ქართული კულტურის ღირებულებები
ქართული კულტურის წიაღში ვიზრდებოდი და ვიზრდები, ვყალიბდები პიროვნებად. ჩემი ეროვნული იდენტობა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის საფუძველს მიქმნის.
„ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,
რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“.
ეს სიტყვები ეკუთვნის ოთარ ჭილაძეს და შეესაბამება ჩემს აზრს, რომ თითოეული ადამიანის სულში მისი ეროვნული კულტურისთვის დამახასიათებელი ღირებულებები, ფასეულობები ირეკლება. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას: ვინ ვარ მე? შემდეგ ვცდილობ ქართული კულტურის ჩემთვის მისაღები და ასევე უარყოფითი მხარეები გავაანალიზო.
გავიხსენებ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს „შელოცვა რადიოთი“: ინგლისელი ჰექსლეი ქართველი ხალხის მთავარ მახასიათებელ ნიშნად „ეროვნული სხეულის შენარჩუნებას“ მიიჩნევს, რასაც ვეთანხმები. ეროვნებისა და ეროვნულობის შენარჩუნებაზე ფიქრი და ზრუნვა ქართული კულტურის მთავარი საფუძველია. ჩემი აზრით, ის უმთავრესი ღირებულებაცაა, რადგან საკუთარი ხალხის, ისტორიის, კულტურის მიმართ დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს. აშკარაა, რომ ქართული კულტურის შენარჩუნება „ეროვნული სხეულის შენარჩუნებაზე“ ზრუნვის გარეშე შეუძლებელია.
ქართული კულტურის ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ნაწილი ქართული ენაა, რომელსაც, ჩემი აზრით, თანამედროვე გლობალიზაციის პრობებში დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენს ეროვნულ იდენტობას სწორედ ჩვენი ენა განსაზღვრავს, მისი შენარჩუნება კი ქართველების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა კაცობრიობის წინაშე. ის უნიკალურია, რადგან თანაბრად ირეკლავს აზიურ და ევროპულ მოტივებს, ამასთან ახასიათებს ორიგინალური საფუძველი, რომელსაც კავკასიონის ცივი ჰაერი დაჰკრავს.
ჩემთვის მისაღებ ღირებულებებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყო გამტანობა, ურთიერთდახმარება. ქართული ოჯახი ქართული საზოგადოების ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია, რადგან ტრადიციულად, ოჯახის წევრები სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავენ ერთმანეთზე. როდესაც ბავშვი ხედავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიყვარული და ურთიერთდახმარება, მისი პიროვნება სწორედ ამ ნიადაგზე ყალიბდება. ის პატივს სცემს არა მხოლოდ თავის ოჯახის წერებს, არამედ ყველა ადამიანს, მათ უფლებებსა და თავისუფლებებს, რადგან იცის, უნდა უყვარდეს ადამიანები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ქართული ოჯახი არის სიყვარულის მთავარი წყარო, რომელიც სრულფასოვან ადამიანს აყალიბებს.
გადავალ ქართული კულტურის ჩემთვის მიუღებელ მხარეებზე. უპირველეს ყოვლისა, მსურს, დამოუკიდებლად მოქმედების უნარზე ვისაუბრო. ხშირად ვხედავთ, რომ 30 წლის მამაკაცი მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. შეიძლება მას ჰყავდეს ცოლი და შვილები და მათაც მშობლებს არჩენინებდეს. ზემოთ ვისაუბრე ურთიერთდახმარებაზე, მაგრამ ეს დახმარება კი არა, ადამიანის შესაძლებლობების მოსპობა, ფეხქვეშ გათელვაა. ამასთან, შემზარავია ის ფაქტი, რომ 30 წლის ადამიანის უსაქმურობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. სად არის ამგვარი ზღვარსაგადასული უსაქმურობის საფუძველი? ვფიქრობ, მშობლები შვილებს უნდა დაეხმარონ, რომ გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, თამამები, მაგალითად, მისცენ საშუალება შეასრულონ მსუბუქი სამუშაო 16 წლის ასაკში. ახალგაზრდა დააფასებს შრომასაც და ფულსაც. როცა ადამიანი უკვე 30 წლის ასაკს სცილდება, ძნელია მას შრომა ასწავლო. მოკლედ, ვფიქრობ, ანკესის მიცემა სჯობს თევზის მიცემას.
ქართველებს არ ახასიათებთ ზომიერება. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ქართული სუფრა. რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ ქართული სუფრის ტრადიციებს, თამადის ინსტიტუტს, თუმცა სულაც არ მივიჩნევ საჭიროდ გადაჭარბებულ სმას , რასაც შემდეგ შესაძლოა უბედური შემთხვევაც მოჰყვეს. მაგრამ ქართველ „ვაჟკაცს“ რომ ჰკითხო, გამოთრობის გარეშე კაცი კაცი აღარ არის. რეალურად კი ქართველებს ყოველთვის ზომიერი სმა უყვარდათ, რასაც ჟან შარდენის ჩანაწერები გვიდასტურებს. ისტორიკოსები და კულტუროლოგები ქართული კულტურის ამ ცვლილებას მე-19 საუკუნის რუსულ ანექსიას უკავშირებენ. ამ პერიოდში ქართველებმა ჩრდილოელი მეზობლისგან მრავალი ახალი რამ შეითვისეს.
ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აშინებს სიტყვა პროგრესი, რადაგნ მათთვის ეს სიტყვა მხოლოდ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, მინიკაბებთან, „გახრწნილ“ ფილმებთან ასოცირდება. ქართველთა დიდ ნაწილს აშინებს ცვლილებები, ამიტომაც ჩვენი საზოგადოება ერთ ადგილზეა გაყინული. მივეკედლეთ დასავლურ კულტურას, მაგრამ ისიც კი ვერ გაგვიგია, რისი გადმოღება გვსურს მისგან და რისი - არა. ამის განსაზღვრისთვის აუცილებელია განათლება. ესეც ქართველთა კიდევ ერთი მინუსი: განათლება დიპლომის ქონასთან ასოცირდება. ვფიქრობ, დროა, შევიგნოთ, რომ განათლება ნიშნავს, გქონდეს საფუძვლიანი/ყოვლისმომცველი ცოდნა და ამ ცოდნას მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, საღი აზროვნებისა და სწორი შეფასებისთვის იყენებდე.
გაინტერესებთ ჩემი აზრი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული კულტურა? გაგახსენებთ ტიციან ტაბიძის სიტყვებს: „აშკარაა, რომ წინა აზიაში ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნული კულტურის ყველა ფოლაქებშეკრული“. ვეთანხმები ქართველ პოეტს. უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტობა და სწორედ მის საფუძველზე ვეცადოთ სიახლეების დანერგვას. შეიძლება, ზოგიერთი რამ დასავლური კულტურისაგან შევითვისოთ, ზოგი რამ ახალი თავად შევქმნათ და მსოფლიოს შევთავაზოთ.