Print

სასკოლო განათლების პრობლემები

| თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

სახელმწიფო, როგორც დიდი ორგანიზაცია, საკუთარ თავში სხვადასხვა ლეგიტიმურ ინსტიტუტებსა და ქვესისტემებს აგებს, რომელთა მეშვეობითაც ფუნქციონირებს და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. განათლების ერთიანი სისტემაც მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი „ქმნილებაა“. სადისკუსიო კლუბის კვლევითი ჯგუფის ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელმა, უფრო კონკრეტულად კი, სასკოლო განათლების პრობლემებმა მიიპყრო. .

რამდენადაც სკოლა არის ზოგადი განათლების მიღების საშუალება და სოციალიზაციის ინსტიტუტია, იმდენად მას საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბავშვის მოქალაქედ აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესი ძირითადად სკოლაში მიმდინარეობს. ის ახალგაზრდებს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს. საინტერესოა, ეს ინსტიტუტი რამდენად წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციებს საქართველოში? რა მდგომარეობაა ჩვენს სკოლებში? რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას სასკოლო განათლების სისტემა? .

სადისკუსიო კლუბის შეხვედრებითა და კლუბის წევრების მიერ ჩატარებული კვლევის (კვლევის ფარგლებში გამოიკითხა X, XI, XII კლასის მოსწავლეები) მეშვეობით არაერთი ყურადსაღები პრობლემა გამოვლინდა, საბოლოო ჯამში კი მეტად დამაფიქრებელი სურათი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ თორმეტწლიანი სწავლება (მოსწავლეობა) არც თუ ისე ეფექტური შედეგის მომტანია, თავად პროცესიც ბევრ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული, იქნება ეს სახელმძღვანელოების პრობლემა, არაკვალიფიციური მასწავლებლები, სკოლების მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვილობა თუ სხვა. ქვემოთ უფრო ვრცლად განვიხილავ თითოეულ მათგანს. .

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული უკმაყოფილებები მათ ხარისხს, ზომას და რაც ყველაზე მთავარია, მათ შინაარსს ეხება. ერთნი სასწავლო მასალის ძალიან გამარტივებასა და მეცნიერული ინფორმაციის ნაკლებობას უჩივიან, ხოლო მეორენი თვლიან, რომ გაუგებარი და რთული ენით დაწერილი სახლემძღვანელოებით სწავლობენ/სწავლობდნენ. საკითხავია, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო წიგნები? შესაბამისი დარგის სპეციალისტები თუ იღებენ მონაწილებას მათ შექმნაში? სკოლის პროგრამა რა სახის ცოდნის შეძენასა და უნარების გამომუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული?! .

საგნის შესწავლა მასწავლებლის კვალიფიკაციასა და მონდომებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. რესპონდენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებსაც არ „გაუმართლათ“ და რამდენიმე საგანს არაკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომელთა მასწავლებლებიც, განსკუთრებული ენთუზიაზმის ხარჯზე, სასწავლო პროცესის ფარგლებში იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე ეს ევალებოდათ და საგანსაც პროფესიონალურად და გულმოდგინებით ასწავლიდნენ. გამოდის, რომ მოსწავლის მიერ კონკრეტული ცოდნის მიღება დამოკიდებულია „გამართლებაზე“ – თუ როგორი მასწავლებელი შეხვდება მას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, მონდომებითა და სწავლისადმი სურვილით, მაგრამ განათლების ერთიანი სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ თითოეულ კლასში გაკვეთილებს საგნის მცოდნე და პროფესიონალი პედაგოგი ატარებდეს... მნიშვნელოვანია „ენთუზიასტი მასწავლებლების“ წახალისებაც და საერთოდ, ამ პროფესიის დაფასება–პატივისცემა. .

რაც შეეხება მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, მსგავსი აღჭურვილობების ნაკლებობა, სასწავლო ლაბორატორიების ფაქტობრივი არარსებობა, სპორტული დარბაზების მოუწყობლობა და მსგავსი პრობლემები ახალი აღმოჩენა არ ყოფილა. სავალალო და შემაძრწუნებელი ამ ფაქტით გამოწვეული შედეგებია. კითხვაზე – თუ რომელი საგნის ამოღებას ისურვებდნენ სასწავლო პროცესიდან – რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ ეს საგნები ქიმია და ფიზიკაა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ ქიმია და ფიზიკა მაინც არ ისწავლება შესაბამისად, ლაბორატორიების არარსებობისა და ნაკლებად კვალიფიციური პედაგოგების გამო... ნუთუ არ სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგების განვითარება?! .

თვისებრივად სხვა სახის პრობლემაა მეთორმეტე კლასი, როგორც ასეთი. მოსწავლეთა უმრავლესობა არ დადის სკოლაში (თუ დადიან, მაინც არაფერს აკეთებენ და დროს კარგავენ). პარალელურად კი აბიტურიენტობის ციებ–ცხელებითა და კერძო მასწავლებლებთან სიარულით არიან გაბრუებულნი. განა, თორმეტწლიანი სწავლების შემდეგ, სკოლიდან მიღებული ცოდნა არ უნდა იყოს საკმარისი უფრო და უფრო გამარტივებული ეროვნული გამოცდების (თუნდაც საატესტატო გამოცდების) ჩასაბარებლად? იქნებ საქართველოს სკოლები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას? .

სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ნიუანსია აღსანიშნავ–განსახილველი. ყველაფრის ერთი სიტყვით თქმა არ გამოდის, ამიტომ, სადისკუსიო კლუბის კვლევითი ჯგუფი კვლავ განაგრძობს ამ თემაზე მუშაობასა და პრობლემის სიღრმეებში ჩასვლას, მათ საფუძვლიანად შესწავლას... .

რესპოდენტების გამოკითხვაში მონაწილეობდნენ: თამუნა ბარამიძე, მარიამ დევიძე, გიორგი შარტავა, გიორგი მენადე. .

პრეზენტაციის მომზადება: მარიამ შარია, გიორგი შარტავა, გიორგი მენაბდე .