ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა
ქეთევან მურუსიძე
ზოგისთვის ძნელია, ზოგისთვის იოლი - იყო ახალგაზრდა. ძნელია მათთვის, ვინც აცნობიერებს, რომ დამთავრდა ბავშვობა და იწყება დამოუკიდებელი, შესაბამისად, სირთულეებით სავსე ცხოვრება. იოლია, როცა მხოლოდ გართობაზე ფიქრობ, როცა გჯერა, რომ სანამ ახალგაზრდა ხარ, მანამდე უნდა გაერთო, თორემ რომ დაბერდები მაგის თავიც არ გექნება. არ ვიცი, შესაძლოა მართლაც სხვისი გამოცდილება აჩვენებს ამას, რაც საბოლოოდ სწორედ მოხუცობისთვის მოუმზადებლობას იწვევს, რაც განაპირობებს კიდეც მწარე მოხუცობას და იმ ასაკშიც იგივეს გამეორებას: სანამ ახალგაზრდა ვიყავი მაშინ უნდა მეცხოვრა, თორე ახლა რაღა დროს... ანარადა ცხოვრება მარტო ახალგაზრდობა როდია. ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ ისევ იქ ვარ.
ვეცდები სხვაზე არ ვილაპარაკო და ჩემი ხედვით თუ ნაგრძნობით ვთქვა ჩემი სათქმელი. არ ვიცი სხვას როგორ, მაგრამ მე სულ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ მთელი ცხოვრება რაღაცისთვის ვემზადები და არა მარტო მე, არამედ ჩემს ირგვლივ მყოფებიც. ალბათ, როცა პატარა ვიყავი ერთი სული ჰქონდათ ჩემს მშობლებს გაეგონათ ჩემი პირველი სიტყვა, გადამედგა დამოუკიდებელი პირველი ნაბიჯი, მერე ბაღი - მზადება სკოლისთვის, მერე თავად სკოლა მზადება უნივერსიტეტისთვის, ბედნიერად ჩაბარებული გამოცდების მერე ნანატრი სტუდენტობა, რომელიც თურმე იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა კიდევ ახალი ნაბიჯისთვის ვემზადებით. ალბათ, ბუნებრივია ეს მუდმივი სწრაფვა რაღაცისკენ, მაგრამ მნიშვნელოვანია გონიერი სწრაფვა. სწორედ ესაა ახალგაზრდობის სირთულე, რომ არ იცი რა არის ეს გონიერი სწრაფვა, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ სისწრაფედ იქცევა. გვეჩქარება სამსახურის პოვნა, განა ცუდია? იქნები დაოუკიდებელი და შენი ადგილი გექნება, ვიღაც დაგაფასებს, ვიღაც შემოგნატრებს. მაგრამ როცა ეს სწავლის ხარჯზე ხდება, უკვე პრობლემაც ჩნდება (თუკი სწავლაა შენი მიზანი, რა თქმა უნდა). არც ერთ ადამიანს არ აქვს გარანტირებული სამუშაო ადგილი, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, და როცა სიტუაცია შეიცვლება და, საუბედუროდ, დარჩები უმუშევარი, მხოლოდ დიპლომით ხელში და უცოდინარი, არსად არ ჩანს ის სამსახური სადაც შენ სჭირდებით და შენც შენს თავს ხედავ, აი მაშინ ხვდები, რომ არ უნდა გაგეცვალა სწავლის შესაძლებლობა სხვა ,,სიკეთეში". მეც, როგორც ბევრი ჩემი თანატოლი ვეძებ სამსახურს, თითქმის თვითმიზნად იქცევა ხოლმე სამსახური და ხელფასი. ხშირად მიჩნდება კითხვა : აი, ის მუშაობს და მე კიდე რა გამიკეთებია ჯერ? რა თქმა უნდა, კარგია ეს მიზანდასახულობა, მაგრამ მე აქ ერთ პრობლემას ვხედავ. ზოგჯერ ისე გვაკლია თავისუფლების შინაგანი შეგრძნება, ინდივიდუალიზმმის განცდა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მატერიალურ დამოუიდებლობაში ვხედავთ, რომლის მიღწევისთანავე, ალბათ, ისევ იგივე სიცარიელე დაგვეუფლება.
სხვა შემთხვევებში, თავისუფლების ძიებას პოპულიზმისკენ მივყავართ. მიმბაძველობა არა მართო ჩაცმულობასა და მანერებში, არამედ სიტყვებსა და აზროვნებაშიც. იმედი მაქვს, რომ ოცნებები მაინც დაგვრჩა ჩვენი. მტკივა, როცა ვხედავ სხვისი იდეებით მოლაპარაკე ახალგაზრდებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათი იდეებია. ანარადა ჭეშმარიტად მათი აზრი, შესაძლოა, უფრო საინტერესო და დასაფასებელი იყოს, ვიდრე ის, რომლითაც აკავებენ მათ ადგილს. დღეს განსხვავებულობა მოდაშია, მაგრამ ყველას ეტყობა ვინ არის რეალურად ის ორიგინალური, რასაც ვესწრაფვით და ვინ ფასადურად განსხვავებული. ჰაიეკის დანახული ,,გერმანელი ინდივიდუალისტები" საქართველოშიც ბევრია და გამიხარდებოდა, რომ ვცდებოდე. ვსაუბრობთ ბევრს, უნდა ვსაუბრობდეთ კიდეც, მაგრამ ვაკეთებთ ცოტას. როცა გვინდა ახალგაზრდები ვართ, მომავალი თაობა, რომელსაც პატივი უნდა სცეს უფროსებმა, უნდა მიიღონ ჩვენი აზრი და დაგვაფასონ. მაგრამ, როცა პრობლემაა, მაშინ სხვის, იმავე უფროსების დახმარებას ველით, არ გვაქვს პასუხისმგებლობა გააზრებული, არ გვინდა ჩავიბაროთ ეს მძიმე ტვირთი. გვგონია რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ რატომღაც ელემენტარულიც გვეშლება და სიტყვას საქმითვე ვერ ვამტკიცებთ. ვიღაც იფიქრებს ზედმეტად თვითკრიტიკულიაო, ასეცაა, მაგრამ ამ პრობლემების მიზეზებს მარტო ახალგაზრდებში არ ვხედავ. ეს ყველაფერი გამოწვეულია ზოგადი ტენდენციით, რომელიც, სიმართლე უნდა ვთქვათ და ჩვენ ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია. ეს მომდინარეობს იქიდანაც, რომ ჩვენ ვართ ახალი თაობა კომუნიზმის მერე, ჩვენგან ელიან იმაზე მეტს, ვიდრე შესაძლოა გვაძლევდნენ. ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება, რომ ჩვენი მშობლები ცდილობენ ჩვენში დაინახონ ის ახალგაზრდობა, რომელიც მათ უნდოდათ და არ ჰქონიათ. რამდენჯერ გამიგონია დედა ეუბნება შვილს, წაიკითხე, წაიკითხე, ჩვენ გვინდოდა წაგვეკითხა, მაგრამ სად იშოვებოდა, იკრძალებოდა, თქვენ კიდე ყველაფერი გაქვთ და არ იყენებთ. ამ დროს შესაძლოა შვილს სულ სხვა ინტერესი ჰქონდეს, ამ თაობის, ამ საუკუნის, ამ გარემოების.
ეს სიძნელეების მოდის ქვეყნის პოლიტიკიდან, არამყარობის შეგრძნებიდან, გაჭირვებიდან, მუდმივად სხვა ქვეყნებზე შენატრებიდან. როცა ხედავ, რომ სწავლაზე მეტად ვიღაცის სურვილების ასრულებით უფრო მეტს მიაღწევ. როცა დასავლეთში გავლილი ტრეინინგი უფრო დაგასაქმებს, ვიდრე ჯავახიშვილის დიპლომი. როცა გეუნებიან, რომ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობ და შენ კიდე ვერ გრძნობ ამ ბედნიერებას. (სიტყვები ბედნიერი და ბედნიერება შეგვიძლია შევცვალოთ შემდეგი ვარიანტებით: დემოკრატიულ - დემოკრატია, თავისუფალ - თავისუფლება, ეკონომიკურად ძლიერ - ეკონომიკურ სიძლიერეს და ა.შ.). როცა შენს ირგვლივ ყველაფერი ასე სწრაფად შენდება, შენც ცდილობ აჰყვე ქვეყნის ტემპს. ძნელია იპოვო ოქროს შუალედი დრო ფულიასა და მოჩქარეს მოუგვანდეს შორის. ძნელია იყო ახალგაზრდა.
დაბნეულობა, გაურკვევლობა და ბუნდოვანი მომავალი, ეს ისაა რაც მგონი მთელ ქვეყანას აწუხებს. წავიდა დრო, როცა ყველა ადამიანის მომავალი და მდგომარეობა დაგეგმილი და გათვალისწინებული იყო, როცა მამების პროფესიები შვილების პროფესიებად გრძელდებოდა. დღეს ადამიანებმა თავად უნდა შექმნან საკუთარი მომავალი, მაგრამ არ ვიცით როგორ და ხშირ შემთხვევაში ვერც მშობლები დაგვეხმარებიან, რადგან არ აქვთ ამის გამოცდილება. ზოგმა დაინახა ეს და დაიწყო საკუთარი გზის ძიება, მაგრამ შეეჯახა ქართული ხასიათის დაუმორჩილებელ გამოვლინებებს, პროტექციონიზმს, ნეპოტიზმს, მექრთამეულ სულს (ვგულისხმობ არა მხოლოდ ფულად ქრთამს, არამედ მის სახესხვაობებსაც, როგორიცაა შეხედულებებით, ქცევეებით, დამოკიდებულებებით ქრთამობა და ვაჭრობა. უკაცრავად, არჩევნების დროს ხმის მიცემა და სხვისი ხმებისთვის ბრძოლაც გამომრჩა)... გაჩნდა პროტესტი და ურწმუნოება ყველას და ყველაფრის მიმართ.
არ ვიცი სხვას რამდენად ეცნობა, მაგრამ მე ხშირად მიგრძვნია, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ვერ ვუგებთ, არ გვაქვს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც ღრმა, სულიერ სამყაროში ჩვენივე თანატოლი გაგვიგებს, ამიტომ ვერიდებით ჩვენი ნამდვილი სახის ჩვენებას და უკვე აღიარებული ნიღბების უკან ვიმალებით.
ვეცადე მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ. კიდევ ბევრია ის, რისი თქმაც მენდომებოდა. მინდოდა გასაგებად მეთქვა, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე, ეს კიდევ ერთი სიძნელეა ახალგაზრდობისა. დაფქირდები.