Print

რევოლუციამდელი ბავშვი იყო განუვითარებელი, რევოლუციის შემდეგ...

ავტორი: ხვიჩა ყაზაიშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ვინც კი რაღაცას წერს საკუთარი ნებით, ყოველთვის გარკვეული პრობლემა ადარდებს.რომ  არა პრობლემა და თავსატეხი არც ერთი ნაწარმოები არ დაიწერებოდა და საერთოდ, იქ სადაც  არ იქნებოდა პრობლემა, არ იქნებოდა რაიმე გასარკვევი, არც ცხოვრება იქნებოდა სასურველი,  რადგან ცხოვრების აზარტი  და სურვილი გამოწვევების გადალახვაშია, რაღაცის

გარკვევასა და აღმოჩენაშია, ხოლო სადაც ყველაფერი ნათელია, მოწესრიგებულია, არაა პრობლემა, არაა შესაძლებლობა ახლის გაკეთებისა, მხოლოდ სიკვდილი იქნება გამოწვევა, რადგან ის იქნება ერთადერთი საიდუმლო ადამიანისთვის და ასეთ გარემოში ყველაზე სანტერესო რამ თვითმკვლელობა გახდებოდა.

თუმცა საქართველოში მრავლადაა უარესი გარემო, სადაც უამრავი პრობლემაა, უამრავი გამოწვევა, თუმცა ცხოვრება კი არა, სიცოცხლეც კი  უინტერესოა. ნუ, პრობლემა ყველა ასაკსა და თაობაშია, თუმცა, მე ახალგაზრდების პრობლემებს შევეხები, რომლების გამოწვეულია ორგვარი შეზღუდულობით: პირადი და გარემოს შეზღუდულობით. პირადი შეზღუდულობა რომ ყველაზე ცუდია და დიდი ზიანი შეუძლია მოუტანოს პიროვნებას, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა, რადგან ის თავს იჩენს ყოველგვარ გარემოსა და სიტუაციაში. ის შეიძლება იყოს სოციალური   და ფსიქოლოგიური.  თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გარემოს შეზღუდულობები, რადგან გარემოს უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანზე, ვიდრე პირიქით.

არსებობს მოთხოვნილებები, რომლის დაკმაყოფილებასაც გარემო უნდა უწყობდეს ხელს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. საქართველოში, თუ თბილისსა და რამდენიმე ქალაქს არ ჩავთვლთ, ახალგაზრდული ცხოვრება ჩამკვდარია,  ან არსებობს, თუმცა არასასურველი ფორმით. მაგალითად მოვიყვან გარემოს, სადაც მე მიხდება ცხოვრება . გარკვეული კუთხით, ჩემი სოფელი ბევრ ქალაქს ჯობია, თუმცა...ჩემი უბანი კი ყველასგან გამორჩეულია, მარტო სახელიც ბევრ რამეზე მიუნიშნებს - ”გაშობილა”.  მოკლედ დავწერ თუ როგორია გაშობილაში  ახალგაზრდული ცხოვრება,  რომელიც დიდად არ განსხვავდება უფოსთა ცხოვრებისგან. დილით ადგები,  მიირთმევ საკვებს, უყურებ ტელევიზორს, შემდეგ გამოგივლიან მეგობრები და წახვალ მდინარეზე. იქნები ამ მდინარეზე, იბანავებ, მერე გამოჩნდება ვინმე ”დასალევით” და დაიწყება სმა. დასათრობად რომ  არ გეყოფათ, კიდევ ვიღაც გამოჩნდება, ახლა უკვე მარიხუანათი, მოწევეთ და უმეტესობა დაიძინებს მდინარის პირას, თან ისე, რომ  სხვას ბანაობაში უშლის ხელს. შემდეგ გაიღვიძებ, წამოხვალ სახლში, მერე დაიწყება ფეხბურთი, ისევ ”დასალევზე”, წაგებულების მოსვლამდე ისევ მოწევთ, შემდეგ კარგად დათვრები და გაეშურები სახლისკენ. ასეთია საუკეთესო დღე ჩემი ახალგაზრდა მეზობლებისთვის. მაგრამ,  თუ არც ღვინო გიტაცებს, არც არაყი და არც ”პლანი”, გასართობ საშუალებად წიგნი რჩება, რადგან ტელევიზორში მხოლოდ სერიალებია, ხოლო საკაბელო ინტერნეტის სიგნალი ჩვენს უბნამდე არ მოდის, ხოლო ფიჭური ინტერნეტის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან სიგნალის დასაჭერად ხეზე ასვლაა საჭირო და შეიძლება ჩამოვარდე. წიგნი ძალიან კარგი საშუალებაა გასართობად და აუცილებელია გასავითარებლად, განათლებლად, თუმცა ყველა მოთხოვნილებას წიგნით ვერ დაიკმაყოფილებ და თუ ამას ვინმე ეცდება, იქ უეჭველად ფსიქიატრიული ჩარევაა საჭირო. ნუ, დიდად არც ქალაქი განსხვავდება, უბრალოდ აქ ტოტალიზატორებისა და ”SLOT CLUB”-ების უპირატესობაა. ადრე ”ძალადობრივი მათხოვრობა”  იყო გასართობი, და ზოგნი ავტომატებით ”მათხოვრობდნენ”.  თუმცა ეს უკვე მოდაში აღარაა.

ყველაფერი მხოლოდ ჩემს უბანს რომ ეხებოდეს, ჩავთვლიდი რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენში არის-მეთქი, მაგრამ თუ კარგად მოვივლით საქართველოს რეგიონებს, ვნახავთ, რომ იგივე პრობლემა ყველგანაა.

ყველაფერ ამას მივყავართ საერთო პრობლემებამდე, რომლებიც საკმაოდ ბევრია.  ასეთ პირობებში მცხოვრები ადამიანი ჩამოდის თბილისში, სადაც 2 მილიონამდე მოსახლეობაა და თუ მარტო ცხოვრობს, ძალიან რთულდება სიტუაცია.  ძირითადად უახლოვდება მის მსგავსად ”ჩამოსულს’, რადგან ადგილობრივთან უჭირს საერთო ინტერესების პოვნა. მაგალითად მას შეიძლება ღმის კლუბი მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნანახი, აქაურს კი უკვე მობეზრდა. იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერზეც. ნუ, მატერიალური პრობლემა საერთოა ყველასთვის, ადგილობრივისთვის, ჩამოსულისთვის, გადმოსულისთვის თუ გადასულისთვის. თუმცა მის მოგვარების გზებში შეიძლება გაჩნდეს სხვაობა.  ამის უმთავრესი ფაქტორი არის კონტროლის არქონა. როცა მარტოა ახალგაზრდა, ოჯახიდან შორს, არავინ აკონტროლებს მის ადგილსამყოფელსა და მოქმედებას შეიძლება მივიღოთ ცუდი შედეგი ქურდობიდან დაწყებული პროსტიტუციით დამთავრებული. ნუ, კიდევ  ერთი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას. ახალგაზრდა რომელიც  მოკლებულია და მოწყურებულია  გართობას რეგიონში, შეიძლება აქ ”მიეცეს განცხრომას  და მოლხენას” , სწავლა გადადოს გვერდით და სავსებით შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას საკუთარ მომავალს  და საზოგადოებამ ნიჭიერი წევრი დაკარგოს. კიდევ ერთი პრობლემაა ქცევასთან დაკავშირებით, რომელიც ბიჭებსაც ეხებათ, თუმცა უფრო მეტად გოგონებს. როცა ცხოვრობენ რეგიონში, არიან მშობლის, ძმის ან ვინმეს კონტროლ ქვეშ, აქ ჩამოსულები იხსნიან ყოველგვარ ლიმიტს(რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება) და ვიღებთ მდედრობითი სქესის არსებას, რომლის დანახვა რეგიონში გაგვიხარდენოდა(არც ეს ეხება ყველას), აქ კი შეიძლება გულისრევის შეგრძნება გაგვჩნდეს,  ისე ამაზრზენად იქცეოდეს და ეცვას კიდეც. ეს  იმიტომ რომ, ზომიერების ფარგლებშიც კი მოკლებულნი არიან ყველაფერს.

ზემოთხსენებული ყველაფერი და მასზე დამატებული უამრავი რამ(რომელთა მხოლოდ ჩამოთვლაც გაგვიჭირდება),  ჯამში გვაძლევს გარკვეულ არასრულფასოვნებას პიროვნებისა და როცა ეს საერთოა, მაშინ საზოგადოებისას!   ყველაფერს მივყავართ უფრო დიდ პრობლემებამდე. შესაძლებელია ასეთი პიროვნება მოხდეს ციხეში ანუ უარესი, შევიდეს გარკვეულ პოლიტიკურ ან სტუდენტურ გაერთიანებაში, რისი საშუალებითაც დაიკავებს თანამდებობა და დაიწყებს მიკლებულის ანაზღაურებას. შედეგად ვიღებთ განუვითარებელ, არასრულფასოვან, დამშეულ პიროვნებებს სათავეებში და ასეთი ხალხით მართული ქვეყანა ვის რა ხეირს დააყრის ვნახოთ...და ვხედავთ კიდეც...

ზოგადად, კი რეგიონული პრობლემა უფრო რთულია. აქაა დაპირისპირება კონსერვატიულ და შედარებით თანამედროვე გარემოს, რომელთანაც სასურველად შერწყმა უფრო უჭირთ ”კონსერვატორებს”. მართალია, ეს იქნებოდა პრობლემატური, თუმცა არა გასაკვირი,  საქმე რომ ეხებოდეს უფროს თაობას, თუმცა,  როცა თანამედროვე საზოგადოებაში ახლაგაზრდები ასეთ პრობლემებს აწყდებიან გარემოდან გამომდინარე, უკვე დამაფიქრებელია. რადგან დღეს ერთგვარი პრეზენტაციაა ჩვენი გაერთიანებისა, რომელსაც შეუძლია სოციოლოგიურად მიუდგეს ამ პრობლემებს და გააანალიზოს ისინი, ასევე ეძებოს პრობლემის მოგვარების გზები, მე გთავაზობთ, რომ შემდგომში, როცა გამოცდილება დაგვიგროვდება ვცადოთ ამ საკმაოდ რთული პრობლემების გამოკვლევა, რათ შევძძლოთ განსხვავების აღმოფხვრისთვის საჭირო გზების მიგნება. ჩვენი პროფესიის დანიშნულება საზოგადოებრივ პრობლემებზე ზრუნვაა და ჩემი აზრით, ჩვენი საქმით ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი სოციალური გარემო უკეთესობისკენ.

 

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის

სოციოლოგიის მიმართულება

ხვიჩა ყაზაიშვილი 17/05/12)

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე