Print

დნესტრისპირეთის კონფლიქტის მიმოხილვა

ავტორი: კონსტანტინე შუბითიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

მოლდავეთი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთით ესაზღვრება რუმინეთი, აღმოსავლეთით უკრაინა. ფართობი შეადგენს 33 700კმ2.-ს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანა იწვევს როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირისა და მისი პარტნიორების ინტერესს. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა მოლდავეთის ტეიტორიაზე მდებარეობს ორი ავტონომიური ერთეული: „გაგაუზია“ და „დნესტრისპირეთი“ (ე.წ. „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა“- დმრ, ფართობი 4 163 კმ2). ამ დროისათვის კონფლიქტური სიტუაცია შექმნილია ამ უკანსაკნელსა და მოლდავეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. კონფლიქტი, იმ სახით როგორითაც იგი დღესაა წარმოდეგნილი ოფიციალურად 1991 წელს დაიწყო და მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, როგორც ქვეყნის შიდა აქტორების, ისე გარე ძალების მიერ, პრაქტიკული გადაწყვეტა ვერ ხერხდება და ინარჩუნებს ე.წ. „გაყინული კონფლიქტის“ სტასუსს. 

 

პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა კონფლიქტებისგან განსხვავებით დნესტრისპირეთის კონფლიქტი არ წარმოადგენს ეთნიკური კონფლიქტის კლასიკურ მაგალითს, იგი უფრო პოლიტიკურ კონფლიქტად მოიაზრება რეგიონსა და ცენტრს შორის. ცალკე საკითხია რუსეთისა და რუმინეთის დიდი ინტერესი მოლდავეთის და შესაბამისად დნესტრისპირეთის კონფლიქტის მიმართ, რაც შეიძლება მოვიაზროთ შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთ ძირითად კატალიზატორად. ამ დროისათვის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობს რუსეთი, უკრაინა, ეუთო, ევროკავშირი და ა.შ.შ., შესაბამისად არსებობს მოლაპარაკებების ე.წ. 5+2 ფორმატი(მოლდავეთი, დმრ, ა.შ.შ., უკრაინა, რუსეთი, ეუთო, ევროკავშირი) და სხვა.

კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების ისტორიული მიმოხილვა

 1812 წელს, რუსეთის იმპერია ახდენს მდინარე პრუტის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის ანექსირებას. რეგიონს ,,ბესარაბიის’’ სახელი ერქმევა. პრუტის დასავლეთით არსებული მიწები 1859 წელს, რუმინეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის. 1918 წლის 24 იანვარს, ბესარაბია დამოუკიდებლობას აცხადებს და რუმინეთს უერთდება. ამის საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მოლდავეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას (მასსრ) აარსებს, რომელსაც უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მიერთებით პოლიტიკურ მნიშვნელობას უზრდის. 

 1940 წელს, საბჭოთა კავშირი ახდენს ბესარაბიის ანექსირებას რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად. იგი უერთდება მასსრ-ს და იქმნება მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (მსსრ). 

 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოლდავეთი აღდგენილ იქნა 1940 წელს არსებულ საზღვრებში. იწყება რესპუბლიკის ინდუსტრიალიზაცია და რუსიფიკაცია. ამ პროცესის ფარგლებში მოხდა 300 000 ეთნიკურად რუსის ჩასახლება მოლდავეთის ტერიტორიაზე და 500 000 ეთნიკურად მოლდაველის გადასახლება სსრკ-ს შორეულ პროვინციებში. 

 1960-იანი წლებიდან კრემლის სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში იწყება დნესტრისპირეთის რეგიონის აქტიური ინდუსტრიალიზაცია, რასაც თან ზდევს რეგიონის პოლიტიკური წონის მატება.

 გარდამტეხი მომენტი მოლდავეთის უახლეს ისტორიაში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დადგა სსრკ-ს პირველი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის რეფორმების დაწყების შემდეგ, რამაც გამოხატვისა და აზრის დაფიქსირების მეტი შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მოსახლეობას, რასაც მოჰყვა მზარდი ანტირუსული განწყობა და მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ.

 დნესტრისპირეთის კონფლიქტი იმ სახით, რომლითაც იგი დღესაა წარმოდგენილი დაიწყო მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოლდავეთის იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო მოძრაობა ქვეყნის მეზობელ რუმინეთთან შეერთების მიზნით, რაც დნესტრისპირეთის ეთნიკურად რთული შემადგენლობის რეგიონისთვის (2004 წლის აღწერით მოლდაველი 32%, რუსი 31%, უკრაინელი 29%) სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა, რაც მეტწილად რეგიონში  ძლიერი რუსული გავლენის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის გარდა მოლდავეთის საკითხებით აქტიურ დაინტერესებას გამოხატავს რუმინეთიც, რომელიც მოლდავეთს დღემდე თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგებით, სხვადასხვა სახის კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით მოახდინოს მისი მოქალაქეების მაქსიმალური ინტეგრაცია ერთიან რუმინულ სახელმწიფოში, ამ კუთხით კი განსაკუთრებით მიმზიდველს რუმინეთს ევროკავშირის წევრობა ხდის.

რუსეთის როლი კონფლიქტში

 შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი აღნიშნულ კონფლიქტში ერთ-ერთ ძირითად აქტორს წარმოადგენს. ფაქტობრივად რუსეთის მე-14 არმია და რუსული ეკონომიკური მხარდაჭერა განსაზღვრავს და ინარჩუნებს დმრ-ს სეპარატისტულ რეჟიმს. 1992 წელს, როდესაც კონფლიქტი აქტიურ ფაზაში იმყოფებოდა და მიმდინარეობდა შეირაღებული დაპირისპირება გადამწყვეტი როლი სწორედ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ითამაშეს და ფაქტობრივად უკუაქციეს მოლდავური არმია. დღეს სამშვიდობო მისიისა და მხარეთა დაშორიშორების მოტივით რუსეთი არ ასრულებს 1999 წლის სტამბულის შეთანხმებას და არ გაჰყავს საკუთარი ბაზები რეგიონიდან, უფრო მეტიც 2012 წლის ნომებერში ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ კრემლი აპირებს გადააიარაღოს და უფრო ქმედუნარიანი გახადოს ადგილზე არსებული საკუთარი სამხედრო ნაწილები. მიუხედავად მოლდავეთ-უკრაინის საბაჟო შეთანხმებისა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს, რომ დნესტრისპირეთი წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს რუსული პოლიტიკური ელიტისათვის ფულის გათეთრებისა და იარაღით ვაჭრობის კუთხით. მოსკოვს ოფიციალურად აქვს გაცხადბეული, რომ დნესტრისპირეთს აწვდის ბუნებრივ აირს გაცილებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე დანარჩენ მოლდავეთს. გასული წლის ბოლოს გაცხადდა ასევე, რომ რუსული დახმარება გაიზრდება 3 მილიარდ რუბლამდე სეპარატისტული რეგიონისათვის და იგეგმება რუსეთის საკონსულოს გახსნა ტირასპოლში(ე.წ. დმრ-ის დედაქალაქი), რაც ოფიციალურ კიშინოვთან შეთანხმების გარეშე მოხდა და გამოიწვია ოფიციალური პირების აღშფოთება. 

 რუსეთის პოლიტიკა მოლდავეთთან მიმართებაში განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გასულ წელს პროდასავლური განწყობის მქონე ძალები მოვიდნენ, რაც პირდაპირ „საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისათვის, რომ მოლდავეთი მისი გვალენის სფეროდან გავა.

სამშვიდობო ინიციატივები და მათი შედეგები

 შეიარაღბეული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რასაც ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 1500 ადამიანი ემსხვერპლა, 4000-ზე მეტი დაიჭრა და 100 000 იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ფაქტობრივად იმავე წელს(1992 წელი) დაიწყო სხვადასხვა სახის სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა, მათ შორის შემუშავებულ იქნა განსხვავებული ფორმატები სხვადასხვა მედიატორის ან მედიატორთა ჯგუფის მხრიდან, თუმცა ამ მომენტისათვის არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მათ რეალური შედეგი ვერ გამოიღეს. უფრო კონკრეტულად შმეუშავებულ იქნა შემდეგი ინიციატივები:

• 1993 წელს რუსეთთან ერთად შუამავლის როლი ეუთომ იკისრა და ჩმაოყალიბდა ე.წ. ჯგუფი „ეუთო-5“(რუსეთი, უკრაინა, ა.შ.შ., ეუთო, ევროკავშირი), ამ ხუთეულის და კიშინოვ-ტირასპოლის წარმომადგენელთა ერთობლივ მოლაპარაკებებს „5+2“ საერთასორისო მოლაპარაკებებს უწოდებენ.

• 1996-97 წლებში მიღბეულ იქნა ერთობლივი განცხადებები, მემორანდუმები, მაგრამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, რეალური ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების კუთხით არ გადადგმულა.

• 2000 წლის ,,პრიმაკოვის პროექტი’’, რომელიც რუსეთის ფედერაციის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა შეიმუშავა.

• 2002 წელს ეუთომ რუსეთმა და უკრაინამ მოლდავეთისა და დმრ-ის პრეზიდენტებს წარუდგინეს ე.წ. „კიევის დოკუმენტი“, რომელიც მოლდავეთის ასიმეტრიულ ფედერაციულ ფედერაციულ რესპუბლიკად გარდაქმნას ითვალისწინებდა, სადაც დმრ მისი შემდაგენელი ერთ-ერთი ნაწილი იქნებოდა

• 2003 წელს მოლდავეთის პრეზიდენტი ვორონინი გამოვიდა ინიციატივით, რომ ტირასპოლთან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილიყო ახალი ფედერალური კონსტიტუცია და ჩატარებულიყო ახალი საპარლამენტო არჩავნები, რასაც ტირასპოლი არ დაეთანხმდა და განაცხადა რომ მისთვის მხოლოდ კონფედერაციული მოდლეი იყო მისაღები.

• 2003 წლის ,,კოზაკის მემორანდუმი’’, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იმდროინდელი ადმინისტრაციის თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა შეიმუშავა.

მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარები

1) მოლდავეთის ხელისუფლება ცალსახად ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს აიღებს

მოლდავეთის ახალი ხელისუფლება, რომელიც ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, წინამორბედისგან განსხვავებით აშკარად გამოხატული პროდასავლური განწყობით ხასიათდება. შესაძლოა მათ ცალსახად გააკეთონ არჩევანი ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე, რაშიც უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებს რუმინეთი, თუმცა ამ შემთხვევაში მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ვიდრე საკონსულოს გახსნაა სეპარატისტულ რეგიონში და გაიმეოროს საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებული სცენარი, ანუ აღიაროს დმრ დამოუკიდებლობა.

2) მოლდავეთის ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს

ამ სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ოფიციალური კიშინოვი გააგრძელებს წინამორბედი კომუნისტური პარტიის პოლიტიკას და შეეცდება რუსეთის გულის მოგების სანაცვლოდ უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამით იგი მიიღებს გარანტიებს, რომ რუსეთი უფრო მეტად არ გაამწვავებს ვითარებას რეგიონში, თუმცა კონფლიქტის რეალური გადაწყვეტა ნაკლებადაა შესაძლებელი ისევ და ისევ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მოლდავეთს გაუფუჭდება ურთიერთობა რუმინეთთანაც. 

3) რუსეთი წავა გარკვეულ დათმობებზე და მოლდავეთისგან გარკვეული გარანტიების მიღების სანაცვლოდ ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას

რუსეთმა შესაძლოა მოითხოვოს გარკვეული გარანტიები მოლდავეთისგან, როგორიცაა მაგალითად მოლდავეთის რუმინეთთან მიერთების დაუშვებლობა და სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარის თქმა, რის სანაცვლოდაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას, რითაც საკუთარ იმიჯსაც გაიუმჯობესებს საერთაშორის თანამეგობრობის თვალში, რომელიც შეელახა 2008 წელს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარების შემდეგ.

4) მოლდავეთი უარს არ იტყვის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით ვერ გადადგამს

ცხადია, რომ მოლდავეთისთვის ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია პრიორიტეტული და სასურველია, რაც პროდასავლური ხელისუფლების არჩევითაც დასტურდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოფიციალურმა კიშინოვმა აღნიშნული კურსის გატარება ტეროტირული მთლიანობის სანაცვლოდ გადაწყვიტოს, ამიტომ მას მოუწევს უარი არ თქვას ზემოხსენებულ ალიანსებში გაწევრიანებაზე, თუმცა აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს ამ კუთხით ვერ გადადგამს სიტუაციის გამწვავების შიშით.

დასკვნა

  მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მარტივ კონფლიქტად პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებს შორის, აშკარაა რომ მასში იკვეთება არამხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი დაპირისპირება, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი აქტორების ინეტერესები როგორიცაა რუსეთი და ევროკავშირის წევრი რუმინეთი. გამომდინარე იქიდან, რომ მოლდავეთი წარმოადგენს ერთგვარ ბუფერულ სახელმწიფოს ევროკავშირსა და მის მოკავშირეებს და რუსეთს შორის ნაკლებად სავარაუდოა რომელიმე მათგანმა დათმოს საკუთარი პოზიცია და დაუშვას ოპონენტის გავლენის სფეროს ქვეშ ამ ქვეყნის მოქცევა.

 მოვლენების შესაძლო განვითარების მოყვანილი სცენარებიდან, ამ დროისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე ყველაზე რეალურად სავარაუდოდ მე-4 სცენარი უნდა იქნას მიჩნეული, რადგან ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ყველა სახელმწიფოსთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, თუმცა მოლდავეთი უარს ვერ იტყვის ვერც ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის გცხადებულ კურსზე, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა დაკარგოს დასავლელი პარტნიორები და ხელიდან გაუშვას ის ძირითადი ბერკეტი რითაც რუსეთთან საუბრისას გარკვეული ლავირების საშუალება ეძლევა. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება მოკლევადინა პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა და დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე