Print

„Summer Job“-ის პროგრამა

ავტორი: მარიამ ბერიანიძე, ლია გობეჯიშვილი, ნინო ესებუა, მაია ჩიტაია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

„Summer Job“-ის (საზაფხულო სტუდენტური დასაქმების) პროგრამა
და მისი შეფასება სტუდენტების მიერ 
ფოკუს-ჯგუფების ანგარიში

2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job“-ი. დასაქმდა ავტორიზირებული უნივერსიტეტების 25 000-მდე ბაკალავრი 70-მდე სახის სახვადასხვა ვაკანსიაზე. პროგრამა გაგრძელდა 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე და თითოეულმა დასაქმებული სტუდენტის ანაზღაურება განისაზღვრა  500 ლარით. პროგრამაზე დარეგისტრირება ხდებოდა ინტერნეტით და ეს განხორციელდა  ორ ეტაპად, ძირითადი 20 მარტიდან 20 აპრილამდე და დამატებით 4 ივნისს. 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში, 2012 წლის ოქტომბერში ჩატარეს ფოკუს-ჯგუფები, პროგრამა „Summer Job“-ის მონაწილე სტუდენტთა შორის.სულ ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი და თითოეულში მონაწილეობა მიიღო 8 სტუდენტმა, აქედან საშუალოდ  2-3 ბიჭი და 5-6 გოგონა.

ფოკუს-ჯგუფის ძირითადი მიზნები იყო: სტუდენტების ამ პროგრამისადმი დამოკიდებულების შესწავალა, ასევე ამ პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა და მათი სიღრმისეული ანალიზი. 

რეგისტრაციის პროცესი

ფოკუს-ჯგუფის მონაწილე სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ეს პროგრამის შესახებ ყველა კარგად იყო ინფორმირებული და  იყო „Summer Job-ის „ბუმი“. რის ძირითად მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ სტუდენტების მხრიდან არის დიდი მოთხოვნილება, რომ დასაქმდნენ ან  სულ ცოტა სტაჟირება მაინც გაიარონ. რეალურად არსებული  ვაკანსიები კი ძალიან ცოტაა, ამიტომ ეს პროგრამა იყო ყველასთვის კარგი შანსი სამსახურის პირველი გამოცდილების მიღებისა.

აღმოჩნდა, რომ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა ამ პროგრამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე წყაროსგან შეიტყვეს. ინფორმაციის ძირითადი საშუალება იყო: ტელევიზია, სოციალური ქსელი („ Facebook“) ასევე ახლობლები და მეგობრები.

 „გავიგე, ზუსტად არ მახსოვს, ტელევიზიიდან ან ფეისბუქიდან, ზუსტად არ ვიცი ის  პირველი რომელი იყო.“

„მეგობარმა მითხრა და მეგობარმავე დამარეგისტრირა“

მიუხედავად სტუდენტების ინფორმირებულობისა და მობილიზებულობისა, რეგისტრაციის პროცესი, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან პრობლემურად წარიმართა. დარეგისტრირების მსურველებს პრობლემები შეექმნათ ბაზების გადატვირთვის გამო. ბევრი მათგანი რამოდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დარეგისტრირებას. სტუდენტები ირწმუნებიან, რომ ვაკანსიების აბსოლუტური უმრავლესობა დღის პირველ ნახევარში შეივსო და  უამრავი სტუდენტი რეგისტრაციის  პირველ ეტაპზე საერთოდ პროგრამის გარეთ დარჩა. თუმცა ვერც შემდგომ ეტაპზე მოხდა ყველა მსურველის სამუშაო ადგილით დაკმაყოფილება.

“ძალიან გადატვირთული იყო სერვერები და საათნახევარი მაინც ვეჩალიჩებოდი, რომ როგორმე დავრეგისტრირებულიყავი”

 „ჩემი მეგობრებიც ცდილობდნენ ,ნათესავებიც მაგრამ აი ვერ მოვახერხეთ ვერანაირად და მერე მეორადი რეგისტრაცია განმეორებითი,რომ იყო მაშინ მოვახერხე დარეგისტრირება“

თუმცა იყო მცირე რაოდენობა სტუდენტებისა, რომლებმაც  უპრობლემოდ შეძლეს დარეგისტრირება.

„დილიდანვე კომპიუტერს მივუჯექი, თან არ მქონდა ლექციები დილით და ადვილად ავირჩიე, ჩემი კურსელებიც კი დავარეგისტრირე რამდენიმე მათგანი“

სტუდენტების დიდი ნაწილი საუბრობდა რეგისტაციის ალტერნატიული საშუალებების, ე.წ „ჩაწყობების“ შესახებ და ამ ყველაფერს სტუდენტური თვითმმართველობის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობასთან აკავშირებდა. სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათ გარშემო ბევრი მეგობარი და ნაცნობი დარეგისტრირდა ამ გზით. და როგორც წესი, ის ვაკანსიები, რომლებიც არაკანონიერი გზით შეივსო, ითვლებოდა სხვებზე მეტად პრესტიჟულად. თუმცა იყვნენ ისეთებიც,რომელებიც ამბობდნენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ზუსტად ვიცი რამდენიმე ჩემი ნათესავი,რომლებმაც თვითმართველობის ხარჯზე მოახერხეს რო დარეგისტრირებულიყვნენ უპრობლემოდ და იქ სადაც უნდოდათ“

„პირველად მესმის, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობაში მეცა ვარ, ნამდვილად არ მსმენია!“

აღსანიშნავია ისიც, რომ Summer Job-ის  პროგრამის გარეთ დარჩენილ სტუდენტებს შორის , გამოიკვეთა  დასაქმებულათა  სტიგმატიზების ტენდენცია. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიენს რეგისტრაციის ყველა სირთულე და მაინც ვერ მიაღწიეს სასურველ მიზანს, (ამასთან გაიგეს ბევრი ისეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც რეგისტრაცია არაკანონიერი გზით მოხდა) ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი, რომ შეუძლებელია „შენით“ მოხვდე Summer Job-ში.

 „დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო  შემდეგ , რომ დავრეგისტრირდი და შემდეგ უნივერსიტეტში მივედი და ვთქვი იცით რა, მე დავრეგისტრირდი. ყველამ შემომხედა და შენ ჩაწყობილი გაქვსო! 

შესაბამისად, სტუდენტები, რომლებიც სხვებზე მეტად განიცდიდნენ სტიგმატიზაციას, მის მოცილებას იმის ხაზგასმით ცდილობდნენ, რომ თვითონ რეგისტრაციის პროცესში „ჩაწყობისთვის“ არ მიუმართავთ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა თვითმმართველობის წევრებს.

„მსგავსი რამ თვითმმართველობის შესახებ,ნუუ მსმენია, მე მსმენია, მაგრამ დარეგისტრირებით თვითონ დავრეგისტრირდი“

„მეც ვარ თვითმმართველობაში და არავის არ დავურეგისტრირებივარ,ნამდვილად ჩემით გავაკეთე ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი თვითმმართველობის წევრი დარჩა მიღმა...“

სტუდენტების უმრავლესობა  ერთხმად აღნიშნავდა, რომ მათთვის „Summer Job“-ზე დარეგისტრირების ძირითადი მოტივაცია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, დანარჩენი მიზეზები კი: თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება, გამოცდილების მიღება, მეგობრების შეძენა და სხვა მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი.

„პირველ რიგში, პირველ რიგში და ყველაზე მთავარი რაც იყო მესაჭიროებოდა ფული, მმმ, მეორეც ზაფხულში უსაქმოდ არ მინდოდა ვყოფილიყავი...“

თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც სტუდენტებისთვის ანაზღაურებაზე მეტად სხვა რამ იყო პრიორიტეტული....

 „დალშე მეგონა,რომ მეგობრებს შევიძენდი,მაგრამ ვისთანაც მოვხვდი ყველა ჩემი მეგობარი გამოდგა“

ერთსულოვნება იყო, ვაკანსიის შერჩევის კრიტერიუმებთან  დაკავშირებით. დასაქმებულეთა უმრავლესობა პირველ რიგში უპირატესობას ანიჭებდა მშობლიურ ქალაქთან სიახლოვეს. ხოლო ამ კონკრეტულ ქალაქში არსებულ ვაკანსიებს შორის სურდათ არჩევანი საკუთარი სპციალობის ან სამსახურის პრესტიჟულობის მიხედვით გაეკეთებინათ. თუმცა რადგან ვაკანსიები, ძალიან სწრაფად ივსებოდა ,  უმეტეს შემთხვევაში მათ ამის ფუფუნება არ ეძლეოდათ და რაგისტრირდებოდნენ იმ პოზიციაზე, რომელზეც ჯერ კიდევ იყო ადგილები დარჩენილი.

„ერთხელ ჩავდივარ წელიწადში რაჭაში.....  ამიტომ არც მიფიქრია სხვაგან  დავრეგისტრირდი რაჭაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში ვიქნებოდი სახლშიი...“

„იმდენი წარუმატებელი მცდელობა მქონდა დარეგისტრირების, ანუ ბოლოში ახლა აღარ ვუყურებდი...... მთავარი იყო რომ რამეზე მომესწრო“

სწორედ  იქიდან გამომდინარე, რომ „ყველაფერი დასწრებაზე  იყო“ სტუდენტების დიდი ნაწილი რეგისტრაციის პროცესში ისე ჩქარობდა, რომ და ყურადღებასაც არ აქცევდა სამუშაოს აღწერილობას, რომელიც, მათი თქმით, ისედაც ძალიან ზედაპირული იყო და ხშირად მოიცავდა მხოლოდ სამუშაო ადგილის დასახელებას.  ზოგიერთ შემთხვევებში კი  საერთოდ შეიცვალა არჩეული ვაკანსია დარეგისტრირების შემდეგ, რის გამოც აღშფოთებას ვერ მალავდნენ დასაქმებულები.

„...დასუფთავება იყო მაშინ ჩემი ვაკანსია, მაგრამ, როცა უკვე უნდა დაგვეწყო მუშაობა გადაგვისროლეს კონტროლიორებად, გადაგვისროლეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“

„დავრეგისტრირდი გორის გამგეობაში მეტი არაფერი არ ეწერა ...... და  გამგებლის პირადი მდივნიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული ყველაფერს მოველოდი“

Summer Job-ის პროგრამა არ მოიცავდა, სამუშაო ადგილზე სტუდენტის რაიმე ისეთი კრიტერიუმის მიხედვით შერჩევას, როგორიცაა მაგალითად აკადემიური მოსწრება, ან პროფესიული უნარები. და ზოგადად შეზღუდვა არც სპეციალობის მიხედვით იყო, მცირე გამონაკლისების გარდა. სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ ასეთი შეზღუდვებს არც სტუდენტები აქცევდნენ დიდ ყურადღებას და არც დამსაქმებელი რეაგირებდა ამ ფაქტზე.

„კი მოთხოვნები ეწერა, მაგრამ შეეძლო ყველას დარეგისტრირებულიყო და რო დარეგისტრირდებოდა არავინ არ გამოაგდებდა“

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტთა ნაწილი საერთოდ ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვების არსებობას, იმის გამო რომ პროგრამა ვერ მოიცავდა ყველა პროფესიის შესაბამის ვაკანსიას. ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ შეზღუდვები საჭირო იყო  სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში, მაგალითად, სამედიცინო სფეროში, მაგრამ იმასაც აღნიშნავდნენ, რომ რეალურად დასაქმებულთა ძალიან მცირე რაოდენობას დააკისრეს ის მოვალეობები, რასაც შესაბამისი პოზიცია ითვალისწინებდა. ამიტომ შეზღუდვებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

„შეზღუდვები იმ შემთხვევაში უნდა იყოს დაწესებული როცა მართლა რაღაცას აკეთებ და  რაღაცა ძაან მნიშვნელოვანია........ ჩვენ რასაც ვაკეთებდით სიმართლე გითხრათ არანაირი შეზღუდვა მაგას არ უნდა, ყველა გააკეთებს!“

 

სამუშაო პროცესი

სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი  სამსახურში ძალიან ცოტა დროს, დღეში საშუალოდ 3-4 საათს, ატარებდა და ამ დროის განმავლობაშ ღირებულს არაფერს არ აკეთებდა. თუმცა ბევრი მათგანი სინანულით, აღნიშნავს, რომ მათ მართლაც ჰქონდათ სურვილი, რომ ემუშავათ და უსაქმოდ ყოფნას ათასჯერ არჩევდნენ დატვირთულ სამუშაო გრაფიკს. გარდა ამისა ზოგიერთი სტუდენტი საუბრობს იმ დისკომფორტზეც რასაც ზედმეტობის განცდა უქმნიდა.

„თავიდან ისეთი მოლოდინით მივედი,რომ რა მაგარია, ვიმუშავებ ...  მაგრამ ძაან გამიცრუვდა იმედები! მართლა არაფერი არ მიკეთებია გარდა ჯოკრისა და კარტის თამაშისა....   ვისაც მიგვაკედლეს იმათთვის ვიყავით ძალიან ძალიან დიდი ტვირთი, იმიტო რომ ძალიან პატარა ოთახებში თვითონაც ვერ ეტეოდნენ“

ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა იმ სტუდენტების გამოცდილება , რომლებსაც მართლაც დაავალეს გარკვეული სამუშაოს შესრულება. ზოგ შემთხვევაში ეს იყი ძალიან  რთული და ზოგ შემთხევევაში პირიქით- ძალიან მარტივი საქმე.ხდებოდა ისეც, რომ სტუდენტები მუშაობდნენ დღეში 8-9 საათს, „შტატიანი“ თანამშრომლების მსგავსად. მაგრამ ერთი, რაც მათ საერთო ჰქონდათ იყო ის, რომ სტუდენტები აქცენტს ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაზე უფრო აკეთებდნენ,  ვიდრე პროფესიულზე. ვინაიდან მათი უმრავლესობა არ იყო დასაქმებული საკუთარი სპეციალობის მიხედვით. 

 „რომ გითხრათ ახლა უნივესიტეტში მიღებული თეორიული გამოცდილება პრაქტიკაში განვახირციელე მეთქი, მოგატყუებთ. იმიტომ, რომ სულ სხვა რაღაცა იყო!“

 „ბევრი რაღაც გავიგე და ბევრ ვიღაცას დავეხმარე და ისინიც დამეხმარნენ, რომ ბევრი რაღაცა სხვანაირად გადამეფასებიანა“

თითქმის ყველა მონაწილე,მსგავსად აფასებდა  „შიდა სამზარეულოს“ სამუშაო ადგილზე. აღნიშნავდნენ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ხელმძღვანელებთან და რეგულარულ თანამშრომელებთან, ხოლო „სამეჯობელებთან“ ერთად შესანიშნავად  გატარებულ გაატარეს დრო და ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინეს.  

„კარგი კოლექტივი შემხვდა  და უფროსობაც ძალია კარგი იყო, შაბათ-კვირას ექსკურსიებზე დავდიოდით და ისეც როცა დრო მოგვრჩებოდა დავჯდებოდით და სმა.... ნუ კარგი იყო რა“

თუმცა შეგვხვდა გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც სტუდენტები ამჟღავნებდნენ განსაკუთრებით უარყოფით დამოკიდებულებას სამუშაო გარემოს მიმართ.ისინი აღნიშნავენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და იმაზე მეტს მოითხოვდნენ ვიდრე მათ ევალებოდათ.

„ძალიან მძიმე სამუშაო გვქონდა ჩვენ წვიმა,თოვლი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქარიშხალი......  ყვირილი აუცილებლად,მაგალითად ეს უნდა გადაგვედო აქ მაგრამ ეს ყვირილით უნდა მომხდარიყო“

სტუდენტებს შორის ერთსულოვნება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი  არათანაბარ პირობებში იყვნენ, როგორც სამუშო დატვირთვის, ისე ანაზღაურების მხრივ. და მათი ნაწილი თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა  იმ „სამერჯობელების“ წინაშე, რომლებიც გაცილებით მეტ სამუშაოს ასრულებდნენ.

  „რო ვხედავდი ხოლმე იქ სკოლებს,რომ ალაგებდნენ და რემონტებს აკეთებდნენ ბავშვები რო გამოივლიდნენ და მე კარგად და ხალისიანად მოვდიოდი, რაღაც დანაშაულის გრძნობაც კი გვიჩნდებოდა“

შესაბამისად, ყველა სტუდენტი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აფასებდა შესრულებული სამუშაოს და ანაზღაურების შესაბამისობას. უმრავლესობა ფიქრობდა, რომ თანხა გაცილებით მეტი იყო შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით. მით უმეტეს, როდესაც ითავალისწინებდნენ იგივე პოზიციაზე დასაქმებული მუდმივი თანამშრომლის ხელფასს.

„ბიბლიოთეკარი, რომელიც იქ მუშაობდა იმის მერეც აგრძელებს მუშაობას  იღებს 80 ლარს, და ჩვენ ერთმა ადამიანმა  ავიღეთ 400 ლარი,ჩვენთვის ეგ გამოვიდა ძალიან ბევრი“

„მართლა დაგვირიგეს ეს თანხები,.....  ეს ოთხასი ლარი ჩვენ არ გამოგვიმუშავებია!“

გამოიკვეთა ისეთი ინდივიდებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ თანხა დამსახურებულად მიიღეს. თუმცა ამ ადამიანებს ჯგუფის წევრებისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ. 

 „ვთვლი რომ არ იყო ზედმეტი, ზედგამოჭრილი იყო ჩემთვის, მაგალითად 400 ლარი!“

თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე,რომ სტუდენტები, საშემოსავლო გადასახდით არ უნდა დაბეგრილიყვნენ. და უნდა აეღოთ 500 ლარი, 400-ის ნაცვლად.

„თუ ეს იყო სტუდენტური დასაქმება, და თუ ეს იყო ერთჯერადი, როდესაც წესით ერთჯერადი არის ხოლმე საზღვარგარეთ იქ სტუდენტებს არ აჭრიან საშემოსავლოს“

 

პროგრამის მიზნები

ფოკუს-ჯგუფის ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო იმსთან დაკავშირებით, რომ “Summer Job”-ი  კავშირში იყო წინა საარჩევნო კამპანიასთან, მაგრამ  ისინი ვერ შეთანხმდნენ იმაზე იყო თუ არა ამ პროექტის განხორციელების ერთადერთი მიზეზი მოახლოებული არჩევნები. მცირე ნაწილი მიიჩნევდა, რომ  მთავრობა ამ ინიციატივით დასაქმების  პრობლემის  გადაჭრას შეეცადა და ვინაიდან, უმუშევრობა საქათველოში დიდი პრობლემაა, ეს თავისთავად გამოიწვევდა ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას.

„მე მგონი არჩევნებს დაუმთხვიეს, მაგრამ მომავალში მაინც დანერგავენ, პროცენტულად  მარტო არჩევნები არ იყო“

„კამპანია იყო, მაგრამ ბევრი საჭირო საქმეებიც გაკეთდა „სამერჯობით“!

დანარჩენი მონაწილეების აზრით კი, პროგრამა პირდაპირ იყო საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რადგან ეს იყო ერთჯერადი აქცია, ერთგვარი „400 ლარიანი ვაუჩერი“ და  ნამდვილა არ ისახავდა მიზნად  სტუდენტთა დასაქმებას.  უფრო მეტიც, სტუდენტების განცხადებით,  რომ არა, შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მათ განათლების სამინისტროსთან და უშუალო დამსაქმებელთან გააფორმეს ეს იქნებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა პირდაპირი სახით. 

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ორგანიზატორებმა ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს  და ვერ „მოიპოვეს მათი ხმები“. თუმცა ისინი, იმასაც აღნიშნავენ, რომ სტუდენტების რეალურად დასაქმების შემთხვევაში მთავრობას მართლაც შეიძლებოდა ჰქონოდა ახალგაზრდობის მხარდჭერის იმედი.

„ყველამ ვიცით,მგონი,  რომ ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, .... რო სტუდენტები რამენაირედ მიემხროთ. მე არ მგონია, რომ გამოუვიდათ ეს მაგრამ მაინც... „

„იქმნებოდა რაღაც სასუქის და რაღაცების დარიგება წინასაარჩევნოდ, ზუსტად ამის პროტოტიპი იყო სტუდენტებში, ანუ ამ 400 ლარით უნდოდათ ხმის ყიდვა“

„შეიძლებოდა მიეზიდათ ხალხი, მართლა რაღაც სამსახური რომ ყოფილიყო.... მაგრამ ესე, ტყუილად არაფრის კეთებაში ოთხასი ლარი! შენ ისევ შენს პოზიციაზე რჩები... „

ამას გარდა სტუდენტებს არგუმენტად მოჰყავდათ ისიც, რომ „სამერჯობელებს“ უბიძგებდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ , ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ ხდებოდა ძალდატანებით, თუმცა ეს მოქმედება აშკარად იყო წახალისებული იყო პროექტის ორგანიზატორების  მიერ.

„მოგვხვეტეს სუყველა, უნდა წავეყვანეთ სააკაშვილთან დროშები უნდა გვეფრიალებინა და მაიკები უნდა ჩაგვეცვა და „მიშა“! ,“მიშა“! უნდა გვეძახა.... „

სტუდენტების განცხადებით, “Summer Job”-ი, რომ საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, ეს მხოლოდ მათი მოსაზრება არ არის და არაოფიციალურ დონეზე  მათი ხელმძღვანელებიც არ მალავდნენ, რომ „ბავშვების“ დასაქმება გარკვეული პოლიტიკური განზრახვით მოხდა. ამავე აზრს იზიარებდა ფართო საზოგადოებაც და  მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებად მიიჩნევდა, რაც   სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ფაქტი იყო.

„ჩვენი უფროსი გვეუბნებოდა ხოლმე,რომ ეხლაო ეს პროგრამა არისო არჩევნებისთვისო, თორემ  ისეო ყველა გასაყრელები ხართო არ მუშაობთ კარგადო“

„ჩვენი გარშემო მყოფები,გვაფასებდნენ ,როგორც ხუთიანის შემომხაზ რობოტებს“

აზრთა სხვადასხვაობაა იმ საკითთან დაკავშირებითაც, თუ რამდენად გაამართლა “Summer Job”-მა. სტუდენტების ნაწილი  ამ პროგრამას ძალიან უარყოფითად აფასებს. მიიჩნევს, რომ პროექტი იყო ძალიან არაორგანიზებული, „სამუშაო ადგილები“ შეიქმნა ხელოვნურად და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს არც კი სჭირდებოდა მათ მიერ შესრულებული სამუშაო. შესაბამისად ამით სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა. 

„მე მაინც ვფიქრობ მთავრობამ ზოგადად ეს ფული გადაყარა“

“ეს სამერ კი არა, საცოდავი ჯობი იყო”

რესპონდენტების, მეორე და უფრო დიდი ნაწილი, „Summer Job“-ს, ხარვეზების მიუხედავად,  საერთო ჯამში, ძალიან წარმატებულ პროექტად მიიჩნევს. 

„ვფიქრობ,რომ ძალიან წარმატებული პროექტი იყო თუ გავითვალისწინებთ რომ პირველი იყო და მე ყოველ შემთხვევაში მომეწონა ,კმაყოფილი ვარ“

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს პროგრამა იყო ხელისუფლების პიარ-კამპანიის ნაწილი და მათ დაუმსახურებლად მიიღეს ეს ანაზღაურება. მათი ეს ამბივალენტური დამოკიდებულება, ალბათ მათი  პირადი სარგებლით არის განპირობებული. 

 

სამომავლო პერსპექტივები

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ გაგრძელდება თუ არა, ეს პროექტი სამომავლოდ, ყველას აქვს სურვილი რომ არ შეწყდეს. 

“აუცილებლად უნდა გაგრძელდეს  ის კი არა „ვინთერ ჯობიც“ უნდა იყოს ჩემი აზრით მარტო „სამერ ჯობი „არ კმარა!”

თუმცა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ „summer job“-ს ჰქონდა იმდენად ბევრი ხარვეზი, რომ მისი ამ ფორმით გაგრძელება დაუშვებელია. ამასთან, ისინი გამოთქვამენ ერთგვარ რეკომენდაციებს რა შეიძლება გაკეთდეს, მის გასაუჯობესებლად. სტუდენტების აზრით, კარგი იქნებოდა თუ ამ პროექტში კერძო სექტორი  მეტად ჩართვებოდა და სამუშაო დატვირთვა მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილდებოდა სტუდენტებზე და რაც მთავარია, ყოფილ „სამერჯობელებს“ სურთ, რომ სახელმწიფომ აქცენტი, თუნდაც გაცილებით მცირე მასშტაბიან, მაგრამ უფრო გრძელვადიან პროექტებზე გააკეთოს, ვიდრე არაფრის მომტან ერთჯერად „აქციებზე“.

„ძაან უარყოფითი პროექტი იყო და აღარავივითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს! ჯობია იგივე რესურსები გამოიყენონ, რომ წესიერი სტაბილური სამსახური ჰქონდეს ნებისმიერ სტუდენტს „

მაგრამ, მიუხედავად ასეთი უარყოფითი შეფასებისა, არც ერთი რესპონდენტი არ უარყოფს, რომ პროექტის ნებისმიერი სახით განმეორების შემთხვევაში მაინც, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას  რადგან მათში დიდია ანაზღაურებით დაინტერესება. 

„ახლა მეამიტი და სულელი არა ვარ რომ ფულს გაძლევდნენ და არ აიღო“

 

ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები

• მასობრივი პიარ-კამპანიის საშუალებით Summer Job-ი  მთელი ქვეყნის მასშტაბით კარგად იყო ცნობილი და არა მხოლოდ სტუდენტებისთვის,  არამედ სრულიად საქართველოს მოსახლებისთვის. 

• პროგრამაში მონაწილეობა თითქმის ყველა ქართველი სტუდენტისთვის სასაურველი იყო, რადგან საქართველოში ძალიან მცირეა ისეთი სამსახურების რაოდენობა სადაც სტუდენტი სწავლასთან ერთად შეძლებს მუშაობას.

• სტუდენტების აზრით Summer Job-ი აშკარად იყო წინასაარჩევნო კამპანიია ნაწილი და ის გაკეთდა მათი „ხმების“ მოსაპოვებლად.  თუმცა ამ პროექტს გავლენა არ მოუხდენია სტუდენტების ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზე.

• სტუდენტების იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ პროგრამას შეეძლო მართლაც  მოეპოვებინა მთავრობისთვის სტუდენტების კეთილგანწყობა თუ ის  რეალურ შედეგებს მოიტანდა.

• სტუდენტები ერთსულოვანნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ არათანაბარ პირობებში, უთანასწორობა იყო  როგორც  დატვირთვის,  ასევე სამუშაო ადგილზე გატარებული საათების რაოდენობის მიხედვით.

• ამ პროექტშიც კარგად მოიკიდა ფეხი  „ნაცნობობის“ ინსტიტუტმა: სტუდენტური თვითმმართველობების წევრები, წინასწარ არეგისტრირებდნენ საკუთარ მეგობრებს პრესტიჟულ ადგილებზე. 

• სტუდენტებს მიაჩნიათ,  რომ ასეთი პროექტები ვერ გადაჭრის სტუდენტური დასაქმების პრობლემას და  მათ  ურჩევნიათ  სახელმწიფომ რესურსები გამოიყენოს,  უფრო გრძელვადიანი მიზნებისთვის.

• სტუდენტების დიდი ნაწილი “Summer Job”-ს წარუმატებელ პროექტად აფასებს, მაგრამ მისი გაგრძელების შემთხვევაში მონაწილეობის კვლავ მიღებას ყველა აპირებს.  

 

ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა დასაქმების პროგრამამ სრული კრახი განიცადა და შესაბამისად მიზანშეწონილი არ იქნებოდა მისი არსებული ფორმით გაგრძელება.თუმცა,მოქმედი ხელისუფლების მხრიდან  Summer Job-ის ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმებაც არ შეიძლბა მივიჩნიოთ გონივრულ ნაბიჯად.  რადგან უმუშევრობა (და არა მხოლოდ სტუდენტებში) მეტად აქტუალური პრობლემაა და მისი მოგვარება დადებითად იმოქმედებდა  საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.  რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი, კარგად დაგემილი და რეალურ შედეგზე გათვლილი პროგრამებით და არა ერთჯერადი უნივერსალური სოციალური დახმარებით.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სტუდენტური დასაქმების პრობლემის მოგვარება,განსაკუთრებით პრიორიტეტული  უნდა იყოს ქვეყნის მესვეურებისთვის- სტუდენტობა   ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის საკმაოდ დიდ და აქტიურ ნაწილს წარმოადგენს და მას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ ამინდზე.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე