Print

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები: მიზნები და შედეგები

ავტორი: ალექსანდრე ეროიანი, მარიამ ცხადაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

მოლაპარაკებები  ადამიანებს შორის გათვალისწინებული შეთანხმების მისაღწევად  ურთიერთობის საშუალებაა, როდესაც ორ მხარეს მსგავსი ან საპირისპირო პოზიცია და ინტერესები აქვს. მოლაპრაკებების ძირითადი დანიშნულება   აზრთა ურთიერთგაცვლის დახმარებით, ისეთი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს  და შედეგს გამოიღებს. ჟენევის მოლაპარაკებებიც გამონაკლისი არ არის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავარი პრიორიტეტია. ეს საკითხი საერთაშორისო ასპექტში  უნდა გადაწყდეს  და ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოს დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად ერთადერთი ფორმატია.

ჟენევის მოლაპარაკებები გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს შუამავლობით ტარდება. პირველი მოლაპარაკებები    2008 წლის 15 ოქტომბერს, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად  ჩატარდა, რომელშიც  საქართველოს,  რუსეთის, აშშსა და ორი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ (MFA,2013,13).

 

მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ იმართება და ეს არის ერთადერთი ფორმატი სადაც რუსეთი და საქართველო უშუალოდ გამოთქვამენ თავის პოზიციებს ერთმანეთის მიმართ. „ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი საერთაშორისო ბერკეტი, სადაც კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ მოლაპარაკებები აწარმოონ. საქართველო ამ ფორმატში კონსტრუქციულად მონაწილეობს და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ის იძლევა“- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა.(News 2012)

ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი მიზანი ძალის გამოუყენლობის ხელშეკრულების გაფორმებაა. სამწუხაროდ, ეს მიზანი 6 წლის განმავლობაში ვერ იქნა მიღწეული გარკვეული პრობლემების გამო. საქართველო მოითხოვს, რომ რუსეთმა გააფორმოს ხელშეკრულება ძალის გამოუყენლობის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთი კი თავს კონფლიქტის წევრად არ თვლის. რუსეთი ითხოვს, რომ საქართველომ გააფორმოს ხელშეკრულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენლობის შესახებ, რაზეც საქართველო ამბობს უარს, რადგან მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ თვლის. ეს ერთ მხრივ ძირითადი პრობლემაა, მაგრამ   სხვა პრობლემებიც არსებობს. ექსპერტი ელენე ხოშტარია ამბობს: „რუსეთი არ მიდის კომპრომისზე იმიტომ, რომ მას სურს, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს“. ხოშტარია უარყოფს პირდაპირ მოლაპრაკებებს და ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი შენარჩუნებული უნდა იყოს. „თუ ჩვენ დავიწყებთ თამაშს რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობა მუდმივად დარჩება პრობლემად, რომელიც ჩვენს შინაგან და საერთაშორისო წინ სვლას შეანელებს.“ (Голос Америки 2014)

კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები  2008 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მას დღემდე რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოუტანია  - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ  გაიმართა. გრიგოლ ვაშაძის  სიტყვებით,  რუსეთი უარობს აღიაროს თავი კონფლიქტის მხარედ, ის არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე უარს ამბობს  განიხილოს სტაბილურობასთან და სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველო ბოლომდე შეეცდება შეინარჩუნოს მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატი. (Tabula 2011)

დიპლომატიური საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი, თუ ორივე მხარე კომპრომისზე იქნება თანახმა. ამ მხრივ საქართველომ გადადგა ნაბიჯი წინ, მაგრამ რუსეთის პოზიცია  უცვლელი რჩება. ჟენევის მოლაპარაკებებში პრობლემას  ნდობის არარსებობაც წარმოადგენს. „დებატები ცხადყოფდა, რომ მხარეებს შორის ნდობა არ იყო. შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებაშიც არის ნდობის ნაკლებობა, ამას ვერ გამორიცხავ. ყველა მხარემ უნდა გადასინჯოს საკუთარი სტრატეგია ნდობის ამაღლების კუთხიდან.“-ამბობს გიუნტერ ბეჰლერი. (გვახარია,2013,3)

აფხაზეთის და ოსეთის მთავრობა იცის, რომ ოფიციალური თბილისი მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არასდროს არ აღიარებს, სპეციალურად აყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც ხანგრძლივ დროს მოითხოვს, ამით კი ისინი ცდილობენ  თავისი სტატუსი შეინარჩუნონ. თუ ეს მოლაპარაკებები  10-20 წელი გაგრძელდება და არანაირ შედეგებს არ მოიტანს, ეს ნელა-ნელა  მათ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნების სტატუსს გაამაგრებს (Голос Америки 2014).

სმიტის კოლეჯის პროფესორი ამბობს: „ჩვენ არ უნდა ველოდოთ ამ მოლაპარაკებებიდან რაღაც შედეგებს. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ საფუძველია რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგისათვის . „მაგრამ ზუსტად ამ დიალოგით იქნება მიღწეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. „ყველა კონფლიქტი   წარუმატებელი დიპლომატიის შედეგია. ადგილობრივ მოსახლეობისათვის ეს არის ტრაგედია. ყოველი ეს შემთხვევა   უნიკალურია და  ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მაგრამ ყველა ამ კონფლიქტისათვის დამახიათებელია ერთი უცვლელი პირობა - ისინი ომით ვერ მოგვარდებიან. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი   მოლაპარაკებებია.“ ამ სიტყვებით დორა ბაკოიანმა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხანგრძლივი კონფლიქტების ელჩად  ქარალამპოს ქრისტოპულოსი დანიშნა, რომელიც შემდეგ ჟენევაში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებით იყო დაკავებული  (Йи,2009,4).

შეიძლება დაიბადოს კითხვა, რად გვინდა ჟენევის შუამავლობა, იქნებ რუსეთის შუამავლობა ჯობდეს.  ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარება ისტორია. ჩვენ ტრადიციულად ვუშვებთ  ერთსა და იმავე შეცდომას. ხელისუფლებები და მიდგომები იცვლება, მაგრამ ისტორია გრძელდება. გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ მთელი ისტორიიდან და არა პატარა მონაკვეთიდან. ეს გაკვეთილი გვეუბნება, რომ რუსეთის, როგორც მედიატორის როლი ეფექტური არ არის. წლების განმავლობაში ყველაზე უმნიშვნელო საკითხებზე შეთანხმებასაც კი ვერ ვახერხებდით სწორედ იმის გამო, რომ რუსეთი იგონებდა, რომ ის იყო მედიატორი. პრობლემას ქმნიდა მოსკოვი,მაგრამ ამბობდა, რომ ქმნიდა სოხუმი, მივდიოდით სოხუმთან, სოხუმს არ აინტერესებდა და არ შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენს შორის იმართებოდა დისკუსია, ერთვებოდა რუსეთი როგორც მედიატორი და იჭედებოდა, იმიტომ რომ მედიატორის როლი სრულიად მიკერძოებული იყო. ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გამოვიარეთ. (გვახარია,2013,20)

მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველო კარგავს ევროკავშირს, როგორც მედიატორს. ეს კი იყო საქართველოს ყველაზე დიდი დიპლომატიური მიღწევა. ევროკავშირი არის  მედიატორი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ეუთო, გაერო, ევროკავშირი გააქტიურდა როგორც მედიატორი და ეს თუ დავკარგეთ ეს უდიდესი დიპლომატიური მარცხი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

ახალი შეხვედრა ჟენევაში  9-10 დეკემბერსაა დაგეგმილი. კარასინის თქმით ამ მიმართულებით წინ სვლა იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რეგიონში ძალადობაზე უარის თქმა და ძალადობრივი სცენარიების უარყოფა რამდენად ხანგრძლივი იქნება  (MID 2014). მაგრამ რეალური შედეგი არ იქნება მიღწეული მანამ, სანამ რუსეთი არ წავა კომპომისზე. სირთულეების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, ჟენევის მოლაპარაკებები  საქართველო-რუსეთს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად და შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტად  რჩება.