„ჩვენ“ და „სხვები“ - იდენტობის როლი კონფლიქტებში
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მომხდარ კონფლიქტებს შორის ეთნიკური დაპირისპირების სიჭარბემ და სიმწვავემ საერთაშორისო კონფლიქტების მკვლევრები ტრადიციული საკვლევი ობიექტის - სუპერ ძალების დაპირისპირების - შეცვლის საჭიროების წინაშე დააყენა. ეთნიკური კონფლიქტების სიხშირის ზრდასთან ერთად მატულობს ყურადღება ისეთი ფაქტორების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის საერთო ჯგუფისადმი მიკუთვნილობის განცდის ფორმირებას, მის მიერ საერთო მიზნების აღქმა-გაცნობირების პროცესს და შედეგად უზრუნველყოფს მის მზაობას იბრძოლოს ამ ფასეულობების დასაცავად. ეთნო-ნაციონალური კონფლიქტების სიმწვავის გათვალისწინებით იზრდება დაინტერესება აგრეთვე იმ ხერხების მიმართ, რომელთა საშუალებითაც ყალიბდება, მტკიცდება და გადაეცემა იდენტობის მარკერები გარკვეული მნემონიკური ერთობის წევრებს.
კონკრეტული ჯგუფის იდენტობის ფორმირება გულისხმობს ამ ერთობის მიერ საკუთარი თავის ერთი მთლიანის ნაწილად აღქმას და ასევე „სხვის“ არსებობას, რომელთან შეპირისპირების, განსხვავებების ხაზგასმის ფონზე ყალიბდება მათი თვითმყოფადობა. შედეგად ჯგუფს უყალიბდება გაზიარებული შეხედულება საერთო წარმოშობისა და წარსულის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ბაზისს მათი თანამედროვე პრეტენზიების (იქნება ეს ტერიტორიული თუ სხვა პოლიტიკური საკითხი) ლეგიტიმაციისთვის და სხვა ჯგუფებთან მიმართებით ისტორიული უპირატესობის დამტკიცებისთვის.
უახლოეს წარსულში წარმოშობილი კონფლიქტების უმრავლესობაში დაპირისპირებამ იდენტობისთვის ბრძოლის ხასიათი მიიღო. შექმნილ ვითარებაში ერთი მხარის მიერ მიღწეული გარკვეული წარმატება აღიქმებოდა მეორე მხარის იდენტობის რღვევის მომასწავებლად. შედეგად ამ კონფლიქტებმა მიიღო ნულოვან ჯამოვანი ურთიერთობის სახე, სადაც ნაკლები ადგილი რჩებოდა და ზოგიერთი კონფლიქტის შემთხვევაში (მაგ. ისრაელ-პალესტინა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი) დღემდე რჩება, კომპრომისული ნაბიჯებისთვის.
კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებისას გასანკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იდენტობის საკითხის კვლევა, ვინაიდან მასში კარგად იკვეთება კონფლიქტში მყოფი მხარეების საჭიროებები, შიშები და მოლოდინები. მათი იდენტიფიცირების შედეგად შეიძლება მივიღოთ კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის სათანადო ცოდნა, ვინაიდან გამოიკვეთება ის ასპექტები რაც ექვემდებარება ცვლილებას მოლაპარაკების შედეგად და ის საკითხები, რაც ორივე მხარის ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას საჭიროებს დაპირისპირების გაგრძელება/განახლების თავიდან ასაცილებლად.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს პირველ რიგში გამოკვეთოს იდენტობის, როგორც კონფლიქტის განმაპირობებელი ფაქტორის როლი. მოკლედ მიმოიხილოს პრიმორდიალისტებსა და კონსტუქტივისტებს შორის არსებული დებატები იდენტობის ფორმირებასთან დაკავშირებით. განიხილოს ისტორიულ ნარატივთა გავლენა იდენტობის უმთავრესი კომპონენტის - კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებაზე. ხოლო დასკვით ნაწილში წარმოაჩინოს ის საშუალებები, რასაც იდენტობის კონსტრუირებადი ბუნება იძლევა კონფლიქტის მოგვარებისთვის.
იდენტობა, როგორც კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი
სოციალიზაციის პროცესში იდენტობის ჩამოყალიბების საშუალებით ინდივიდი ანიჭებს აზრს თავის არსებობას და განასხვავებს საკუთარ თავს სხვებისგან. მსგავსი პრინციპით ხდება გარკვეული მნემონიკური ერთობის იდენტობის ფორმირება, იქნება ეს ერი, ეთნიკური ჯგუფი თუ სხვა სახის ერთობა.
სოციალური იდენტობის თეორიის (Social identity theory) ავტორების მიხედვით, ინდივიდის მძლავრ იდენტიფიცირებას შიდა ჯგუფთან (ingroup) მივყვავართ გაზრდილ უარყოფით დამოკიდებულებამდე გარეთა ჯგუფის მიმართ (outgroup), რაც ზრდის კონფლიქტის ალბათობას. ნეგატიური ჯგუფთაშორისი დამოკიდებულება შეიძლება დაფუძნებული იყოს რასაზე, ეთნიკურობაზე, რელიგიაზე თუ სხვა ფაქტორზე ან რამდენიმე ამ ფაქტორთა ერთობლიობაზე. სოციალური იდენტობის თეორიის მთავარი ჰიპოტეზა მდგომარეობს შიდა ჯგუფის იდენტობის ხარისხსა და ჯგუფთაშორისი დაპირისპირების ალბათობას შორის არსებული პირდაპირპორციულ კავშირში. ინდივიდის მიერ საკუთარი თავის კატეგორიებად დახარისხება ბუნებრივი კოგნიტური პროცესია. საგნების კატეგორიებად დაყოფა გარდაუვალი პროცესია და „მე“-ს ერთ კატეგორიაში მოქცევისას დაუყოვნებლივ ჩნდება კატეგორია „სხვა“-ც.
საკუთარი თავის კატეგორიზაციის თეორია (self-categorization theory) მსგავსად სოციალური იდენტობის თეორიისა იდენტობის კონსტრუირების პროცესის პირველ საფეხურად მიიჩნევს ინდივიდების მიერ „ჩვენ“ და „სხვები“-ს წარმოსახვის გზით თავიანთი თავის კატეგორიზაციას. მეორე ნაბიჯს კი წარმოადგენს შიდა ჯგუფთან (in-group) ასოცირებული ნორმების, ღირებულებების, რმენათა სისტემის, შეხედულებების ქცევითი ნორმების ათვისება. ორივე თეორიის მიხედვით ინდივიდების სოციალიზაციის პროცესის თანმდევი კატეგორიზაციის მიდგომა გულისხმობს ცრუ რწმენებზე დაფუძნებული შეხედულების ფორმირებას გარეთა ჯგუფის (out group) მიმართ და მათდამი დისკრიმინაციული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
კელმანი თავის ნაშრომში „ეროვნული იდენტობის როლი კონფლიქტის მოგვარებაში“ იდენტობას განმარტავს, როგორც ჯგუფის მიერ საკუთარი თავის ერთობად განსაზღვრის მექანიზმს, რაც თავის მხრივ საჭიროებს შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტების კონცეპტუალიზაციას: ჯგუფის უცვლელი მახასიათებლების და ძირითადი ღირებულებების, ძლიერი და სუსტი მხარეების, მოლოდინებსა და შიშების, რეპუტაციისა და არსებობისთვის საჭირო წინაპირობების, ინსტიტუტების, ტრადიციების, ისტორიის, მიმდინარე მიზნების და სამომავლო პერსპექტივების ფორმირებას.
კელმანის მოსაზრებით, იდენტობის მიმართ საფრთხის არსებობას ცენტრალური ადგილი უკავია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. იდენტობა კი თავის მხრივ მჭიდროდ უკავშირდება ტერიტორიების და რესურსების ფლობის საკითხს. როდესაც მხარეებს სურთ მოიპოვონ ერთსა და იმავე ტერიტორიასა და რესურსებზე საკუთრების უფლება დაპირიპსირებული ერთობებისთვის არა მარტო ერთმანეთის ქმედებები აღიქმება საფრთხედ ჯგუფის იდენტობისთვის, არამედ მოწინააღმდეგე მხარის იდენტობა,ზოგადად მისი არსებობა.
კელმანის ნაშრომი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ სამი ფაქტორის იდენტიფიცირების გამო, რომელიც კოლექტიურ იდენტობას თითოეული ჯგუფისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. პირველ რიგში, იდენტობა წარმოადგენს ჯგუფის გამორჩეულობის, ერთობის, მუდმივობის უზრუნველმყოფ წყაროს და წევრებს შორის ჯგუფისადმი მიკუთვნილობის განცდის განმამტკიცებელ მექანიზმს. იდენტობის მნიშვნელობის ზრდის განმაპირობებელი მეორე ასპექტი, არის ის ფაქტი, რომ იდენტობა წარმოადგენს კონკრეტულ ტერიტორიასა და რესურსებზე ჯგუფის მიერ გაცხადებული პრეტენზიების ლეგიტიმაციის ძირითად წყაროს. მესამე მახასიათებელი კი ყურადღებას ამახვილებს იდენტობის, როგორც ჯგუფის გამორჩეული კულტურის, რელიგიის, ცხოვრების წესის განმავითარებელი და შემანარჩუნებელი ელემენტის ბუნებაზე.
კელმანის მტკიცებით კონფლიქტში ჩართული „თითოეული მხარის ხედვით მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს აქვს უფლება იწოდებოდეს ერად: ან ჩვენ ვართ ან ისინი არიან. მათ შეუძლიათ მოიპოვონ/განიმტკიცონ ეროვნული იდენტობა და უფლებები მხოლოდ ჩვენი იდენტობისა და უფლებების საფასურად“
შედეგად მეორე მხარის იდენტობის უარყოფა იმდენად ცენტრალურ ადგილს იკავებს კონფლიქტში, რომ ხდება ჯგუფის იდენტობის განუყოფელი ნაწილი და იმ ნარატივის შემადგენელი კომპონენტი, რომელსაც ეს ჯგუფი წარუდგენს დანარჩენ მსოფლიოს და რომლის საშუალებითაც ცდილობს მოახდინოს მიმდინარე ტერიტორიული თუ სხვა სახის პრეტენზიების ლეგიტიმაცია.
პრიმორდიალისტები vs კონსტრუქტივისტები
კონფლიქტებში იდენტობის როლის შესახებ მსჯელობა დაუსრულებელ სახეს მიიღებს პრიმორდიალისტებსა და კონტრუქტივისტებს შორის არსებული თეორიული დებატების მიმოხილვის გარეშე.
პრიმორდიალიზმის თანახმად, კონფლიქტის გარდაუვალობას 2 ეთნიკურ A და B ჯგუფს შორის განაპირობებს ამ კატეგორიის წევრების თანდაყოლილი თვისებები. პრიმორდიალისტების მტკიცებით, ეთნიკური ძალადობა არის შედეგი იმ ანტიპათიისა და მტრობისა რომელიც წარმოადგენს ეთნიკური ჯგუფების მტკიცე და განუყოფელ საკუთრებას. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება კონსტრუქტივიზმი, რომლის მიხედვითაც A და B ჯგუფის წევრებს შორის არსებული მტრობა სულაც არ არის მუდმივი და უცვლელი მდგომარეობა. „ძველი სიძულვილის“ („ancient hatreds“) კონცეფციის სანაცვლოდ, კონსტრუქტივისტები ყურადღებას ამახვილებენ სტრუქტურულ ძალებზე, დისკურსულ ფორმაციებსა და ინდივიდებზე, როგორც აგენტებზე რომლებიც ქმნიან ან გარდაქმნიან სოციალური კატეგორიზაციის სისტემას.
პრიმორდიალისტების თეორიის მთავარ სისუსტეს წარმოადგენს ის, რომ არ შეუძლია ახსნას რატომ წარმოიშვა ძალადობრივი ეთნიკური კონფლიქტი მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებში, მაგრამ არ წარმოიშვა სხვა ჯგუფების შიგნით, მაშინ როდესაც თანდაყოლილი მახასიათებლები თანაბრად იყო წარმოდგენილი. ასევე არ შუძლია პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ განსხვავდებიან ეთნიკური დაპირისპირებები ინტენსივობის თვალსაზრისით.
მაშინ როდესაც პრიმორდიალისტები სტატიკურ, გენეტიკურად გადაცემად მახასიათებლებს (რელიგია, ეთნიკურობა, რასა, ენა თუ სხვა ნიშანი) მიიჩნევენ ჯგუფებს შორის გარდაუვალი დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად, კონსტრუქტივისტები გამოკვეთენ იდენტობის კონსტრუირებაში შემდეგი ფაქტორების მნიშვნელობას: სოციალური დისკურსი (გაზიარებული ისტორიული მითები), სახელმწიფო იდეოლოგია, ელიტის ვიწრო ინტერესები, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები. შესაბამისად კონსტრუქტივისტების ხედვა მეტ შესაძლებლობას იძლევა ჯგუფთაშორისი დაპირისპირების მოგვარების გზებზე მსჯელობის თვალსაზრისით: იმ მექანიზმების იდენტიფიცირება, რომლის საშუალებითაც ხდება ჯგუფებს შორის კონფლიქტური იდენტობების ფორმირება, იძლევა საშუალებას განისაზღვროს ამ მექანიზმების გავლენის შემცირების/დაძლევის შესაძლებლობებიც.
ისტორიული ნარატივების როლი კონფლიქტური იდენტობის ფორმირებაში
წინა ქვეთავში განხილულმა დებატებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კანის ფერი, რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა დამოუკიდებლად არ იწვევს კონფლიქტს. ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სახის იდენტობა სტატიკური მახასიათებლების გარდა საჭიროებს ისეთ მექანიზმებს, რომლის საშუალებითაც მოხდება მათი მანიპულირება. კონფლიქტური იდენტობის ფორმირება განსაკუთრებით საჭიროებს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისტორიული მითების შექმნას, მედია საშუალებების გზით „მტრის ხატის“ ფორმირებას, სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმირება/პროპაგანდას და სხვას.
ერთსა და იმავე მოვლენებისადმი სელექციური მიდგომა და წინააღმდეგობრივი ნარატივების შექმნა დაპირისპირებულ მნემონიკურ ერთობებს აძლევს საშუალებას მოახდინონ მათი ამჟამინდელი მოთხოვნების ლეგიტიმაცია. ისტორია ხდება ანტაგონისტური განწყობის მაფორმირებელი ძალა განსაკუთრებით ახალ თაობებში, რომელთა სასკოლო სახელმძღვანელოებშიც აისახება ეს ისტორიული ნარატივები. იმ ახალ თაობებში, რომელთაც მეორე მხარესთან პირისპირი კონტაქტის გამოცდილება არ გააჩნიათ და ისტორიული ნარატივები არის ერთადერთი საშუალება, რითაც ისინი იღებენ ინფორმაციას მეორე მხარის შესახებ, „მათი“ და „სხვების“ ისტორიული ურთიერთობის შესახებ.
ისტორიული ნარატივი - რომელიც პასუხს სცემს ეთნოგენეზისის საკითხს, საზღვრების პრობლემას, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მიკუთვნილობის თემას, ქმნის ისტორიული „მტრის სახეს“ - კოლექტიური იდენტობის ფორმირებას ემსახურება. მკვლევართა განმარტებით, კოლექტიური მეხსიერება, რომელიც გადმოიცემა ნარატივის სახით შემდეგ მახასიათებლებს მოიცავს: 1. ის არის გაზიარებული ჯგუფის წევრების მიერ და მიჩნეული, როგორც სანდო ისტორია წარსული მოვლენების შესახებ. 2. არ არის აუცილებელი, რომ ის წარმოადგენდეს ჭეშმარიტ მონათხრობს წარსულის შესახებ, არამედ ის მიზნად ისახავს წარსულის იმგვარ გადმოცემას, რომ მან შეიძინოს ფუნქციონალური დატვირთვა ჯგუფის ამჟამინდელი არსებობისა და მოქმედებისათვის.
დანიელ ბარ-თალი და გავრიელ სალომონი კოლექტიური ისტორიული ნარატივის მახასიათებლების გამოკვეთით ნათლად წარმოაჩენენ, თუ როგორ ახდნეს ის კონფლიქტური იდენტობის ფორმირებას. პირველ რიგში, ისტორიული ნარატივი ემსახურება კონფლიქტში ჯგუფის მიზნებისადმი არსებითი მნიშვნელობის მინიჭებას და ხაზს უსვამს, იმ გარემოებას, რომ ამ მიზნების მიუღწევლობა ჯგუფის არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებს. იგი ასევე მიზნად ისახავს მეორე მხარის მისწრაფებები წარმოაჩინოს, როგორც უსამართლო და უსაფუძვლო.
კოლექტიური მეხსიერების ნარატივი ასევე ხელს უწყობს ჯგუფის პოზიტიური სახის შექმნას - საკუთარი თავის გამართლების, განდიდების და შექების გზით.
მესამე მახასიათებელს წარმოადგენს ოპონენტის დელიგიტიმაცია. საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენის პარალელურად, ჯგუფი კონფლიქტის თანმდევ ყველა პრობლემაზე პასუხისგემლობას აკისრებს მეორე მხარეს. ამ მიზნის მისაღწევად ნარატივი ფოკუსირდება მეორე მხარის მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, ბოროტებასა და არაჰუმანურობაზე.
მეოთხე ასპექტი უკავშირდება ისტორიული ნარატივის ფუნქციას მოახდინოს ჯგუფის ვიქტიმიზაცია. მოწინააღმდეგის მიერ მიყენებულ ზიანის, ბოროტების ხაზგასმით და თავიანთი თავის სამართლიან, მორალურ და ჰუმანურ ერთობად წარმოჩენის გზით ისინი გვევლინებიან „მსხვერპლად“. ვიქტიმიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ კონფლიქტი ჯგუფზე თავსმოხვეული იქნა მოწინააღმდეგის მიერ, არამედ აქცენტი კეთდება მეორე მხარის მიერ მორალურად გაუმართლებელი საშუალებებით ბრძოლაზეც.
დასკვნა
გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციებმა ერებს შორის ტექნოლოგიური, ეკონომიკური თუ სხვა სახის დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად დღემდე ვერ შეძლო საერთო „გლობალური“ იდენტობის ფორმირება. გლობალურად წოდებული ღირებულებების გავრცელებამ საპირისპირო შედეგიც კი გამოიწვია, გაიზარდა ეროვნული იდენტობებისადმი მიკუთვნილობის ხარისხი და თვითმყოფადობის დაცვის რადიკალური ფორმებიც წარმოიშვა. შედეგად უკანასკნელ წლებში განვითარებულ დაპირისპირებებში იდენტობის საკითხმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
თანამედროვე კონფლიქტების გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარება საჭიროებს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას იმ ასპექტებზე, თუ როგორ აღიქვამენ მხარეები ერთმანეთს, მეორე მხარის ინტერესებსა და მოთხოვნებს. კონფლიქტის მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტა თუ სამხედრო დაპირისპირების შეჩერება ყურადღების მიღმა ტოვებს მხარეებს შორის მტრული დამოკიდებულების შეცვლის საჭიროებას.
კონფლიქტის მონაწილე მნემონიკური ერთობებისთვის თავიანთი იდენტობების მასაზრდოებელ ძალას წარმოადგენს მეორე მხარის იდენტობის უარყოფა და მოთხოვნების დელიგიტიმაცია, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კოლექტიურ ისტორიულ ნარატივებს. შედეგად კონფლიქტი განისაზღვრება შემდეგი სქემით „ჩვენ“ „მათ“ პირისპირ, სადაც „მათ“ მიერ მიღწეული მცირედი წარმატებაც კი „ჩვენი“ იდენტობისთვის დიდი ზიანის მომტანია. მსგავსი რიტორიკის ფარგლებში ადვილად შესაძლებელი ხდება ჯგუფის უმრავლესობაში მტრული განწყობის მართვა და მათში სტერეოტიპების ფორმირება/გავრცელება მეორე მხარის მოთხოვნების, ისტორიის შესახებ და მითების შექმნა მათ შორის არსებული მუდმივი დაპირისპირების თაობაზე.
თუმცა იდენტობის კონსტრუირებადი ბუნება კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულ აქტორებს აძლევს საშუალებას მხარეების იდენტობებს შორის კონფლიქტური ელემენტების შემცირების გზით გრძელვადიანი გადაწყვეტა მოუძებნოს ჯგუფების მტრობას. იდენტობის სოციალური კონსტრუირებადობა გულისხმობს მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ასპექტებზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობას. ჯგუფებს, რომლებსაც თანაცხოვრობის გამოცდილება გააჩნიათ მეტნაკლებად თანაბრად აქვთ ის მახასიათებლები რაც მათ ერთმანეთისგან გამოყოფთ და აერთიანებთ. სერბების და ხორვატების შემთხვევაში, რომლებიც იზიარებენ საერთო ენასა და კულტურას, ხოლო განასხვავებთ რელიგია და ისტორიული გამოცდილება, პოლიტიკური ძალები დროის გაკრვეულ მომენტში აკეთებდნენ აქცენტს მსგავსებებზე მათი ერთიან ერად ფორმირების მიზნით, ხოლო დროის სხვა მონაკვეთში მათი განსხვავებების ხაზგასმით ანტაგონისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობდნენ ხელს.
ჩემი აზრით, იდენტობის საზღვრების და პრიორიტეტების რეკონსტრუქციაში, ისევე როგორც კონფლიქტური იდენტობის ფორმირებაში, განსაკუთრებულ როლს იძენს ისტორიული ნარატივები. ისტორიის სელექციური ბუნება მხარეების შერიგების და კონფროტაციის შერბილების ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს - მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების შემთხვევების ხაზგასმის გზით, ნეგატიური გამოცდილებისთვის გვერდის ავლით ან მისი ვიქტიმიზაციის განცდის უზრუნველმყოფი პათეტიკით გამოცემისგან თავის შეკავებით.
თუ გავიხსენებთ მრავალწლიანი დაპირისპირების წარმატებით მოგვარების ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა საფრანგეთ-გერმანიის, ებრაელების და გერმანელების, ჩრდილოეთ ირლანდილების კონფრონტაცია, მეტ დამაჯერებულობას იძენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იდენტობის ასპექტს თანამედროვე კონფლიქტებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. კონფლიქტური იდენტობის და კოლექტიური ნარატივების დაძლევის გარეშე ყოველგვარი პოლიტიკური მცდელობა კონფლიქტის მოგვარებისა იქნება დაუსრულებელი და შეიძლება უკუშედეგის მომტანიც კი გახდეს. მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და მათი შერიგება, რაც უზრუნველყოფს კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას პირველ რიგში საჭიროებს მხარეების იდენტობის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომ მათ შეძლონ ერთმანეთის მოთხოვნების ლეგიტიმურობა თავინთი იდენტობის ნაწილი გახადონ.