Print

ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა

ავტორი: გვანცა გვაძაბია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცმიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ინფორმაციული საზოგადოება და მედიისა და კომუნიკაციის სოციოლოგიის მაგისტრატურა

გვანცა გვაძაბია

ყველა ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში, გარკვეულ გზას გადის, სადაც მას მრავალი დაბრკოლების გადალახვა უხდება. ის მუდმივად იბრძვის თვითგადარჩენისათვის და სოციუმში ადგილის დამკვიდრებისათვის.

ეს ბრძოლა ზოგჯერ, ისე მიმდინარეობს, რომ ინდივიდი ვერ ახერხებს მის გაცნობიერებას და აღქმას, ზოგჯერ, კი პირიქით, ცხოვრების დაუნდობელი კანონები მას აიძულებს გამოფხიზლდეს, თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და  გადალახოს მრავალი დაბრკოლება. ყველა ეს ქმედება, მოკვდავის ცხოვრებაში სხვადასხვა დროს ხდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამ ეტაპების გადალახვაა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი.

დაბადებისთანავე განისაზღვრება ყველა ადამიანის ყოფა, ცხოვრების პირველი ეტაპი და ხშირ შემთხვევაში, ის წარმართავს ხოლმე შემდგომ ცხოვრების გზას, გავლენას ახდენს პიროვნებისა და ინდვიდის ჩამოყალიბებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორ სოციალურ გარემოში, როგორ ეკონომიურ პირობებში გაჩნდება ბავშვი, თუ როგორი გარემო ჰყავს მას ირგვლივ, რა ღირებულებებით ასაზრდოვებენ, რა აზროვნებას უნერგავენ მას.  პირველ ეტაპზე, ყველა ეს კრიტერიუმი აუცილებელია ნორმალურად ადამიანის ფორმირებისათვის. შემდგომ დგება უფრო რთული ეტაპი, სადაც უკვე ჩამოყალიბებული ინდივიდი გამოდის ცხოვრების ასპარეზზე და თავად იწყებს დამოუკიდებელ აზროვნებას, განსჯას და გადაწყვეტილებების მიღებას. ის ნელ-ნელა გამოდის მშობლის მიჯაჭვულობიდან და ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც კონკრეტულმა პიროვნებამ და საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. სწორედ ეს ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი, როდესაც უწევს ყველაზე მეტი, ყველაზე რთული და ყველაზე გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ როდესაც ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ამ დიდი ნახტომისათვის ინდივიდი მრავალი კუთხით უნდა მოემზადოს. მას უნდა გააჩნდეს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი და ფსიქოლოგიური მზაობა, რომ შეძლოს ყოველივე ეს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ეს მზაობის პერიოდი სხვადასხვა დროს დგება, ზოგი ახალგაზრდობაში ახერხებს ამ ეტაპის გავლას, ზოგი კი მოგვიანებით, გარკვეული ასაკობრივი ზღვრის გადალახვის შემდგომ. მიღებული გადაწყვეტილებები და ცხოვრებისთვის მიცემული გეზი, განსაზღვრავს ინდივიდის მომავალს, რაც ასე მნიშვნელოვანია. მართალია ყოველთვის არის შესაძლებელი გზას გადაუხვიო და შეიცვალო ან შეცვალო რაღაც, მაგრამ ეს პროცესი იმდენად მტკივნეულია და ისეთ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომ ყველას ეს არ შეუძლია. ამიტომ თავიდანვე დიდი დაფიქრებაა საჭირო.

მოცემული თემის სათაურს, სწორედ ზემოთ განხილული ეტაპები ეხმიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ადამიანის ცხოვრებში, დგება ახალგაზრდობაში, მაშინ, როდესაც ინდივიდმა ჯერ კიდევ არ იცის ვინ არის, რა უნდა, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა მის ირგვლივ და რა მოვალეობების აღება სურს მას საკუთარ თავზე. სწორედ ეს ქაოსური პერიოდი არის ადამიანის ცხოვრებში _ახალგაზრდობა.

ახალგაზრდა ადამიანი, ყველა კულტურაში, ყველა ერსა თუ ქვეყანაში, განსხვავებულია ერთურთისაგან. არათუ სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც განსხვავებული ღირებულებები და მსოფლმხედველობა გააჩნიათ, არამედ ერთი და იმავე კულტურისა  და ეროვნების წარმომადგენლები, ერთნაირი მრწამსითა და აზროვნების წესით, ხშირად წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან. ვერ თანმხდებიან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც, ალბათ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ, მათ აუცილებლად აერთიანებთ რაღაც, რაც ან საერთო სატკივარი, ან საერთო სიხარულია. ერთ-ერთი თემა, რაც ყველა ქვეყანაში, ყველა ახალგაზრდას აერთიანებს არის _პრობლემები, ახალგაზრდობის პრობლემები და კითხვა, ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა? სავარაუდოდ, ამ კითხვაზე ახალი თაობის უმრავლესობა დადებით პასუხს გაგცემთ. უმრავლესობა, ამას გულწრფელად გააკეთებს და არგუმენტირებულადაც გაგცემთ პასუხს, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი, ამ პასუხს იმიტომ გაგცემთ, რომ უმრავლესობის აზრს მიემხრობა, რაც დადებით ტენდენციად ითვლება ან კიდევ იმიტომ, რომ ამ თემებზე საუბარი და წუწუნი მოდურია და საყოველთაო.

ყველა აღიარებს, რომ ნებისმიერ სფეროში არსებობს გადაუჭრელ პრობლემათა ნუსხა, რომელთა შესახებაც მიმდინარეობს განხილვები და მათი აღმოფხვრის გზების ძიება. მაგრამ ახალგაზრდობის პრობლემათა მკაფიო ფორმულირება და მისი ნუსხის სახით ჩამოწერა, რთული საქმეა და ვშიშობ, შეუძლებელიც, რადგან რამდენი ახალგაზრდაც არსებობს, არსებობს იდმენივე პრობლემა, იმდენივე განსხვავებული აზრი და მოსაზრება.

მე მინდა შეძლებისდაგვარად გამოვყო ის ძირეული პრობლემები, რაც ჩემი აზრით, ართულებს დღევანდელი ქართველი ახალგაზრდების ცხოვრებას.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კითხვა _ ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა ? _ამგვარი ფორმულირებით, არასოდეს დამისვამს ჩემი თავისთვის. ცალ-ცალკე წარმოშობილი პრობლემები არასოდეს გამიერთიანებია და ერთ ნიშაში არ მომითავსებია, ამიტომ, თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა ამ თემაზე კონცენტრირება და ჩემი მოსაზრებების თემატურად დალაგება და ფურცელზე გადმოტანა. აღმოჩნდა, რომ საუბარი და ფიქრი, ამ თემებზე გაცილებით ადვილი ყოფილა, ვიდრე წერა და აკადემიური ფორმულირება.

რთულია რიგითობის მიხედვით დაალაგო პრობლემები და ისე განიხილო, მაგრამ ვინაიდან მე სტუდენტი ვარ და ჩემი შეგნებული ცხოვრების მთელი ნაწილი განათლების სფეროსთან ასოცირდება, ამ სფეროში არსებული პრობლემებით დავიწყებ და გამოვყოფ იმ ფაქტებს, რაც დისკომფორტს უქმნის ახალგაზრდას, ცხოვრების პირველ ეტაპებზე. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სკოლის დამთავრების პერიოდში, მოსწავლე ( მათი უმრავლესობა) არ არის გარკვეული საკუთარ მისწრაფებებსა და ორიენტაციაში, არ იცის რისი გაკეთება სურს ცხოვრებაში, რომელი პროფესიის წარმომადგენელი სურს გახდეს, და ა.შ. მოუმზადებლობისა მაღალი ხარისხი, იმით არის გამოწვეული რომ საშუალო სკოლებში მოსწავლეები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და ვერ იღებენ სათანადო ინფორმაციას არსებული პროფესიებისა და პერსპექტივების შესახებ. ამდენი პასუხგაუცემელი კითხვისა და დაბნეულობის ფონზე მოსწავლე  ვალდებულია აირჩიოს რომელიმე ფაკულტეტი, რათა მიიღოს უმაღლესი განათლება. ვალდებულია-თქო, იმიტომ აღვნიშნე, რომ დროის დაკარგვის უფლება არა აქვს, რადგან, 18-20 წლის ახალგაზრდებს ვაკანტურ ადგილებზე უკვე 1-3 წლიან სამუშაო გამოცდილებას სთხოვენ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია ნებისმიერი ამ ასაკის წარმომადგენლისათვის. ჩემი აზრით, ეს პრობლემა არა მარტო განათლების სისტემას უნდა მივაწეროთ, არამედ იმ სტრუქტურებსაც, რომლებიც ახალგაზრდების მომავალი დამსაქმებლები არიან.

არანაკლებ მტკივნეული პრობლემა, რაც ახალგაზრდობას აწუხებს არის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პროფესიული ცოდნის ხარისხი და მისი გამოყენების შეუძლებლობა. ეს საკითხები მრავალგზის არის განხილული, მაგრამ მისი გადაჭრის გზების პოვნა, რატომღაც რთული აღმოჩნდა და პრობლემა, ისევ პრობლემად რჩება.

განათლების პრობლემას, ჯაჭვური ეფექტით მოსდევს უმუშევრობის პრობლემა. დასაქმება არის ქართველი ახალგაზრდის ყველაზე დიდი ტკივილი. ყველასათვის სასურველია, რომ იმუშაოს თავისივე პროფესიით, მაგრამ ამისი პრაქტიკული შესაძლებლობა მცირეა. განსაკუთრებით იმ პროფესიის წარმომადგენელთათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. (მაგ: სოციოლოგები და ა.შ. ) მართალია ეს პრობლემები შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რადგან ბევრს აწუხებს და ხშირად გაისმის ამა თუ იმ საშუალებებით ამ თემებზე საუბარი, ე.ი პრობლემა აქტუალურია და გადაწყვეტას საჭიროებს. სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემაც, პრობლემად რჩება.

ასევე აუცილებლად მინდა პრობლემად გამოვყო და აღვნიშნო, ეპოქისა და თაობათა ცვლის შედეგად, გადაგვარებული მრავალი წეს-ჩვეულება, აზროვნების სტილი, ქცევა და ის ღირებულებები, რომელიც ქართველ ერს ოდითგანვე გააჩნდა და მის ერთ-ერთ სიამაყეს წარმოადგენდა. მაგალისთისათვის მინდა მოვიყვანო, ქართული ოჯახის პრობლემა, რომელიც მე, როგორც ახალგაზრდას ძალიან მაწუხებს. ვაკვირდები, რომ ახალგაზრდების უმრავლესობაში დაიკარგა უფროსი თაობის პატივისცემისა და რიდის ასპექტი. ისინი აღარ მიიჩნევენ ბებია-ბაბუის თაობას პატივსაცემად და ხშირია როცა, მშობელსაც კი არ სცემენ პატივს.  სწორედ მენტალიტეტის ცვლილება იწვევს ამ პრობლემებს, რაც შემდგომ დიდი კონფლიქტების მიზეზი ხდება. ბრძოლა მიმდინარეობს სტატუსებისა და როლებისათვის, პატარა თაობას სურს შეასრულოს ის როლი, რაც მის სტატუსს არ შეეფერება. მას სურს ჰქონდეს მეტი ძალაუფლება და გავლენა, ვიდრე ევალება და აქვს ოჯახსა და გარემოცვაში. ეს პრობლემები და მრავალი სხვა, რათქმაუნდა გლობალიზაციისა და ცხოვრების შეცვლილი კურსის შედეგია, იმის შედეგია, რომ ახალ თაობას სიახლე სჭირდება და ამისათვის ის უკან არაფერზე იხევს. გლობალიზაციის შედეგად მოტანილი ცვლილებები, (გარკვეული რაოდენობა) დარწმუნებლი ვარ, ბევრს სასიკეთო ცვლილებად მიაჩნია და სულაც არ თვლის პრობლემად, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ პრობლემათა შორის ერთ-ერთ პუნქტად აუცილებლად უნდა აღმენიშნა.

ჩემი აზრით, ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირე. მოსახლეობის უმრავლესობას არა აქვს ელემენტარული საარსებო სახსრები. რათქმაუნდა ახალგაზრდების ყოფას ეკონომიკური მდგომარეობა და სტატუსი ერთი-ორად ართულებს. მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტს აქვს ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალება, ხოლო უმრავლესობას დიდი შრომის ჩადება უხდება იმაში, რომ იარსებოს და იცხოვროს. სწორედ ეკონომიკური ფაქტორიდან მომდინარეობს განათლების და დასაქმების პრობლემაც. ეკონომიურად მყარ ახალგაზრდას, არ აწუხებს დიდად საქართველოში მიღებული განათლების დონე, რადგან იცის, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლია წავიდეს და ,,უცხოური’’ განათლება მიიღოს. არც ის აწუხებს დასაქმდება თუ არა, რადგან უზრუნველი ცხოვრება მას გარანტირებული აქვს. ახალგაზრდების უმრავლესობას კი სწავლისათვის სტიმულს ის აძლევს რომ შედეგად, მიიღებს ისეთ განათლებას, რომლის დახმარებითაც შეძლებს დასაქმდეს და საკუთარი შრომის ანაზღაურებით შეიქმნის ნორმალური ცხოვრების პირობებს. რაღათქმაუნდა, ადამიანი არასოდეს არის კმაყოფილი მიღწეულით და ყოველთვის მეტი უნდა, აღუვსებელი საწყაულის პრინციპი მოქმედებს. ამ შემთხვევში საუკეთესო გამოსავალია, რომ შეგეძლოს მეტის მიღწევა, და იმ ბარიერების გადალახვა რასაც ცხოვრება გიმზადებს.  წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივი უკმარისობის გრძნობა გაგტანჯავს. ამ ბარიერების გადალახვაში კი გარემო პირობებიც უნდა გიწყობდეს ხელს, პიროვნულ თვისებებთან ერთად.

ჩემი აზრით, გამოყოფილი პრობლემები ფართო სპექტრს წარმოადგენს და მრავალ პატარა პრობლემას აერთიანებს საკუთარ თავში. ამიტომაც ახალგაზრდების პრობლემათა ამგვარი მოკლე ფორმულირება მოვახდინე. დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, რომ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ძნელი იყო ახალგაზრდა? პასუხი _ ერთმნიშვნელოვანია და ყველასათვის თავიდავე ნათელი. რათქმაუნდა საქართველოში ახალგაზრდას უჭირს იყოს ახალგაზრდა და გაიხაროს და დატკბეს ამ წლებით. საზოგადოების ეს ნაწილი საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე და მეამბოხე სულის მატარებელია და მე მჯერა, რომ ოდესმე ქართველი ახალგაზრდა ამ ძირითადი პრობლემებისაგან გათავისუფლდება და შედარებით მარტივი ცხოვრებით შეძლებს ცხოვრებას.