ფილოსოფიური ძიებანი
გამოცემა ოცდამეცხრე
მიმოხილვა
მთავარი რედაქტორის წინათქმა
ტრადიციას არ ღალატობს საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის საგამომცემლო ორგანო „ფილოსოფიური ძიებანი“ და მორიგ XXIX ტომში სხვადასხვა თაობის ქართველ ფილოსოფოსთა ნაშრომებს ბეჭდავს.
აღსანიშნავია, რომ ენთუზიაზმის საფუძველზე აგრძელებს საქმიანობას საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია და მისი ბეჭდური ორგანო „ფილოსოფიური ძიებანი“, რაც ფილოსოფიისადმი და, საერთოდ, აბსტრაქტული აზროვნებისადმი მტრულად განწყობილ ეპოქაში, მართლაც რომ გმირობის ტოლფასია.
ქართულმა ფილოსოფიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ 2024 წელს დიდი დანაკლისი განიცადა. მის რიგებს გამოაკლდნენ ფილოსოფოსები: ანზორ ბრეგაძე და რევაზ ბალანჩივაძე, ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე, რასაც საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია გამოსათხოვარი წერილებით ეხმიანება.
კრებულ „ფილოსოფიური ძიებანის“ საერდაქციო საბჭო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების გასაღრმავებლად. კრებულის ტომეულები (ტ. 27, ტ. 28, ტ. 29) კვლავინდებურად ინდექსირებულია Google Scholar-ში. „ფილოსოფიური ძიებანი“ რეგისტრირებულია საერთაშორისო პროფესიულ სამეცნიერო ორგანიზაციაში – „ფილოსოფიური დოკუმენტაციის საერთაშორისო ცენტრი“ (აშშ). კრებულს გააჩნია ელექტრონული მისამართი და მისი ნახვა შესაძლებელია ელ. მისამართზე: http://socium.ge/index.php/socium-ge- library/philo-dzi-all.
კვლავ უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ამას საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია ენთუზიაზმით, ფილოსოფიისადმი ერთგულებითა და სიყვარულით, ქართული ფილოსოფიური საზოგადოების გარკვეული ნაწილის უანგარო მხარდაჭერითა (ამ მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი აკადემიის წევრის, პროფესორ ამირან ბერძენიშვილის წვლილი) და კრებულ „ფილოსოფიური ძიებანის“ ავტორთა დახმარებით ახერხებს.
სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ბიზნესის სფეროს და მედიის წარმომადგენლებმა და სხვ. სათანადოდ ვერ გააცნობიერეს ფილოსოფიის საჭიროება და ფილოსოფია, როგორც ყოველთვის მისი ერთგული და მოყვარული ადამიანების იმედად დარჩა.
ირაკლი კალანდია,
თბილისი, 2025 წლის 8 იანვარი