სიცოცხლე ცვლაა
დღე აზრით იწყება, დილა - სიახლით. ახალი ფიქრითა და განცდით. ახლის შეცნობით. შემდეგ დგები. იცვამ. იბან ხელ-პირს. ეს ხომ უკვე ტრადიციაა?! (თუ ვინმე არ იბანს ხელ-პირს, ან რამეს თავისებურად აკეთებს, ესეც ტრადიციაა, ინდივიდუალური.) იმ შორეული კაცობრიობის გამთენიისასაც, პრეისტორიულ ხანაში, რასაც საქმეში ჩახედულმა მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა დასაბამი უწოდეს და ჩვენც, როცა გვჭირდება, ტრადიციულად დასაბამს ვუწოდებთ ( თუ რა თქმა უნდა ვიცით ), ყველაფერი ახლის შეცნობით დაიწყო. ინფორმაციის დაგროვების უმთავრესი წყარო დაკვირვებაა. იმ პირველთაგან ერთ-ერთმა, რომელიღაცამაც დაკვირვებით დაიწყო. ჯერ ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს დააკვირდა. როდესაც ბევრი იარა, იარა, იქ ავიდა, ის გააკეთა (პრინციპში არც აქვს მნიშვნელობა რა გააკეთა ), დაიღალა. შემდეგ დაჯდა. დაწოლა მოუნდა და ჩაეძინა.
დააკვირდა და მიხვდა, ამ უცხო გათიშულობის შემდეგ, რასაც შემდეგ ტრადიციული გაგებით ძილი ვუწოდეთ, უფრო ყოჩაღად და მხნედ გამოიყურებოდა.
ალბათ აზრების დალაგება უჭირდა, ან იქნებ ჩვენზე უკეთაც აზროვნებდა და ასე იყო თუ ისე, მიხვდა ძილი კარგი იყო და ტრადიციად ექცა. იქნებ მდინარის პირას ჩაეძინა ერთხელ და გადაბრუნებისას შიგ ჩავარდა. გამოფხიზლება უცაბედი იყო. ხომ შიძლება ამანაც მიახვედრა გაღვიძებისას წყალი რომ უფრო კარგად აფხიზლებდა. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივ დეტალებში აიხსნება?! თუკი ნიუტონი ვაშლმა მიიყვანა თავის აღმოჩენამდე, არ არის გამორიცხული უფრო გენიალურ სიმარტივეს მიეყვანა პრეისტორიული ადამიანი უფრო საჭირო რაღაცების მიგნებამდე. ჩვენ ხომ უკვე დავუშვით ის შესაძლებლობა, რომ არ არის გამორიცხული ისინი ჩვენზე უკეთესად აზროვნებდნენ. და თითქმის დარწმუნებული ვარ, მათაც ჰყავდათ თავიანთი აინშტაინი და ნიუტონი. იქნებ მათ უფრო მეტი სასარგებლო რამ დანერგეს და დღეს მარტივ, დაუფიქრებელ ტრადიციად გვექცა, ყურადღებას რომ არ ვაქცევთ, ისეთად. უბრალოდ მათი სახელები დაიკარგა დამწერლობის არარსებობის გამო.
ადამიანებს გმირობანას თამაში რომ გვიყვარს , არახალია. ცეცხლის მიგნება მითოლოგიურ ბურუსში გავხვიეთ, რადგან რაღაც ზღაპრული ყოველთვის მიმზიდველია. ჩვენ ამ საქმეში ამირანი გავრიეთ, ბერძნებმა - პრომეთე. ვინ იცის, რომელმა მითოსმა კიდევ ვინ. ამ გმირებს კი სამუდამო პატიმრობა გამოეწერათ კავკასიონის რომელიღაც მიკარგულ მწვერვალზე, ან იქნებ სხვაგანაც... ცეცხლი კი მართლაც განგებამ მოგვცა ( რა საჭირო იყო გმირობანა? ), რასაც შემდეგ ტრადიციული გაგებით ღმერთი ვუწოდეთ და შევქმენით რელიგია. რელიგია ხომ მთლად ტრადიციაა, არსით, გაგებით. მოითხოვს რწმენას შეურყეველს, წესების შესრულებას. რელიგია შემაკავებელი ძალაა, ზღვარი, რადგან ადამიანმა უსაზღვროდ იცის ცუდის კეთება, ის ხომ ასეთი უნებისყოფოა. გარკვეულწილად ამას აფერხებს რელიგია და ღმერთი, რაღაც ზღვარში აქცევს. თუმცა ზოგიერთი საზღვარი და წესი იმიტომ იქმნება, რომ დაარღვიო, სხვაგვარად მოწყენილობა მოგვკლავდა. ამის გამო ტრადიციები დროში ფორმირდება, ცვლილებებს განიცდის, ზოგი
იკარგება, ახალიც იქმნება. რაც არ უნდა -არა, არა! - ვიძახოთ, ადამიანები სიახლის მიმართ ცუდად ვართ განწყობილნი, ძნელად ვიღებთ. მიუხედავად ამისა, შვილები ყოველთვის იმარჯვებენ მამებზე, რადგან ისინიც ოდესღაც თანამედროვენი იყვნენ და ოდესღაც მათაც გაიმარჯვეს თავიანთ მამებზე. ესაა სამყაროს მუდმივი თანამდევი, მისი მუდმივი ტრადიცია: სიახლის ძიება. აკი დღეც დილით იწყება, ახალი აზრით, ახლის შეცნობით. პრეისტორიულმა ადამიანმაც ასე შეიცნო სამყარო...
სიცოცხლე ხომ ცვლაა!