Print

მისტიკური სარკის ამბავი

ავტორი: გიორგი ლოლაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

გიორგი ლოლაშვილი სადისკუსიო კლუბის სემესტრის ბოლო შეხვედრის შესახებ

შაბათს, ტრადიციულად 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პეტრე მელიქიშვილის სახელობის 115-ე აუდიტორიის კარს ვაღებ. სადისკუსიო კლუბის შეხვედრა უკვე დაწყებული მხვდება. სტუმარი, ამჯერად, “თსუ”-ს რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილია,  რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

თსუ-ში არსებული სადისკუსიო კლუბი, ან ზედმეტსახელად socium.ge-ს კლუბი, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ამირან ბერძენიშვილმა და მისმა რამდენიმე სტუდენტმა 2011 წლის შემოდგომას დააარსეს. კლუბი ყოველ შაბათს იკრიბება და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე დისკუსიას მართავს. 

მონიტორზე სლაიდშოუ გადის, სადაც სტუდენტების პასუხებია გამოტანილი შეკითხვაზე, „რას ვიზამდი, მე რომ რექტორი ვიყო“: „ყველაფერს შევცვლიდი, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი“, „უნივერსიტეტის ყველა კარს გავაღებდი“; „ შევეცდებოდი, სიტყვები „ბაზის ბრალია“, აღარავის ეთქვას“. თავად რექტორი მობილურში რაღაცას წერს. „მესიჯობს?“- ამბობს ერთი სტუდენტი. „არა, ალბათ, ინიშნავს.“ - პასუხობს მეორე. 

 შემდეგ რექტორი თავის მონოლოგს იწყებს. საუბრობს ტექნიკურ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც  ობიექტური მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხსნის რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს უნივერსიტეტის იურიდიული სამართლის პირად გადაქცევას. მომავალში განსახორციელებელ პროექტებსაც ეხება. ის ახსენებს სიტყვა „მედიაცენტრს“ და მე და ჩემი რამდენიმე  მეგობარი ყურებს ვცქვეტთ. ის გვეუბნება, რომ მალე უნივერსიტეტს თანამედროვე სამონტაჟო ოთახები, ნიუსრუმები და საკუთარი მედია პორტალი ექნება. ბატონი ალექსანდრე სექტემბრისთვის სტუდენტებს ბაზების გამოსწორებას და მესამე კორპუსის გარემონტებასაც ჰპირდება. 

აუდიტორიაში 50-მდე სტუდენტია შეკრებილი: ზოგი გვერდზემჯდომს რაღაცას ეჩურჩულება, ზოგი ყველაფერს გაფაციცებით იწერს, ზოგი კი ხელს იქნევს, რათა მიკროფონიანმა გოგონამ მასთან მიირბინოს და შეკითხვის დასმის საშუალება მიეცეს.  შეკითხვა კი ბევრია, პასუხები - ხან კონკრეტული, ხან ბუნდოვანი. „ეს რა თქმა უნდა ცუდია“, „ჩვენ გვინდა, რომ ასე იყოს“ - ხშირად იმეორებს რექტორი. 

 აუდიტორიაში ტემპერატურა მატულობს. ერთ-ერთი სტუდენტი რექტორს, დაპირების მიუხედავად, მოძალადე სტუდენტების არდასჯის გამო აკრიტიკებს.  „თავად დაზარალებულს ვერაფერი ვათქმევინე“ - პასუხობს ბატონი ალექსანდრე. მის წინ მდგარ წყლის უკვე ცარიელ ბოთლს ახლით ცვლიან. ის და სტუდენტი ბექა გადაბაძე დიდხანს კამათობენ საკითხზე, არის თუ არა ეს უკანასკნელი მატყუარა. რექტორი გაბადაძეს ადანაშაულებს, რომ მან ბოლო შეხვედრაზე მეექვსე კორპუსის მამაკაცთა ტუალეტში გატეხილი სარკის ამბავი მოიგონა. გაბადაძე უმტკიცებს, რომ იმ დღეს სარკე მართლაც გატეხილი იყო. 

ბატონი ალექსანდრე, წუხს, რომ სტუდენტთა უმრავლესობა ინდიფერენტულია. ის ამბობს, რომ მასთან შეხვედრებზეც, მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს. მას ესმის, რომ მისი საქმიანობა ქართველების მაქსიმალისტობისა და მოუთმენლობის გამო,  ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშაა. 

აუდიტორიაში თსუ-ს დაცვის სამსახურის უფროსი და დაცვის კიდევ ერთი წევრი შემოდიან. სავარაუდოდ, გარემო სახიფათოდ ხმაურიანი ეჩვენებათ. თუმცა, პაექრობა შეხვედრის ბოლომდე „უსისხლოდ“ მიმდინარეობს. თვითმმართველობის „ნარინჯისფერი“ წარმომადგენლები რექტორს ანაკლიის ტრეინინგ კურსებთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. რექტორი ამბობს, რომ საქმის კურსში არ იყო, სანამ წინა დღეს, საკითხთან დაკავშირებით, „ნარინჯისფერების“ მიერვე შეგროვილი ხელმოწიერები არ მიუტანეს. ისევ ის სიტყვები - „რა თქმა უნდა, ეს ცუდია“. აუდიტორიაში ორი ჟურნალისტი გაფაციცებით მოძრაობს და იმ სტუდენტების სახელებს იწერს, რომლებმაც მათთვის ყველაზე საინტერესო შეკითხვები დასვეს. მიკროფონიან გოგონას გასაქანს არ აძლევენ. ხან ვინ უხმობს, ხან ვინ. ისიც ცდილობს შეკითხვის მომავალ დამსმელთა თანმიმდევრობა დაიმახსოვროს, არავინ გამორჩეს, ვინმეს არ აწყენინოს. ნაწყენი კი, ალბათ ბევრი დარჩება, რადგან დრო იწურება, აწეული ხელების რიცხვი კი თითოეულ პასუხთან ერთად იზრდება. 

უკვე ხუთი საათი სრულდება და ბატონი ამირანი ჩვეული შემრიგებლური ტონით ცდილობს შეხვედრა ფინალისკენ წაიყვანოს. დასასრულ, ბატონ ალექსანდრეს socium.ge-ს გულსაბნევს სჩუქნიან. „საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისათვის“ აწერია საიტის ლოგოს, რომელსაც თსუ-ს რექტორი პერანგზე იმაგრებს და კლუბის წევრებთან ერთად სამახსოვორ ჯგუფურ ფოტოს იღებს.  ზოგი სტუდენტი ერთგვარ იმპროვიზირებულ პროტესტს მიმართავს და  ოთახს ფოტოს გადაღების გარეშე ტოვებს. მელიქიშვილის აუდიტორიიდან ზოგი იმედით გამოდის, ზოგიც - უიმედოდ. თუმცა, უნივერსიტეტში ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიცია ირღვევა და ოპონენტები ჩხუბის გარეშე იშლებიან. 

მე დერეფანში სადისკუსიო კლუბის ერთ-ერთ წევრს, მეორეკურსელ სალომე ჩარკვიანს ვესაუბრები: “ვფიქრობ, კარგია, რექტორი ასეთი სიხშირით რომ ხვდება სტუდენტებს, თუმცა, ამ შეხვედრებმა შედეგები უნდა გამოიღოს. სექტემბერი ჩემთვის ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება, რადგან სწორედ ამ დროისთვის დაგვპირდა ის გადამწყვეტი რეფორმების გატარებას. ამ პირობების შესრულება იქნება ყველაფრის  ინდიკატორი. ისიც მესმის, რომ მასთან ბევრი შენიშვნაა, რომლებსაც ნაწილობრივ მეც ვიზიარებ, თუმცა, ვითვალისწინებ რა პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ და არ მაქვს ილუზია, რომ კვიტაშვილის გადადგომით ეს შენიშვნები მოგვარდება.“ - მეუბნება იგი.

ჩვენ საუბრისას პირველი კორპუსის ეზოში გამოვდივართ. გარეთ ისევ ჭადრის მტვერი დაფრინავს. სალომეს კომენტარისთვის მადლობას ვუხდი, სახეზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ, „სასიკვდილო ზონას“ სწრაფად გავერიდო. ამასობაში, მთავარი შესასვლელის კიბეზე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი არბის. რექტორთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

გიორგი ლოლაშვილი

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე