მეკობრეობა და სომალელი მეკობრეები
მარიამ გელეტაშვილი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
II კურსი
ბოლო დროს განვითრებული მოვლენების გამო, რომელიც ქართველი მეზღვაურების სომალელი მეკობრეებისგან დახსნას ეხება, გამიჩნდა სურვილი, უფრო დეტალურად შემესწავლა სომალელი მეკობრეების საქმიანობა, მიმეღო ზოგადი ინფორმაცია მათ შესახებ. საბედნიეროდ, შევძელი სურვილის ასრულება.
საჭიროდ ჩავთვალე, არსებული ინფორმაცია მიმეწოდებინა ყველა ამ საკითხით დაინტერესებული პირისათვის. საბოლოოდ თქვენზეა დამოკიდებული განსაჯოთ მეკობრეობის პრობლემა და ერთად ვცადოთ მივაგნოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს, სადისკუსიოდ მოვიწვიოთ კომპეტენტური ადამიანები და ურთიერთში გავცვალოთ საკუთარი მოსაზრებები.
მეკობრეობა არის საზღვაო, სამდინარო და იშვიათად სანაპირო ყაჩაღობა, ომის მსგავსი ქმედება ჩადენილი არასახელმწიფო მოქმედი პირის მიერ. მეკობრე არის პირი, რომელიც ნებაყოფლობით ეწევა საზღვაო ყაჩაღობას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა თუ რწმენისა. ქვეყნებს შორის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების გაჩენის დღიდან, მეკობრეობა მკაცრად დასჯადი დანაშაულია. მაგალითად, ძველ რომში, მეკობრეობა, ყაჩაღობის მსგავსად, ძელზე გაკვრით ისჯებოდა.
ანტიკურ ხანაში მეკობრეობით განთქმულნი იყვნენ ფინიკიელი ზღვაოსნები. მათი დასაყრდენი პუნქტები იყო მთიანი კილიკია და კუნძული კრეტა. მეკობრეობა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკას ყოველწლიურად 16 მილიარდი დოლარით აზარალებს. მეკობრეობის 70% მოდის: ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთის სანაპიროებთან, მალაკის სრუტესა და ადენის ყურეზე.
მე მინდა ყურადღება გავამახვილო სომალელ მეკობრეებზე და, ზოგადად, სომალიში მეკობრეობაზე, ვინაიდან სწორედ ისინი “აქტიურობენ” ყველაზე მეტად.
სომალის სანაპიროზე მეკობრეობა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო გადაზიდვებს სომალის სამოქალაქო ომის მეორე ფაზის დადგომიდან, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან. 2005 წლიდან ბევრმა საერთაშორისოორგანიზაციამ, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ და მსოფლიო სასურსათო პროგრამამ, შეშფოთება გამოთქვეს მეკობრეობის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. მეკობრეობამ შეაფერხა გადაზიდვები და გაზარდა გადაზიდვის ხარჯები, რაზეც ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარი იხარჯება მსოფლიო ვაჭრობისა. გერმანიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, სპეკულანტების ინდუსტრია წარმოიშვა მეკობრეობის ირგვლივ. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებმა მოგება მიიღეს, სადაზღვევო მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გაერომ და რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ განაცხადა, რომ სომალის ნაპირებთან მეკობრეობა გარკვეულ წილად არალეგალურმა მეთევზეობამ გამოიწვია. გერმანიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტისა და ამერიკის შეიარღებული ძალების კომიტეტის განცხადების თანახმად, უცხოური გემების მიერ სომალის წყლებში ჩაყრილმა ტოქსიკურმა ნარჩენებმა იძულებული გახადა ბევრი ადგილობრივი მეთევზე მეკობრეობით ერჩინათ თავი. სხვა სტატიების მიხედვით, შომალის სანაპირო თემების მოსახლეობის 70% აცხადებს, რომ მეკობრეობა ქვეყნის ტერიტორიული წყლების ეროვნული თავდაცვის ფორმაა და მეკობრეებს სჯერათ, რომ ისინი იცავენ თავინთ თევზჭერის არეალს და მეკობრეობით კომპენსაციას ითხოვენ მოპარული საზღვაო რესურსების გამო. აღნიშნული მოტივაცია აისახება ზოგიერთ მეკობრულ ქსელზე, როგორიცაა ეროვნული მოხალისე სანაპირო დაცვა. თუმცა, ბოლო დროს, მეკობრეობა არსებითად სარფიანი გახდა და, შესაბამისად, ფინანსური მოგება ძირითადი მოტივია მეკობრეებისათვის. მრავალეროვნული კოალიციის სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ებრძოლათ სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ საზღვაო უსაფრთხოების საპატრულო ნაწილის ჩამოყალიბებით ადენის ყურის ფარგლებში. 2012 წლის 21 თებერვალს მეკობრეებს 7 დიდი გემი და 191 მძევალი ჰყავდათ დატყვევებული. 2011 წლის ბოლოს, სომალელმა მეკობრეებმა მხოლოს 4 გემის გატაცება შეძლეს, ანუ 18-ით ნაკლების ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. ასევე, მათი მცდელობები წარუმატებლად დამთავრდა დაეტყვევებინათ 52 უცხოური გემი, 16-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლებში.
ზოგირთი მეკობრე, როგორც ადრე აღვნიშნე, ყოფილი მეთევზეა, რომელთა შემოსავლის წყაროები ზიანდებოდა სომალის წყლებში უცხოური სათევზაო გემების არალეგალური თევზაობის შედეგად. მას შემდეგ, რაც მიხვდენენ, რომ მეკობრეობა მომგებიანი იყო, როცა გამოსასყიდს მართლაც იხდიდნენ, ტერორისტებმა და სამხედრო პირებმა დაიწყეს ტერორისტული (მეკობრული) დაჯგუფებების შექმნა, რომლებიც სარგებელს მეკობრეებს უყოფდნენ. უმეტეს შემთხვევაში ტყვეებისათვის ზიანი არ მიუყენებათ. მეკობრეები თავს დაესხნენ სასურსათო პროგრამის გემსაც, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა სომალიში. ამის შემდეგ, ჰუმანიტარული ტვირთის გაცილება საერთაშორისო ხოლამლდებმა დაიწყეს.
იმის გამო, რომ მეკობრეობის საწინააღმდეგო ზომები გაუმჯობესდა, 2011 წლის ბოლოს მკვეთრად შემცირდა გატაცებული გემების რიცხვი.
მართალია, სომალელი მეკობრეები ასობით ხომალდს დაესხნენ თავს არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის რეგიონში, მაგრამ მათ შორის ბევრი შეტევა “წარუმატებლად” დამთავრდა. 2008 წელს 111 თავდასხმიდან “მხოლოდ” 42 აღმოჩნდა “შედეგიანი” გატაცება.
ბევრი სომალელი მეკობრე 20-35 წლისაა (ზოგ შემთხვევაში 16 წლიდან) და მათი უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონ – პუნტლენდიდანაა. აღმოსავლეთ აფრიკის მეზღვაურთა ასოციაცია ამტკიცებს, რომ არსებობს მეკობრეთა დაახლოებით 5 ბანდა 1000-მდე შეიარაღებული კაცით. BBC-ის მოხსენების თანახმად, მეკობრეები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად:
1. ადგილობრივი სომალელი მეთევზეები, რომლებიც მეკობრეთა “ტვინად” ითვლებიან, მათი ზღვის კარგად ცოდნისა და ოპერაციების ჩატარების უნარის გამო. ბევრი ფიქრობს, რომ უცხოურ კატარღებს არ აქვთ უფლება მიუახლოვდნენ შომალის ნაპირებს და გაანადგურონ მათი ხომალდები.
2. ყოფილი მილიციონერები, რომლებიც ადგილობრივი კლანების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
3. ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც ამუშავებენ აღჭურვილობას, როგორიცაა, მაგალითად, GPS მოწყობილობები.
მეკობრეები იარაღის უმრავლესობას იემენიდან იღებენ, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი მოგადიშოზე (სომალის დედაქალაქი) მოდის. მეკობრეთა სხვადასხვა ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ მათი იარაღია: AKM, RPG-7, AK47 და ნახევრად ავტომატური რევოლვერები, როგორიცაა, მაგალითად, TT-30. გარდა ამისა, მათ შეიარაღებაში ხელყუმბარებიცაა, როგორიცაა, მაგალითად, RGD-5 ან F1. მეკობრეების ოპერაციების დაფინანსების სტრუქტურა საფონდო ბირჟის მსგავსია, სადაც ინვესტორები აქციებს ყიდიან მომავალი თავდასხმების ბირჟაზე ჰარარდჰერეში. მეკობრეები აცხადებენ, რომ გამოსასყიდი თანხის გადახდა დიდი დასახელების აშშ დოლარით უნდა მოხდეს. გამოსასყიდის გადახდა მეკობრეებისათვის შემდეგნაირად ხდება: სპეციალური ქსოვილისაგან დამზადებულ ფულიან ტომრებს ყრიან ვერტმფრენებიდან ან აწყობენ წყალგამძლე ჩემოდნებში, რომლებსაც ტვირთავენ პატარა ნავებზე. გამოსასყიდის თანხას მეკობრეები იღებენ ასევე პარაშუტების მეშვეობითაც, როგორც ეს მოხდა 2009 წლის იანვარში, როდესაც ფორთოხლის კონტეინერი 3 მილიონი აშშ დოლარით (ნაღდი ფული) დაუშვეს სუპერ ტანკერ MV Sirius Star-ზე, რათა გაეთავისუფლებინათ გემი და ეკიპაჟი. მეკობრეებისათვის გადახდილმა გამოსასყიდის თანხამ 2009 წელს დაახლოებით 58 მილიონი დოლარი, 2010 წელს კი – 238 მილიონი დოლარი შეადგინა.
მართალია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო, ნატო, ბევრი ქვეყნის სამხედრო ფლოტი (რომელთა რიცხვი 5-დან 33-მდე მერყეობს) ყოველწლიურად, წელიწადში რამდენჯერმე ატარებენ ოპერაციებს მეკობრეების წინააღმდეგ, თუმცა, დადებითი შედეგები ჯერ არ ჩანს. SOS კამპანიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. 2012 წლის 23 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ – დევიდ კამერონის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია “მეკობრეობა სომალის ნაპირებთან”.
ამ სტატიის ჩაკითხვის შემდეგ, ალბათ, ყველას დაებადება კითხვა, თუ რატომ ვერ უმკლავდება მსოფლიო საზღვაო ძალები სომალელ მეკობრეებს, ნუთუ ეს მოუგვარებელი პრობლემაა? იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში რაიმე ეფექტური გზა აუცილებლად გამოჩნდება, რადგან ისედაც ბევრი მსოფლიო პრობლემის ფონზე, მეკობრეობა, რომელიც ასე აზარალებს მსოფლიო ეკონომიკას, უნდა აღმოიფხვრას. ჩხადია, ჩვენ გადამწყვეტ როლს ვერ ვითამაშებთ ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა, საკითხის აქტუალურობის წარმოჩენა გარკვეულ წვლილს შეიტანს ნაბიჯის წინ გადადგმაში. რაც უფრო ბევრი ადამიანი დაინტერესდება მოცემული პრობლემით, მეკობრეობის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო დაკვირვებით შეეცდებიან გამოსავლის პოვნას. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე მსჯელობით სამართლიან დასკვნამდე მივალთ და პასუხგაუცემელი კითხვების რიცხვი შემცირდება!..