Print

გლობალური სამყარო, სახელმწიფო და ინდივიდის თავისუფლება

ავტორი: ანა ყარალაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

თავისუფლება ერთ-ერთი იმ ცნებათაგანია, რომლის ვერბალიზაცია რთულია, რადგან სხვადასხვა საზოგადოების, კულტურისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს მას. მიუხედავად ამისა, თავისუფლება აღიარებულია, როგორც ადამიანის არსებობის აუცილებელი პრინციპი, ზოგ შემთხვევაში - საფუძველმდებარე. თანამედროვე სამყაროში, ერთი შეხედვით, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გაზარდოს და დაცული იყოს ადამიანის თავისუფლება, თუმცა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართებაა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და გლობალიზაციას, როგორც წამყვან თანამედროვე ტენდენციას შორის.

დღეს ჩვენ გვიწევს ორ - რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება. რეალური სამყაროს საზღვრები შემოიფარგლება გარკვეული გეოგრაფიული არეალით, რომელშიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ვატარებთ, ქვეყნის კონსტიტუციით და საზოგადოების მიერ აღიარებული ღირებულებებით, კულტურული ნორმებით, ქცევითი მოდელებით... ხოლო ვირტუალური სამყარო, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დამსახურებით შეიქმნა და გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ სხვა ადამიანთა ცხოვრებას და კულტურას. ადამიანთაშორისი კომუნიკაციების გამარტივების და თვალსაზრისების ზედდების შედეგად დროში ყალიბდება ახალი გლობალური კულტურა, რომლის ნორმატიული რეგულაციები შემდეგ იმპლიციტურად იწყებს არსებობას რეალურ სამყაროში. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ზოგჯერ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, უარყონ გარკვეული შეზღუდული კულტურული ნორმები და საკუთარი თავი განიხილონ, როგორც სამყაროს ნაწილი და მსოფლიოს მოქალაქე.

კულტურულ გლობალიზაციას ერთი მხრივ განიხილავენ, როგორც პროგრესულ და სასარგებლო პროცესს. თუ გლობალიზაციას სახელმწიფოს დონეზე განვიხილავთ, მაშინ აუცილებლად უნდა აღინიშნოს გლობალიზაციის შემდეგი „სიკეთეები“: თავისუფალი ეკონომიკა, თავისუფალი გაცვლა, ტოლერანტობისა და კოსმოპოლიტიზმის გავრცელება, კონფლიქტების შემცირება და სხვა. ხოლო ინდივიდუალურ დონეზე გლობალიზაციის „სიკეთე“ ვლინდება იმაში, რომ ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, სიახლეების მიღება, სხვადასხვა ქვეყნების ტექნოლოგიური თუ კულტურული მიღწევების გამოყენება და მათით ტკბობა. მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს შეუძლია უყუროს ჰოლივუდის ფილმებს, უსმინოს ამერიკულ ჯაზს, მიირთვას იტალიური პიცა, დაესწროს იაპონური თეატრის წარმოდგენებს, გაეცნოს პარიზის მოდის კვირეულის ბოლო სიახლეებს და ა.შ. ერთი სიტყვით, გლობალიზებული სამყაროს იდეალური ტიპი შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: სახელმწიფოთა შორის არსებობს თავისუფალი გაცვლა, რის შედეგადაც ვითარდება ეკონომიკა, უზრუნველყოფილია ადამიანის თავისუფალი არჩევანი ყველა შესაძლო სფეროში, ერებს/რასებს/განსხვავებული კულტურის/რელიგიის წარმომადგენლებს შორის არსებობს ტოლერანტობა, რის შედეგადაც მინიმუმამდეა დაყვანილი კონფლიქტები, თავის მხრივ, თითოეულ ინდივიდს აქვს შესაძლებლობა იცხოვროს ნებისმიერი ერის კულტურით, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ჰქონდეს საკუთრების უფლება და აკეთოს ის საქმე რაც თავად სურს, რაციონალური არჩევანის საფუძველზე გადაწყვიტოს რა არის მისთვის მისაღები და არსებითი.

ერთი შეხედვით, არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იცხოვროს ნებისმიერი კულტურით ნებისმიერ ქვეყანაში, აკეთოს ის რაც სურს, რადგან თავისუფალი არსებაა, თუმცა, აქვე ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს თავისუფლება თავსმოხვეული? გლობალური კულტურის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, გლობალური კულტურა არ არის გარანტი იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება არ შეიზღუდება. მაშინ, როცა ადამიანებს ხშირად ეკრძალებათ რაღაცების „არ მოწონება“ ან როცა გლობალური კულტურის გავლენით თავს აიძულებენ გახდნენ ტოლერანტები, განა ეს არ არის ინდვიდუალური თავისუფლების შეზღუდვა? გარდა ამისა, ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი, მაშინ როცა ამ თავისუფლებას გარკვეული საზღვრები აქვს. ამ საზღვრებს კი სწორედ კულტურა აწესებს, რომელიც ადამიანთა მოქმედებებისთვის მიმართულების მიმცემია. კულტურის გარეშე ინდვიდს არ გააჩნია მიზნები და ღირებულებათა სისტემა, შესაბამისად, მორალურად არამდგრადია. ქცევის და მოქმედებების ნათელი ნორმებისა და მოდელების არარსებობა მას ხდის დეზორიენტირებულს, რის შედეგადაც იგი კარგავს თავის ადგილს საზოგადოებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს უფრო მეტს საუბრობენ კულტურული გლობალიზაციის უარყოფით მხარეებზე. სახელმწიფოებრივ დონეზე გლობალური კულტურა და კოსმოპოლიტური იდეები ხშირად წინააღმდეგობაშია და შეუთავსებადია სახელმწიფოს ძალისმიერ პოლიტიკასა და თითოეული ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებთან, რადგან ყოველი ქვეყნის კულტურა გამოირჩევა საკუთარი ბუნებით, სპეციფიკით, თვითმყოფადობით, ისტორიით, თვისებებითა და ტრადიციებით, ღირებულებებით, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაშია ჩამოყალიბებული და მეტ-ნაკლებად აფერხებენ ე.წ კულტურული იმპერიალიზმის მზარდ პროცესს. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი ქვეყნის კულტურა იზღუდება, იჩრდილება ან ცვლილებას განიცდის გლობალური კულტურის მიერ, რის შედეგადაც კარგავს ეროვნულ ინდივიდუალიზმს და ეროვნულ ცნობიერებას.

გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია და ადრე თუ გვიან ვერ ავცდებით გლობალური სამყაროს შექმნას, თუმცა რადგან ეს ჯერ კიდევ „იდეალური ტიპია“ და, ზოგადად, შეუძლებელია მისი დაუმახინჯებელი სახით განხორციელება, ჯერ კიდევ შორს არის ინდივიდი „მსოფილიოს მოქალაქეობისგან“, ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა იყოს შუამავალი ინდივიდსა და გლობალურ სამყაროს შორის, მან უნდა უზრულველყოს თავისი მოქალაქეების, როგორც ინდივიდების თავისუფლება და არა გლობალურმა კულტურამ ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა დაიკავოს მედიატორული პოზიცია - დრომოჭმული, არაჰუმანური ტრადიციები, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება, უნდა ჩაანაცვლოს გლობალური კულტურის იმ ღირებულებებით, რომლებიც რაციონალურად გამართლებულია. სწორედ ამისათვის არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა და არსებობენ ადამიანები სახელმწიფოს სათავეში, რომელთაც თავიანთი კომპეტენტურობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ, რა იქნება საზოგადოებისთვის უკეთესი. თუმცა ამის მიღწევა რთულია ერთი მხრივი იმიტომ, რომ ხშირად ადამიანები პირად სარგებელს ეძებენ პოლიტიკაში და არ აინტერესებთ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობა, მეორე მხრივ კი კულტურული ცვლილებები ძალიან მტკივნეულად აისახება საზოგადოებაზე: როცა ძველი ნორმები აღარ მოქმედებს ეფექტურად და ახალი ნორმებიც ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული, ასეთ დეზორიენტირებულ სახელმწიფოში ირღვევა ღირებულებათა იერარქია, ინდივიდი ანომიურ მდგომარეობაშია, კარგავს სოციალურ გარდაქმნებთან შეგუების უნარს და კარგავს კავშირს საზოგადოებასთან, შესაბამისად, შეუძლებელია იყოს ბედნიერი და თავისუფალი. ამიტომ აუცილებელია, რომ ცვლილებები გატარდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და დიდი სიფრთხილით, სხვა შემთხვევაში საზოგადოება ვერ პროგრესირდება.