Print

ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა ამ საზოგადოებაში

ავტორი: ანანო ქირია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ინფორმაციული საზოგადოება და მედიის სოციოლოგიის მაგისტრატურის 1 კურსის სტუდენტი

ანანო ქირია

როდესაც ეს თემა მომცეს დასაწერად, ჩემი პირველი რეაქცია  კითხვაზე „ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა ამ საზოგადოებაში?" იყო, - „მე ეგ საკითხი არ მაწუხებს და შესაბამისად არც მიფიქრია ამაზე“.

თემის წერისას მივხვდი, ხშირად პრობლემა ის არის, რომ პრობლემას ვერ ვხედავთ.  ავიღოთ ნებისმიერი სფერო, მაგალითად მედიცინა: აქ ძირითადი სირთულე დიაგნოზის დასმა და მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევაა და არა უშუალოდ მკურნალობის პროცესი.

 კარგად მესმის, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია შემდეგი საკითხების გამოყოფა და მათზე მსჯელობა;

1. რა იგულისხმება სიტყვა „სიძნელეში“,

2. „იყო ახალგაზრდა“ არის რთული, თუ ზოგადად ყოფნაა რთული,

3. ესა თუ ის პრობლემა კონკრეტულად „ამ საზოგადოებისგანაა“ განპირობებული, თუ ნებისმიერ საზოგადოებას ახასიათებს,

და ა.შ.

ამ ეტაპზე მე შემოვიფარგლები მხოლოდ იმ პრობლემების განხილვით, რომელიც ახალგაზრდობას აქვს ამ საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე გავცემ მთავარ კითხვას პასუხი.

საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ პროცესებში ჩაურთველობა. ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი არ არის პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური ფიგურა. ჩემი აზრით, არ ვიქნები ზედმეტად სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ  დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობა, ყველაზე ნაკლებად ჯდება იმ განმარტებაში რომელსაც არისტოტელე გვთავაზობს - „ადამიანი არის სოციალურად აქტიური ცხოველი“. ამის მიზეზი როგორც ჩვენში, ისე საზოგადოებაში უნდა ვეძიოთ. ერთი შეხედვით, საქართველოში არსებული ნებისმიერი სტრუქტურა თუ მმართველი ორგანო, გვარწმუნებს, რომ ყველაფერი ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის კეთდება, მაგრამ რეალურად, არ ხდება იმის სტიმულირება რომ ჩვენ უშუალო მონაწილეები ვიყოთ ამ ცვლილებების.  და ხშირად ამის გამართლება შემდეგი სიტყვებით ხდება „მე ვიცი რა არის შენთვის უკეთესი“. თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ჩვენ ამ ფაქტს, გულხელდაკრეფილი ვხვდებით და დიდად არც ვცდილობთ რომ რაიმე შევცვალოთ. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს ის რომ ახალგაზრდას ურჩევნია ყველაფერი „მზამზარეული მიართვან“ ან უბრალოდ თვლის რომ მის აქტიურობას, არანაირი აზრი არა აქვს, რადგან ის არის ერთერთი პაიკი საჭადრაკო დაფაზე.

ინტერნეტი, როგორც დროის არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ არ დაობს იმ ფაქტზე რომ, ინტერნეტის გარეშე თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია და ის გვაძლევს დროის დაზოგვის საშუალებას. ხელის მარტივი მოძრაობით, ერთ წამში, ჩვენ შეგვიძლია იმდენი ინფორმაციის მოძიება, რაც სხვა ეპოქაში შეუძლებელი იყო.  თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, თუ როგორ მართავ, გამოიყენებ მას. სამწუხაროდ, ქართველი ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ინტერნეტს აღიქვამს, როგორც გასართობ საშუალებას და დროის უმეტეს ნაწილს არამიზნობრივად ხარჯავს.

ინტერნეტი, როგორც ადამიანური ურთიერთობების შეცვლის გამომწვევი მიზეზი. საქართველოში ძნელად თუ ნახავ ისეთ ახალგაზრდას რომელიც არ იქნება რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი. ისეთ სოციალურ ქსელებეს, როგორებიცაა facebook-ი, myspace-ი, odnoklassniki  და ა.შ. ძირითადად იყენებენ შემდეგი პრინციპისთვის - ურთიერთობა ურთიერთობისთვის. ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო და ცუდი არაფერი არაა, მაგრამ, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ახალგაზრდებს უფრო და უფრო უჭირთ რეალური ურთიერთობების დამყარება, თავიანთი ემოციების ვერბალიზება „სმაილების“ და მსგავსი სიმბოლოების გარეშე.. შეიძლება ეს პრობლემა დღესდღეობით მწვავედ არ დგას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მალე საფიქრებელია, რომ პირისპირი ურთიერთობები ან საერთოდ დაიკარგება ან სერიოზულ სახეცვლილებას განიცდის დეგრადირებისკენ.

პრობლემის დასახელებად, „განათლების მიღების პრობლემა“. დღესდღეობით საქართველოში განათლების სისტემა არ ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა. ეს ეხება როგორც საშუალო, ისე უმაღლეს დაწესებულებებს. ალბათ, უმრავლესობა დაეთანხმება იმ აზრს, რომ უმაღლესი განათლების ქონა, არაა იმის გარანტი რომ შენ პროფესიონალად ჩამოყალიბდები და შეძლებ სამუშაო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. საკმაოდ ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს სწავლისთვის შესაბამისი პირობები, ეს ეხება როგორც სასწავლო მასალას, ისე ლექტორებისა და სტუდენტების დამოკიდებულებას სწავლისადმი. რა თქმა უნდა, არავინ არ დაობს იმაზე, რომ ეს პრობლემა დღეს მწვავედ დგას, მაგრამ ჩემი აზრით უფრო დიდი პრობლემა ისაა რომ, ჩვენ, ახალგაზრდები ამ ფაქტს ვიღებთ და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მდგომარეობა შევცვალოთ. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ განათლების სისტემა, ეს შეიძლება ჩვენ ძალებს აღემატება, მაგრამ იმ ეპოქაში სადაც არსებობს ინტერნეტი და ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, (თუნდაც ოქსფორდში ჩატარებული ლექციების მოსმენა youtube-ს საშუალებით) ნამდვილად არ ღირს იმაზე წუწუნი რომ არ შეგვიძლია კვალიფიციური განათლების მიღება. სამწუხაროდ უმეტესობას გვირჩევნია თავის იმით გამართლება, რომ სწავლისთვის შესაბამისი გარემო არ გვაქვს და არ გვინდა იმის აღიარება, რომ არ გვაქვს იმის ნებისყოფა რომ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ვიმუშაოთ.

ძველი ნორმების და ღირებულებების მოშლა და ახლის არქონა. ნებისმიერი პრობლემა, ამა თუ იმ თაობას მეტნაკლებად ახასიათებს, ის პრობლემა, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, მგონია რომ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს გვეხება. ჩვენ ისეთ გარემოში გვიწევს არსებობა სადაც არაფერი არაა მყარი, ყველაფერი იცვლება. ძველი ღირებულებები და ნორმები მოშლილი და დასუსტებულია, ახალი ჯერ არ არსებობს. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი კოგნიტური სტრუქტურა, რომელიც „გვეტყოდა“, რომ ამ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცე და არა სხვაგვარად. თუ ახალგაზრდა ძველი ნორმების შესაბამისად იქცევა, ის ხშირად დაცინვის ობიექტი ხდება და შემდეგნაირი სიტყვებით ამკობენ: „ჩამორჩენილი“, „კომუნისტი“, „ბებერი“ და ა.შ. ხოლო, თუ ის ცდილობს რომ თანამედროვე ნორმებს მოერგოს, ის უფროსი თაობების მიერ (და არა მარტო უფროსი  ) აღიქმება როგორც „გარყვნილი“, „არაქართველი“, „უთავმოყვარეო“ და ა.შ.

რეალობის არშეგრძნება. ეს პრობლემა, ჩემი აზრით თითქმის ნებისმიერი ეპოქის და საზოგადოების ახალგაზრდას ახასიათებს, მარტო იმ მიზეზის გამო რომ ახალგაზრდაა. ხშირად გაგვიგია ფრაზა „შენ რა გიჭირს, პატარა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს“ და უმეტესობაც ვიჯერებთ რომ ყველაფერი მართლაც წინ გვაქვს, ჩვენთვის არაფრის გაკეთება არაა გვიან და რატომღაც გვგონია რომ სულ ასე იქნება. ჩვენ ამის საფუძველზე შეგვიძლია საკუთარ თავს ვაპატიოთ სიზარმაცე, საქმის გადადება, მაგრამ იმას ვერ ვხვდებით, რომ ის დრო, როცა ახალგაზრდები ვართ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საკუთარი განვითარებისთვის და არ გავფლანგოთ უაზროდ, რადგან მერე სინანულმა არ შეგვიპყროს - „რა კარგი იქნებოდა, თავის დროზე ასე რომ მოვქცეულიყავი“..

არ გვიყვარს როცა მიგვითითებენ. (არ გვიყვარს როცა გვასწავლიან.) ეს პრობლემა, ჩემი აზრით ზოგადად ქართველებს ახასიათებთ და განსაკუთრებულად მწვავედ ახალგაზრდებში გვხვდება. ჩვენ ყველაფერი ვიცით, ყველაზე ჭკვიანები ვართ და ამიტომ სხვისი ჭკუის სწავლება და დარიგება არ გვჭირდება. მეტიც, ჩვენ იმის უნარიც კი არ გაგვაჩნია, რომ სხვას მოუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავასკვნათ, რომ მისი რჩევა-დარიგება ჩვენთვის გამოუდეგარია.

„განსხვავებულობის შიში“.  შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს იმაში, რომ ჩვენ გვეშინია ვიყოთ ინდივიდუალები და გვქონდეს დამოუკიდებელი აზრი. საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ახალგაზრდა რაღაცას ამბობს ან აკეთებს, არა იმის გამო რომ მართლა ასე უნდა, არამედ, უბრალოდ ეშინია, რომ სოციალურად სასურველი აღარ იქნება, ჯგუფი მას გარიყავს ან უბრალოდ დაცინვის ობიექტი გახდება.

რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომლებზეც ზევით ვისაუბრე, ამომწურავი არაა. ასევე შეგნებულად არ შევეხე მატერიალურ პრობლემებს, რადგან მისი განხილვა კომპლექსურობას მოითხოვდა და არა მარტო ახალგაზრდების, არამედ მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის ხსენებაც მომიწევდა, რაც საკმაოდ შორს წამიყვანდა.. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმისთვის, რომ გავცე კითხვას პასუხი „ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა ამ საზოგადოებაში?“ მარტო ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების განხილვა არაა საკმარისი, თუმცა ამ ეტაპზე, რადგან ახალგაზრდა ვარ, ჩემი პასუხი იქნება: ძნელი ზოგადად არსებობაა, მაგრამ რადგან ახალგაზრდები ვართ, ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი.