Print

ალექსის ზორბასი, ნიცშე და ძალაუფლების აპოთეოზი

ავტორი: ლიზი კუნცევა-გაბაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ალექსის ზორბასი, ნიცშე და ძალაუფლების აპოთეოზი

 

ლიზი კუნცევა-გაბაშვილი

 

შესავალი

 

კლასიკური ფილოსოფიური გაგებით, თავისუფლება განიმარტება როგორც ინდივიდის უნარი იმოქმედოს საკუთარი ნების შესაბამისად, გარე შეზღუდვებისა და იძულების გარეშე, ხოლო ძალაუფლება განისაზღვრება შემდეგ ნაირად- გქონდეს შესაძლებლობა გავლენა მოახდინო როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე, და განსაზღვრო ქმედებებისა და მნიშვნელობების ჩარჩოები.[1] ამ ორ ცნებას შორის კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავისუფლება ხშირად მოითხოვს ძალაუფლებას თვითდამკვიდრებისთვის, ხოლო ძალაუფლება, თავის მხრივ, განსაზღვრავს თავისუფლების რეალიზაციის საზღვრებს. სწორედ ამ კონტექსტში ალექსის ზორბასი (ნიკოს კაზანძაკისის წიგნიდან “ალექსის ზორბასის ცხოვრება”) და ფრიდრიხ ნიცშე გვთავაზობენ განსხვავებულ, თუმცა  ერთმანეთის შემავსებელ და კორელაციურ ინტერპრეტაციებს: ნიცშე თეორიულ დონეზე ავითარებს ძალაუფლების ნებისა და თვითგადალახვის იდეას, მაშინ როდესაც ზორბასი ამავე პრინციპებს პრაქტიკულად, ცხოვრებისეულ გამოცდილებაში განასახიერებს, განვიხილოთ ორივე მათგანი შედარებით პერსპექტივაში.

 

მთავარი ნაწილი

ნიცშეს მიხედვით, ადამიანის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არ შემოიფარგლება გადარჩენით ან სიამოვნების ძიებით, როგორც ბევრი სხვა ავტორი- დეილ კარნეგი, თუ უფრო კლასიკური გაგებით- ფროიდი მოგვიწოდებს; ნიცშესთან ადამიანის ძირითადი მამოძრავებელი ძალა განისაზღვრება, როგორც ძალაუფლების ნება საკუთარი თავის გადალახვის, თვითრეალიზაციისა და ღირებულებათა შექმნისკენ სწრაფვა.[2] ნიცშე აკრიტიკებს ტრადიციულ მორალს, რომელსაც იგი „მონურ მორალს“ უწოდებს[3], რადგან ის ზღუდავს ინდივიდის შემოქმედებით პოტენციალს და აკავებს მის თვითგამოხატვას. მისთვის იდეალური სუბიექტი არის ის, ვინც არ ემორჩილება წინასწარ დადგენილ ნორმებს, არამედ თავად ქმნის საკუთარ წესებსა და ღირებულებებს. ამგვარად, ძალაუფლება განიხილება არა როგორც გარეგანი კონტროლი, არამედ როგორც შინაგანი სიძლიერე და სიცოცხლის აქტიური დამტკიცება. მივიჩნევ, რომ ნიცშეს ამგვარი დამოკიდებულება ადამიანის სიძლიერისა და ნების მიმართ პირდაპირ ეწინააღმდეგება ე. დიურკემის ცნობილ ცნებას- ანომიას. დიურკემის მიხედვით ანომიის მდგომარეობა არის თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზი- მომენტი, როდესაც ადამიანს ეშლება ყველანაირი საზღვრები. მეორე მხრივ, ნიცშე მიიჩნევს, რომ ადამიანმა უნდა მოიშალოს დადგენილი საზღვრები და იპოვოს საკუთარი ცხოვრება საზღვრებს გარეთ.

ამ თეორიული ჩარჩოს ფონზე, ალექსის ზორბასი წარმოჩნდება როგორც სუბიექტი, რომელიც ცხოვრობს უშუალო გამოცდილებით და არ ექვემდებარება სოციალურ კონვენციებს. იგი მოქმედებს ინსტინქტურად, ემოციურად და სპონტანურად, თუმცა ამავდროულად ეწინააღმდეგება ყველანაირ ქაოსს და პირადად ქმნის ქაოსურ სამყაროში სტაბილურ ცხოვრრებას. განსხვავებით რომანის ნარატორისგან, რომელიც რეფლექსიურ და ინტელექტუალურ პოზიციაში იმყოფება, ზორბა წარმოადგენს არსებობის პრაქტიკულ, სხეულებრივ და ემოციურ განზომილებას. მისი ქცევა შეიძლება განიმარტოს როგორც თვითდამკვიდრების აქტი, რადგან იგი არ იღებს გარედან დაკისრებულ წესებს, არამედ თავად ქმნის საკუთარ ცხოვრების წესს; ამასთანავე, იგი გამოხატავს სიცოცხლის აპოთეოზს- ცხოვრების როგორც ტკივილის, ისე სიამოვნების სრული ინტენსივობით მიღებას.

 

ზორბას მიერ განხორციელებული მორალური, თუ სპირიტუალური ტრანსფორმაცია პირდაპირ უკავშირდება ნიცშეს იდეას ღირებულებათა გადაფასების შესახებ. მისი მოქმედებები ხშირად სცდება სოციალურ ნორმებს, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ტრადიციული მორალის უარყოფა და ახალი მნიშვნელობების შექმნის მცდელობა. ამ კონტექსტში ზორბა შეიძლება შეფასდეს როგორც „ანტითეორიული ფილოსოფოსი“, რომლისთვისაც ფილოსოფია არ არის აბსტრაქტული აზროვნება, არამედ პრაქტიკული, დინამიური, ყოველდღიური გამოცდილებით დამოწმებული ცხოვრების ფორმა.

ძალაუფლების აპოთეოზი, როგორც ნაშრომის ცენტრალური კონცეფცია, ნიკოს კაზანძიკისთან განიმარტება არა როგორც სხვებზე დომინაციის მაქსიმალიზაცია, არამედ როგორც სიცოცხლის პოტენციალის სრული რეალიზაცია. აუცილებელია განვიხილოთ ალექსის ზორბასის, როგორც სრულად თავისუფალი ადამიანის დომინაციის მცდელობა და ძალაუფლების მაქსიმიზაციის აქტი. ალექსის ზორბასი წიგნში ათამდე პერსონაჟს ხვდება, რომლებიც თავიდან გაოგნებულნი არიან ზორბასის ქცევითა და მორალით, შემდეგ კი ზოგიერთი პერსონაჟი იცვლის ქცევას და ზორბასს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება, ხოლო ზოგიერთი პერსონაჟ ზორბასის სპირიტუალიზმს სრულად ეწინააღმდეგება. ზორბასი, როგორც ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი არ ცდილობს რომელიმე პერსონაჟზე ძალაუფლების გავრცელებას, პირიქით, რიგ ადგილებში ჩანს, რომ ზორბასს ეს აწუხებს კიდეც და მიიჩნევს, რომ არავისთვის აქვს დასამტკიცებელი საკუთარი პიროვნების ღირებულება; ზორბასი ამბობს: “I am a man and nothing human is alien to me”[4] (თარგმანი: მე ვარ ადამიანი და ყველაფერი ადამიანური ვერასოდეს იქნება უცხო ჩემთვის). ამით ზორბასი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი სახის ემოცია-  მიმღებლობა, ბრძოლა, კრიტიკა… მისთვის ნაცნობია და ადამიანების გამოხატული ნებისმიერი ემოცია- მისაღები.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წიგნი დაწერილია ზორბასის მეგობრის მიერ, რომელმაც საკუთარი ნებით მიუძღვნა მემუარი ალექსის ზორბასს. ეს თავისთავად შესაძლოა მივიჩნიოთ ზორბასის ქვე-ცნობიერი ავტორიტეტის გამოხატულებად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზორბასი ამას არ ძალდატანებით და ძალაუფლების ლეგიტიმიზაციით, არამედ სხვების მიერ გამოჩენილი ნებაყოფლობით ახერხებს. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ალექსის ზორბასი “თავის დამკვიდრებასა” და ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს მხოლოდ საკუთარი თავის სრულყოფის გზით და ცხოვრების ხარიხის მაქსიმიზაციით. განსაკუთრებით სიმბოლურია ზორბას ცეკვა[5], რომელიც შეიძლება გაიგოს როგორც ძალაუფლების ნებისა და თავისუფლების ფიზიკური გამოხატულება. ამ აქტში ერთიანდება სხეული, ემოცია და სივრცე, რის შედეგადაც ძალაუფლება გადაიქცევა ესთეტიკურ გამოცდილებად, რომელიც აერთიანებს შემოქმედებითობას, სპონტანურობასა და თავისუფლებას.

ნიცშესთვის ძალაუფლების მოპოვება და საკუთარი თავის მაქსიმიზაცია მუდმივ თვითგადალახვას ეფუძნება, როგორც ნიცშე წერს: „ადამიანი არის ის, რაც უნდა გადაილახოს“ ან „გახდი ის, ვინც ხარ“[6]. ეს პროცესი გულისხმობს ინდივიდის უნარს, გადალახოს საკუთარი შეზღუდვები, შიშები, მორალური ჩარჩოები და ის ღირებულებები, რომლებიც მას გარედან არის თავსმოხვეული. ნიცშეს აზრით, ადამიანი ვერ მიაღწევს ნამდვილ სიძლიერეს, თუ იგი მხოლოდ ადაპტირდება გარემოსთან; პირიქით, ჭეშმარიტი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდმა შეძლოს გარემოს მიმართ კრიტიკული დისტანციის შენარჩუნება და საკუთარი შინაგანი პრინციპების დაცვა. ნიცშე ძალაუფლების მოპოვების ფაქტორად მიიჩენვს, საკუთარი თავის იმ დონეზე გაძლიერებას, რომ გარემოს სპონტანურმა ცვლილებებმა ადამიანის სპირიტუალური, თუ მორალური სამყარო ვერ შეცვალოს. ნიცშე მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის გაძლიერებითა და გარემოს არ შემგუებლობით- ადამიანი იქცევა უძლეველ არსებად, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ თავს.

ამ კონტექსტში საკუთარი თავის გაძლიერება ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურ ან სოციალურ აღმავლობას, არამედ პირველ რიგში სულიერ და მორალურ ავტონომიას. ნიცშესთვის ძლიერი ინდივიდი არის ის, ვინც არ ექვემდებარება „მასის მორალს“ და არ განსაზღვრავს საკუთარ იდენტობას გარე შეფასებებით. იგი ქმნის საკუთარ ღირებულებებს და ამ გზით ახერხებს, რომ გარემოს სპონტანურმა, ხშირად ქაოსურმა ცვლილებებმა ვერ დაარღვიოს მისი შინაგანი სტაბილურობა. ამგვარი სუბიექტი ფლობს ერთგვარ „ეგზისტენციალურ სიმტკიცეს“, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე გარემოებებზე.

მივიჩნევ, რომ ზორბასისა და ნიცშეს შედარებით პერსპექტივაში, ნიცშე უფრო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს მიერ წარმოშობილი პრობლემების გადალახვას, ხოლო ზორბასი შინაგან რეაქციებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს; ზორბასის ხედვით, მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემას ან კრიზისს წარმოშობს გარემო, ადამიანის შინაგანი, სპირიტუალური და მორალური მზაობა არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამს და გადაამუშავებს იგი ამ გამოწვევებს. შესაბამისად, მისი ფილოსოფია ეფუძნება არა გარეგანი რეალობის კონტროლს, არამედ იმ უნარს, რომ ადამიანი დარჩეს ემოციურად თავისუფალი, მიღებული რეალობის ინტენსიურად განცდისა და მისი სრულად მიღების პირობებში, რითაც ნებისმიერი გარე სირთულე გარდაიქმნება შინაგანი გამოცდილების ნაწილად და არა დამანგრეველ ძალად.

კრიტიკა

თუმცა, კრიტიკული პერსპექტივიდან აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზორბას თავისუფლება შეიძლება პრობლემატურადაც განიმარტოს. მისი სპონტანურობა და ნორმების იგნორირება შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც სოციალური პასუხისმგებლობის უარყოფა, ჰედონისტური მიდგომა ან თუნდაც სოციალიზაციის ეტაპების წარუმატებლად გავლა. აღსანიშნავია, რომ  თვითონ ნიკოს კაზანძაკისიც აღნიშნავს, რომ ზორბასი ბევრი საზოგადოებისათვის მიუღებელი პიროვნებაა. ამგვარად, ჩნდება კითხვა: წარმოადგენს თუ არა ზორბას არსებობის სტილი ნამდვილ ავტონომიას, თუ იგი მხოლოდ სოციალური სტრუქტურების უარყოფის ფორმაა? ამავე დროს, ნიცშეს ფილოსოფიაც მრავალმნიშვნელოვანია და მისი „ძალაუფლების ნება“ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას როგორც შემოქმედებითი თვითრეალიზაციის საფუძველი, ისე პოტენციური დომინაციის შესაძლებლობა.

დასკვნა

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ალექსის ზორბასისა და ფრიდრიხ ნიცშეს შედარებითი ანალიზი გვაძლევს ძალაუფლებისა და თავისუფლების ორი განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი ინტერპრეტაციის გააზრების შესაძლებლობას: ნიცშესთან აქცენტი კეთდება გარემოს მიერ აღმოცენილი პრობლემების გადალახვასა და აქედან მოპოვებული სიძლიერის ფილოსოფიურ კონსტრუქციაზე, ხოლო ზორბასთან- გარემოსგან სესწავლილი შინაგანი სიძლიერის ცხოვრებისეულ, ემოციურ და უშუალო გამოცდილებად გარდაქმნაზე; შესაბამისად, ორივე პერსპექტივა ერთობლიობაში გვაჩვენებს, რომ ნამდვილი თავისუფლება და ძალაუფლება არ არის მხოლოდ გარემოზე ბატონობა, არამედ საკუთარი თავის უწყვეტი შექმნისა და სიცოცხლის სრული ინტენსივობით განცდის ერთიანი, დინამიკური პროცესი.

 

 

ბიბლიოგრაფია

Kazantzakis, N. (1952). Zorba the Greek. Simon & Schuster.

Nietzsche, F. (1883–1885). Thus spoke Zarathustra (R. J. Hollingdale, Trans.). Penguin Classics.

Nietzsche, F. (1886). Beyond good and evil: Prelude to a philosophy of the future (W. Kaufmann, Trans.). Vintage Books.

Nietzsche, F. (1887). On the genealogy of morality (K. Ansell-Pearson, Ed., C. Diethe, Trans.). Cambridge University Press.



[1] Berlin, I. (1969). Two Concepts of Liberty; Locke, J. (1689). Second Treatise of Government; Hobbes, T. (1651). Leviathan.

[2] Nietzsche, F. (1886). Beyond good and evil: Prelude to a philosophy of the future (W. Kaufmann, Trans.). Vintage Books.

[3]Nietzsche, F. (1887). On the genealogy of morality (K. Ansell-Pearson, Ed., C. Diethe, Trans.). Cambridge University Press.

 

[4] Kazantzakis, N. (1952). Zorba the Greek.

[5] სპირიტუალური ცეკვა, რომ თავისუფლების გამოხატულებაა ორივე ავტორი თანხმდება: ნიცშე ამბობს:  უნდა გქონდეს ქაოსი შენში, რომ ცეკვავდე ვარსკვლავზე, ხოლო ზორბასი ამბობს: ცეკვა არის სიცოცხლის საბოლოო დამტკიცება.

 

[6] Nietzsche, F. (1883–1885). Thus spoke Zarathustra: A book for all and none (R. J. Hollingdale, Trans.). Penguin Classics.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე