Print

მე - მე

ავტორი: თამარ ნიკოლეიშვილი. კატეგორია: მე პიორვნება

მცენარეებიდან მე ვარ კაქტუსი - შორიდან ვერავინ მამჩნევს, ახლოდან კიდევ ვიკბინები, თუმცა მაინც ვარსებობ, იმიტომ, რომ მოვლა - პატრონობასა და ყურადღებას არავისგან ვითხოვ.

ფრინველებიდან მე ვარ სირაქლემა - საფრთხის გამოჩენამდე მაღალ ფეხებზე ვდგავარ, მისი მოახლოებისთანავე ვიმალები.

ცხოველებიდან მე ვარ აქლემი - საკმარისია, შემომხედოთ.

სპორტსმენებიდან მე ვარ ჩოგბურთელი - დაღლით მე ვიღლები და ლაპარაკით კომენტატორი ლაპარაკობს.

 

სიმღერებიდან მე ვარ “Iron Maiden”-ის რამე -  ბევრს ვყვირი და ძალიან ცოტას ესმის ჩემი.

წიგნებიდან მე ვარ „მარტოობის ასი წელიწადი“ - წასაკთხად რთული ვარ, მაგრამ თუ შეძლებენ, მერე ამაყობენ, რომ წამიკითხეს.

ფილმებიდან მე ვარ „დაწვი წაკითხვის შემდეგ“- იციან, რაღაც მნიშვნელოვანს ვიტევ, მაგრამ რამდენჯერაც უნდა მნახონ, მაინც არაფერი ესმით.

საჭმელებიდან მე ვარ გუფთა - უმრავლესობას ვეზიზღები, მაგრამ ისეთებიც არსებობენ, ვისაც ვუყვარვარ.

ლექსებიდან მე ვარ „დროშები ჩქარა“ - ავტორი კარგი მყავს და  თუ ზოგადად  დიდი ვერაფერი, ავტორის ხათრით მაინც არამიშავს.

შენობებიდან მე ვარ „ხრუშჩოვკა“- დაბალი ვარ, უღიმღამო და მოსაბეზრებელი, მაგრამ მეჩვევიან და მერე უჩემობა უჭირთ.

წელიწადის დროებიდან მე ვარ ზამთარი - როცა მათთან ვარ, ამბობენ, რომ ცივი ვარ, როცა სხვები თავს მოაბეზრებენ, მხოლოდ მაშინ ნატრობენ ჩემს მოსვლას.

ქვეყნებიდან მე ვარ ჩილე - არც  ეგზოტიკური ვარ, არც რამით გამორჩეული, არც უძველესი და არც მაღალგანვითარებული, უბრალოდ, მაქვს რაღაც, რის გამოც ჩემი ნახვა ღირს.

ციტრუსებიდან მე ვარ კივი - გარედან უხეში ვარ, შიგნიდან რბილი და ხანდახან სასიამოვნოც. თუმცა მეც მაქვს ბევრი შავი წერტილი.

ნახატებიდან მე ვარ ფიროსმანის „წიქარა“ - ვიღაცები ამბობენ, რომ კარგი ვარ, მაგრამ ვერავინ ხვდება - რატომ.

გადაცემებიდან მე ვარ „შუადღე“- არავინ მისმენს, თუ უსაქმური არაა, მაგრამ მე მაინც ვლაპარაკობ, თან ვმეორდები ხოლმე.

პერსონაჟებიდან მე ვარ გოჭი ვინი პუჰიდან -  მთავარი გმირის დასახელების გარეშე, ვერავინ ხვდება ვინ ვარ.

ასოებიდან მე ვარ  იოტა - თუ საქმეს არ დასჭირდა, არავის ვახსენდები.

ტელეფონებიდან მე ვარ 140 ლარიანი ნოკია - არც იმდენად იაფფასიანი ვარ, რომ ჩემ გამო ვინმეს დასცინონ და არც იმდენად ღირებული, რომ აღნიშვნად ვღირდე.

მეცნიერებებიდან მე ვარ ასტრონომია - არავის ვჭირდები და არც რამე მატერიალური სარგებელი მომაქვს, მაგრამ ყველა ფიქრობს, რომ ოდესმე გამომიყენებენ.

კანონებიდან მე ვარ კანონი „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ"- ყველამ იცის, რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, მაგრამ ამას მაინც არავინ ითვალისწინებს.

პოლიტიკური სისტემებიდან მე ვარ პოლითეა - ადრე ერთს მაინც მოვწონდი და ახლა ამ მოწონებასაც სხვა სახელი დაარქვეს.

სიტყვებიდან მე ვარ „ძალზედ“- ძირითადად „ძლიერ“-ს იყენებენ, მაგრამ ათასში ერთხელ, მრავალფეროვნებისთვის, ჩემით ჩაანაცვლებენ ხოლმე.

ქუჩებიდან მე ვარ ლიხაური - თუ ჩემთან ახლოს არ ხარ, წარმოდგენაც არ გაქვს, სად ვარ.

ფერებიდან მე ვარ ნაცრისფერი - არც ძალიან მკვეთრი ვარ და არც ძალიან შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც ურჩევნიათ, რადიკალური ეპითეტები დამირთონ.

ჭურჭლებიდან მე ვარ ტყემლის ბოთლი - საქმისთვის მე მიყენებენ და გამოსაჩენად შემცვლელი გამოაქვთ.

ადამიანებიდან მე ვარ მე.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე