ბავშვები და კომპიუტერი
ბავშვობა ალბათ ის პერიოდია, რომელსაც მოზრდილ ადამიანთა უმრავლესობა მუდამ შენატრის და ხშირად დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს. ეს არის ცხოვრების ეტაპი, როცა ყველაზე ცოტა საზრუნავი გაწუხებს. თუ გავიხსენებთ ჩვენს ბავშვობას, ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც დამეთანხმებით, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო მშობელს უდროო დროს არ შეეწყვეტინებინა თამაში. 10 წლის წინ, როცა ჩვენ 9-10 წლისები ვიყავით, მართალია საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან უჭირდა, მაგრამ ჩვენ ესეც არ გვაწუხებდა და თუნდაც 1 საათით ანთებული ნათურაც კი ბედნიერებას გვანიჭებდა.
იმ დროს ჩვენს უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იყო პერსონალური კომპიუტერი. თუმცა 10 წელი ტექნოლოგიური განვითარებისთვის დიდი დროა და საქართველოც კომპიუტერომანიამ მოიცვა. ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და რაც არ უნდა დატვირთულები ვიყოთ მთელი დღის განმავლობაში, მაინც ვიტოვებთ დროს მოციმციმე ეკრანის წინ გასატარებლად (არის შემთხვევები, როცა მთელ დღეს მის წინ ვატარებთ). ტექნიკის გაიაფებამ კი თითქმის ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა ერთ დროს ფუფუნების საგნად მიჩნეული კომპიუტერი.
ტექნოლოგიური სიახლეები არა მარტო უფროსების, არამედ ბავშვების საყვარელ გასართობადაც იქცა და ხშირად მათი მოხმარება მშობლებზე უკეთაც კი შეუძლიათ. ალბათ ბევრჯერ შეგინიშნავთ 8-9 წლის ბავშვი, რომელიც უახლესი თაობის თუ არა მოძველებული მობილურით მაინც ირთობს თავს. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ სურთ ნებისმიერ დროს შეძლონ შვილთან დაკავშირება და რომ ეს ბავშვების უსაფრთხოებისთვისაა. რომელიმე ჩვენგანს მობილური ქონდა მათ ასაკში? რა თქმა უნდა არა, იმ პერიოდში მობილური ახალი ხილი იყო. არა და რა „ბნელი დრო“ იდგა.
სახლში ბავშვებს ბევრად უკეთესი გასართობი ელოდებათ კომპიუტერისა და ინტერნეტის სახით. რითი ვერთობოდით ჩენ? ვკითხულობდით ბევრს და ვთამაშობდით კიდევ უფრო მეტს ეზოში თუ სახლში. „დახუჭობანა“, „დაჭერობანა“, „კლასობანა“, „ომობანა“, „ლახტი“ და რა ვიცი კიდევ რამდენის ჩამოთლა შეიძლება. მოკლედ ჩვენი ბავშვობა სავსე იყო სირბილით, სიცილით და დაყვლეფილი ხელ-ფეხით.
დღეს? ჟრიამული და ხმაური (ბავშვებისას ვგულისხმობ), მარტო სკოლების წინ ისმის, როცა გაკვეთილები მთავრდება. თანამედროვე ბავშვი მუდამ დაკავებულია, არასოდეს სცალია. მან ალბათ იმ თამაშების ნახევარიც არ იცის, რომელსაც ჩვენ, სულ რაღაც 10 წლის წინ ვთამაშობდით.
სამაგიეროდ, თანამედროვე ბავშვმა იმდენი კომპიუტერული თამაში იცის, ჩვენ რომ არც კი დაგვსიზმრებია, ან საიდან უნდა დაგვსიზმრებოდა ჩვენ დროს მხოლოდ მარიო და ტეკენი ან კიდევ ქრაში არსებობდა და ისიც ძნელად იშოვებოდა.
ჩვენ თუ ხანდახან ეზოში არ გვიშვებდნენ, დღეს მშობლები ხშირად ეხვეწებიან შვილებს ცოტა ხნით მაინც მოშორდი კომპიუტერს და სუფთა ჰაერზე გადიო. რამდენადაა თბილისში სუფთა ჰაერი ეს კიდევ ცალკე თემაა. მთავარი ისაა, რომ ბავშვებს არ აქვთ სურვილი გარეთ გავიდნენ და მოგონილი თამაშები ითამაშონ, როცა წარმოსახვის დაძაბვის გარეშე შეუძლიათ ჩართონ კომპიუტერი და ვირტუალურ სამყაროში აკეთონ ის, რაც მოესურვებათ. ჩვენ როცა ომობანას ვთამაშობდით, რასაც მოვიხელთებდით თოფიც ის იყო და დანარჩენს ფანტაზიას ვანდობდით. მაშინდელი ჩვენი პრიმიტიული სტრატეგიები თანამედროვე ბავშვებს სასაცილოდაც არ ეყოფათ, მათ ხომ იარაღის და გარემოს უზარმაზარი არჩევანი აქვთ ნებისმიერ საომარ თუ საბრძოლო თამაშებში.
მართალია, ხანდახან მშობლებს სურთ შვილები კომპიუტერს მოაშორონ, მაგრამ ეს ძირითდად მაშინ ხდება, როცა ვირტუალურ ფერმაში მოსავალი აქვთ ასაღები ან უცნაური ცხოველები ჰყავთ დასაპურებელი. დანარჩენ დროს მშობლები თავს მშვიდად გრძნობენ, რომ მათი შვილი ქუჩა-ქუჩა არ „დაწანწალებს“. ყოველ წუთს შეუძლიათ დარწმუნდნენ მის უსაფრთხოებაში, თანაც სიამაყით აღნიშნავენ რომ მათი შვილი შესანიშნავად ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
ერთის მხრივ ბავშვები უსაფრთხოდ სხედან შინ და ქუჩის მავნე გავლენას არ განიცდიან, მეორეს მხრივ კი კომპიუტერული თამაშები ისეთი ჩამთრევია, ხანდახან რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი გადაბმულად იბრძვიან, ასრულებენ მისიებს, მმონაწილეობენ რბოლებში ან ცხოვრობენ ვირტუალური პერსონაჟით, ასევე ვირტუალურ სამყაროში. სპორტის ნებისმიერ სახეობასაც, ფიზიკური დატვირთვის გარეშე შეგიძლია მისდიო და ჩაება ჩემპიონატებში.
მთელი დღის განმავლობაში სკოლაში გატარებული დრო, ალბათ დროის ის ყველაზე დიდი მონაკვეთია, როცა ბავშვები კომპიუტერის წინ არ სხედან. აქაც მიუწვდებათ ხელი კომპიუტერზე, თუმცა დიდ ხანს თამაშს მაინც ვერ მოახერხებენ და ინტერნეტში ხეტიალით შემოიფარგლებიან, რომელიც თავის მხრივ კიდევ დამატებით საფრთხეებს შეიცავს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავს მომავალ თაობებზე და 6-7 წლის ბავშვებს „ბუკები“ დაურიგეს, რომლის სლოგანიც „ჩემი მეგობარი- ბუკი“, დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ჩვენი ბავშვობის დროინდელი „წიგნი ჩემი მეგობარია“. სლოგანებს თავი დავანებოთ და 6-7 წლის პატარები, რომლებიც წესით 15 წუთზე მეტ დროს არ უნდა ატარებდნენ კომპიუტერთან და ყოველ 15 წუთის მერე ამდენივე ხნით უნდა ისვენებდნენ მოციმციმე ეკრანისგან, ძალიან ბევრს თამაშობენ,უკაცრავად თამაშით სწავლობენ გაკვეთილებს. ეს სკოლაში, სახლშიც იგივე მეორდება და საინტერესოა ჯამში რა დროს ატარებს 6-7 წლის პატარა ვირტუალურ სამყაროში.
მთელს მსოფლიოში კამათობენ იმ თემაზე, თუ რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს უფლება გამოიყენოს კომპიუტერი. უმრავლესობა თანხმდება, რომ რაც უფრო ადრე მით უკეთესია, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნილებაც რასაც საზოგადოება თავის წევრებს უყენებს და საჭირო ხდება პატარებმა ადრეული ასაკიდან აითვისონ კომპიუტერული უნარ-ჩვევები. თუმცა ამასთან ყველა თანხმდება, რომ დრო რომელსაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს და ასევე მისი მოქმედებები მშობლებმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს.
რა ხდება ჩვენთან? მშობელთა უმრავლესობა თითქმის არ აკონტროლებს მათი შვილის მიერ კომპიუტერთან ან ზოგადად ეკრანთან გატარებულ დროს. მართალია, ხანდახან ისინი შვილებს აიძულებენ თავი დაანებონ თამაშს და იმეცადინონ, მაგრამ თუ ბავშვს გაკვეთილები ნასწავლი აქვს დასაშვებად მიაჩნიათ 1-2 საათი გადაბმულად ითამაშონ ან იხეტიალონ ვირტუალურ სამყაროში. მაშინაც კი როცა ბავშვს კომპიუტერს მოაშორებენ, ის ავტომატურად ინაცვლებს ტელევიზორთან. ფსიქოლოგების და პედიატრების რეკომენდაციით კი 10-12 წლის ბავშვები დღეში საერთო ჯამში 2 საათზე მეტ ხანს არ უნდა ატარებდნენ ნებისმიერი სახის ეკრანის წინ.
შეიძლება ხშირად მშობლები მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ იმ დროს რასაც მათი შვილი კომპიუტერთან ატარებს, თუმცა რას თამაშობენ ბავშვები ძირითადად უყურადღებოდ რჩებათ. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია თამაში არ შეიცავდეს პორნოგრაფიულ ან ეროტიულ ელემენტებს, ხოლო მკვლელობა, სისხლი, ძალადობა და ა.შ მეორეხარისხოვანია.
თითქმის ყველა თამაშს თავისი ასაკობრივი კატეგორია ყავს და 10-11 წლის ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ ისეთ თამაშებს, რომელთა ასაკობრივი შეზღუდვაც 16-18 წელია. საბრძოლო და საომარი თამაშების უმრავლესობა კი სწორედ ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება და სწორედ მსგავსი თამაშებია ბავშვებში ყველაზე პოპულარული.
ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, კომპიუტერის უკონტროლო და ხშირი გამოყენებისას უვითარდებათ მიჯაჭვულობა. სხვადასხვა გრაფიკული თამაშები, სოციალური ქსელები (რომლებიც სხვათა შორის ძალიან აქტუალურია საქართველოში უკვე ადრეული ასაკიდან) , ადვილად იწვევენ მიჩვევას და ხშირად უფროსებიც კი გადაბმულად რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ანებებენ თავს კომპიუტერს და ეს უფრო რთულია ბავშვებისთვის, რომელთათვისაც ყოველგვარი სიახლე ძალიან აზარტულია. მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ რაც არ უნდა განვითარებული და ჭკვიანი შვილები ჰყავდეთ,ისინი ჯერ მაინც მხოლოდ ბავშვები არიან და არ აქვთ მყარი წარმოდგენები ჩამოყალიბებული იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი.
კომპიუტერთან ხშირმა და გრძელვადიანმა ჯდომამ შიძლება ბავშვის ზრდა-განვითარებაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. პირველ რიგში ეს ეხება ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც უფროსებსაც შეიძლება გაუჩნდეთ კომპიუტერთან ხშირი მუშაობისას. ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება კისრის, ხერხემლის, ბეჭების არეში, ხერხემლის გამრუდება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, თვალის ბადურის სიმშრალე, გამოფიტვა, სიმსუქნე (რომელსაც ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა და გაუნძრევლად ჯდომა იწვევს), იშვიათად ხელის მტევნის სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ.
ამ პრობლემების გარდა ხშირია ბავშვებში გადაღლა, ნერვიული დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, აგრესია გარშემო მყოფების მიმართ, უმადობა ან პირიქით გაცხოველებული ჭამის სურვილი, უძილობა და სხვა.
მშობლები ასევე ხშირად უჩივიან ბავშვებში აკადემიური მოსწრების გაუარესებას, ყურადღების გაფანტვას და შვილებთან კომუნიკაციის ნაკლებობას.
ბავშვებს, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერზე, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა. მათ მეგობრებთან ვირტუალური საუბარი ურჩევნიათ პირისპირ კომუნიკაციას. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ კონფლიქტი ოჯახის წევრებთნ. მათთვის რეალური ცხოვრება ინტერესსმოკლებულია, გულჩათხობილები ხდებიან და გაურბიან ადამიანებთან ურთიერთობას.
დასასრულ, მინდა ავღნიშნო, არ ვუარყოფ კომპიუტერის და ტექნოლოგიების დადებით მხარეებს, თუმცა მიმაჩნია, რომ საჭიროა მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციონ შვილებს, რათა ტექნოლოგიური სიახლეები ბავშვებისათვის ზიანის მომტანად არ იქცეს.