Print

,,რუსული ჩექმის’’ სისხლიანი კვალი სომხეთში

ავტორი: ალისა სულამანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

„კავკასიაში უყვართ მშვიდობა, მაგრამ აქ ყოველთვის ომისთვის ემზადებიან“ - ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. სომხეთში 2015 წელი მტკივნეულად დაიწყო. 12 იანვარს რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ექვსსულიანი ოჯახიდან ხუთი დახოცა და მცირეწლოვანი გულში დაჭრა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თურქეთში გაქცევა სცადა, თუმცა საზღვარზე დააკავეს. მკვლელობის მიზეზი დღემდე უცნობია, ამას ემატება რუსული მხარის პოზიცია - ჯარისკაცის სომხური მხარისთვის გადაუცემლობა და ფაქტია, რომ სომხურ საზოგადოებაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი, საკმაოდ მწვავე პროტესტი მომწიფდა. სომხეთსა და რუსეთს შორის მეტწილად კეთილმეზობლური ურთიერთობების მნახველი მსოფლიოსთვის ხსენებული ფაქტი ცოტა არ იყოს უცხოა, მაგრამ არა მოულოდნელი, რადგან ვალერი პერმიაკოვის დანაშაული ცაზე მეხის გავარდნა არ იყო – ეს  რუსულ სამხედრო ბაზაზე არსებული სისტემური დეფექტების შედეგია. თუ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, უნდა ვიკითხოთ როგორ მოხდა ასეთი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი ჯარში? ანუ ვერ იმუშავეს ფილტრებმა? ჯარში მოსული როგორ მოხვდა ამ ბაზაზე… ლოგიკურად აქ ხომ უფრო მომზადებული ჯარისკაცები უნდა იყვნენ, ვიდრე საშუალო სტატისტიკური რუსი ჯარისკაცია? რა პირობებში მსახურობენ ეს ადამიანები, რომ ამგვარ მძიმე, გაუგონარ/არამოტივირებულ დანაშაულს სჩადიან?

 

ანალოგიური შემთხვევა 1999 წელს მოხდა, როდესაც მთვრალმა რუსმა ჯარისკაცებმა, ბაზარში ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს და 2 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. მაშინ ისინი სომხურმა სასამართლომ გაასამართლა, თუმცა სასჯელი მათ რუსეთში მოიხადეს.

ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ დროა მოსკოვი ჩამოყალიბდეს და განსაზღვროს, ვინ არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში - სომხეთი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების აქტიური წევრია და რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, თუ აზერბაიჯანი, სადაც არც ერთი რუსი სამხედრო აღარაა დარჩენილი და საერთოდაც არ მიილტვის, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით, ევრაზიული კავშირისკენ. „დღესდღეობით სომხეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ სერიოზულად მხოლოდ მატყუარა ან რეალობიდან ძალიან შორს მდგომმა ადამიანებმა შეიძლება ისაუბრონ“, - განუცხადა ახლახან ჟურნალისტებს რუბენ მეჰრაბიანმა, „სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ექსპერტმა. მისი აზრით, ახლა სომხეთის და რუსეთის ინტერესები არა მხოლოდ არ ემთხვევა, არამედ ღიად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ასეც არის, ბევრი ისეთი საკითხის განხილვა შეიძლება, რაც ხელს აძლევს სომხეთს, მაგრამ მომაკვდინებელია რუსეთისთვის და პირიქით. მაგალითად, თუკი სომხეთისთვის მომგებიანია ირანთან ურთიერთობის გაღრმავება და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რუსეთისთვის ეს მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

რადიკალურად იცვლება სომეხი ხალხის დამოკიდებულება რუსეთისადმი, თუ გასულ წლებში გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სომხეთი რუსეთის გზით უნდა წავიდეს, რადგან სწორედ რუსეთს შეუძლია ჩვენს არეულ რეგიონში სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სწორედ რუსეთიდან მოდის სომხეთში შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილების ლომის წილი, რაც წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხალხის უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი დიდ სიკეთეს იჩენს სომხეთის მიმართ, როდესაც მასზე რუსეთის შიდა ბაზრის ფასად ყიდის იარაღს და აწვდის იაფ გაზს. დღეს უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სომხეთი ამ ხარჯების კომპენსაციას ახდენს, როდესაც რუსეთს სამხედრო ბაზის კომუნალურ გადასახადებს უხდის და უფასოდ უთმობს მათ ტერიტორიას. ისინი იხსენებენ, რომ დღეს სომხეთის ეკონომიკას თითქმის სრულად მართავენ რუსები - რკინიგზა, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები და არც ერთი მსხვილი პროექტი სომხეთში არ შეიძლება რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხორციელდეს.

სომეხი ხალხის პოზიცია იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთსულოვანი და ცალსახაა. მათ ულტიმატუმი წამოაყენეს - „ან სომხური სასამართლო, ან წაეთრიეთ აქედან“. ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლებაც ასეთი რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა, პირიქით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი მაქსიმალურად ერიდებან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ დაღუპულების დაკრძალვის შემდეგ დემონსტრაციამ 102-ე რუსული ბაზის შესასვლელთან გადაინაცვლა და რუსული დროშა ფეხქვეშ გათელა, გიუმრის საპროტესტო აქციაზე მისულმა გენერალურმა პროკურორმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, ხოლო პარლამენტარმა მარტუნ გრიგორიანმა გიუმრის საპროტექსტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რუსეთთან შედგა შეთანხმება, შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც დარწმუნდება, რომ პერმიაკოვი კვლავ სომხეთში იმყოფება. დეპუტატმა პირობა დადო, რომ რუსი ჯარისკაცის სომხეთში ყოფნის დამამტკიცებელ ვიდეო და ფოტო მასალას წარადგენს. მათ ხალხმა მხოლოდ ბრალდებებით და აგრესიით უპასუხა, ხოლო ეკლესიამ, რომელიც ხალხის ნების მომხრეა საჯაროდ მოითხოვა გენპროკურორის გადადგომა.

ხელისუფლების ასეთი განწყობა, ვფიქრობ მოულოდნელი არ ყოფილა. სომხეთის მთავრობის მოქმედება, რუსულ – სომხური ურთიერთობის კონტექსტში, დიდი ხანია კლოუნადას ჰგავს. ეს არის პროცესი, რომელშიც სომხეთი გამუდმებით თმობს ყველაფერს, რისი დათმობაც შეიძლება. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც რობერტ კოჩარიანის გაპრეზიდენტებიდან, ანუ 1999 წლიდან დაიწყო, როდესაც სომხეთის ეკონომიკა, სტრატეგიული მიმართულებები, უსაფრთხოება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებიც კი რუსეთს პერმანენტულად გადაეცემა. ამის ბოლო დადასტურება კი ევროკავშირთან ოთხწლიან წარმატებულ მოლაპარაკებებზე უარის თქმა და რუსეთისკენ და ევრაზიული კავშირისკენ მიტრიალება იყო.

ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგაც არ ცხრება საზოგადოებაიზრდება უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი, დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვი, რომლებიც ადგილობრივი შეტაკებების მსხვერპლნი არიან. 

ოფიციალური მონაცემებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დაასრულა გიუმრის 102-ე ბაზაზე ფაქტების შესწავლის პროცესი, თუმცა ჯარისკაცი კვლავ ბაზაზე რჩება, მეტიც მედიის წარმომადგენლების პოზიციაც რადიკალურია. ცნობილი რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კისელიოვი სომხეთში მასობრივი მკვლელობების განმახორციელებელი რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის აქტიური მხარდაჭერით გამოდის. თავის ტვიტერზე კისელიოვი სომხეთის აქციებში მონაწილეებს ფაშისტებად, ხოლო პერმიაკოვს სამშობლოს დამცველ მეომრად მოიხსენიებს. კისელიოვი კატეგორიულად მოითხოვს პერმიაკოვი სომხურ მხარეს არ გადაეცეს და მას სინდისის პატიმრად მიიჩნევს.

შეგახსენებთ კისელიოვი სახელმწიფო რესურსებით შექმნილი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსსია სეგოდნია“–ს გენერალური დირექტორი და რუსული მედიაჰოლდინგის „სრულიად რუსული სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებელი კომპანიის” გენერალური დირექტორის მოადგილე გახლავთ. ამ უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტობის ქსელის კუთვნილებაში ფაქტიურად ყველა წამყვანი რუსული სააგენტო, ტელევიზია და რადიო იმყოფება.

გადავხედოთ კანონმდებლობას, სომხეთსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას. საინტერესოა რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ის?! სომხურ და რუსულ მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, რუსი სამხედრო პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს სომხეთი ვერ გამოიძიებს იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული უშუალოდ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდა ან თუ საქმე სამხედრო დანაშაულს ეხება. რუსული მხარე აცხადებს, რომ პერმიაკოვმა სწორედ ბაზაზე ჩაიდინა პირველი დანაშაული, როცა ის თვითნებურად დატოვა და იარაღი მიითვისა, აქედან გამომდინარე, სომხური მხარე დანაშაულს ვერ გამოიძიებს, მაგრამ ფაქტია, სომხური საზოგადოება ხელშეკრულების ამ მუხლზე მაღლა დამნაშავის დასჯას აყენებს. საინტერესოა, დასავლეთის დამოკიდებულება საკითხისადმი, რომლებიც სულაც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დღემდე საჭიროდ ჩათვალა კომენტარის გაკეთება  ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გახლავთ. ის სომხეთში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ხელისუფლება ამ რთული სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვის. „მე მინდა ვთქვა ორი რამ, პირველი, ეს არის საშინელი ადამიანური ტრაგედია, მეორე, მე დარწმუნებული ვარ რომ სომხეთის ხელისუფლება ამ რთული სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვის“- აღნიშნა აპატურაიმ. კითხვაზე როგორ მოიქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში ნატოს წევრი ქვეყნები, ჯეიმ აპატურაიმ განაცხადა, რომ ანალოგიების ძებნა ნატოს წევრ ქვეყნებში გონივრული არ იქნება.

 დღეს, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება რეგიონში მოვლენები, მაგრამ შექმნილი სიტუაცია ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ე.წ. უკანდახევა წარმუდგენელია. სომხურმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია და მოთხოვნები ნათლად ჩამოაყალიბა და მათ შესრულებას კატეგორიულად ითხოვს. ისინი დარწმუნებულნი არიან ამ მოთხოვნების საფუძვლიანობასა და სამართლიანობაში. ის მუხტი, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა, აღარსად დაიკარგება თუმცა რა ფორმებს მიიღებს, ეს სომხეთის მთავრობის ნაბიჯებზე და რუსული მხარის მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.

 ისტორიულად ასე იყო, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ურთიერთდამოკიდებულია . ეს ტენდენცია გრძელდება დღემდე, მეტიც უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ის ფაქტი, რომ რუსეთი სომხების არაკეთილმოსურნე აზერბაიჯანს შეიარაღებაში ეხმარებიან, რაც სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მოვიაზროთ. რუსეთი ცდილობას სომხების დარწმუნებას, რომ ეს მხოლოდ ბიზნესია, მაგრამ, სავარაუდოდ, რუსეთის ზრახვები უფრო შორსმიმავალი უნდა იყოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები თავის მხრივ მშვიდობისა და ომის პერიოდებად იყოფა. როგორც მოგეხსენებათ, 1994 წლიდან ეთნოტერიტორიული კონფლიქტის ნიადაგზე მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. 2010 წელს კი აზერბაიჯანმა დაამტკიცა სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას სამხედრო ძალის გამოყენებითაც არ გამორიცხავდა. ფაქტია, რომ 1987 წელს დაწყებული ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ აქტიურ ფაზაშია და საკმაოდ სახიფათო მიმართულებით განაგრძობს განვითარებას. ხსენებულ დაპირისპირებაში, ბუნებრივია, რუსეთი თავისი ინტერესების დამცველად გვევლინება. ვინ იცის, იქნებ მან თავისი იმპერიული ამბიციებისთვის ბაქოს ისეთი ,,რაღაც’’ შესთავაზოს, რაც სომხეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არასტაბილური ურთიერთობის მოწმენი ვართ. 2015 წლის 16 იანვარს აზერბაიჯანული მხარის მიერ წარმოებული სროლების შედეგად, 21 წლის სომეხი ჯარისკაცი არმან არუთიანიანი დაიღუპა . მედიის ცნობით, ახალგაზრდა მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივნი ავრცელებს. ეს კარგი საბაბი გამოდგა სომხური მხარისთვის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ მოწინააღმდეგე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებს, გაცილებით მკაცრ პასუხს მიიღებს.

,, პირველი სომხური საინფორმაციოს” ერთ – ერთ რედაქტორი, რუბენ მეჰრაბიანი სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს: ,,სომხური საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია ,მიუხედავად იმისა , რომ არ არსებობს ნდობა არც მთვრობის , აღარც რუსული მხარის მიმათ. სომხეთმა ბევრჯერ გადადგა ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედიოდა და პირიქით, სომხეთის ინტერესებს კი ეწინააღმდეგებოდა და ეს ყველაფერი მკვეთრად უარყოფით შეფასებას იმსახურებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ რუსეთის დესტრუქციული ქცევის პოტენციალს კარგად ვხედავთ. ის არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან – თუ ეს მისთვის საჭირო გახდა, სომხეთისგან კიდევ ერთ დონბასს მოაწყობს... ან სულაც მთელ რეგიონს კიდევ ერთ დონბასად აქცევს... რუსეთს რეგიონისთვის რაიმე პოზიტიურის შეთავაზების არანაირი რესურსი არ აქვს, მაგრამ  უამრავი ნეგატიურის გაკეთება შეუძლია“.

მეჰრაბიანის განცხადება სამართლიანია. საფუძვლიანი შეშფოთების საფუძველი არსებობს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის რუსეთისთვის არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ისინი ვერ გადააბიჯებენ. სომხეთში განვითარებულ მოვლენებს თამამად შეიძლებასუვერენიტეტისთვის არსებითი ბრძოლა ეწოდოს, რომელშიც ისინი მოკავშირეს საჭიროებენ. ეს მოკავშირე უნდა იყოს ევროკავშირი - „ფარი“ სუსტი სახელმწიფოებისა, რადგან უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ არა მხოლოდ სომხეთს, უკრაინას, ზოგადად კავკასიის რეგიონს სჭირდება ევროკავშირი თავისი ღირებულებებით, განვითარების გზით, არამედ თავად ევროკავშირს  ჩვენც ვჭირდებით!

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე