ფილოსოფიური ძიებანი
გამოცემა ოცდამერვე
მიმოხილვა
მთავარი რედაქტორის წინათქმა
საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის საგამომცემლო ორგანო `ფილოსოფიური ძიებანი~-ს მორიგ XXVIII ტომში კვლავინდებურად სხვადასხვა თაობის ქართველ ფილოსოფოსთა ნაშრომები იბეჭდება. არაფილოსოფიური დროების მიუხედავად, საქართველოში ფილოსოფიის გადასარჩენად, კვლავაც ენთუზიაზმის საფუძველზე აგრძელებს საქმიანობას საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია და მისი ბეჭდური ორგანო `ფილოსოფიური ძიებანი~.`ფილოსოფიური ძიებანი~-ს XXVIII ტომი მისი დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის, ფილოსოფოს სერგი ავალიანის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება, რომლის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც სათანადო მოპყრობასა და დაფასებას იმსახურებს. ქართველმა ფილოსოფიურმა საზოგადოებამ 2023 წელს დიდი დანაკლისი განიცადა. მის რიგებს გამოკლდნენ ფილოსოფოსები: გურამ (გური) ასათიანი, მიხეილ მახარაძე და აკაკი ყულიჯანიშვილი. ამ დიდ დანაკლისს საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია გამოსათხოვარი წერილებით ეხმიანება. უკვე მესამე წელია, რაც სარედაქციო საბჭოს უცხოელი წევრები შემოემატა, რაც საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების გაღრმავება _ გაფართოებას ნიშნავს. პირველი ნაბიჯები გადაიდგა კრებულის საერთაშორისო მეცნიერომეტრულ ბაზებში მოსაქცევად, რისი დადასტურებაა კრებულის ინდექსირება Google Scholar--ში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ `ფილოსოფიური ძიებანი~ რეგისტრირებულია ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროფესიულ სამეცნიერო ორგანიზაციაში, როგორიცაა `ფილოსოფიური დოკუმენტაციის საერთაშორისო ცენტრი~ (აშშ). აღსანიშნავია, რომ `ფილოსოფიურ ძიებანს~ უკვე ელექტრონული მისამართი გააჩნია და დაინტერესებულ მკითხველს მისი ნახვა შეუძლიაელ.მისამართზე: http://socium.ge/index.php/socium-ge-library/philo-dzi-all. ყოველივე ამას საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია ენთუზიაზმით, ფილოსოფიისადმი ერთგულებითა და სიყვარულით, ქართველი ფილოსოფიური საზოგადოების ძირითადი ნაწილის მხარდაჭერითა და კრებულ `ფილოსოფიური ძიებანის~ავტორთა დახმარებით ახერხებს.
`ფილოსოფიური ძიებანის~ მორიგი _ XXVIII ტომის მთავარი რედაქტორის ტრადიციული წინასიტყვაობა გვინდა დავასრულოთ ამონარიდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელშიც ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის საჭიროებაზეა ყურადღება გამახვილებული: `ადამიანს სჭირდება ანალიტიკური აზროვნება. როცა რაღაცას აკეთებს ადამიანი, უნდა გააანალიზოს ის დადებითია თუ არა, განხორციელდება თუ არა. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია. ამის შესახებ 30 წელია ვლაპარაკობთ და მაინცდამაინც ვერ გავიგეთ, რომ ეს აუცილებელია. ფსიქოლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია, როგორც საგანი, ისევე, როგორც მათემატიკა, ქართული ენა, ისე უნდა ისწავლებოდეს პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. ასე მივიღებთ ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას და უნარი ექნება ფილოსოფიური, ანალიტიკური და განყენებული აზროვნებისა.~ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და სხვ. (რომელთაც არაერთხელ მივმართეთ თხოვნით) სათანადოდ ვერ აცნობიერებენ ფილოსოფიის საჭიროებას, ამიტომაც ჩვენში ფილოსოფია მხოლოდ მისი ერთგული და მოყვარული ადამიანების იმედად არის დარჩენილი.
ირაკლი კალანდია
თბილისი, 2024 წლის 17 იანვარი