Print

დისკუსია რექტორთან

ავტორი: მარიამ შარია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

შაბათს, 7 დეკემბერს, ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის სადისკუსიო კლუბს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ესტუმრა. 

შეხვედრა დაიწყო სადისკუსიო კლუბის წევრების მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციით, რომლის მიზანი იყო სტუდენტების თვალით დანახული უნივერსიტეტში არსებული პრობლემების წარმოჩენა. აღმოჩნდა, რომ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან შედარებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები უფრო კრიტიკულად აფასებენ უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას. ამავე ფაკულტეტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკანების/დეკანის მოვალეობის შემსრულებლების ხშირი ცვლა, რაც არასტაბილურ გარემოს  ქმნის და პრობლემების

მოგვარებას აფერხებს. სტუდენტების აზრით, ამგვარი ცვალებადობა გაურკვევლობას ბადებს თავად ადმინისტრაციის მომსახურე პერსონალს შორის, რაც განაპირობებს მათ არადამაკმაყოფილებელ მუშაობას. აღნიშნული საკითხის პრობლემურობა რექტორმაც დაადასტურა. მისი თქმით, ვერ დაინიშნება დეკანის არჩევნები იქამდე, სანამ მიმდინარე სასამართლო პროცესი არ დამთავრდება. დეკანის მოვალეობის შემსრულებელი კი მხოლოდ 6 თვის ვადით ირჩევა. გამოდის, რომ იანვრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს მეოთხე დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება, კვლავ 6 თვის განმავლობაში. ბატონი ლადო აღნიშნავს, რომ ამგვარ დროებითობაზე ცუდი არაფერია და რომ ფაკულტეტზე არსებული პრობლემების  მოგვარება დეკანს უფრო ხელეწიფება, ვიდრე დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.

პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბატონმა ვლადიმერ პაპავამ საკმაოდ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საქმეებისა და მომავალი გეგმების შესახებ, სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს კი ვრცლად და ღიად უპასუხა. თუმცა, გარდა შეკითხვებისა, აუდიტორიისგან საინტერესო ინიციატივაც მოვისმინეთ. ერთ-ერთი სტუდენტის აზრით, კარგი იქნებოდა, ადმინისტრაციასთან განხორციელებული სატელეფონო ზარების ჩაწერა.

დისკუსიაზე განხილული საკითხების უმრავლესობა წარმოდგენილია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ფურცლებზე რექტორობის 100 დღის ანგარიშის სახით. უნივერისტეტისთვის მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება, სასწავლო სახლემძღვანელოების თარგმნა/დაწერა,  პროფესორთა ანაზრაურება მათ მიერ დახარჯული შრომის ადეკვატურად, IT სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და ა.შ.

გარდა ამისა, ბატონმა ლადომ გაგვაცნო სხვადსხვა პრობლემის მოგვარების თავისებური ხედვა. მაგალითად, ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემა შეიძლება მოვაგვაროთ უნივერსიტეტის კუთვნილი ამჟამად არათვისებული კორპუსების გამოყენებით. მისი აზრით, გაბატონებულია მცდარი შეხედულება, თითქოს უნივერსიტეტი მხოლოდ ჭავჭავაძეზე არსებული კორპუსებით შემოიფარგლებოდეს. 

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ მომავალ წელს,  უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას შეამცირებს. აგრეთვე, აღსანიშნავია ტაბახმელაში საზაფხულო-საზამთრო სკოლის გაკეთების იდეა.

დასასრულისთვის უნდა ითქვას, რომ ბატონი ლადო მზად არის ითანამშრომლოს სტუდენტებთან. მისი აზრით, აუცილებელია კონკრეტული პრობლემატური საკითხის დაუფარავად თქმა, რადგან აბსტრაქტულად მათი მოგვარება ვერ მოხერხდება. 

საბოლოო ჯამში, ეს იყო სადისკუსიო კლუბის ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის დროსაც ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე