მექსიკაში მემარჯვენეთა 12 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობა სრულდება
1 ივლისს, აშშ-ს მეზობელ მექსიკაში, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს ნარკომაფიისათვის უმთავრეს სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, გენერალური არჩევნები გაიმართება. სენატთან და პარლამენტის ქვედა პალატასთან ერთად, მექსიკელებს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევთ. ლათინური ამერიკის ამ სახელმწიფოს კონსტიტუციის მიხედვით, ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტის პოსტის ერთადერთხელ დაკავების უფლება აქვს. შესაბამისად, ქვეყნის ყოფილი ლიდერი ფელიპე კალდერონი კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მძიმე ეკონომიკური და კრიმინოგენული მდგომარეობიდან გამოყვანას სხვა პოლიტიკოსები შეეცდებიან.
მექსიკის პოლიტიკურ არენაზე სამი პარტია იკავებს დომინანტურ პოზიციას. სამივე მათგანი ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატით აპირებს საარჩევნო ბრძოლაში წარმატების მოპოვებას. განვიხილოთ მთავარი პოლიტიკური ჯგუფები, ორგანიზაციათა ლიდერები და მათი შანსები.
მოქმედი პრეზიდენტი კალდერონი და მისი წინამორბედი ვისენტე ფოქსი, ორივენი ეროვნული მოქმედების პარტიის წევრები არიან. ორგანიზაცია მექსიკის უმთავრეს მემარჯვენე ძალად მიიჩნევა. იგი ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური იდეოლოგიის გახლავთ და აქტიურად იცავს კონსერვატიზმის მთავარ ფასეულობებს. პარტიის წევრები თავიანთ პარტნიორ მთავარ საზოგადოებრივ ძალად კათოლიკურ ეკლესიას განიხილავენ. 1939 წელს დაარსებული პოლიტიკური დაჯგუფების სახელს ლათინური ამერიკის ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება. კერძოდ, ამ გაერთიანებამ შეძლო და 2000 წელს წერტილი დაუსვა ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის 72-წლიან, უწყვეტ მმართველობას.
შიდაპარტიული კენჭისყრის შედეგად, პარტიამ 53,2%-იანი მხარდაჭერით, საპრეზიდენტო კანდიდატად 52 წლის ეკონომისტი ჟოზეფინა ვასკეს მოტა წარადგინა. წლების განმავლობაში იგი სხვადასხვა ჟურნალისა თუ გამოცემის მესვეტედ და ანალიტიკურ მიმომხილველად მუშაობდა, 2000 წელს იგი პირველად აირჩიეს ქვეყნის ეროვნულ კონგრესში. შემდგომში მას ჯერ სოციალურ საკითხთა მდივნის, შემდგომ კი, სახალხო განათლების მდივნის პოსტი ეკავა. მისი ამჟამინდელი რეიტინგი შედარებით დაბალია, 1 ივლისს მას ხმათა 20-25%-ის დაგროვებას უწინასწარმეტყველებენ, რაც წარმატების მოსაპოვებლად არასაკმარისია.
1929-2000 წლებში მექსიკის უმთავრეს და მმართველ პოლიტიკურ ჯგუფად ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია გვევლინებოდა. ათწლეულების განმავლობაში პარტია, ფაქტობრივად, უალტერნატივო პოლიტიკური გაერთიანება გახლდათ. იგი „სოციალისტური ინტერნაციონალის“ სრულუფლებინი და კვალიფიციური წევრია, შესაბამისად, იგი მემარცხენე პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს. მათ ოფიციალურ იდეოლოგიად სოციალისტური დემოკრატიაა აღიარებული. ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია და მწვანეთა მოძრაობა არჩევნებში საერთო კანდიდატით გამოდიან. მათი რჩეული ენრიკე პენია ნეტო გახლავთ, რომელიც წარსულში რეგიონალურ პოლიტიკაში გახლდათ აქტიური. კერძოდ, ბიზსესის ადმინისტრირების სპეციალისტი, წლებია, მეხიკოს ფედერალური ოლქში ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის ადგილობრივი ლიდერი გახლდათ. 2005-2011 წლებში ნეტო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მდიდარი ადმინისტრაციული ერთეულის, მეხიკოს შტატის გუბერნატორად იყო არჩეული. ყოფილი გუბერნატორი და მისი მემარცხენე-ცენტრისტული პლატფორმა მოსახლეობის ყველაზე დიდ ნდობას იმსახურებს. ენრიკე პენია ნეტო მოახლოვებულ არჩევნებზე გამოკვეთილი ფავორიტია.
ოპონენტებისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას გეგმავს კიდევ ერთი დიდი მექსიკური პოლიტიკური ერთობა - დემოკრატიული რევოლუციის პარტია, რომლის ირგვლივაც ძლიერი მემარცხენე ალიანსია გაერთიანებული. „ფართო პროგრესულ ფრონტს“ მათთან ერთად, „სამოქალაქო მოძრაობა“ და შრომის პარტია აკონპლექტებენ. სოციალისტთა მთავარი კანდიდატი დედაქალაქის ყოფილი მერი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი გახლავთ. იგი მექსიკში ცნობილი და ავტორიტეტული პოლიტიკოსია. ობრადორი წინა არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და მხოლოდ ნახევარი პროცენტით დამარცხდა ფელიპე კალდერონთან ორთაბრძოლაში. მის დამარცხებას მასობრივი გამოსვლები და საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. მემარცხენეთა ლიდერი ობრადორი ნეტოს მთავარ კონკურენტად განიხილება. შეძლებს ექს-მერი ყოფილი გუბერნატორის დამარცხებას? ალბათ, მას ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გაუჭირდება.
მექსიკა პრეზიდენტს ერთი 6-წლიანი ვადით, შეფარდებითი უმრავლესობის პრინციპით ირჩევს. მაშასადამე, არჩევნებში გასამარჯვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა არ არის აუცილებელი.
წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვება იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კონსერვატორთა 12 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობა სრულდება და ესტაფეტა საწინააღმდეგო პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელთა ხელში გადადის.
ლევან ლორთქიფანიძე
თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების სტუდენტი