ეკონომიკურ კეთილდღეობასაც.  ვინაიდან თანამედროვე სამყაროში მზარდ სპეციალიზაციას მივყავართ კულტურული სამყაროს სხვადასხვა შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან, ადამიანი

კარგავს კულტურის მთლიანობის შეგრძნებას, წარმატების მისაღწევად კი - აუცილებლად ერთ კონკრეტულ სფეროში უნდა ჩაიკეტოს და მის განვითარებას მიუძღვნას მთელი ცხოვრება. ეს ტენდენცია ცხოვრების ყველა სფეროში იკვეთება და განსაკუთრებით, მეცნიერებაში. თუ ადრე მეცნიერებაში „სულით და გულით ჩაფლობა“ (რის მნიშვნელობაზეც ვებერი გვესაუბრება) მეცნიერის პიროვნული თვისების შედეგი იყო, დღეს ეს უბრალოდ მოთხოვნაა. ერთი შეხედვით, ეს კარგია იმ მხრივ, რომ ყოველი ღირებული მეცნიერული მიღწევა მიმართულია ცხოვრების გაუმჯობესებისკენ, თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, ხომ არ აქვს ამ ტენდენციას ისეთი უარყოფითი შედეგებიც, რომლებიც მის ღირებულებას ამცირებს?

ვებერი აღნიშნავდა, რომ მეცნიერება თავისი არსით ძალიან რთული რამაა. იგი ხელოვნებას ჰვავს იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მოითხოვს ახალ იდეებს და ძველი გამოცდილების საფუძვლიან ცოდნას. თავად მე, როცა სოციოლოგიის შესწავლის დაწყებით მეცნიერების უზარმაზარ სამყაროში პირველად შევდგი ფეხი, მომენტალურად დამემსხვრა წარმოდგენა, რომ მეცნიერული „მიღწევის შექმნა“ ჰგავს საფეხურებს, რომლებზე ასვლაც გონებისა და მოთმინების შემწეობით უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი, რადგან ისევე როგორც ხელოვნებაში, აქაც ცალსახად აუცილებელია იდეა, გენიალური იდეა, რომელიც ხშირად ძალიან მარტივია და მოდის როცა არ ველით, მაგრამ ხშირადვე ველით და მოლოდინი მოლოდინად რჩება. ამიტომ ვთვლი, რომ მეცნიერებაში „სულით და გულით ჩართვა“ ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან შეიძლება მოაზროვნე ადამიანმა დიდი ძალისხმევა დახარჯოს და იდეის უქონლობის გამო დარჩეს უბრალოდ კარგ სპეციალისტად და ვერასდროს გახდეს კარგი მეცნიერი. თანამედროვე სამყაროში ამ თვისებას კრეატიულობად მოიხსენიებენ და, ამასთან, რაც უფრო იზრდება ზოგადად საზოგადოების ორიგინალურად აზროვნების ხარისხი, მით ნაკლები ადამიანი იმსახურებს კრეატიულის „ტიტულს“. გარდა ამისა, მეცნიერება დაუსრულებელი რამაა და ცოტათი სევდისმომგვრელიც კია ის ფაქტი, როცა იცი, რომ აუცილებლად იქნება მომავალში ვინმე, ვინც შენს მეცნიერულ აღმოჩენაზე დაყრდნობით მომდევნო აღმოჩენებს გააკეთებს, რომლებიც შენს აღმოჩენას „ჩაანაცვლებს“ თავისი მნიშვნელობით. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მართალია ნამდვილი მეცნიერები, რომლებიც მეცნიერებას თავიანთ მოწოდებად თვლიან, საზოგადოებისთვის ნამდვილად ღირებულ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ამასთან, ბევრ რამეზე უარის თქმითა და მუდმივი რისკის ქვეშ ყოფნით, თავიანთ ცხოვრებას „სწირავენ“. თანაც რას  სწირავენ - მეცნიერებას, მაშინ, როცა არც კი ვიცით, საჭიროა კი სამყაროს ამდენი კვლევა? აქვე ჩნდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მეცნიერების არსის, საჭიროებისა და დანიშნულების შესახებ.

ზოგადად, არსებობს წარმოდგენა, რომ მეცნიერული ცოდნა გვეხმარება, უკეთ შევიცნოთ სამყარო, მე კი მიჩნდება ეჭვი, რომ მეცნიერება შეიძლება სამყაროს სწორ აღქმაში ხელს გვიშლის იმით, რომ ჩვენს გონებას და ხედვას აქცევს გარკვეულ საზღვრებში, რის შედეგადაც ყოველივეს მეცნიერულად განსაზღვრული კუთხით ვუყურებთ. თანაც, მეცნიერებას (თუნდაც ემპირიული იყოს), არ მგონია, რომ შეუძლია სამყაროს აბსოლიტური გაგება და ჩემი აზრით, ეს არც არის საჭირო, რადგან უფრო ღირებულად მიმაჩნია მეცნიერების კონცენტრაცია რეალურად არსებულ თვალსაჩინო პრობლემებზე. მეცნიერებას შეუძლია მხოლოდ მოგვიკლას რწმენა, რომ შესაძლებელია სამყაროს არსის გაგება, მეცნიერება ვერ მიგვიყვანს ჭეშმარიტ შემეცნებამდე, ვერ გვეტყვის როგორ ვიცხოვროთ, ვერ გაგვხვდის უფრო ბედნიერს და, ამასთან, უფრო მეტად დაგვაშორებს ბუნებას. მიმაჩნია, რომ დღეს უკვე საზოგადოებაშივე ღვივდება  უარყოფითი დამოკიდებულება მეცნიერების ადამიანებზე გაბატონების და მზარდი რაციონალიზაციის წინააღმდეგ, რასაც ვებერი „რაციონალიზაციის რკინის გალიად“ მოიხსენიებდა. მგონია, რომ უკვე დროა, ადამიანები გათავისუფლდნენ ფუჭი მეცნიერული ინტელექტუალიზაციისგან, რადგან რაც უფრო იზრდება საზოგადოების მეცნიერული ცოდნის დონე, მით უფრო მკაცრდება სტანდარტები, რითიც ადამიანის ინტელექტუალობა ფასდება. ყველა ცდილობს დააკმაყოფილოს ეს მზარდი სტანდარტები, რის გამოც ადამიანები გახდნენ „საკუთარი მიზნის შესაბამისად მოქმედი ტაქტიკოსები“, რომლებიც საკუთარი თავიდან ცდილობენ ირაციონალური გრძნობების განდევნას და უფრო და უფრო მეტად შორდებიან იმას რასაც ადამიანი ჰქვია. 

ამრიგად, მიმაჩნია, რომ მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანმა სასარგებლოდ გარდაქმნას სამყარო, მაგრამ არ უნდა ჩაუნერგოს მას სამყაროს ხედვის სქემები და რწმენები. რა ხდება დღეს? მეცნიერების ცოდნა ცალკეულ ადამიანს  ეხმარება, რომ შეიმუშაოს აზროვნების ტექნიკა, მეთოდები, სამუშაო ინსტრუმენტები, რომლებიც გამოადგება მას, რომ მიაღწიოს თავის მიზნებს და „აჯობოს სხვას“. ფაქტიურად, მეცნიერება გახდა ცხოვრების მიზანი და არა უკეთესი ცხოვრების საშუალება. ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალობაა, რომელსაც თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში ვერსად გავექცევით. 

მაინც მგონია, რომ რაღაც ეტაპზე, ადამიანები თავად მივლენ იმ აზრამდე, რომ აღარ მისცენ მეცნიერებას უფლება, გააკონტროლოს მათი ცხოვრება.  ვებერი აღნიშნავდა, რომ ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ცხოვრების „დემონი“, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ემსახურება. ზოგი ადამიანისთვის ეს შეიძლება მეცნიერება იყოს, თუმცა ვთვლი, რომ ამაზე მაღალი მიზანი მაინც ადამიანი და ადამიანთა სიყვარულია.

პროფესორ ამირან ბერძენიშვილის რჩევით

 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე